-
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
-
-
თავი 14
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
დღეს რელიგია იმდენად შეერწყა ქვეყნიერებას, რომ მორწმუნეები ქვეყნიურ დღესასწაულებში მონაწილეობენ და ნაციონალიზმის სულს ირეკლავენ. სამღვდელოება არა მარტო აღიარებს ამ ფაქტს, არამედ იწონებს კიდეც. თუმცა იესომ თავის ჭეშმარიტ მიმდევრებზე სულ სხვა რამ თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16).
როგორ იქცევიან ამ მხრივ იეჰოვას მოწმეები? ამტკიცებენ საქმით, რომ ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არიან?
მოყვასისადმი მათი დამოკიდებულება
ბიბლიის ადრეულმა მკვლევარებმა იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ ქვეყნიერების ნაწილი არ უნდა ყოფილიყვნენ. „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ქრისტეს ცხებული მიმდევრები წმინდა სულით იყვნენ განწმენდილნი და შობილნი, რათა ზეციერ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამით ისინი ღმერთმა ქვეყნიერებისგან გამოყო. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, მორიდებოდნენ ქვეყნიერების სულს — მის მიზნებსა და მისწრაფებებს, იმედსა და ეგოიზმს (1 იოან. 2:15—17).
იმოქმედა ამან ბიბლიის მკვლევართა ურთიერთობაზე იმ ადამიანებთან, ვინც მათ რწმენას არ იზიარებდა? ასეთი პოზიციის გამო ბიბლიის მკვლევარები განდეგილები არ გამხდარან. თუმცა ისინი, ვინც ნამდვილად იყენებდნენ ცხოვრებაში ბიბლიიდან ნასწავლს, არ ესწრაფოდნენ ქვეყნიური აზროვნების მქონე ხალხთან ახლო ურთიერთობას, რათა მათი ცხოვრების წესი არ გადმოეღოთ. „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა ღვთის მსახურებს, გაეთვალისწინებინათ ბიბლიის რჩევა და სიკეთე გაეკეთებინათ ყველასთვის. ის აგრეთვე ურჩევდა მათ, რომ დევნის დროს შურისძიებაზე არ ეფიქრათ, პირიქით, ხსომებოდათ იესოს სიტყვები: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (გალ. 6:10; მათ. 5:44—48). ჟურნალი მათ განსაკუთრებით მოუწოდებდა, სხვებისთვისაც გაეზიარებინათ ძვირფასი ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენ სახსნელად.
გასაგებია, რომ ასეთი საქმეების გამო ისინი ქვეყნიერებისთვის განსხვავებულები იქნებოდნენ. თუმცა ქვეყნიერების ნაწილი რომ არ ყოფილიყვნენ, მათ უფრო მეტი მოეთხოვებოდათ.
დიდი ბაბილონისგან გამოცალკევებულნი
ქვეყნიერების ნაწილი რომ არ ყოფილიყვნენ, ბიბლიის მკვლევარებს არაფერი უნდა ჰქონოდათ საერთო ქვეყნიერების საქმეებში ჩაბმულ რელიგიებთან, რომლებმაც თავიანთი სწავლებები და წეს-ჩვეულებები ჭეშმარიტების დიდი ხნის მტრისგან, ძველი ბაბილონისგან შეითვისეს (იერ. 50:29). პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ათწლეულების მანძილზე ბიბლიის მკვლევარები აცხადებდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს ისეთი სწავლებები, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთი, სათავეს წარმართული რელიგიებიდან იღებდა. მათ აგრეთვე სააშკარაოზე გამოჰქონდათ ისტორიული ფაქტები, როცა ეგოისტური მიზნების მისაღწევად ეკლესიები მთავრობებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ბიბლიის მკვლევარებმა მისი სწავლებებისა და საქმიანობის გამო ქრისტიანული სამყარო „დიდ ბაბილონთან“ გააიგივეს (გამოცხ. 18:2). ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ეკლესიებმა ჭეშმარიტებას სიცრუე შეურიეს, ნელთბილ ქრისტიანობას კი — აშკარა ქვეყნიური ცხოვრების წესი, ამიტომ ბიბლიური სახელი „ბაბილონი“, რომელიც არევ-დარევას ნიშნავს, კარგად აღწერდა ამ მდგომარეობას. ისინი მოუწოდებდნენ ღვთის მოყვარულებს, რომ გამოსულიყვნენ „ბაბილონიდან“ (გამოცხ. 18:4). ამ მიზნით 1917 წლის მიწურულს და 1918 წლის დასაწყისში მათ „ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიური ტრაქტატის“ 10 000 000 ეგზემპლარი გაავრცელეს. ამ ტრაქტატში განხილული საკითხი „ბაბილონის დაცემა“ ფარდას ხდიდა ქრისტიანულ სამყაროს. შედეგად, განრისხებულმა სამღვდელოებამ ომით გამოწვეული არეულობა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ასაკრძალავად გამოიყენა.
დიდი ბაბილონიდან გამოსასვლელად საჭირო იყო, რომ ადამიანს უარი ეთქვა იმ ორგანიზაციების წევრობაზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის ცრუ სწავლებებს. ბიბლიის მკვლევარები ასეც მოიქცნენ, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ისინი კვლავაც ქრისტიან ძმებად მიიჩნევდნენ ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სრულად იყვნენ ღმერთზე მიძღვნილები და სწამდათ გამოსასყიდის. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მკვლევარები არა მხოლოდ წერილობით აცხადებდნენ, რომ ტოვებდნენ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებს, არამედ, თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ, ზოგიერთი თავიანთ წერილს ეკლესიაში ხმამაღლა კითხულობდა. მაგრამ თუ ამის საშუალება არ მიეცემოდათ, ისინი წერილის ასლებს, რომლებშიც ეკლესიის დატოვების საფუძვლიანი მიზეზები იყო მოყვანილი, ეკლესიის თითოეულ წევრს უგზავნიდნენ.
ფრთხილობდნენ ისინი, რომ არ გადაეღოთ ღვთისთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებები და სწავლებები იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ტოვებდნენ? რა მდგომარეობა იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ?
უნდა ჩაერიოს რელიგია პოლიტიკაში?
წამყვანი ქვეყნების მმართველები, რომელთაც კავშირები ჰქონდათ კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებთან, დიდი ხნის მანძილზე აცხადებდნენ, რომ „ღვთისგან იყვნენ ცხებულნი“, წარმოადგენდნენ ღვთის სამეფოს და ღვთის ნებით მმართველობდნენ. ეკლესია აკურთხებდა მთავრობას, მთავრობა კი, თავის მხრივ, მხარდაჭერას უცხადებდა ეკლესიას. ბიბლიის მკვლევარებიც აძლევდნენ საკუთარ თავს ამის უფლებას?
ქრისტიანული ეკლესიების მიბაძვის ნაცვლად, ბიბლიის მკვლევარები ცდილობდნენ, იესო ქრისტესა და მოციქულების სწავლებებს ჩასწვდომოდნენ და მათი მაგალითისთვის მიებაძათ. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი ბიბლიის შესწავლის შემდეგ? საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ძველი პუბლიკაციებიდან ჩანს, რომ მათ ახსოვდათ იესოს სიტყვები, რომლებიც მან რომის მმართველ პონტიუს პილატესთან დაკითხვის დროს თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“. თავისი როლის შესახებ დასმულ კითხვაზე იესომ უპასუხა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოან. 18:36, 37). ბიბლიის მკვლევარებმა იცოდნენ, რომ იესო მტკიცედ იდგებოდა დავალებული საქმის ბოლომდე შესასრულებლად. როცა ეშმაკმა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება შესთავაზა, იესომ უარი თქვა. როცა მისი გამეფება უნდოდათ, ის გაეცალა ხალხს (მათ. 4:8—10; იოან. 6:15). ბიბლიის მკვლევარებს ისიც ახსოვდათ, რომ იესომ ეშმაკს „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა და თქვა, რომ „მას არანაირი ძალაუფლება“ არ ჰქონდა მასზე (იოან. 14:30). მათ იცოდნენ, რომ იესო არ ცდილობდა რომის პოლიტიკურ სისტემაში რაიმე ძალაუფლების მოპოვებას და ამისკენ არც თავის მიმდევრებს მოუწოდებდა; პირიქით, ის მთლიანად ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული (ლუკ. 4:43).
თუმცა ამ ყოველივეს ცოდნა არ ნიშნავდა, რომ ბიბლიის მკვლევარები პატივს არ სცემდნენ მთავრობას. პირიქით, ეს დაეხმარა მათ იმის გაგებაში, თუ რატომ იყო ასე რთული იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ხელისუფლებას ჰქონდა, რატომ არსებობდა ამდენი უსამართლობა და რატომ იყო ადამიანთა გამოსასწორებელი სახელისუფლებო პროგრამები ხშირად წარუმატებელი. ასეთმა შეხედულებამ მათ სირთულეების დროს მოთმინების ძალა მისცა, რადგან იცოდნენ, რომ დადგენილ დროს ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით სამუდამო შვებას მოჰგვრიდა ადამიანებს. იმ დროს ბიბლიის მკვლევარები მიხვდნენ, რომ რომაელების 13:1—7-ში მოხსენიებულ „უმაღლეს ხელისუფლებაში“ ქვეყნიური მმართველები იგულისხმებოდნენ. ამიტომ ისინი მოუწოდებდნენ ყველას, პატივი ეცათ მთავრობის წარმომადგენლებისთვის. წიგნ „ახალ ქმნილებაში“ (გამოიცა 1904 წელს) რომაელების 13:7-ზე მსჯელობისას ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები „უფრო გულწრფელები უნდა იყვნენ ამა ქვეყნის ძლიერთა აღიარების დროს და უფრო მეტად უნდა ემორჩილებოდნენ კანონსა და კანონიერ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს კანონები ღვთის მოთხოვნებსა და მითითებებს ეწინააღმდეგება. დღეს მმართველთაგან ცოტა თუ იქნება ისეთი, ვინც არ დაგვეთანხმება, რომ აუცილებელია უზენაესი შემოქმედის პატივისცემა და უპირველესად, მისი მითითებების შესრულება. შესაბამისად, [ჭეშმარიტი ქრისტიანები] ჩვენი დროის ყველაზე კანონმორჩილ მოქალაქეებს შორის უნდა იყვნენ და არა მეამბოხე, მოკამათე და უკმაყოფილო ადამიანებს შორის“.
ბიბლიის მკვლევარებს, როგორც ქრისტიანებს, ესმოდათ, რომ ის საქმე, რისთვისაც თავი უნდა მიეძღვნათ, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება იყო. „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველ ტომში ეწერა: „თუ ამ დავალებას ერთგულად შევასრულებთ, პოლიტიკაში ჩასარევად არც დრო გვექნება და არც სურვილი“.
ამ მხრივ, ისინი ძალიან ჰგავდნენ ადრეულ ქრისტიანებს, რომელთა შესახებაც ავგუსტ ნეანდერმა თავის წიგნში დაწერა: „ქრისტიანებს თავი შორს ეჭირათ სახელმწიფოსგან . . . მათ, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოთ, რადგან პრაქტიკული საშუალებებით ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის ღვთისმოსაობის სულ უფრო მეტად ჩანერგვას“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries).
მსოფლიო ომმა მოიცვა
პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენები სერიოზული გამოცდა იყო მათთვის, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა. მსოფლიოს ასეთი საშინელი ომი ჯერ არ ენახა; მასში ამა თუ იმ სახით დედამიწის თითქმის მთელი მოსახლეობა იყო ჩაბმული.
მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი კარგად იყო განწყობილი ცენტრალური ძალების მიმართ, პაპი ბენედიქტ XV ცდილობდა, ნეიტრალიტეტი გარეგნულად შეენარჩუნებინა. თუმცა სხვა არც ერთი ქვეყნის კათოლიკე და პროტესტანტი მღვდელი ამასაც კი არ აკეთებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სიტუაციის შესახებ დოქტორი რეი ეიბრამზი თავის წიგნში წერდა: «რელიგიები უცბად გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის, რაც რელიგიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო . . . რელიგიურმა წინამძღოლებმა დრო არ დაკარგეს და ომს სრულად ორგანიზებულები შეხვდნენ. ომის გამოცხადებიდან ოცდაოთხ საათში „ქრისტეს ეკლესიების ფედერალურმა საბჭომ ამერიკაში“ სრული თანამშრომლობის გეგმები შეადგინა . . . რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელიც „ეროვნულ-კათოლიკური საომარი საბჭოს“ მიერ მსგავსად იყო ორგანიზებული და სათავეში თოთხმეტი არქიეპისკოპოსი ედგა კარდინალ გიბონსის მეთაურობით, ომისადმი ასეთივე დამოკიდებულება გამოიჩინა . . . ბევრი ეკლესია იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე სთხოვდნენ. ისინი ახალწვეულთა გასაწვევ პუნქტებად იქცა, სადაც მოხალისეები ეწერებოდნენ» (Preachers Present Arms). როგორ მოიქცნენ ამ დროს ბიბლიის მკვლევარები?
ისინი ცდილობდნენ, ის ეკეთებინათ, რაც ღვთის მოსაწონად მიაჩნდათ, მაგრამ მათი პოზიცია ყოველთვის არ იყო ნეიტრალური. ბიბლიის მკვლევარების საქციელზე გავლენას ახდენდა მათი შეხედულება, ვინც თავს ქრისტიანად ასაღებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ „უმაღლესი ხელისუფლება“ ღვთისგანაა (რომ. 13:1). ამგვარად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა ბიბლიის მკვლევარებს, რომ 1918 წლის 30 მაისს დაგეგმილ ლოცვის დღეს მსოფლიო ომის დამთავრებისთვის ელოცათ.a
ომის წლებში თითოეული ბიბლიის მკვლევარი განსხვავებულ სიტუაციას ხვდებოდა და სხვადასხვანაირად უმკლავდებოდა მას. რამდენადაც ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ვალდებულნი იყვნენ, დამორჩილებოდნენ „უმაღლეს ხელისუფლებას“ ანუ ქვეყნიურ მმართველებს, ისინი იარაღით ხელში ფრონტზე მიდიოდნენ და სანგრებში სხდებოდნენ. მაგრამ მათ ახსოვდათ ბიბლიური მუხლი „არ მოკლა“, ამიტომ ტყვიებს ჰაერში ისროდნენ ან ცდილობდნენ, მოწინააღმდეგის იარაღისთვის მოერტყათ, რომ ხელიდან გაეგდებინებინათ (გამ. 20:13). ზოგიერთმა, მაგალითად იტალიელმა რემიჯო კუმინეტიმ, უარი თქვა სამხედრო ფორმის ჩაცმაზე. იმ დროს იტალიის მთავრობა გამონაკლისს არ უშვებდა მათ მიმართ, ვინც სინდისის გამო იარაღს ხელში არ იღებდა. რემიჯო ხუთჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე. ის იმყოფებოდა როგორც ციხეში, ისე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ მას რწმენა არ შერყევია. ინგლისში ზოგიერთებს, რომლებმაც მოითხოვეს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება, სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე მისცეს ან ისეთი საქმე დაავალეს, რომელიც მხარს უჭერდა ომს. სხვებმა კი, მაგალითად პრაის ჰიუზმა, მტკიცედ დაიცვეს ნეიტრალიტეტი, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მათ ასეთ გადაწყვეტილებას.
შეიძლება ითქვას, რომ, ამ პერიოდში მაინც, ბიბლიის მკვლევარები ზუსტად ვერ ჰბაძავდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომელთა შესახებაც ბარნზი წერდა: „ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ (The Rise of Christianity).
მაგრამ პირველი მსოფლიო ომის მიწურულს რელიგიურ ჯგუფებს კიდევ ერთხელ უნდა ეჩვენებინათ, ვის ემსახურებოდნენ.
იყო ის ღვთის სამეფოს პოლიტიკური გამოხატულება?
1919 წლის 28 ივნისს ვერსალში (საფრანგეთი) ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავდა ერთა ლიგის წესდებას. მაგრამ მანამდე, სანამ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს მოაწერდნენ, „ქრისტეს ეკლესიების ფედერალურმა საბჭომ ამერიკაში“ გამოაცხადა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა „ღვთის სამეფოს პოლიტიკური გამოხატულება დედამიწაზე“. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რელიგიური ჯგუფებისგან უამრავი წერილი მიიღო მოთხოვნით, რომ დაემტკიცებინათ ერთა ლიგის წესდება.
იეჰოვას მოწმეებს ამისთვის მხარი არ დაუჭერიათ. 1919 წლის ოქტომბერში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე, 7 სექტემბერს სიდარ პოინტში (ოჰაიოს შტატი) რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება, რომელშიც ნათლად აღნიშნა, რომ გატანჯული კაცობრიობის ერთადერთი იმედი ღვთის მიერ დამყარებული სამეფო იყო და არა ერთა ლიგა. მართალია, ბიბლიის მკვლევარები აღიარებდნენ, რომ ადამიანებს ერთიანი ძალებით შეეძლოთ მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მათ ღვთის სამეფო არ გაუცვლიათ პოლიტიკოსების მიერ შექმნილ ორგანიზაციაზე, რომელსაც სამღვდელოება აკურთხებდა. ბიბლიის მკვლევარები მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ სამეფოზე, რომელიც ღმერთმა იესო ქრისტეს ჩააბარა (გამოცხ. 11:15; 12:10). როგორც 1920 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი, ეს იყო საქმე, რის შესახებაც იესომ მათეს 24:14-ში იწინასწარმეტყველა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქრისტიანები კიდევ ერთხელ დადგნენ მსგავსი საკითხის პირისპირ. ამჯერად, საქმე ეხებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელიც ერთა ლიგის მემკვიდრე იყო. მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, როცა 1942 წელს გამოცხადების 17:8-ის საფუძველზე იეჰოვას მოწმეებმა უკვე იცოდნენ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა მსოფლიო სამშვიდობო ორგანიზაცია, მაგრამ ხანგრძლივ მშვიდობას ვერ დაამყარებდა. ეს საკითხი კონგრესზე ახსნა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ნეითან ნორმა თავის მოხსენებაში „მშვიდობა — დიდხანს გასტანს?“. იეჰოვას მოწმეები გაბედულად ლაპარაკობდნენ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ თავიანთ თვალსაზრისზე. ამის საპირისპიროდ, კათოლიკე, პროტესტანტი და იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ფაქტობრივად მონაწილეობდნენ 1945 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ თათბირებზე, რომლის დროსაც გაერო-ს წესდება შეიქმნა. მათთვის, ვინც თვალს ადევნებდა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ნათელი იყო, ვის სურდა „ქვეყნიერებასთან მეგობრობა“ და ვინ ცდილობდა, არ ყოფილიყო „ქვეყნიერების ნაწილი“, როგორც იესომ თქვა თავის მიმდევრებზე (იაკ. 4:4; იოან. 17:14).
ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება
მართალია, იეჰოვას მოწმეებმა მალევე განჭვრიტეს ზოგიერთი საკითხი, რომლებიც ქვეყნიერებასთან ქრისტიანების ურთიერთობას ეხებოდა, მაგრამ სხვა საკითხების გაგებას მეტი დრო დასჭირდა. როდესაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, 1939 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მოწმეებს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მნიშვნელობის უკეთ გაგებაში დაეხმარა. სტატიაში ეწერა, რომ ქრისტეს მიმდევრები ვალდებულნი არიან, სრულად დაემორჩილონ ღმერთსა და მის სამეფოს, თეოკრატიას. მათ ღვთის სამეფოსთვის უნდა ელოცათ და არა ამ ქვეყნიერებისთვის (მათ. 6:10, 33). იესო ქრისტემ ცხადი გახადა, თუ ვინ იყო ამ ქვეყნიერების უხილავი მმართველი (იოან. 12:31; 14:30). ამ სიტყვების საფუძველზე სტატიაში ნათქვამი იყო: განა შეიძლება, რომ ადამიანმა, რომელიც ღვთის სამეფოს ერთგულად აცხადებს თავს, ამ ქვეყნიერების კონფლიქტებში ვინმეს მხარე დაიკავოს?! განა იესომ არ თქვა თავის მოწაფეებზე: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“? (იოან. 17:16). მთლიანობაში მსოფლიოს არ ესმოდა, რატომ იცავდნენ მოწმეები ნეიტრალიტეტს. მაგრამ მტკიცედ დაიცავდნენ ისინი თავიანთ პოზიციას?
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პოზიცია დიდი გამოცდის წინაშე დადგა, განსაკუთრებით გერმანიაში. ისტორიკოსმა ბრაიან დანმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებს საერთო არაფერი ჰქონდათ ნაციზმთან. ნაცისტებისთვის ყველაზე მიუღებელი მოწმეების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ არც ერთი მოწმე არ აიღებდა იარაღს, არ იმუშავებდა პოლიტიკურ დაწესებულებაში, მონაწილეობას არ მიიღებდა სახალხო ზეიმებში და არ დაუჭერდა მხარს ნაცისტურ რეჟიმს“ (The Churches’ Response to the Holocaust, 1986). პოლ ჯონსონმა თავის წიგნში დაწერა: „სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მრავალ მოწმეს სიკვდილი მიუსაჯეს . . . ან დახაუს საკონცენტრაციო ბანაკსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაგზავნეს“ (A History of Christianity). რამდენი მოწმე დაიჭირეს გერმანიაში? მოგვიანებით გერმანელი იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში დაპატიმრებული იყო 6 262 მოწმე, რომელთაგან 2 074 საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. სხვა წიგნებში, რომლებიც იეჰოვას მოწმეების მიერ არ არის დაწერილი, უფრო მაღალი ციფრები სახელდება.
დიდ ბრიტანეთში, სადაც ჯარში კაცებსაც იწვევდნენ და ქალებსაც, კანონი ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას. ამის მიუხედავად, მრავალმა სასამართლომ უარი უთხრა მოწმეებს გათავისუფლებაზე და მათ, ერთად აღებული, 600 წელზე მეტი მიუსაჯა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასობით იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან როგორც ქრისტიანი მსახურები. მაგრამ სხვა 4 000-ზე მეტ მოწმეს, რომლებსაც უარი უთხრეს ჯარიდან კანონით გათვალისწინებულ გათავისუფლებაზე, სასამართლომ ხუთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იცავდნენ ნეიტრალიტეტს.
იეჰოვას მოწმეების გამოცდა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ომის შემდეგაც გაგრძელდა. მართალია, მეორე მსოფლიო ომის საშინელმა წლებმა ჩაიარა, მაგრამ სხვა კონფლიქტებმა იჩინა თავი. შედარებით მშვიდობიან პერიოდშიც კი მრავალ ქვეყანაში სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულო იყო. არსებობდა ქვეყნები, სადაც იეჰოვას მოწმეებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო კვლავაც აპატიმრებდნენ. 1949 წელს, როდესაც ჯონ ცუკარისმა და ჯორჯ ორფანიდისმა მოყვასის წინააღმდეგ იარაღი არ აიღეს ხელში, საბერძნეთის მთავრობამ ისინი სიკვდილით დასაჯა. საბერძნეთში იეჰოვას მოწმეებს იმდენად სასტიკად ეპყრობოდნენ, რომ ევროპის საბჭო (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი) შეეცადა, თავისი გავლენა მოწმეების დასაცავად გამოეყენებინა, მაგრამ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით 1992 წლამდე ევროპის საბჭოს მცდელობას შედეგი არ გამოუღია, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას. თუმცა ზოგმა ქვეყანამ არასწორად ჩათვალა იეჰოვას მოწმეების დასჯა მათი რელიგიური შეხედულების გამო. 1990-იან წლებში რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, ფინეთში, პოლონეთში, ნიდერლანდსა და არგენტინაში, მთავრობა აღარ აიძულებდა აქტიურ მოწმეებს სამხედრო სამსახურის გავლას ან ალტერნატიული სამუშაოს შესრულებას, თუმცა თითოეული მოწმის საქმე ინდივიდუალურად განიხილებოდა.
სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ხვდებოდნენ სიტუაციებს, რომელთა დროსაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ადვილი არ იყო. ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლება დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა ოპოზიციის მხრიდან. შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ოპოზიციონერები იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. მაგრამ მოწმეები სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რის გამოც ზოგი მათგანი უმოწყალოდ სცემეს და სიკვდილითაც კი დასაჯეს. მიუხედავად ამისა, ხშირად მოწმეები თავიანთი ურყევი პოზიციის გამო პატივისცემას იმსახურებდნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ისინი მოწმეებს უფლებას აძლევდნენ, რომ შეუფერხებლად ექადაგათ იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა.
1960-იან და 1970-იან წლებში მალავიში მოწმეები ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დიდი გამოცდის წინაშე დადგნენ. ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოეთხოვებოდა, ეყიდა ბილეთი, რითაც მმართველი პარტიის წევრი ხდებოდა. მაგრამ მოწმეები ხედავდნენ, რომ ასეთი ბილეთების ყიდვა მათ რწმენას ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო მათ დევნიდნენ და უმოწყალოდ ეპყრობოდნენ. ათიათასობით მოწმე იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მრავალი მათგანი უკან დააბრუნეს, სადაც ისინი კვლავაც სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ.
მიუხედავად სასტიკი დევნებისა, იეჰოვას მოწმეებს მეამბოხე სული არ გამოუვლენიათ. მათი რელიგიური შეხედულებები არც ერთ მმართველობას არ უქმნის საფრთხეს. ამის საპირისპიროდ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაერთ რევოლუციას აფინანსებდა, კათოლიკე მღვდლები კი პარტიზანულ მოძრაობებს უჭერდნენ მხარს. თუ იეჰოვას მოწმეთაგან ვინმე ასეთ მოძრაობებში მიიღებდა მონაწილეობას, ეს რწმენის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღვთის სამეფო ყველანაირ მმართველობას შეცვლის. ამის შესახებ საუბრობს ბიბლიაც დანიელის 2:44-ში. მაგრამ, როგორც მოწმეები აღნიშნავენ, წმინდა წერილების თანახმად, ადამიანები კი არა, „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს“. გარდა ამისა, როგორც მოწმეები ხსნიან, ეს მუხლი არ ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანებს დაავალა დედამიწაზე არსებული მმართველობების დამხობა, რათა ღვთის სამეფოსთვის გზა გაეკაფათ. მოწმეებს ესმით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანების უმთავრესი დავალება ქადაგება და მოწაფეების მომზადებაა (მათ. 24:14; 28:19, 20). რამდენადაც ისინი დიდ პატივს სცემენ ღვთის სიტყვას, არც ერთ მათგანს არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ უცდია არანაირი მთავრობის დამხობა და არც ერთ მათგანს არ მიუღია სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა. იტალიაში გამომავალ გაზეთ „სტამპაში“ იეჰოვას მოწმეების შესახებ ეწერა: „ისინი ყველაზე სანდო მოქალაქეები არიან: თავს არ არიდებენ გადასახადებს და გამორჩენის მიზნით არ ცდილობენ იმ კანონებისთვის გვერდის ავლას, რომლებიც სირთულეებს უქმნით“. ამასთანავე, მათ ესმით, რომ ღმერთი სერიოზულად უყურებს ამ საკითხს, ამიტომ თითოეულ იეჰოვას მოწმეს გადაწყვეტილი აქვს, რომ არ იყოს „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19; იაკ. 4:4).
თაყვანისცემის საგნად ქცეული სახელმწიფო სიმბოლოები
გერმანიის სათავეში ადოლფ ჰიტლერის მოსვლის შემდეგ მსოფლიო პატრიოტულმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო. ხალხის სამართავად მათ სავალდებულო გახადეს პატრიოტულ ცერემონიალებში მონაწილეობა. გერმანიაში ყველას მოეთხოვებოდა, მისალმების დროს განსაკუთრებული ჟესტი შეესრულებინა და დაეძახა: „ჰაილ ჰიტლერ!“. ამგვარად, ჰიტლერს განადიდებდნენ, როგორც მხსნელს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხი თავიანთ იმედებს მის მმართველობაზე ამყარებდა. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს არ შეეძლოთ ასეთი შეხედულების გაზიარება. მათ იცოდნენ, რომ თაყვანი მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ, რომელმაც კაცობრიობის მხსნელად იესო ქრისტე მოავლინა (ლუკ. 4:8; 1 იოან. 4:14).
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჰიტლერი გერმანიის დიქტატორი გახდებოდა, იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბროშურა „სამეფო — კაცობრიობის იმედი“ (1931 წელი). მასში განხილული იყო დანიელის სამი მამაცი ებრაელი მეგობრის ბიბლიური შემთხვევა, რომელიც ბაბილონში გადახდათ. როცა მეფემ უბრძანა მათ, რომ მუსიკის ხმაზე ქანდაკების წინაშე დამხობილიყვნენ, ეს ერთგული იუდეველები დათმობაზე არ წავიდნენ. იეჰოვამ მოიწონა მათი საქციელი და მეფის რისხვისგან იხსნა (დან. 3:1—26). ბროშურაში იხსნებოდა, რომ თანამედროვე პატრიოტული ცერემონიალები იეჰოვას მოწმეებისთვის ერთგულების მსგავსი გამოცდა იყო.
თანდათანობით ეს პატრიოტული ცერემონიალები გერმანიის ფარგლებს გასცდა. როდესაც 1935 წლის 3 ივნისს ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე ძმა რუტერფორდს სკოლებში დროშისთვის სალმის მიცემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან ღვთისადმი ერთგულებაზე გაამახვილა ყურადღება. რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნის თითქმის ყველა გაზეთში ეწერა, რომ ქალაქ ლინში (მასაჩუსეტსის შტატი) რვა წლის კარლეტონ ნიკოლზ უმცროსმა არ მისცა სალამი ამერიკის დროშას და არ იმღერა პატრიოტული სიმღერა.
ამ საკითხის ასახსნელად ძმა რუტერფორდმა 6 ოქტომბერს რადიოთი წარმოთქვა მოხსენება „დროშისთვის სალმის მიცემა“, რომელშიც თქვა: „ბევრისთვის უბრალოდ ფორმალობაა დროშისთვის სალმის მიცემა, რაც თითქმის ან საერთოდ არაფერს ნიშნავს მათთვის. სხვებისთვის კი, ვინც წმინდა წერილების საფუძველზე სერიოზულად უყურებს ამ საკითხს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
დროშა ხილულ მმართველ ძალებს წარმოადგენს. იმის მცდელობა, რომ კანონის ძალით აიძულო მოქალაქე ან მისი შვილი, სალამი მისცეს რაიმე საგანს ან პატრიოტული სიმღერა იმღეროს, არასწორი და უსამართლოა. კანონები იმიტომ იქმნება და იმიტომ შედის ძალაში, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება აღკვეთოს და არა იმიტომ, რომ აიძულოს ვინმე, თავისი სინდისის წინააღმდეგ წავიდეს, მით უმეტეს, თუ ეს სინდისი იეჰოვა ღმერთის სიტყვითაა განსწავლული.
თუ ვინმე ამ ბიჭის მსგავსად სალამს არ აძლევს დროშას და ჰიმნს არ მღერის, ეს არავის აყენებს ზიანს. თუ ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ დროშისთვის სალმის მიცემა ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება და აიძულებენ, რომ ღვთის სიტყვისა და თავისი სინდისის წინააღმდეგ წავიდეს, ეს მას დიდ ზიანს მიაყენებს. სახელმწიფოს არც კანონიერი და არც სხვა უფლება არა აქვს, ხალხს ზიანი მიაყენოს“.
იეჰოვას მოწმეების პოზიცია ასევე ახსნილი იყო იმავე წელს გამოცემულ ბროშურაში „ერთგულება“ (1935 წელი). მასში ყურადღება მახვილდებოდა შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე: გამოსვლის 20:3—7, რომელშიც წერია, რომ ღვთის მსახურებმა მხოლოდ იეჰოვას უნდა სცენ თაყვანი, არ უნდა გააკეთონ არანაირი ქანდაკება ან მსგავსება იმისა, რაც ზეცაშია ან დედამიწაზე, და არ უნდა სცენ მათ თაყვანი; ლუკას 20:25, რომელშიც იესომ არა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კეისრისთვის კეისრისა მიეცათ, არამედ ისიც, რომ ღვთისთვის უნდა მიეცათ ის, რაც ღმერთს ეკუთვნოდა; და საქმეების 5:29, რომელშიც მოციქულებმა მტკიცედ განაცხადეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“.
შეერთებულ შტატებში სასამართლოს განხილვის საგნად იქცა საკითხი, მართებული იყო თუ არა, დროშისთვის სალმის მიცემის დაძალება. 1943 წლის 14 ივნისს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება და საქმეზე „დასავლეთ ვირჯინიის შტატის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ დროშისთვის სალმის მიცემის დაძალება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლებას.b
პატრიოტული ცერემონიალების საკითხი მხოლოდ გერმანიასა და შეერთებულ შტატებში არ იდგა მწვავედ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ, რადგან სალამს არ აძლევდნენ დროშას და არ მონაწილეობდნენ მსგავს ცერემონიალებში; თუმცა ამ დროს ისინი პატივისცემას იმით ავლენდნენ, რომ ფეხზე იდგნენ. ბევრი ბავშვი სცემეს და ბევრიც სკოლიდან გარიცხეს. ამ ქვეყნებში უამრავი სასამართლო განხილვა შედგა.
მოწმეების შემხედვარე ბევრი იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ამ და სხვა საკითხებში იეჰოვას მოწმეები პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად იქცეოდნენ. ერთ წიგნში ეწერა: „ამ საკითხებში მოწმეების უარი ადამიანთა უმრავლესობისთვის ისეთივე უგუნურება იყო, როგორც ტრაიანესა და პლინიუსისთვის ქრისტიანების უარი [რომის იმპერიაში] გაღმერთებული იმპერატორისთვის მსხვერპლის შეწირვაზე“ (The American Character). ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან იეჰოვას მოწმეებს, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ამა თუ იმ საკითხზე ქვეყნიური თვალსაზრისი კი არა აქვთ, არამედ ბიბლიური.
მათ მკვეთრი პოზიცია ეკავათ
ნეიტრალიტეტის გამო მრავალწლიანი მძიმე განსაცდელების შემდეგ, იეჰოვას მოწმეების პოზიცია კიდევ ერთხელ მკვეთრად იყო გამოხატული 1979 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“. მასში აგრეთვე ახსნილი იყო, რატომ იქცეოდა თითოეული მოწმე ამა თუ იმ სახით: «ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ ამ ქრისტიან ახალგაზრდებს შეეძლოთ ამ თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. მათ მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებდა. ბიბლიით განსწავლული სინდისით მათ პირადად შეეძლოთ ამ გადაწყვეტილების მიღება. მათ არჩიეს, სხვა ეროვნების მოყვასის მიმართ არ ჰქონოდათ მტრული და ძალადობრივი დამოკიდებულება. მათ სჯეროდათ, რომ შესრულდებოდა ესაიას ცნობილი წინასწარმეტყველება და სურდათ, მის შესრულებაში მიეღოთ მონაწილეობა. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ეს. 2:4). ზუსტად ასე იქცეოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდა მოწმეები».
იეჰოვას მოწმეების ნეიტრალიტეტის გამოცდის წლებში ხელახლა გადაიხედა რომაელების 13:1—7-ში ჩაწერილი მუხლები „უმაღლეს ხელისუფლებასთან“ დაკავშირებით, რის შედეგადაც ნათლად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მოწმეებს ქვეყნიურ მმართველებთან. მოწმეების პოზიცია გამოქვეყნდა 1962 წლის „საგუშაგო კოშკის“ 1 ნოემბრის, 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ნომრებში, მოგვიანებით კი — 1990 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“. ამ სტატიებში ხაზი ესმებოდა არა მხოლოდ იეჰოვა ღმერთის „უზენაესობას“, არამედ იმასაც, რომ ქვეყნიური მმართველები „უმაღლესი ხელისუფლება“ არიან მხოლოდ სხვა ადამიანებთან შედარებით და არსებული ქვეყნიერების მხოლოდ იმ სფეროში, რომელშიც ღმერთმა მისცა მათ ხელმძღვანელობის უფლება. აგრეთვე სტატიებში ნაჩვენები იყო, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა კეთილსინდისიერად უნდა სცენ პატივი მმართველებს და უნდა დაემორჩილონ ყველაფერში, რაც ღვთის კანონებსა და ბიბლიით განსწავლულ მათ სინდისს არ ეწინააღმდეგება (დან. 7:18; მათ. 22:21; საქ. 5:29; რომ. 13:5).
იეჰოვას მოწმეებმა ამ ბიბლიური პრინციპებისადმი ერთგულებით ქვეყნიერებისგან გამოყოფილი ადამიანების სახელი დაიმკვიდრეს, რითაც პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოგვაგონებენ.
მოწმეების დამოკიდებულება დღესასწაულებისადმი
იმ რელიგიური სწავლებების უარყოფასთან ერთად, რომელთაც ცრუ რელიგიაში ჰქონდათ ფესვები, იეჰოვას მოწმეებმა იმ დღესასწაულების აღნიშვნაც შეწყვიტეს, რომლებიც წარმართული რელიგიებიდან იღებდა სათავეს. მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე ზოგი დღესასწაული ძირფესვიანად არ ჰქონდათ გამოკვლეული. მაგალითად, ასეთი იყო შობის დღესასწაული.
თავიდან ამ დღესასწაულს ყოველ წელს აღნიშნავდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველო ბრუკლინის ბეთელის სახლში (ნიუ-იორკის შტატი). მრავალი წლის მანძილზე მათ იცოდნენ, რომ 25 დეკემბერი არ იყო იესოს დაბადების ზუსტი თარიღი, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ის დიდი ხნის მანძილზე ასოცირდებოდა მხსნელის შობასთან და რომ სიკეთის კეთება ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა. მაგრამ ამ საკითხის გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ მთავარ სამმართველოში, ასევე ინგლისისა და შვეიცარიის ბეთელებში გადაწყვიტეს, აღარ ეზეიმათ შობის დღესასწაული. ამგვარად, 1926 წლის შემდეგ მოწმეებს შობის დღესასწაული აღარ აღუნიშნავთ.
რიჩარდ ბარბერმა, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობდა, შობის დღესასწაულის წეს-ჩვეულებების წარმოშობისა და მათი აღნიშვნის შედეგების გამოკვლევის შემდეგ რადიოთი წარმოთქვა მოხსენება. ეს ინფორმაცია აგრეთვე დაიბეჭდა 1928 წლის 12 დეკემბრის „ოქროს ხანაში“. მასში მოყვანილი იყო იმის საფუძვლიანი მიზეზები, რომ შობის დღესასწაულს ღვთის შეურაცხმყოფელი საწყისი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შობის წეს-ჩვეულებებს წარმართული დასაბამი ჰქონდა, ძალიან ცოტამ შეიცვალა ამ დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება. მაგრამ იეჰოვას მოწმეები მზად იყვნენ საჭირო ცვლილებების მოსახდენად, რათა იეჰოვასთვის უფრო მისაღები ყოფილიყო მათი მსახურება.
ისინი შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: ადამიანებისთვის ქრისტეს შობის აღნიშვნა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მისი სიკვდილით გაღებული გამოსასყიდი; სადღესასწაულო ნადიმები და საჩუქრების ჩუქების მოტივები არ განადიდებს ღმერთს; მოგვები, რომელთა მაგალითზეც საჩუქრებს ჩუქნიან, სინამდვილეში ასტროლოგები იყვნენ, რომლებიც დემონების შთაგონებით მოქმედებდნენ; მშობლები ტყუილებს ასწავლიან შვილებს, როცა სანტა-კლაუსის შესახებ უყვებიან; „წმინდა ნიკოლოზი“ (იგივე სანტა-კლაუსი), როგორც ბევრისთვის ცნობილია, ეშმაკის კიდევ ერთი სახელია; კარდინალმა ნიუმანმა თავის ნაშრომში აღიარა, რომ შობის მსგავსი დღესასწაულები „დემონების თაყვანისცემის ძირითადი საშუალებაა“, რომელიც შეითვისა ეკლესიამ (Essay on the Development of Christian Doctrine). ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, იეჰოვას მოწმეებმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეს, არანაირი მონაწილეობა აღარ მიეღოთ შობის დღესასწაულში.
იეჰოვას მოწმეები სასიამოვნოდ ატარებენ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ისეთ დღესასწაულებში, რომლებიც წარმართულ ღვთაებებთან არის დაკავშირებული (მაგალითად აღდგომა, ახალი წელი, პირველი მაისი და დედის დღე) (2 კორ. 6:14—17). პირველი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები არც დაბადების დღეს აღნიშნავენ.c ისინი აგრეთვე უარს ამბობენ ეროვნულ ზეიმებში მონაწილეობაზე, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკურ თუ სამხედრო მოვლენებს, და არ განადიდებენ ეროვნულ გმირებს, თუმცა მათ მიმართ უპატივცემულობას არ ავლენენ. იეჰოვას მოწმეები იმიტომ იქცევიან ასე, რომ არ არიან ქვეყნიერების ნაწილი.
მოყვასის დახმარება
რომის იმპერიის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება ღვთაებების თაყვანისცემის გარშემო ტრიალებდა. ვინაიდან ქრისტიანები მონაწილეობას არ იღებდნენ წარმართული ღვთაებების წაბილწულ თაყვანისმცემლობაში, ხალხი ქრისტიანობას მათი ცხოვრების შეურაცხმყოფელ რელიგიად თვლიდა. ამიტომ, ისტორიკოს ტაციტუსის სიტყვების თანახმად, ქრისტიანებს კაცთმოძულეებად მიიჩნევდნენ. მსგავსი აზრი ჩანს ერთ-ერთი რომაელის მიერ ნაცნობი ქრისტიანისთვის ნათქვამ სიტყვებში. მინუციუს ფელიქსის ჩანაწერების თანახმად, რომაელმა ქრისტიანს უთხრა: „შენ არ დადიხარ სანახაობებზე; არ მონაწილეობ პროცესიებში . . . გძულს წმინდა თამაშები“. ძველრომაულ სამყაროს არ ესმოდა ქრისტიანების.
მსგავსად, დღესაც ბევრს არ ესმის იეჰოვას მოწმეების. მრავალი შეიძლება აღფრთოვანებულია იეჰოვას მოწმეების მაღალზნეობრივი ნორმებით, მაგრამ ფიქრობენ, რომ ისინი უნდა მონაწილეობდნენ ქვეყნიერების საქმეებში, რომელშიც ცხოვრობენ, და ხელს უნდა უწყობდნენ მსოფლიო მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას. მაგრამ, ვინც პირადად იცნობს იეჰოვას მოწმეებს, ხედავს, რომ მათ მიერ გაკეთებულ ყველა საქმეს ბიბლიური საფუძველი აქვს.
იეჰოვას მოწმეებს არ სურთ, სრულიად გამოეყონ სხვა ადამიანებს. ისინი იესო ქრისტეს მაგალითს ჰბაძავენ და არაფერს იშურებენ მოყვასის დასახმარებლად. მოწმეები ხალხს აცნობენ შემოქმედს და მის შთაგონებულ სიტყვაში ჩაწერილ სახელმძღვანელო პრინციპებს, რითაც ეხმარებიან, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდნენ. ისინი მოყვასს ბიბლიურ ჭეშმარიტებას უზიარებენ, რასაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს მათი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. მათ სწამთ, რომ „გადადის ქვეყნიერება“ და ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ სისტემას. ბედნიერი მომავალი ელის მათ, ვინც არ არის ამ ქვეყნიერების ნაწილი და იმედს ღვთის სამეფოზე ამყარებს (1 იოან. 2:17).
[სქოლიოები]
a „საგუშაგო კოშკი“, 1918 წლის 1 ივნისი, გვ. 174.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 30, „სასიხარულო ცნობის დაცვა და კანონით განმტკიცება“.
c The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries, ავგუსტ ნეანდერი, გვ. 190.
-
-
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
-
-
[ჩარჩო 195 გვერდზე]
ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ არც ერთი მთავრობისთვის
◆ ქალაქ ომაჰაში (ნებრასკას შტატი) გამომავალი გაზეთის ერთ-ერთ სტატიაში მოთხრობილი იყო, როგორ ექცეოდნენ ლათინური ამერიკის ერთ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს. სტატიაში აგრეთვე ეწერა: „ვისაც მოწმეები სძულს და ეჭვის თვალით უყურებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები რაიმე საფრთხეს წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისთვის. ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი რელიგიური ორგანიზაციაა, როგორის წარმოდგენაც კი შესაძლებელია. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ ხელი არ შეუშალონ ღვთისადმი თაყვანისცემაში“ (World-Herald).
◆ ერთ იტალიურ გაზეთში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეები აღფრთოვანებას იწვევენ თავიანთი მტკიცე რწმენითა და ერთიანობით. მათი ერთიანობის წყალობით ისინი, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, არ სთხოვენ ერთი და იმავე ღმერთს ერთი და იმავე ქრისტეს სახელით, აკურთხოს რომელიმე დაპირისპირებული მხარე. მოწმეები არ ურევენ რელიგიას პოლიტიკაში სახელმწიფო მეთაურებისა და პოლიტიკური პარტიების ინტერესებისთვის. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი მზად არიან, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი არ დაარღვიონ ბრძანება: არ მოკლა!“ (Il Corriere di Trieste).
◆ ჩეხოსლოვაკიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის 40-წლიანი აკრძალვის შემდეგ, 1990 წელს, გაზეთ „ნოვა სვობოდაში“ ეწერა: „იეჰოვას მოწმეების რწმენა კრძალავს ადამიანის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას. ის მოწმეები, რომლებმაც უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე და ვერც ქვანახშირის მაღაროებში დაიწყეს მუშაობა, ოთხი წლით დააპატიმრეს. მხოლოდ აქედანაც კი ჩანს, თუ რა ძლიერები არიან სულიერად. ჩვენ შეგვეძლო, ეს უანგარო ხალხი პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებზე დაგვენიშნა, მაგრამ ისინი ამაზე არასოდეს დათანხმდებიან . . . რა თქმა უნდა, ისინი აღიარებენ მთავრობის ძალაუფლებას, მაგრამ სწამთ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი ფანატიკოსები არიან — პირიქით, მათ მთელი გულით უყვართ ხალხი“.
[ჩარჩო⁄სურათები 200, 201 გვერდებზე]
წეს-ჩვეულებები, რომლებსაც ზურგი აქციეს
1926 წელს ბრუკლინის ბეთელში საბოლოოდ აღნიშნეს შობის დღესასწაული. ბიბლიის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ დღესასწაულის არც დასაბამი და არც მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები არ განადიდებდა ღმერთს.
მრავალი წლის მანძილზე ბიბლიის მკვლევარები განმასხვავებელ სიმბოლოდ იყენებდნენ გვირგვინიან ჯვარს. ეს სიმბოლო 1891 წლიდან 1931 წლამდე „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე იყო გამოსახული. მაგრამ 1928 წელს ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქრისტიანი დეკორატიული სიმბოლოთი კი არ უნდა გამოირჩეოდეს, არამედ ქადაგებით. 1936 წელს გამოჩნდა იმის მტკიცებები, რომ ქრისტე ძელზე დაკიდეს და არა ჯვარზე.
ბიბლიის მკვლევარებს თავიანთ წიგნში „ყოველდღიური მანანა“ დაბადების დღეების სია ჰქონდათ ჩამოწერილი. მაგრამ შობის დღესასწაულის აღნიშვნის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ დაბადების დღის აღნიშვნა არასათანადო პატივს მიაგებდა ქმნილებებს (ეს იყო ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც პირველი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეებს), ბიბლიის მკვლევარებმა მისი აღნიშვნაც შეწყვიტეს.
დაახლოებით 35 წლის მანძილზე პასტორი რასელი ფიქრობდა, რომ ხეოფსის პირამიდა გიზაში ღვთის მიერ დატოვებული ქვის უტყვი მოწმე იყო, რომელიც ბიბლიაში მოხსენიებული ისტორიული ეპოქების შესახებ მოწმობდა (ეს. 19:19). მაგრამ იეჰოვას მოწმეებმა უარყვეს აზრი, რომ ეგვიპტის პირამიდას რაიმე კავშირი აქვს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან (იხილეთ 1928 წლის „საგუშაგო კოშკის“ 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ნომრები).
-