ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 6
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 10 ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!
„ადიდეთ იეჰოვას სახელი!“
„ადიდეთ იაჰი! იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას, ადიდეთ იეჰოვას სახელი!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 113:1).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რა აღგვძრავს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ ღვთის წმინდა სახელის განსადიდებლად.
1, 2. როგორ მოქმედებს იეჰოვაზე მის შესახებ გავრცელებული სიცრუე? მოიყვანეთ მაგალითი.
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი თქვენზე საშინელ სიცრუეს ამბობს და ზოგი იჯერებს მის ნათქვამს. ამ ტყუილის გავრცელებას ისინიც იწყებენ და, საბოლოოდ, ბევრს ექმნება თქვენზე არასწორი შთაბეჭდილება. როგორ იგრძნობდით თავს, ასეთი რამ რომ მომხდარიყო? თუ თქვენთვის სულერთი არ არის სხვების აზრი და საკუთარი რეპუტაციაც გაღელვებთ, ცხადია, ეს ძალიან გატკენდათ გულს (იგავ. 22:1).
2 ეს მაგალითი წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შეიძლება ეგრძნო იეჰოვას, როცა მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გათელეს. ღვთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ ევას მასზე საშინელი სიცრუე უთხრა და ქალმაც დაიჯერა ნათქვამი. ამ ტყუილს კი ის მოჰყვა, რომ პირველი წყვილი იეჰოვას ეურჩა და კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობაში აღმოჩნდა (დაბ. 3:1—6; რომ. 5:12). სატანას ედემის ბაღში მომხდარი მოვლენების შემდეგაც არ შეუწყვეტია სიცრუის გავრცელება. სწორედ მისი ტყუილების ბრალია, რომ დღეს კაცობრიობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს აყენებს იეჰოვას სატანის ცილისწამება და იმის დანახვა, თუ რა მოჰყვა შედეგად ამ ყოველივეს. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, იეჰოვა არ გაბოროტებულა. მას ბიბლია „ბედნიერ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმ. 1:11).
3. რა პატივი გვარგუნა იეჰოვამ?
3 საბედნიეროდ, იეჰოვამ პატივი გვარგუნა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი სახელის განწმენდაში. ამისთვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ მივყვეთ ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ მითითებას: „ადიდეთ იეჰოვას სახელი!“ (ფსალმ. 113:1). ჩვენ ღვთის სახელს მაშინ ვადიდებთ, როცა სიმართლეს ვამბობთ იეჰოვაზე. თქვენც გაქვთ გადაწყვეტილი ასე მოქცევა? მოდი ვნახოთ, რა აღგვძრავს, მთელი გულით განვადიდოთ ღვთის სახელი. ქვემოთ სამ მხარეზე ვიმსჯელებთ.
ᲒᲣᲚᲡ ᲕᲣᲮᲐᲠᲔᲑᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
4. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ უხარებს გულს იეჰოვას, როცა განვადიდებთ (იხილეთ აგრეთვე სურათი).
4 ჩვენს ზეციერ მამას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მის სახელს ვადიდებთ (ფსალმ. 119:108). ნიშნავს ეს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანივით მასაც თვითშეფასების ასამაღლებლად სჭირდება ქება? ცხადია, არა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ მაგალითი. გოგონა მამას ეხვევა და ეუბნება: „შენ ყველაზე მაგარი მამიკო ხარ!“. ფაქტია, ბავშვის ასეთი გულწრფელი ემოცია მამას უზომოდ ახარებს, თუმცა არა იმიტომ, რომ თავდაჯერება აკლია და ბავშვის სიტყვები თვითშეფასებას უმაღლებს. სინამდვილეში, მას ის სიამოვნებს, რომ მისი გოგონა ასეთი მადლიერი და მოსიყვარულე ადამიანი იზრდება, რისი წყალობითაც საბოლოოდ ბედნიერიც იქნება. სამყაროში ყველაზე საუკეთესო მამას, იეჰოვასაც, სწორედ ამ მიზეზების გამო უხარია, რომ განვადიდებთ.
5. კიდევ რას ვამტკიცებთ, როცა ღვთის სახელს განვადიდებთ?
5 როცა ზეციერ მამას განვადიდებთ, ჩვენზე ნათქვამ სიცრუესაც ვაბათილებთ. სატანა ამტკიცებს, რომ ღმერთს ბოლომდე არცერთი ადამიანი არ უერთგულებს და, რომ მას მაშინვე შეაქცევენ ზურგს, როგორც კი რაიმე სირთულე იჩენს თავს (იობ. 1:9—11; 2:4). თუმცა იობმა დაამტკიცა, რომ სატანა ცრუა. რისი თქმა შეიძლება თქვენზე? თქვენც უერთგულებთ იეჰოვას და განადიდებთ მის წმინდა სახელს? (იგავ. 27:11). მართლაც, რა უნდა იყოს ამაზე დიდი პატივი ჩვენთვის!
6. რისი სწავლა შეგვიძლია დავითისა და ლევიანების მაგალითიდან? (ნეემია 9:5).
6 იეჰოვას ერთგული მსახურები ოდითგანვე მთელი გულით განადიდებდნენ მის სახელს. მაგალითად, მეფე დავითმა თქვა: „ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს!“ (ფსალმ. 103:1). დავითმა იეჰოვას განდიდება მისი სახელის განდიდებასთან გააიგივა. მას ესმოდა, რომ ღვთის სახელი მის რეპუტაციას, შესანიშნავ თვისებებსა და მის საოცარ საქმეებსაც მოიაზრებდა. ამიტომაც მისთვის წმინდა იყო ღვთის სახელი და სურდა, „მთელი არსებით“ განედიდებინა. ღვთის განდიდების კარგ მაგალითს ლევიანებიც გვაძლევენ. ისინიც მთელი გულით განადიდებდნენ იეჰოვას, თუმცა თავმდაბლურად აღიარებდნენ იმასაც, რომ ჯეროვნად ხოტბას ვერასდროს შეასხამდნენ მის წმინდა სახელს (წაიკითხეთ ნეემიას 9:5). ეჭვგარეშეა, თავისი თავმდაბალი მსახურების მხრიდან საქებარი სიტყვების მოსმენა იეჰოვას დიდ სიხარულს ანიჭებდა.
7. როდის და როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება?
7 ჩვენც გავუხარებთ გულს იეჰოვას, თუ მასზე მადლიერებითა და სიყვარულით ვისაუბრებთ. ამის შესაძლებლობა ქადაგების დროს გვეძლევა. ძალიან გვსიამოვნებს, როცა ხალხს ბიბლიიდან ვანახებთ, რა ძვირფას თვისებებს ფლობს იეჰოვა, როგორი მოსიყვარულე, სამართლიანი, ბრძენი და ძლევამოსილია. ქადაგების მთავარი მიზანიც ხომ ისაა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, დაუახლოვდნენ იეჰოვას და ჩვენსავით შეიყვარონ ის (იაკ. 4:8). თუმცა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობას მხოლოდ ქადაგება როდი გვაძლევს. ჩვენს ზეციერ მამას მაშინაც მივაგებთ დიდებას, როცა მის მიბაძვას ვცდილობთ; ამ დროს ხომ ცხადი ხდება, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და ქვეყნიერებას შორის (ეფეს. 5:1). ხშირად ამას ხალხიც ამჩნევს და მიზეზითაც ინტერესდებიან, რაც მათთან იეჰოვაზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს (მათ. 5:14—16). ამის შედეგი კი ისაა, რომ გულწრფელ ადამიანებს ღმერთთან დაახლოების სურვილი უჩნდებათ. დიახ, იეჰოვას ძალიან ახარებს, როცა სიტყვითა თუ საქმით დიდებას მივაგებთ მას (1 ტიმ. 2:3, 4).
ᲒᲣᲚᲡ ᲕᲣᲮᲐᲠᲔᲑᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ
8. ვინ გვაძლევს ღვთის სახელის განდიდების საუკეთესო მაგალითს? ახსენით.
8 არცერთი გონიერი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, ისე კარგად არ იცნობს იეჰოვას, როგორც იესო (მათ. 11:27). მას ძალიან უყვარს მამა და მისი სახელის განდიდების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (იოან. 14:31). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მამას ლოცვით მიმართა და ასე შეაჯამა თავისი მსახურება: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოან. 17:26). რა იგულისხმა იესომ ამ სიტყვებში?
9. როგორ დაანახვა იესომ ებრაელებს, სინამდვილეში როგორი ღმერთი იყო იეჰოვა?
9 იესო ებრაელებს შორის მსახურობდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ღვთის სახელი. აქედან გამომდინარე, იესოს ის კი არ უგულისხმია, რომ ხალხს ღვთის სახელი გაუმხილა, არამედ ის, რომ მათ იეჰოვას პიროვნება უკეთ გააცნო (იოან. 1:17, 18). მაგალითად, ებრაული წერილებიდან ჩანდა, რომ იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობი ღმერთი იყო (გამ. 34:5—7). თუმცა იესომ კიდევ უფრო ცხადად დაანახვა მსმენელს იეჰოვას ეს თვისებები, როცა გზასაცდენილი შვილის მაგალითი მოიყვანა. როცა ვკითხულობთ, რომ მამამ ჯერ კიდევ შორიდან მოჰკრა თვალი თავის მომნანიებელ შვილს, გაიქცა, გულში ჩაიკრა და მთელი გულით აპატია, ჩვენ უფრო ცხადად ვხედავთ, რა გულმოწყალე და თანამგრძნობია იეჰოვა (ლუკ. 15:11—32). იესომ მართლაც საუკეთესოდ დაანახვა ებრაელებს, სინამდვილეში როგორია მისი მამა.
10. ა) საიდან ვიცით, რომ იესო სახელით მოიხსენიებდა მამას და სურდა, სხვებიც ასე მოქცეულიყვნენ? (მარკოზი 5:19; იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) რას მოელის იესო ჩვენგან?
10 ცხადია, იესოს ხალხისთვის იმის დანახვებაც სურდა, რომ საჭირო იყო ღვთის სახელით მოხსენიება. იმ დროს ზოგი რელიგიური წინამძღოლი თვლიდა, რომ ღვთის წმინდა სახელის წარმოთქმა უპატივცემულობის მაჩვენებელი იქნებოდა, თუმცა იესო არ იზიარებდა ასეთ არაბიბლიურ შეხედულებებს და ყოველთვის მოიხსენიებდა მამის სახელს. მაგალითად, როცა გერასელთა მხარეში კაცი დემონების ტყვეობისგან გაათავისუფლა, ხალხს ისე შეეშინდა, რომ იესოს ეხვეწებოდნენ, დაეტოვებინა იქაურობა (მარ. 5:16, 17). მაშინ იესომ დემონებისგან განთავისუფლებულ კაცს უთხრა, რომ სხვებისთვისაც მოეყოლა, რაც იეჰოვამ მისთვის გააკეთა (წაიკითხეთ მარკოზის 5:19).a აღსანიშნავია, რომ მან ყურადღება საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვაზე გაამახვილა. აქედან გამოჩნდა, თუ რა ძლიერ სურდა, იქაურებისთვის ღვთის სახელი გაეცხადებინა. ჩვენი მეფე იესო დღესაც მოელის, რომ მისი მიმდევრები ყველას გავუცხადებთ მამის სახელს და უხარია, როცა ასე ვიქცევით (მათ. 24:14; 28:19, 20).
11. რის შესახებ ლოცვა ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს და რატომაა ამის გაკეთება მნიშვნელოვანი? (ეზეკიელი 36:23).
11 იესომ იცოდა, რომ ღმერთს თავისი სახელის განწმენდა სურდა. ამიტომ ასწავლა თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). მას კარგად ესმოდა, რომ ღვთის სახელის განწმენდაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყო (წაიკითხეთ ეზეკიელის 36:23). მისოდენა წვლილი არავის შეუტანია ღვთის სახელის განწმენდაში. მართლაც რამხელა დარტყმა იქნებოდა მისთვის, რომ ღვთის გმობაში დაადანაშაულებდნენ. იესოს თვალში ხომ მამის წმინდა სახელის შებღალვა ყველაზე დიდი ცოდვა იქნებოდა. შესაძლოა იესო „მძიმე განცდებში“ სწორედ იმაზე ფიქრმა ჩააგდო, რომ მას როგორც ღვთისმგმობელს ისე გაასამართლებდნენ (ლუკ. 22:41—44).
12. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იესოზე დიდი წვლილი არავის შეუტანია ღვთის სახელის განწმენდაში?
12 მამის სახელი რომ განეწმინდა, იესომ ღირსეულად აიტანა ყოველგვარი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ტანჯვა. მას ესმოდა, რომ სასირცხვილო არაფერი ჩაუდენია, რადგან მამას ყოველთვის ემორჩილებოდა (ებრ. 12:2). მას ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ იმ მძიმე წუთებში სატანის პირდაპირი სამიზნე იყო (ლუკ. 22:2—4; 23:33, 34). სატანა იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა იესოს გატეხვას, მაგრამ მან სრული მარცხი განიცადა. იესომ სატანა სიცრუეში ამხილა და დაამტკიცა, რომ იეჰოვას ნამდვილად ჰყავს ერთგული მსახურები, რომლებიც უკიდურესად რთული განსაცდელების დროსაც არ უღალატებენ მას.
13. როგორ შეგვიძლია გული გავუხაროთ ჩვენს მეფეს, იესოს?
13 უეჭველია, თქვენც გაქვთ სურვილი, რომ გული გაუხაროთ ჩვენს მეფეს, იესოს. ამიტომ კვლავაც განადიდეთ ღვთის სახელი და დაეხმარეთ ხალხს გაიგონ, სინამდვილეში როგორი ღმერთია იეჰოვა. ამგვარად მიჰბაძავთ იესოს, გულს გაუხარებთ იეჰოვას და დაამტკიცებთ, რომ სატანა ცრუა! (1 პეტ. 2:21).
ᲮᲐᲚᲮᲡ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲐᲨᲘ ᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲗ
14, 15. რისი მოწმენი შეიძლება გავხდეთ, როცა ხალხს იეჰოვას ვაცნობთ?
14 რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ღვთის სახელს განვადიდებთ, ამგვარად ხალხს გადარჩენაში ვეხმარებით? დღეს სატანამ უამრავ ადამიანს „დაუბრმავა გონება“, რის გამოც მათ სხვადასხვა სიცრუის სჯერათ, მაგალითად, რომ ღმერთი არ არსებობს, ის არ ერევა ჩვენს ცხოვრებაში, სასტიკია და შემცოდველებს მარადიულად ტანჯავს (2 კორ. 4:4). ასეთმა სიცრუემ ღვთის სახელი და მისი რეპუტაცია ისე შებღალა, რომ ადამიანებს მასთან დაახლოების ყველანაირი სურვილი გაუქრო. თუმცა როცა სამქადაგებლო საქმეში ვმონაწილეობთ, სატანას მიზნის მიღწევაში ხელს ვუშლით, რადგან ხალხს სიმართლეს ვეუბნებით ჩვენი ზეციერი მამის შესახებ და განვადიდებთ მის წმინდა სახელს.
15 ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს. როცა ადამიანებს იეჰოვას ვაცნობთ, საოცარი რამის მოწმენი ვხდებით. ისინი თავისუფლდებიან სიცრუის მონობისგან და იგებენ, სინამდვილეში როგორია ჩვენი ზეციერი მამა. მათ მოწიწების გრძნობა ეუფლებათ, როცა ხედავენ, რამხელა ძალას ფლობს ის (ეს. 40:26). ისინი რწმუნდებიან, რომ სრულყოფილია მისი სამართალი (კან. 32:4). მათში აღტაცებას იწვევს ღვთის განუზომელი სიბრძნე (ეს. 55:9; რომ. 11:33). ანუგეშებთ იმის გაგებაც, რომ ღმერთი სიყვარულის განსახიერებაა (1 იოან. 4:8). და რაც უფრო უახლოვდებიან ზეციერ მამას, მარადიული ცხოვრების იმედიც მით უფრო რეალური ხდება მათთვის. მართლაც რამხელა პატივია, რომ ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში ვეხმარებით. როცა ასე ვიქცევით, იეჰოვა თავის „თანამშრომლებად“ გვთვლის (1 კორ. 3:5, 9).
16. რა გავლენას ახდენს ზოგზე ღვთის სახელის გაგება? მოიყვანეთ მაგალითები.
16 პირველ ეტაპზე შეიძლება ისიც საკმარისი იყოს, რომ ხალხს ღვთის სახელი გავაგებინოთ. ეს გულწრფელ ადამიანებზე წარუშლელ კვალს დატოვებს. მოვიყვანოთ ერთი ახალგაზრდა ქალის, ალიას,b მაგალითი, რომლის მშობლებიც არ იყვნენ ქრისტიანები. ალია მშობლების რელიგიას საკუთარ რელიგიად არ მიიჩნევდა და არც ღმერთთან გრძნობდა სიახლოვეს. მაგრამ მოგვიანებით მან იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ნელ-ნელა ღმერთი მისთვის მეგობრად იქცა. ის გააოცა იმის გაგებამ, რომ ღმერთს სახელი აქვს, რომელიც ბიბლიის მრავალი თარგმანიდან ამოიღეს და ისეთი ტიტულებით ჩაანაცვლეს, როგორიცაა, მაგალითად, უფალი. ღვთის სახელის, იეჰოვას, გაგება, მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. აი რა სიტყვები თქვა მან იმ დროს: „ჩემს ძვირფას მეგობარს სახელი ჰქონია“. რა გავლენა მოახდინა მასზე ღვთის სახელის გაგებამ? ის ამბობს: „შინაგანი სიმშვიდე დამეუფლა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიცი ღვთის სახელი“. მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ერთ მამაკაცს, სტივს, რომლის ოჯახიც კონსერვატიული იუდაიზმის მიმდევარი იყო, გული ჰქონდა აცრუებული რელიგიებზე, რადგან იქ თვალთმაქცობის მეტს ვერაფერს ხედავდა. თუმცა იმ პერიოდში, როცა დედა დაეღუპა, მეგობარმა, რომელიც მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, თავის შესწავლაზე დაპატიჟა. სტივიც დასთანხმდა. ღვთის სახელის გაგებამ მასზე ძალიან იმოქმედა. ის ამბობს: „მაშინ პირველად გავიგე ღვთის სახელი და მივხვდი, რომ ის რეალური პიროვნება იყო და მისი სახით მეგობარი ვიპოვე“.
17. რატომ გსურთ, ყოველთვის განადიდოთ ღვთის სახელი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 როცა ქადაგებთ და ხალხს ბიბლიას ასწავლით, ცდილობთ, მათ უთხრათ, რომ ღმერთს სახელი აქვს? უხსნით მათ, როგორია სინამდვილეში ღმერთი? თუ ასე მოიქცევით, ღვთის სახელს განადიდებთ. არასდროს შეწყვიტოთ ამის გაკეთება, რადგან ამგვარად, ხალხს ვეხმარებით, გადარჩნენ და მივყვებით ჩვენი მეფის, იესოს, ნაკვალევს. და რაც მთავარია, როცა ღვთის სახელს განვადიდებთ, ეს სიხარულს ჰგვრის ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. მოდი ყველამ განვადიდოთ ღვთის სახელი „სამარადისოდ, მარადიულად“! (ფსალმ. 145:2).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
რატომ უხარებს გულს იეჰოვას, როცა მის სახელს განვადიდებთ?
რატომ ახარებს იესოს, როცა ღვთის სახელს განვადიდებთ?
როგორ ემსახურება ღვთის სახელის განდიდება ადამიანთა ხსნას?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2 იეჰოვაა შენი სახელი
a არაერთი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მარკოზმა იესოს სიტყვების ციტირებისას ღვთის სახელი გამოიყენა. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ამ ადგილას ღვთის სახელს.
b სახელები შეცვლილია.