ᲐᲜᲐ
დედნისეულ ენაზე ეს სახელი სამივე შემთხვევაში სხვადასხვანაირად იწერება და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
1. ციბეონის ვაჟი და ესავის ცოლის, ოჰოლიბამას მამა (დბ. 36:2, 14, 18, 20, 24, 25; 1მტ. 1:34, 40, 41). ებრაულ ტექსტში დაბადების 36:2-ში წერია: „ოჰოლიბამა — ანას ასული, ციბეონის ასული“. სირიულ ფეშიტაში, სამარიულ ხუთწიგნეულსა და ბერძნულ სეპტუაგინტაში ანა მოხსენიებულია, როგორც „ციბეონის ვაჟი“, რაც ეთანხმება დაბადების 36:24-ში ჩაწერილს, რომლის თანახმადაც ანა ციბეონის ვაჟია. ზოგ თანამედროვე თარგმანშიც მე-2 და მე-14 მუხლში ანა ციბეონის ვაჟად არის მოხსენიებული (RS, AT, JB). მაგრამ ასულად ნათარგმნ ებრაულ სიტყვას ამ კონტექსტში შეიძლება უფრო ფართო გაგება ჰქონდეს და შვილიშვილს ნიშნავდეს. ამგვარად, ის მიუთითებს ოჰოლიბამაზე და არა ანაზე. შესაბამისად, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაბადების 36:2-ში წერია: „ანას ასული ოჰოლიბამა, ხიველი ციბეონის შვილიშვილი“.
ზოგი ფიქრობს, რომ სახელი „ანა“ ორ სხვადასხვა ადამიანზე მიუთითებს, ვინაიდან მეორე მუხლში ანა მოხსენიებულია ხიველად, ხოლო მე-20 და 29-ე მუხლებში — ხორიელად. თუმცა, თუ სიტყვა „ხორიელი“ უბრალოდ გამოქვაბულში მცხოვრებს ნიშნავს, მაშინ ის შეიძლება მიანიშნებდეს სეირელების გამოქვაბულში ცხოვრების ჩვეულებაზე და არა მათ წარმოშობაზე. აქედან გამომდინარე, მე-20 მუხლში მოხსენიებულ სიტყვა „ვაჟებს“, როგორც ჩანს, უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს და შთამომავლებზე მიანიშნებს. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ამ შემთხვევაში გენეალოგიის მოხსენიების მიზანი არ არის სეირელების წარმოშობის დადგენა, ანუ სეირელთა იმ შთამომავლების ჩამოთვლა, რომლებიც ტომების თავკაცები იყვნენ და ედომელებთან ჰქონდათ კავშირი. აქედან გამომდინარე, ესავის ცოლის წინაპარი ანა იყო თავისი მამის ტომისგან დამოუკიდებლად არსებული თანაბარუფლებიანი ტომის თავკაცი“ (Cyclopædia, 1882, ტ. I, გვ. 212).
2. [ებრ-დან, ნიშნავს მოწონებას, სინატიფეს] — წინასწარმეტყველი ქალი; ფანუელის ასული აშერის ტომიდან. მისი სახელი ხანას ბერძნული ეკვივალენტია.
ანა გათხოვებიდან შვიდი წლის შემდეგ დაქვრივდა. ჩვილი იესოს ტაძარში მიყვანის დროს ის 84 წლისა იყო. ასაკის მიუხედავად, ის ტაძარს არ შორდებოდა და, როგორც ჩანს, დილით მსახურების დაწყებიდან საღამოს მსახურების დამთავრებამდე იქ იყო. ამიტომ მას წილად ხვდა პატივი, ენახა ჩვილი იესო და მის შესახებ სხვებისთვის ეამბო. ანაზე ნათქვამია, რომ „მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წუხდა და მოუთმენლად ელოდა ღვთის დაპირების შესრულებას. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო საუკუნეების მანძილზე ებრაელებზე სხვების ბატონობა და ქვეყანაში ღვთის თაყვანისმცემლობის დაკნინება, რაც ტაძარში მსახურებასა და მღვდლებზე აისახა. მას, ალბათ, იმედი არ ჰქონდა, რომ ბავშვის გაზრდას მოესწრებოდა, მაგრამ სიხარულით ეუბნებოდა სხვებს, რომ მესია იხსნიდა მათ (ლკ. 2:36—38).
3. [ებრ.-დან, ნიშნავს მოწონებას, სინატიფეს]. ახ. წ. 6 ან 7 წელს სირიის რომაელმა გამგებელმა კვირინიუსმა მღვდელმთავრად დანიშნა. ამ მოვალეობას ანა დაახლოებით ახ. წ. 15 წლამდე ასრულებდა (ლკ. 2:2). როგორც ამბობენ, რომის მიერ მიცემული უფლებამოსილების გადაჭარბების გამო პროკურატორმა ვალერიუს გრატუსმა მას მღვდელმთავრობა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ მას, როგორც ყოფილ მღვდელმთავარსა და ებრაელთა იერარქიაში გავლენიან პირს, კვლავ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მისი შვილებიდან ხუთი ვაჟი და მისი სიძე, კაიაფა, მღვდელმთავრებად მსახურობდნენ. გავლენიანი მდგომარეობის გამო ანა მართებულად მოიხსენიება ბიბლიაში ერთ-ერთ უფროს მღვდლად (მთ. 26:3; ლკ. 3:2). როცა იესო დააპატიმრეს, ჯერ ანასთან მიიყვანეს დასაკითხად, შემდეგ კი — კაიაფასთან გასასამართლებლად (ინ. 18:13). იესო ქრისტეს მოციქულების მთავარ მდევნელთა ჩამონათვალში ანა პირველი მოიხსენიება (სქ. 4:6).
ანას მდიდარი და გავლენიანი საგვარეულო მიეკუთნებოდა ლევის ტომს. მათი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტაძარში შესაწირავებით ვაჭრობა იყო. ამიტომ გასაგებია, რატომ ცდილობდნენ ისინი იესოს მოკვლას, რომელმაც ორჯერ გაწმინდა მათ მიერ „ყაჩაღების ბუნაგად“ ქცეული ტაძარი (ინ. 2:13—16; მთ. 21:12, 13; მრ. 11:15—17; ლკ. 19:45, 46). თუ ანა სადუკეველი იყო, მას არ ექნებოდა მკვდრეთით აღდგომის რწმენა და უფრო მეტად ეძულდებოდა იესო და მისი მოციქულები, რადგან იესო მკვდრეთით აღდგომის შესახებ ასწავლიდა (რასაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა ადასტურებდა) და მისი მოციქულებიც იმავეს ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ (სქ. 23:8; შდრ. 5:17).