თავი 13
ღმერთის მშვიდობისმომტანი მთავრობა
1. რა ვერ შეძლეს ადამიანთა მთავრობებმა?
თუ შეგინიშნავს, რომ ადამიანთა მთავრობებს, მათაც კი, რომელთაც კეთილი განზრახვები აქვთ, არ შესწევთ უნარი დააკმაყოფილონ თავიანთი ქვეშევრდომების აუცილებელი მოთხოვნილებები? ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა ისეთი პრობლემები, როგორიცაა დამნაშავეობა და რასობრივი სიძულვილი, ვერც დამაკმაყოფილებლად უზრუნველყო თავისი მოქალაქეები საკვებითა და საცხოვრებელი ფართით. მათ ვერ შეძლეს ქვეშევრდომების სრული განკურნება დაავადებებისგან. ვერც ერთმა მთავრობამ შეძლო, შეეჩერებინა სიბერისა და სიკვდილის პროცესი, ვერც მკვდრებს დაუბრუნა სიცოცხლე. მათ, ასევე ვერ შეძლეს მოქალაქეების უზრუნველყოფა მუდმივი მშვიდობითა და უსაფრთხოებით. უბრალოდ, ადამიანთა მთავრობებს არ შესწევთ ძალა, გადაჭრან ცხოვრებაში არსებული დიდი პრობლემები.
2. რა არის ბიბლიის ძირითადი ცნობა?
2 ჩვენმა შემოქმედმა იცის, თუ რამდენად აუცილებელია სამართლიანი მთავრობა, რომელიც ყოველი ადამიანისთვის შესაძლებელს გახდის ბედნიერ და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას. ამიტომაა, რომ ბიბლია ლაპარაკობს მთავრობის შესახებ, რომელიც დაექვემდებარება ღმერთს. ღმერთის აღთქმული მთავრობა, სინამდვილეში, ბიბლიის ძირითად ცნობას წარმოადგენს.
3. რას ამბობს ესაიას წიგნის 9:5, 6 ღმერთის მთავრობის შესახებ?
3 მაგრამ, შეიძლება, იკითხო: „სად არის ბიბლიაში ღმერთის მთავრობის შესახებ ლაპარაკი?“ მაგალითად, ესაიას 9:5, 6-ში. ამ მუხლებში წერია: „რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის“.
4. ვინ არის შვილი, რომელიც იქნება ღმერთის მთავრობის მმართველი?
4 ბიბლია აქ ლაპარაკობს შვილის, მთავრის, დაბადების შესახებ. დროთა განმავლობაში, მეფის ეს ძე დიდებული ხელისუფალი, „მშვიდობის მთავარი“ უნდა გამხდარიყო. მას მიეცემოდა სრული პასუხისმგებლობა ჭეშმარიტად საოცარ მთავრობაზე. ეს მთავრობა მშვიდობას მოუტანს მთელ დედამიწას და ეს მშვიდობა მარადიულად გაგრძელდება. შვილი, რომლის დაბადებაც ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 9:5, 6-ში, არის იესო. როდესაც ანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ამცნო, რომ დაიბადებოდა იესო, უთხრა: „იმეფებს. . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:30–33).
სამეფოს მნიშვნელოვნობის ხაზგასმა
5. ა) როგორ ამახვილებს ყურადღებას ბიბლია ღმერთის სამეფოს მნიშვნელოვნობაზე? ბ) რა არის ღმერთის სამეფო და რას მიაღწევს?
5 როდესაც იესო და მისი მიმდევრები დედამიწაზე იყვნენ, მათი მთავარი დავალება იყო, ექადაგათ და ესწავლებინათ ღმერთის მომავალი სამეფოს შესახებ (ლუკა 4:43; 8:1). ბიბლიის თანახმად, ისინი დაახლოებით 140-ჯერ მიუთითებენ ამ სამეფოზე. იესო ასწავლიდა კიდეც თავის მიმდევრებს, რომ ამ სამეფოს შესახებ ელოცათ ღმერთის მიმართ: „მოვიდეს სუფევა [სამეფო, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). ეს სასუფეველი, რომლის შესახებაც ლოცულობენ ქრისტიანები, ნამდვილად არის თუ არა მთავრობა? შეიძლება, შენ არ ფიქრობდე ასე, მაგრამ ის ნამდვილად მთავრობაა. ღმერთის ძე, იესო ქრისტე, არის ამ სასუფევლის, ანუ სამეფოს მეფე. მთელი დედამიწა კი ის ტერიტორია იქნება, რომელსაც იესო უხელმძღვანელებს. რა დიდი სიხარული იქნება მაშინ, როდესაც ადამიანები მეტად აღარ იქნებიან დაყოფილი მტრულად განწყობილ ერებად, არამედ ყველა გაერთიანებული იქნება და ღმერთის სამეფოს ხელმძღვანელობით მშვიდობიანად იცხოვრებს!
6. დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს რატომ ამბობდნენ, რომ სასუფეველი „მოახლოებულია“ და ‘თქვენს შორის არის’?
6 იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ მთავრობის შესახებ დაიწყო ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 3:1, 2). რატომ ამბობდა იოანე ამას? იმიტომ რომ, იესო, რომელიც უნდა გამხდარიყო ღმერთის ზეციერი მთავრობის მმართველი, მალე უნდა მონათლულიყო იოანე ნათლისმცემლის მიერ და ყოფილიყო ღმერთის სულიწმიდით ცხებული. ახლა, ალბათ, ხვდები, თუ მოგვიანებით რატომ უთხრა იესომ ფარისევლებს: „აჰა, თვითონ თქვენშია [შორის თქუენსა არს, „ქართული ოთხთავი“, გიორგი მთაწმინდელის რედაქცია] ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17:21). ეს ასე იყო, რადგან იესო, რომელიც მეფედ დანიშნა ღმერთმა, იყო იქ, მათ შორის. ის ქადაგებდა და ასწავლიდა სამ წელიწადნახევრის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე ღმერთისადმი თვით სიკვდილამდე ერთგულებით დაამტკიცა, რომ დაიმსახურა მეფობა.
7. რა გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს სამეფო მნიშვნელოვანი თემა იყო?
7 რათა ნათელვყოთ, რომ ქრისტეს მსახურების დროს ღმერთის სამეფო მნიშვნელოვანი თემა იყო, განვიხილოთ რა მოხდა მისი სიკვდილის წინა დღეს. ბიბლია გვატყობინებს, რომ ხალხი ადანაშაულებდა იესოს და ამბობდა: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს“. როდესაც ეს მოისმინა რომის ნაცვალმა პილატე პონტოელმა ჰკითხა იესოს: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ (ლუკა 23:1–3).
8. ა) რა უპასუხა იესომ, როცა ჰკითხეს, იყო თუ არა მეფე? ბ) რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ მისი სამეფო „არ არის სააქაო“?
8 პილატეს შეკითხვაზე იესომ პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“. იესომ იმიტომ უპასუხა ასე, რომ მისი მეფობა მიწიერი არ უნდა ყოფილიყო. მას უნდა ემეფა ზეციდან და არა მიწიერი ტახტიდან, როგორც ადამიანს. იმის გამო, რომ საკითხი ეხებოდა იესოს მეფობის უფლებას, პილატემ უთხრა: „ესე იგი, მეფე ხარ“.
9. ა) რომელ საოცარ ჭეშმარიტებას ამცნობდა იესო? ბ) რა მნიშვნელოვანი საკითხებია წამოჭრილი დღეს?
9 ნათელია, რომ ამ სასამართლოზე იესო სიკვდილს უყურებდა თვალებში, რადგან ის ქადაგებდა და ასწავლიდა ახალი მთავრობის შესახებ. იესომ პილატეს ასე უპასუხა: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:36, 37). დიახ, იესომ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ღმერთის სამეფოს მმართველობის შესახებ საოცარი ჭეშმარიტების ქადაგებაში გაატარა. ეს იყო მისი ქადაგების მთავარი ცნობა. და ეს სამეფო დღემდე ყველაზე მთავარ თემას წარმოადგენს. მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები: რომელი მთავრობა არის ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში? არის თუ არა ეს ადამიანთა რომელიმე მთავრობა, თუ ეს ღმერთის სამეფოა, ქრისტეს მმართველობით?
მზადება დედამიწის ახალი მთავრობისთვის
10. ა) როდის დაინახა ღმერთმა ახალი მთავრობის შექმნის აუცილებლობა? ბ) პირველად სად არის ბიბლიაში მითითებული ამ მთავრობის შესახებ? გ) ვის ასახიერებდა გველი?
10 უშუალოდ იმის შემდეგ, რაც სატანამ აღძრა ადამი და ევა, შეერთებოდნენ აჯანყებაში, იეჰოვამ დაინახა კაცობრიობისთვის ახალი მთავრობის შექმნის აუცილებლობა. ამიტომ მან დაუყოვნებლივ განაცხადა თავისი განზრახვა ასეთი მთავრობის შექმნის შესახებ. იეჰოვამ მაშინ მიუთითა ამ სამეფოზე, როდესაც განაჩენი გამოუტანა გველს, სინამდვილეში კი სატანა ეშმაკს: ‘მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს შენ კი ქუსლს დაუგესლავ’ (დაბადება 3:14, 15).
11. ვის შორის უნდა ყოფილიყო სიძულვილი?
11 მაგრამ, შესაძლოა, იკითხო: „სად არის აქ ლაპარაკი მთავრობის შესახებ?“ მოდი, კიდევ ერთხელ ყურადღებით განვიხილოთ ეს სიტყვები. საღვთო წერილი ამბობს, რომ სატანასა და „დედაკაცს“ შორის უნდა ყოფილიყო მტრობა, ანუ სიძულვილი. გარდა ამისა სიძულვილი უნდა ყოფილიყო სატანის „თესლს“, ანუ შვილებსა და დედაკაცის „თესლს“, ანუ შვილებს შორის. უპირველესად, გამოვარკვიოთ, ვის ასახიერებს ‘დედაკაცი’.
12. რა არის ნათქვამი გამოცხადების მე-12 თავში ‘დედაკაცის’ შესახებ?
12 აქ საუბარი არ არის მიწიერ დედაკაცზე. სატანას არავითარი განსაკუთრებული სიძულვილი არ ჰქონია მდედრობითი სქესის რომელიმე წარმომადგენლის მიმართ. ეს არის სიმბოლური დედაკაცი, ესე იგი სხვა რამეს ასახიერებს. ეს ნაჩვენებია ბიბლიის ბოლო წიგნში, გამოცხადებაში, სადაც მის შესახებ მეტი ინფორმაციაა მოცემული. იქ აღწერილია „დედაკაცი“, რომელსაც „ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. რომ დავადგინოთ ვის ასახიერებს ეს „დედაკაცი“, ყურადღება მიაქციე, რა არის შემდეგ ნათქვამი გამოცხადებაში მისი ბავშვის შესახებ: „და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი [მართოს ყველა ერი, „იერუსალიმის ბიბლია“ (The Jerusalem Bible)] რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან“ (გამოცხადება 12:1–5).
13. ვის ან რას ასახიერებს „ვაჟი“ და „დედაკაცი“?
13 როდესაც შევიტყობთ, ვის ან რას ასახიერებს „ვაჟი“, შევძლებთ გავიგოთ, ვის ან რას ასახიერებს „დედაკაცი“. ვაჟი პირდაპირი მნიშვნელობით არ არის პიროვნება, როგორც „დედაკაცი“ არ არის პირდაპირი მნიშვნელობით მდედრობითი სქესის არსება. საღვთო წერილი მიუთითებს, რომ ‘ვაჟმა’ უნდა „მართოს ყველა ერი“. ამრიგად, „ვაჟი“ წარმოადგენს ღმერთის მთავრობას, რომელშიც იესო ქრისტე იქნება მეფე. ამიტომ „დედაკაცი“ არის ღმერთის ორგანიზაცია, რომელიც შედგება ერთგული ციური ქმნილებებისგან. ზუსტად ისევე, როგორც „ვაჟი“ წარმოიშვა ‘დედაკაცისგან’, ასევე მეფე იესო ქრისტე წარმოიშვა ზეციერი ორგანიზაციისგან — ერთგული, სულიერი ქმნილებების კორპორაციიდან, რომლებიც ერთობლივი ძალებით შრომობენ ღმერთის განზრახვების განსახორციელებლად. გალატელთა 4:26-ში ამ ორგანიზაციას „ზენა იერუსალიმი“ ეწოდება. ამრიგად, როდესაც ადამი და ევა აჯანყდნენ ღმერთის მმართველობის წინააღმდეგ, იეჰოვამ მიიღო ზომები სამეფო მთავრობის შესაქმნელად, რომელიც სამართლიანობის მოყვარული ადამიანებისთვის იმედი იქნებოდა.
იეჰოვას ახსოვს თავისი დანაპირები
14. ა) როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ არ დავიწყებია აღთქმული ‘თესლის’ შესახებ, რომელიც შემუსრავს სატანას? ბ) ვინ არის აღთქმული ‘თესლი’?
14 იეჰოვას არ დავიწყებია თავისი დანაპირები ‘თესლის’ გამოგზავნის შესახებ, რომელიც ღმერთის სამეფოს მმართველი უნდა გამხდარიყო. ეს ხელისუფალი თავს გაუჭეჭყავს, ესე იგი გაანადგურებს სატანას (რომაელთა 16:20; ებრაელთა 2:14). მოგვიანებით იეჰოვამ თქვა, რომ აღთქმული თესლი მოვიდოდა ერთგული აბრაამის საშუალებით. იეჰოვამ უთხრა აბრაამს: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის [თესლის, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:18). ვინ არის ეს ‘თესლი’, რომელიც აღთქმის თანახმად აბრაამის შთამომავლობაში უნდა მოსულიყო? ბიბლია მოგვიანებით იძლევა პასუხს: «ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ“ — როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე» (გალატელთა 3:16). იეჰოვამ აგრეთვე აბრაამის ძეს ისაკს და ისაკის შვილს იაკობს უთხრა, რომ ღმერთის ‘დედაკაცის’ ‘თესლი’ წარმოიშობოდა მათ შთამომავლობით ხაზში (დაბადება 26:1–5; 28:10–14).
15, 16. რა ამტკიცებს, რომ „თესლი“ მმართველი მეფე უნდა ყოფილიყო?
15 ეს ‘თესლი’ მეფე რომ იქნებოდა, ნათლად ჩანს იქიდან, რაც იაკობმა უთხრა თავის შვილს იუდას: «არ წაერთმევა კვერთხი [ანუ სამეფო ძალაუფლება] იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა [მას დაემორჩილებიან ხალხები, „ხუმაში (თორა) ქართულ ენაზე“]» (დაბადება 49:10). იესო ქრისტე წარმოიშვა იუდას შტოდან. იგი აღმოჩნდა ის „მფლობელი“, ვისაც „დაემორჩილებიან ხალხები“ (ებრაელთა 7:14).
16 იაკობის ნათქვამიდან თითქმის 700 წლის შემდეგ დავითის შესახებ, რომელიც იუდას შტოს მიეკუთვნებოდა, იეჰოვამ თქვა: „ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, . . .და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს [თესლს, ძვო] მისას და მისი ტახტი — ვითარცა დღენი ცისანი“ (ფსალმუნი 88:21, 30). რას გულისხმობდა ღმერთი, როდესაც თქვა, რომ დავითის „თესლი“ „უკუნისამდე“ იმეფებდა და მისი ტახტი ისე დიდხანს იარსებებდა, „ვითარცა დღენი ცისანი“? ამით იეჰოვა ღმერთმა მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სამეფო მთავრობა, რომელსაც მის მიერ დანიშნული მეფე იესო ქრისტე ხელმძღვანელობს, მარადიულად იარსებებს. საიდან ვიცით ეს?
17. საიდან ვიცით, რომ აღთქმული ხელისუფალი არის იესო ქრისტე?
17 გაიხსენე, თუ რა უთხრა იეჰოვას მიერ წარგზავნილმა ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს ყრმის, ანუ შვილის შესახებ: „შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ“. მაგრამ იესო არ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ ყრმად ან მიწიერ მამაკაცად. გაბრიელმა გააგრძელა: „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:31–33). ნუთუ შესანიშნავი არ არის, რომ იეჰოვამ მიიღო ზომები, სამართლიანი მთავრობის დასამყარებლად, მათი მარადიული კეთილდღეობისთვის, რომლებიც სიყვარულსა და ნდობას ამჟღავნებენ მის მიმართ?
18. ა) როგორ აღწერს ბიბლია მიწიერი მთავრობების აღსასრულს? ბ) რას გააკეთებს ღმერთის დანიშნული მთავრობა ადამიანებისთვის?
18 ახლოსაა დრო, როდესაც ღმერთის სამეფო მთავრობა მიიღებს ზომებს მსოფლიოს ყველა მთავრობის გასანადგურებლად. მაშინ იესო ქრისტე დაიწყებს მოქმედებას, როგორც ძლევამოსილი მეფე. ამ ბრძოლის აღწერისას ბიბლია ამბობს: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა. . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამედე იდგება“ (დანიელი 2:44; გამოცხადება 19:11–16). ყველა მთავრობის განადგურების შემდეგ ღმერთის მთავრობა დააკმაყოფილებს ადამიანთა ყველა მოთხოვნილებას. მმართველი იესო ქრისტე ყურადღებას მიაქცევს, რომ მისი ერთგული ქვეშევრდომებიდან არავინ დაავადდეს, დაბერდეს ან მოკვდეს. ისეთი პრობლემები, როგორიცაა დამნაშავეობა, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, შიმშილობა, გადაწყვეტილი იქნება. მაშინ მთელ დედამიწაზე იმეფებს ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3–5). მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ, რომლებიც მმართველები იქნებიან ღმერთის ამ სამეფო მთავრობაში.
[სურათი 112, 113 გვერდებზე]
იესო აგზავნიდა თავის მიმდევრებს, რომ ექადაგათ ღმერთის სამეფოს შესახებ.
[სურათი 114-ე გვერდზე]
მაშინაც კი, როდესაც სასამართლოზე მისი სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, იესო აგრძელებდა ღმერთის სამეფოს შესახებ ქადაგებას.
[სურათი 119 გვერდზე]
როგორ წარმოგიდგენია იესო როგორც ძლევამოსილი მეფე, თუ როგორც უმწეო ჩვილი?