მშენებლობა
ზმნა „აშენებს“ სხვადასხვა მასალით რისამე აგებას ან აწყობას ნიშნავს. ებრაული სიტყვა, რომელიც აშენებად ითარგმნება, არის ბანაჰ. მისგან იწარმოება ბინჲან („შენობა“, ეზკ. 41:12), მივნე („ნაგებობა“, ეზკ. 40:2) და თავნით („ნიმუში“, გმ. 25:40; „გამოსახულება“, კნ. 4:16; „სამშენებლო გეგმა“, 1მტ. 28:11). ყველაზე გავრცელებული ბერძნული ზმნა, რომელიც აშენებად ითარგმნება, არის ეკოდომეო, ხოლო მისი მონათესავე არსებითი სახელი, რომელიც შენობად ითარგმნება, არის ეკოდომე (მთ. 16:18; 1კრ. 3:9).
იეჰოვა, როგორც ყოველივეს შემოქმედი, უბადლო აღმშენებელია (ებ. 3:4; იობ. 38:4—6). „სიტყვას“ (ლოგოსი), რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი, ბიბლია ოსტატად მოიხსენიებს, რომელსაც იეჰოვა ყველაფრის შექმნაში იყენებდა (ინ. 1:1—3; კლ. 1:13—16; იგ. 8:30). ადამიანს მხოლოდ უკვე არსებულის მეშვეობით შეუძლია ააშენოს. მასში ჩადებულია დაგეგმარების, სამშენებლო იარაღების წარმოების და მშენებლობის უნარი, რაც კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდა (დბ. 1:26; 4:20—22).
ბიბლიის თანახმად, პირველი, ვინც ქალაქი ააშენა, ადამისა და ევას პირმშო, კაენი იყო. მან ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის სახელი უწოდა (დბ. 4:17). ნოემ კიდობანი ააგო, რომლის გეგმაც იეჰოვამ მისცა (დბ. 6:13, 14). „ძლიერმა მონადირემ, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ ნიმროდმა რამდენიმე ქალაქი ააშენა, კერძოდ ბაბელი, ერექი, აქადი, ქალნე, ნინევე, რეხობოთ-ირი, ქალახი და რესენი (დბ. 10:9—12).
ეგვიპტის მონობაში მყოფმა ისრაელებმა ფარაონისთვის სამარაგო ქალაქები, ფითომი და რამსესი ააშენეს (გმ. 1:11). აღთქმულ მიწაზე, სადაც ისინი იეჰოვამ შეიყვანა, მათ ქანაანელების მიერ აშენებული ქალაქები დახვდათ და ბევრგან უკვე არსებულ სახლებში დასახლდნენ (კნ. 6:10, 11).
უდაბნოში მოსე კარვისა და მისი მოწყობილობის გაკეთებას ხელმძღვანელობდა, რისი გეგმაც მას ღმერთმა მისცა (გმ. 25:9). ძირითად სამუშაოს ბეცალელი და ოჰოლიაბი ასრულებდნენ, რომლებსაც ღმერთმა თავისი წმინდა სულით დაუხვეწა უნარ-ჩვევები, რათა ზუსტად ისე შეესრულებინათ საქმე, როგორც მან უბრძანა მოსეს (გმ. 25:40; 35:30—36:1).
როცა დავითმა იებუსელების ქალაქი, იერუსალიმი აიღო, მან იქ დიდი მშენებლობა წამოიწყო და თავისთვის სახლიც აიშენა (2სმ. 5:9—11). მისმა ვაჟმა, სოლომონმა აღმშენებლობით გაითქვა სახელი. უმთავრესი ნაგებობა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით აშენდა, იეჰოვას ტაძარი იყო. ტაძრის სამშენებლო გეგმა დავითმა ღვთისგან შთაგონებით მიიღო (1მტ. 28:11, 12). ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალის დიდი ნაწილი ხალხმაც გაიღო შესაწირავად და თავად დავითმაც. ეს იყო ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, ხე-ტყე, ქვები და ძვირფასი ქვები (1მტ. 22:14—16; 29:2—8). ტვიროსის მეფე ხირამი, როგორც დავითს, ისე სოლომონსაც უგზავნიდა სამშენებლო მასალებს, ძირითადად, კედარსა და ღვიას, და მუშახელს (1მფ. 5:7—10, 18; 2მტ. 2:3). მეფე ხირამმა სოლომონს თავისი საქმის კარგად მცოდნე კაცი, ხირამიც (ხირამ-აბი) გაუგზავნა, რომელიც ტვიროსელი მამისა და ისრაელი ქალის ვაჟი იყო. მას ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვების, ხის მასალის და ქსოვილების დამუშავება შეეძლო (1მფ. 7:13, 14; 2მტ. 2:13, 14).
სოლომონმა სხვაც ბევრი რამ ააგო. მან თავისთვის აიშენა სასახლე და ლიბანის ტყის სახლი, აგრეთვე სვეტებიანი წინკარი და სატახტო წინკარი. ტაძრისა და სამთავრობო შენობების აგებას 20 წელი დასჭირდა (1მფ. 6:1; 7:1, 2, 6, 7; 9:10). ამის შემდეგ სოლომონმა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილშიც დაიწყო ფართომასშტაბიანი მშენებლობა, მათ შორის გეზერში, ქვემო ბეთ-ხორონში, ბაალათში და თამარში (თადმორი) უდაბნოს მიწაზე. მან აგრეთვე ააშენა სამარაგო ქალაქები, ეტლების სადგომი ქალაქები და მხედართა ქალაქები (1მფ. 9:17—19). პალესტინაში, კერძოდ ხაცორში, მეგიდოსა და გეზერში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს კარიბჭეები და თავდაცვითი ნაგებობები, რომელთა აშენებასაც არქეოლოგები სოლომონს მიაწერენ.
სოლომონის ვაჟი, რობოამი ისრაელისა და იუდას მეფეებს შორის კიდევ ერთი გამორჩეული აღმშენებელი იყო. მან აღადგინა შემდეგი ქალაქები: ბეთლემი, ეტამი, თეკოა, ბეთ-ცური, სოქო, ადულამი, გათი, მარეშა, ზიფი, ადორაიმი, ლაქიში, აზეკა, ცორა, აიალონი და ხებრონი. მან აგრეთვე გაამაგრა და სურსათ-სანოვაგით მოამარაგა ციხესიმაგრეები (2მტ. 11:5—11). ისრაელის მეფე ბააშამ „მშენებლობა დაიწყო რამაში“, იუდას მეფე ასამ — ბენიამინის გებასა და მიცფაში. ბეთელელმა ხიელმა დანგრეული იერიხონი ააშენა. მშენებლობის დროს მან ორი ვაჟი, აბირამი და სეგუბი დაკარგა. აბირამი, მისი პირმშო, მაშინ მოკვდა, როცა საძირკველს ყრიდნენ, ხოლო უმცროსი ვაჟი, სეგუბი კარიბჭის აღმართვისას, როგორც ეს იესო ნავეს ძეს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (1მფ. 15:17, 22; 16:34; იეს. 6:26). ისრაელის მეფე ახაბმა სპილოს ძვლის სასახლე და რამდენიმე ქალაქი ააშენა (1მფ. 22:39).
იუდას მეფე უზიამაც ბევრი რამ ააგო (2მტ. 26:9, 10). მან იერუსალიმის თავდაცვის გასაძლიერებლად საბრძოლო მანქანები გააკეთებინა, რაც მის, როგორც მხედართმთავრის ნიჭიერებაზე მეტყველებს (2მტ. 26:15). სინახერიბის მიერ ლაქიშზე თავდასხმის სცენების ამსახველ რელიეფებზე გამოსახულია განსაკუთრებული თავდაცვითი ნაგებობები, რომელთა აშენებასაც არქეოლოგები უზიას მიაწერენ.
იოთამის მეფობის დროსაც ბევრი რამ აშენდა (2მტ. 27:3, 4). მეფე ხიზკიამ იერუსალიმის თავდაცვის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან გაიყვანა გვირაბი, რომლის მეშვეობითაც გიხონის წყაროს წყალი ქალაქში შედიოდა (2მტ. 32:2—5, 30). ამ გვირაბის ნახვა იერუსალიმის დამთვალიერებლებს დღესაც შეუძლიათ.
ბაბილონის ტყვეობიდან ზერუბაბელი 50 000 კაცთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში და იეჰოვას ტაძრის აღდგენის საქმეს მოჰკიდა ხელი. აღდგენითი სამუშაოები ძვ. წ. 515 წლის 6 მარტს დასრულდა. მოგვიანებით, ძვ. წ. 455 წელს ნეემია შუშანიდან იერუსალიმში გალავნის აღსადგენად ჩავიდა (ეზრ. 2:1, 2, 64, 65; 6:15; ნემ. 6:1; 7:1).
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ძირითადად, სამხედრო მიღწევებითაა ცნობილი, თუმცა მას აღმშენებლობით საქმეშიც არანაკლები მიღწევები ჰქონდა. მან ბაბილონში არაერთი ტაძარი აუგო ცრუღმერთებს. იგი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებდა. მის შესახებ არსებულ წარწერებში ყურადღება მახვილდება არა სამხედრო, არამედ სამშენებლო მიღწევებზე, და მოხსენიებულია მისი აშენებული ტაძრები, სასახლეები, ქუჩები, მიწაყრილები და გალავნები. მან ბაბილონი ანტიკური ხანის საოცრებად აქცია. მთელ სამეფოში ვერც ერთი შენობა ვერ შეედრებოდა დაკიდულ ბაღებს, რომელიც მან მიდიელ დედოფალს სამშობლოს მონატრების გრძნობის გასაქარვებლად გაუშენა. დაკიდული ბაღები ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.
მეფე ჰეროდე დიდმა ხელახლა ააშენა იეჰოვას მეორე ტაძარი იერუსალიმში. იუდეველები არ ენდობოდნენ ჰეროდეს, ამიტომ იგი იძულებული იყო, რომ ჯერ მიეტანა სამშენებლო მასალა, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ დაენგრია ძველი ტაძარი და თან ახალი აეშენებინა. ჰეროდეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო იუდეველები მის მიერ აშენებულ ტაძარს მესამე ტაძრად არ თვლიან, თუმცა ბევრი სხვა მას ასე მოიხსენიებს. ახ. წ. 30 წლისთვის ტაძრის მშენებლობის დაწყებიდან უკვე 46 წელი იყო გასული (ინ. 2:20) და მშენებლობა კიდევ არაერთ წელიწადს გაგრძელდა. ტაძრის გარდა, ჰეროდემ საპორტო ქალაქი, კესარეა ააშენა, აღადგინა სამარია და სხვა დიდი სამშენებლო პროექტებიც განახორციელა პალესტინაში და სხვა ტერიტორიებზე.
გარკვეული დროის მანძილზე იესოც იყო დაკავებული სამშენებლო საქმით. მას დურგლად მოიხსენიებდნენ (მრ. 6:3).
ბიბლიურ დროში საშენ მასალად იყენებდნენ მიწას, ხეს, ქვებს, ძვირფას ქვებს, ლითონებს, ქსოვილებს, ბათქაშს, დუღაბს და ფისს. კირს შესათეთრებლად ხმარობდნენ, ხოლო საღებავებს — ხისა და ქსოვილის შესაღებად. ზოგჯერ აგურებსაც ღებავდნენ ან ჭიქურით ფარავდნენ (იხ. აგური (I)).
ბიბლიაში ნახსენებია არაერთი სამშენებლო იარაღი, მათ შორის: ცული (კნ. 19:5), ჩაქუჩი (მსჯ. 4:21), ურო, გრდემლი, ლურსმანი (ეს. 41:7), ხერხი (ეს. 10:15), ქვის საჭრელი (1მფ. 7:9), ლარი (ზქ. 1:16; 2:1), საზომი ლერწამი (ეზკ. 40:3; გმც. 21:15), შვეული (ამ. 7:7, 8; ზქ. 4:9, 10), თარაზო (2მფ. 21:13; ეს. 28:17), საჭრეთელი, ფარგალი (ეს. 44:13), საჭრისი (ეს. 44:12; იერ. 10:3), სატეხი (გმ. 20:25) და პინები (ეს. 40:12).
სიმბოლური მნიშვნელობა. ქრისტიანული კრება ითვლება სახლად ანუ ტაძრად, რომლის საძირკველიც მოციქულები და წინასწარმეტყველები არიან, ხოლო ქრისტე ამ საძირკვლის ქვაკუთხედია. ამ კრებას ეწოდება „ღვთის შენობა“, „სამკვიდრებელი, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით“ (1კრ. 3:9; ეფ. 2:20—22). იესომ ფსალმუნის 118:22-ში ჩაწერილი სიტყვები თავის თავს დაუკავშირა და თქვა, რომ თვითონ იყო „ქვა“, რომელიც უარყვეს „მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და მათმა მიმდევრებმა (მთ. 21:42; ლკ. 20:17; სქ. 4:11; 1პტ. 2:7). კრების ცალკეულ წევრებს „ცოცხალი ქვები“ ეწოდებათ (1პტ. 2:5). განდიდებული კრება, რომელიც იესო ქრისტეს პატარძლადაც მოიხსენიება, აღწერილია როგორც ქალაქი — ახალი იერუსალიმი (გმც. 21:2, 9—21).
იესომ თავისი მსმენელები ორი სხვადასხვა კატეგორიის მშენებელს შეადარა. ერთი, რომელმაც კლდოვან ნიადაგზე ააგო სახლი, ანუ ემორჩილებოდა ქრისტეს და ღვთისმოსაწონ თვისებებს ავითარებდა, მედგრად შეხვდა მრავალ წინააღმდეგობასა და გასაჭირს. მეორემ კი, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი, განსაცდელებს ვერ გაუძლო (მთ. 7:24—27). ქრისტიანული თვისებების გამომუშავება მშენებლობას „ბრძენმა ხუროთმოძღვარმა“, პავლე მოციქულმაც შეადარა (1კრ. 3:10—15). ერთხელ იესომ იუდეველებს უთხრა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ“ (ინ. 2:19). იუდეველებს ეგონათ, რომ იესო ჰეროდეს ტაძარს გულისხმობდა, და იესოს გასამართლებისას მისი ეს სიტყვები მისივე წინააღმდეგ გამოიყენეს. მოწმეებმა თქვეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“ (მრ. 14:58). არადა იესო ტაძარში „თავის სხეულს გულისხმობდა“. იგი მოკლეს და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა (ინ. 2:21; მთ. 16:21; ლკ. 24:7, 21, 46). მამამისმა, იეჰოვამ, იესო სხვა სხეულით აღადგინა, რომელიც იერუსალიმის ტაძარივით ხელთქმნილი კი არა, მის მიერ შექმნილი (აშენებული) სულიერი სხეული იყო (სქ. 2:24; 1პტ. 3:18). ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიბლიაში ადამიანის სხეულის შენებაზეა საუბარი. მაგალითად, დაბადების 2:22-ში ვკითხულობთ: „იმ ნეკნისგან, კაცს რომ გამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა [სიტყვასიტყვით „ააშენა“] და კაცს მიუყვანა“ (დბ. 2:22, სქ.).
იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ხალხი სხვადასხვა საქმით დაკავდებოდა, მათ შორის მშენებლობით, და ყურადღებას არ მიაქცევდა იმას, თუ რა დროში ცხოვრობდნენ, როგორც ეს ლოტის დროს იყო, და განადგურება მათ მოულოდნელად დაატყდებოდათ (ლკ. 17:28—30; იხ. არქიტექტურა; სიმაგრე).