სასწავლო სტატია 4
სული მოწმობს, რომ ღვთის შვილები არიან
„ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ“ (რომ. 8:16).
სიმღერა 25 გამორჩეული საკუთრება
მოკლე შინაარსიa
1, 2. რა განსაკუთრებული მოვლენა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
იერუსალიმში კვირა დღე გათენდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულია. დაახლოებით 120 მოწაფე ერთ-ერთი სახლის „ზემოთა ოთახში“ შეიკრიბა (საქ. 1:13—15; 2:1). რამდენიმე დღით ადრე იესომ მათ მითითება მისცა, იერუსალიმში დარჩენილიყვნენ, რათა განსაკუთრებული ძღვენი მიეღოთ (საქ. 1:4, 5). როგორ ვითარდება მოვლენები?
2 „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი“. შემდეგ „თითქოს ცეცხლის ენები“ მოწაფეების თავზე დაეშვა და „ყველა წმინდა სულით“ აღივსო (საქ. 2:2—4). ასეთი განსაკუთრებული სახით იეჰოვამ წმინდა სული მოჰფინა იქ შეკრებილებს (საქ. 1:8). ისინი პირველები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა წმინდა სულითb სცხო და ზეცაში იესოსთან ერთად მმართველობის იმედი მისცა.
როგორ ხდება სულით ცხება?
3. რატომ არ ეპარებოდათ ეჭვი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეკრებილებს, რომ ღმერთმა წმინდა სულით სცხო ისინი?
3 თქვენც რომ ყოფილიყავით მოწაფეებს შორის ზემოთა ოთახში, ალბათ, ეს დღე არასდროს დაგავიწყდებოდათ. წარმოიდგინეთ, თქვენს თავზე რაღაც ცეცხლისმაგვარი დაეშვა და სხვადასხვა ენაზე დაიწყეთ ლაპარაკი (საქ. 2:5—12). იოტისოდენა ეჭვიც არ გაგიჩნდებოდათ, რომ ღმერთმა თავისი სულით გცხოთ. მაგრამ ყველა ცხებული განსაკუთრებული სახით ან ქრისტიანული ცხოვრების ერთსა და იმავე ეტაპზე იღებს წმინდა სულს? არა. საიდან ვიცით ეს?
4. როდის იღებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები წმინდა სულს?
4 თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის ხდებოდა წმინდა სულით ცხება. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მხოლოდ 120 მოწაფეზე არ გადმოსულა ღვთის წმინდა სული. მოგვიანებით იმავე დღეს დაპირებული ღვთის სული კიდევ 3 000-მდე მოწაფემ მიიღო, რომლებიც ნათლობისთანავე გახდნენ ცხებულები (საქ. 2:37, 38, 41). თუმცა მომდევნო წლებში ყველა ქრისტიანი ნათლობისთანავე არ გამხდარა ცხებული. სამარიელებმა წმინდა სული ნათლობიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მიიღეს (საქ. 8:14—17). თუმცა იყო გამონაკლისიც. მაგალითად, კორნელიუსსა და მის სახლეულობაზე წმინდა სული ჯერ კიდევ ნათლობამდე გადმოვიდა (საქ. 10:44—48).
5. მეორე კორინთელების 1:21, 22-ის თანახმად, როგორ ხდება წმინდა სულით ცხება?
5 დავფიქრდეთ, როგორ ხდება წმინდა სულით ცხება. ზოგისთვის თავიდან შეიძლება რთული იყოს იმის დაჯერება, რომ იეჰოვამ თავისი სულით სცხო. მათ შეიძლება აფიქრებდეთ, რატომ აირჩია იეჰოვამ მაინცდამაინც ისინი. ზოგს კი შეიძლება არ ჰქონდეს მსგავსი რეაქცია. ნებისმიერ შემთხვევაში მოციქული პავლე გვიხსნის, როგორ ხდება წმინდა სულით ცხება: „როცა ირწმუნეთ, მისივე მეშვეობით ბეჭედდასმულიc იქენით დაპირებული წმინდა სულით, რაც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია“ (ეფეს. 1:13, 14). ასე რომ, იეჰოვა თავისი წმინდა სულით ნათლად აჩვენებს ამ ქრისტიანებს, რომ ისინი აირჩია. ასეთი სახით წმინდა სული, ასე ვთქვათ, გარანტიას აძლევს მათ, რომ მომავალში მარადიულად იცხოვრებენ ზეცაში და არა დედამიწაზე (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:21, 22).
6. რა შემთხვევაში მიიღებს ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს?
6 თუ ქრისტიანი სულითცხებულია, ნიშნავს ეს იმას, რომ აუცილებლად მიიღებს ზეციურ ჯილდოს? არა. მართალია, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ღმერთმა ზეციური ცხოვრებისთვის აირჩია, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს შემდეგი გაფრთხილება: „ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით“ (2 პეტ. 1:10). ამგვარად, ის, ვისაც ზეციური მოწოდება აქვს, ჯილდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბოლომდე ერთგული დარჩება (ფილ. 3:12—14; ებრ. 3:1; გამოცხ. 2:10).
როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეციური მოწოდება აქვს?
7. როგორ ხვდებიან ცხებულები, რომ ზეციური მოწოდება აქვთ?
7 როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეციური მოწოდება აქვს? ამ კითხვაზე პასუხი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომლებიც რომში „წმინდებად მოწოდებულებს“ მისწერა: «თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“ ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ» (რომ. 1:7; 8:15, 16). წმინდა სულის მეშვეობით ღმერთი ნათლად აჩვენებს ცხებულებს, რომ ზეციური მოწოდება აქვთ (1 თეს. 2:12).
8. როგორ ჩანს 1 იოანეს 2:20, 27-ში, რომ ცხებულ ქრისტიანებს არავისგან სჭირდებათ იმის დასტური, რომ ზეციური მოწოდება აქვთ?
8 იეჰოვა ბოლომდე არწმუნებს ცხებულებს, რომ ისინი ზეციური ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულები (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:20, 27). იეჰოვა როგორც ყველა თავის მსახურს, ცხებულ ქრისტიანებსაც კრების მეშვეობით ასწავლის. თუმცა მათ არავისგან სჭირდებათ იმის დასტური, რომ ცხებულები არიან. იეჰოვა სამყაროში ყველაზე ძლიერ ძალას, წმინდა სულს იყენებს, რათა მათ ეჭვის არანაირი ნატამალი არ დარჩეთ, რომ ზეციური ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულები.
ისინი ხელახლა იბადებიან
9. ეფესოელების 1:18-ის თანახმად, რა იცვლება ადამიანში, როცა ის სულითცხებული ხდება?
9 დღეს ბევრ ღვთის მსახურს შეიძლება გაუჭირდეს იმის გაგება, თუ როგორ ხდება სულით ცხება. სავსებით ბუნებრივია, რომ ეს გრძნობა მათთვის უცხოა, რადგან არ არიან ცხებულები. ღმერთმა ადამიანები ზეცაში კი არა დედამიწაზე მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა (დაბ. 1:28; ფსალმ. 37:29). თუმცა იეჰოვამ ზოგი თავისი მსახური ზეციური ცხოვრებისთვის აირჩია. ამიტომ, როცა მათ სულით სცხებს, იმედსაც და აზროვნებასაც ძირფესვიანად უცვლის. აქედან გამომდინარე, ისინი მოუთმენლად ელიან ზეცაში ცხოვრებას (წაიკითხეთ ეფესოელების 1:18).
10. რას ნიშნავს ხელახლა დაბადება? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)
10 როცა ღმერთი წმინდა სულით სცხებს ქრისტიანებს, ისინი ხელახლა იბადებიან.d იესომაც თქვა, რომ ის, ვინც ცხებული არ არის, შეუძლებელია ბოლომდე ჩასწვდეს, როგორი გრძნობაა ხელახლა დაბადება ანუ სულისგან შობა (იოან. 3:3—8).
11. როგორ იცვლება ქრისტიანის აზროვნება სულით ცხების შემდეგ? ახსენით.
11 როგორ იცვლება ქრისტიანის აზროვნება სულით ცხების შემდეგ? სანამ იეჰოვა წმინდა სულით სცხებდა ქრისტიანს, მისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი უდავოდ ძვირფასი იყო. ის მოუთმენლად ელოდა დროს, როცა იეჰოვა დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა და ყველანაირ ბოროტებას გაანადგურებდა. შეიძლება ის ფიქრობდა იმ დროზე, როცა გულში ჩაიკრავდა მკვდრეთით აღმდგარ ოჯახის წევრსა თუ მეგობარს. მაგრამ სულით ცხების შემდეგ მან სხვაგვარად დაიწყო აზროვნება. ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი აღარ აკმაყოფილებდა. ეს არც სტრესს და არც ემოციურ პრობლემებს არ გამოუწვევია. მას არც იმიტომ შეუცვლია თვალსაზრისი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი მოსაწყენად მოეჩვენა. სინამდვილეში იეჰოვამ შეუცვალა აზროვნება და მომავლის იმედი წმინდა სულის მეშვეობით.
12. პირველი პეტრეს 1:3, 4-ის თანახმად, რა გრძნობა ეუფლებათ ცხებულ ქრისტიანებს, როცა მომავლის იმედზე ფიქრობენ?
12 შეიძლება ცხებული ქრისტიანი ასეთი პატივისთვის თავს უღირსად მიიჩნევდეს. მაგრამ მას ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი, რომ იეჰოვამ აირჩია. მას გული სიხარულითა და მადლიერებით ევსება, როცა ზეციურ იმედზე ფიქრობს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:3, 4).
13. რას ფიქრობენ ცხებული ქრისტიანები მიწიერ ცხოვრებაზე?
13 ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ცხებულ ქრისტიანებს ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას? ამ კითხვაზე პავლე მოციქული გვცემს პასუხს. მან ადამიანის სხეული კარავს შეადარა და თქვა: „ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვინდა, არამედ გვინდა სხვით შევიმოსოთ, რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქოს“ (2 კორ. 5:4). ცხებულ ქრისტიანებს ცხოვრების ხალისი არ დაუკარგავთ და ამიტომ არ ფიქრობენ, რომ, რაც შეიძლება მალე დაასრულონ მიწიერი სიცოცხლე. პირიქით, ისინი თითოეული დღით ტკბებიან და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ ყოველთვის ახსოვთ დიდებული მომავლის იმედი (1 კორ. 15:53; 2 პეტ. 1:4; 1 იოან. 3:2, 3; გამოცხ. 20:6).
გაქვთ ზეციური მოწოდება?
14. რის საფუძველზე არ უნდა დაასკვნას ქრისტიანმა, რომ ცხებულია?
14 შესაძლოა თქვენც გაფიქრებთ, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება. ასეთ შემთხვევაში დაფიქრდით შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებზე: გაქვთ ღვთის ნების შესრულების ძლიერი სურვილი? თვლით, რომ განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენთ სამქადაგებლო მსახურებაში? გულმოდგინედ იკვლევთ ბიბლიას და გსიამოვნებთ „ღვთის სიღრმეებზე“ ფიქრი? (1 კორ. 2:10). ხედავთ, რომ იეჰოვას წყალობით სამქადაგებლო საქმეში კარგ შედეგებს აღწევთ? გრძნობთ მოზღვავებულ პასუხისმგებლობას, რომ სხვებს სულიერად დაეხმაროთ? ფიქრობთ, რომ ღმერთი განსაკუთრებული სახით ერევა თქვენს ცხოვრებაში? თუ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ნიშნავს ეს იმას, რომ ზეციური მოწოდება გაქვთ? რა თქმა უნდა, არა! რადგან ასეთი გრძნობები ღვთის ყველა მსახურს შეიძლება დაეუფლოს, არა აქვს მნიშვნელობა ცხებულია თუ არა. იეჰოვას შეუძლია წმინდა სულის მეშვეობით ისევე დაეხმაროს მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს, როგორც ცხებულებს ეხმარება. თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ სულითცხებული. მათ, ვინც იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ!
15. საიდან ვიცით, რომ ყველა, ვისაც ღვთის სული ჰქონდა, ზეციური ცხოვრებისთვის არ იქნა არჩეული?
15 ბიბლიაში ბევრი ღვთის ერთგული მსახურის მაგალითია ჩაწერილი, რომლებმაც წმინდა სული მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათ ზეციური ცხოვრების იმედი არ ჰქონიათ. დავითს წმინდა სული ხელმძღვანელობდა; ღვთის სულის დახმარებით მან იეჰოვას შესახებ ცოდნა გაიღრმავა და ბიბლიის გარკვეული მონაკვეთებიც დაწერა (1 სამ. 16:13; მარ. 12:36). თუმცა მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქ. 2:34). იოანე ნათლისმცემელიც წმინდა სულით იყო სავსე (ლუკ. 1:13—16). იესომ თქვა, რომ არავინ იყო მასზე დიდი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ის ღვთის ზეციერი სამეფოს მემკვიდრე არ გახდებოდა (მათ. 11:10, 11). მართალია, იეჰოვა თავისი წმინდა სულით ამ მამაკაცებს გასაოცარ საქმეებს აკეთებინებდა, მაგრამ ისინი ზეციური ცხოვრებისთვის არ აურჩევია. უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ღვთისადმი ისეთი ერთგულება ვერ გამოავლინეს, როგორიც ქრისტეს თანამმართველებად არჩეულებმა? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვა მათ დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღადგენს (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15).
16. რა ჯილდოს ელის ღვთის მსახურთა უმრავლესობას დღეს?
16 დღეს ღვთის მსახურთა უმრავლესობას დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს და არა ზეცაში. აბრაამი, სარა, დავითი, იოანე ნათლისმცემელი და ბიბლიაში მოხსენიებული სხვა უამრავი ადამიანი ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე იცხოვრებს (ებრ. 11:10).
17. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?
17 ვინაიდან დღეს ჯერ კიდევ არიან ჩვენ შორის ცხებულები, ბუნებრივია, რომ მათთან დაკავშირებით კითხვები გაგვიჩნდეს (გამოცხ. 12:17). მაგალითად, როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ცხებულებს საკუთარ თავზე? თუ თქვენს კრებაში გახსენების საღამოზე ვინმე სიმბოლოებს მიიღებს, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ მის მიმართ? უნდა გვაღელვებდეს იმ ქრისტიანთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ? ამ კითხვებზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.
a ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული იეჰოვა ზოგიერთ ქრისტიანს შესანიშნავ იმედს აძლევს, რომ ქრისტესთან ერთად ზეცაში იმმართველებს. როგორ იგებენ ისინი, რომ იეჰოვამ ზეციური ცხოვრებისთვის აირჩია? როგორ ხდება სულით ცხება? წინამდებარე სტატიაში ამ საინტერესო კითხვებს გაეცემა პასუხი. ეს სტატია 2016 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკის“ საფუძველზე მომზადდა.
b განმარტება: წმინდა სულით ცხება. იეჰოვა წმინდა სულით ირჩევს მას, ვინც იესოსთან ერთად ზეცაში იმეფებს და დაპირებული მომავლის ერთგვარ გარანტიას აძლევს (ეფეს. 1:13, 14). ამ ქრისტიანებს შეუძლიათ თქვან, რომ სული უმოწმებს მათ, ანუ არწმუნებს, რომ ზეციურ ჯილდოს მიიღებენ (რომ. 8:16).
c განმარტება: ბეჭედდასმა. საბოლოო ბეჭედს იეჰოვა ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს სიკვდილამდე ან დიდი გასაჭირის დაწყებამდე დროის გარკვეულ მონაკვეთში დაასვამს (ეფეს. 4:30; გამოცხ. 7:2—4; იხილეთ 2016 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკის“ „მკითხველთა შეკითხვები“).
d დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რას ნიშნავს ხელახლა დაბადება, იხილეთ 2009 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 3—12.
სიმღერა 27 ღვთის ძეების გამოცხადება
e სურათის აღწერა: არა აქვს მნიშვნელობა, რწმენის გამო ვართ დაპატიმრებულები თუ თავისუფლად ვქადაგებთ და ვასწავლით ჭეშმარიტებას, ყველანი მოუთმენლად ველით ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე ცხოვრებას.