სასწაულები, რომლებიც თქვენც გინახავთ!
სიტყვა „სასწაული“ აგრეთვე განიმარტება, როგორც „არაჩვეულებრივი, განსაცვიფრებელი, საკვირველი რამე“. ჩვენ ყველანი ვხედავთ ასეთ სასწაულებს, რომლებიც ღვთის უშუალო ჩარევაზე არაა დამოკიდებული.
ბუნების ფიზიკური კანონების შესახებ ცოდნის გაღრმავებამ ადამიანებს საშუალება მისცა, რომ იმისთვის მიეღწიათ, რაც ერთ დროს შეუძლებლად ეჩვენებოდათ. მაგალითად, ასი წლის წინ ხალხისთვის, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა კომპიუტერის, ტელევიზორის, კოსმოსური ტექნიკის არსებობა და სხვა მსგავსი თანამედროვე მიღწევები.
მეცნიერებს ესმით, რომ მწირი ცოდნა აქვთ სამყაროს შესახებ. ამიტომ ზოგი მეცნიერი დანამდვილებით ვეღარ ამბობს, რომ რაღაც შეუძლებელია. მათ შეიძლება მხოლოდ ის თქვან, რომ ეს „ნაკლებად დასაშვებია“. ამით კი არ გამორიცხავენ მომავალში „სასწაულების“ მოხდენის შესაძლებლობებს.
მაშინაც კი, თუ გამოვიყენებთ სიტყვა „სასწაულის“ ძირითად მნიშვნელობას, რომლითაც საგნებს „ზებუნებრივი ძალის თვისებები“ მიეწერება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვინახავს სასწაულები. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს — ყველაფერს, რაც „ზებუნებრივი ძალის“, ღვთის მიერ არის შექმნილი. გარდა ამისა, ვის შეუძლია დეტალურად ახსნას, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი? როგორ ფუნქციონირებს ტვინი? ან როგორ ვითარდება ადამიანის ემბრიონი? ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ „ადამიანის ორგანიზმი, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა უწევს კოორდინირებას, არის რთული სენსორული აპარატი; მექანიზმი, რომელიც საკუთარ თავს თავად უწევს რეგულირებას; კომპიუტერი, რომელსაც თვითრეპროდუქციის უნარი აქვს; დიახ, ის სასწაულებრივი და ბოლომდე ამოუცნობია (The Body Machine). ღმერთმა „ადამიანის ორგანიზმის“ შექმნით ნამდვილად სასწაული მოახდინა, რაც ჩვენს გაოცებას იწვევს. არსებობს აგრეთვე სხვა სასწაულებიც, რომლებიც თქვენც გინახავთ, თუმცა შეიძლება სასწაულებად არც კი აღგიქვამთ.
შეიძლება წიგნი სასწაული იყოს?
არც ერთი წიგნი არ არის იმდენად გავრცელებული, როგორც ბიბლია. ხედავთ მასში სასწაულს? შეგვიძლია მისი არსებობა „ზებუნებრივ ძალას“ მივაწეროთ? მართალია ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ ღვთის აზრებს წერდნენ და არა თავისას (2 მეფეთა 23:1, 2; 2 პეტრე 1:20, 21). დაფიქრდით ამაზე. ბიბლია დაიწერა დაახლოებით 40 ადამიანის მიერ, რომლებიც 1 600 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ. მათი ცხოვრება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან; ისინი იყვნენ მწყემსები, მეომრები, მეთევზეები, სახელმწიფო მოხელეები, ექიმები, მღვდლები და მეფეები. მიუხედავად ამისა, ისინი გადმოსცემდნენ ერთი და იმავე ცნობას იმედის შესახებ, რომელიც უტყუარია.
იეჰოვას მოწმეები გულმოდგინე შესწავლის საფუძველზე ბიბლიას იღებენ „არა როგორც ადამიანის სიტყვას, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვას“ (1 თესალონიკელები 2:13). იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში წლების განმავლობაში იხსნებოდა, რომ ბიბლიაში ეგრეთ წოდებული ურთიერთგამომრიცხავი აზრები შეთანხმებულია ბიბლიის მთლიან ცნობასთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ბიბლიის ავტორი ღმერთიაa.
არც ერთი წიგნის განადგურება არ უცდიათ ისე ძლიერ, როგორც ბიბლიის. მიუხედავად ამისა, ის გადარჩა და, ნაწილობრივ თუ მთლიანად, 2000-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია და მისი შინაარსი არ შეცვლილა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ამაში ღვთის ხელი ურევია. ბიბლია მართლაც რომ სასწაულია!
„ცოცხალი [და] მოქმედი“ სასწაული
ისეთი სასწაულები, როგორიცაა განკურნება და მკვდრეთით აღდგენა, დღეს აღარ ხდება. მაგრამ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, გვწამდეს, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ასეთი სასწაულები კვლავაც მოხდება, ოღონდ ამჯერად გლობალური მასშტაბით. ეს მარადიულ შვებას მოგვიტანს და იმაზე მეტ კურთხევებს, რის წარმოდგენაც დღეს შეგვიძლია.
ბიბლია დღესაც ახდენს სასწაულებს, რაც იმაში ვლინდება, რომ აღძრავს ადამიანებს, თავიანთი პიროვნება უკეთესობისკენ შეცვალონ (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სიტყვის ძალა“, გვ. 8). ებრაელთა 4:12-ში ნათქვამია, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. დიახ, ბიბლია ის „იარაღია“, რომელმაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ექვს მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მათ სიცოცხლეს აზრი მისცა და მომავლის სასწაულებრივი იმედით აავსო.
რატომ არ დართავთ ნებას, რომ ბიბლიამ თქვენს ცხოვრებაშიც მოახდინოს სასწაული?
[სქოლიოები]
a თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, ეს ეგრეთ წოდებული შეუსაბამობები სინამდვილეში როგორ შეესაბამება ბიბლიის მთლიან ცნობას, უამრავი მაგალითის ნახვა შეგიძლიათ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, თავი 7 (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
უკვე მკვდარი იყო თუ ჯერ კიდევ ცოცხალი?
იოანეს 19:33, 34-ის თანახმად, იესო უკვე მკვდარი იყო, როდესაც „ერთმა ჯარისკაცმა შუბი გაუყარა ფერდში და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა“. მაგრამ, მათეს 27:49, 50-ში წერია, რომ როცა ეს მოხდა, იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რატომ არის ამ ორ მუხლს შორის ასეთი განსხვავება?
მოსეს კანონი კრძალავდა მთელი ღამით ბოროტმოქმედის ბოძზე დატოვებას (მეორე რჯული 21:22, 23). აქედან გამომდინარე, ბოძზე გაკრული ბოროტმოქმედი თუ დღის ბოლომდე ცოცხალი რჩებოდა, ფეხებს უმტვრევდნენ, რითაც სიკვდილს უჩქარებდნენ. ამის შემდეგ ის ვეღარ გაიმართებოდა წელში და ვეღარ შეძლებდა ნორმალურად სუნთქვას. ის ფაქტი, რომ ჯარისკაცებმა იესოს გვერდით დაკიდებულ ორ ბოროტმოქმედს ფეხები გადაუმტვრიეს, ხოლო იესოს — არა, იმაზე მიუთითებს, რომ, მათი აზრით, იესო მკვდარი იყო. ჯარისკაცმა შესაძლოა მხოლოდ იმიტომ გაუყარა იესოს ფერდში შუბი, რომ ეჭვები გაეფანტა და თავიდან აერიდებინა ნებისმიერი შემდგომი „გამოცოცხლება“, რომელიც შეიძლება ტყუილად გამოეცხადებინათ მკვდრეთით აღდგომად.
მათეს 27:49, 50-ში მოვლენათა განსხვავებული თანმიმდევრობაა მოცემული. იქ ნათქვამია: „მეორემ შუბი აიღო, ფერდში გაუყარა და სისხლი და წყალი წამოუვიდა. იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული განუტევა“. მაგრამ დახრილი წინადადება არ გვხვდება ბიბლიის ყველა ძველ ხელნაწერში. ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ის მოგვიანებით ჩაამატეს იოანეს სახარებიდან, მაგრამ არა თავის ადგილზე. ამიტომ მრავალ თარგმანში ეს წინადადება ჩასმულია ფრჩხილებში ან ორმაგ კავებში, დამატებული აქვს სქოლიო ან, უბრალოდ, გამოტოვებულია.
უესკოტისა და ჰორტის მიერ ბერძნულ ენაზე გამოცემულ ტექსტში, რომელიც საფუძვლად დაედო „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, ეს წინადადება ორმაგ კავებშია ჩასმული. იქვე იხსნება, რომ ეს წინადადება „აშკარად გადამწერების მიერ არის ჩამატებული“.
ამ მტკიცებებით საკმაოდ საფუძვლიანად დასტურდება, რომ იოანეს 19:33, 34 სინამდვილეს შეესაბამება და იესო უკვე მკვდარი იყო, როცა რომაელმა ჯარისკაცმა მას ფერდში შუბი გაუყარა.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
ღვთის სიტყვის ძალა
ახალგაზრდა დეტლეფმა, რომლის მშობლებიც განქორწინებულები იყვნენ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენება დაიწყოb. ის ჰევი-მეტალმა გაიტაცა და მოგვიანებით სკინჰედი გახდა. თავაშვებული საქციელის გამო მალე მას პოლიციასთან სერიოზული პრობლემები შეექმნა.
1992 წელს 60 სკინჰედსა და 35 პანკს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ბარ-რესტორანში. ერთი პანკი, თომასი, ისე იყო ნაცემი, რომ მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ჩხუბის რამდენიმე წამომწყები, მათ შორის დეტლეფიც, სასამართლომ საქმის გარჩევის შემდეგ ციხეში ჩასვა. ეს შემთხვევა მასმედიამ ფართოდ გააშუქა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე, იეჰოვას მოწმეებმა დეტლეფს ტრაქტატი მისცეს, სათაურით „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“ დეტლეფი მაშინვე მიხვდა, რომ ის, რაც ტრაქტატში ეწერა, ჭეშმარიტება იყო და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამან რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. 1996 წლიდან ის ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
ზიგფრიდი, ყოფილი პანკი, თომასის კარგი მეგობარი იყო, იმ ახალგაზრდა კაცისა, რომელიც სკინჰედებმა მოკლეს; მოგვიანებით ისიც იეჰოვას მოწმე გახდა და ახლა უხუცესად მსახურობს კრებაში. როდესაც ზიგფრიდი დეტლეფის კრებას ეწვია საჯარო მოხსენებით (ზოგჯერ თომასის დედაც ესწრება ხოლმე აქ კრების შეხვედრებს), დეტლეფმა ის თავისთან მიიწვია სადილად. ათი წლის წინ დეტლეფსა და ზიგფრიდს სძულდათ ერთმანეთი, დღეს კი მათ ძმური სიყვარული აერთიანებთ.
დეტლეფი და ზიგფრიდი ოცნებობენ იმ დროზე, როცა თომასს სიცოცხლე დაუბრუნდება სამოთხეში დედამიწაზე. დეტლეფი ამბობს: „ამის გაფიქრებაზეც კი თვალებზე ცრემლი მადგება. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი რამ ჩავიდინე“. ორივეს ძალიან სურს, რომ ისევე დაეხმარონ თომასს, გაიცნოს იეჰოვა და გაიხაროს ბიბლიური იმედით, როგორც დღეს სხვებს ეხმარებიან.
დიახ, ღვთის სიტყვას მართლაც დიდი ძალა აქვს!
[სქოლიოები]
b სახელები შეცვლილია.
[სურათი 6 გვერდზე]
ადამიანის სხეული სასწაულებრივად არის შექმნილი.
[საავტორო უფლება]
Anatomy Improved and Illustrated, London, 1723, Bernardino Genga