ბიბლიის წიგნი 2 — გამოსვლა
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილი: უდაბნო
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1512
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1657—1512
1. ა) რა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს „გამოსვლა“? ბ) რა სახელებით არის ეს წიგნი ცნობილი და რომელი წიგნის გაგრძელებაა ის?
იეჰოვა დიდებულ ნიშნებსა და სასწაულებს ახდენს, რომ თავისი სახელით წოდებული ხალხი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლოს. ისრაელი ხდება ღვთის გამორჩეული საკუთრება, „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“, და თეოკრატიულ ერად ყალიბდება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს წიგნი „გამოსვლა“ (გამ. 19:6). მისი ებრაული სახელწოდება „ვეელეჰ შემოთ“, რაც ნიშნავს „ეს არის . . . სახელები“ ან უბრალოდ „შემოთ“, „სახელები“, მომდინარეობს ამ წიგნის პირველივე სიტყვებიდან. მისი თანამედროვე სახელწოდება მოდის ბერძნული სეპტუაგინტიდან, სადაც მას ეწოდება „ექსოდოს“, რაც „გამოსვლას“ ნიშნავს. ის არის „დაბადების“ გაგრძელება, რასაც ცხადყოფს ორიგინალში „და“ კავშირით წიგნის დაწყება, ასევე იაკობის ვაჟების სახელები, რომლებიც აღებულია დაბადების 46:8—27-ში მოცემული სრული ჩამონათვალიდან.
2. რას ვიგებთ „გამოსვლიდან“ ღვთის სახელის, იეჰოვას შესახებ?
2 „გამოსვლა“ გვანახვებს ღვთის დიდებული სახელის, იეჰოვას, დიდებისა და სიწმინდის მთელ ბრწყინვალებას. თავისი სახელის სრული მნიშვნელობის დასანახვებლად ღმერთმა უთხრა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, და დაავალა, ისრაელებისთვის ეთქვა: «მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“ (ებრაულად אהיה, „ეჰიეჰ“, ნაწარმოებია ებრაული ზმნიდან „ჰაიაჰ“)». სახელი იეჰოვა (יהוה, „ჲჰვჰ“) მომდინარეობს მონათესავე ებრაული ზმნიდან „ჰავაჰ“ („გახდომა“, „გადაქცევა“) და ნიშნავს „აქცევინებს“. დიდებულმა და შიშის მომგვრელმა საქმეებმა, რომლებიც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის, ისრაელისთვის მოიმოქმედა, მისი სახელი დიდების შარავანდედით შემოსა და სამახსოვრო გახადა „თაობიდან თაობაში“, რათა მარადიულად პატივისცემით ეხსენებინათ. რა ბედნიერებაა, რომ ვიცით ამ სახელთან დაკავშირებული შესანიშნავი ისტორია და ვეთაყვანებით ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც აცხადებს: „მე ვარ იეჰოვა“! (გამ. 3:14, 15; 6:6)a
3. ა) საიდან ვიცით, რომ „გამოსვლა“ მოსემ დაწერა? ბ) როდის დაიწერა „გამოსვლა“ და რა პერიოდს მოიცავს?
3 ხუთწიგნეულში „გამოსვლა“ მეორე წიგნია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის მოსეს დაწერილია. წიგნში სამჯერ არის მოხსენიებული, რომ მოსე იეჰოვას მითითებით აკეთებდა ჩანაწერებს (17:14; 24:4; 34:27). ბიბლეისტები უესტკოტი და ჰორტი აღნიშნავენ, რომ იესო და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები 100-ზე მეტჯერ ციტირებდნენ მუხლებს ან მოიხსენიებდნენ აზრებს „გამოსვლიდან“. იესომ თქვა: „განა არ მოგცათ მოსემ კანონი?“. „გამოსვლა“ მოსემ სინის უდაბნოში ძვ. წ. 1512 წელს დაწერა. ეს მოხდა ისრაელის ძეების მიერ ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ. წიგნი მოიცავს 145-წლიან პერიოდს, ძვ. წ. 1657 წლიდან ძვ. წ. 1512 წლამდე, იოსების სიკვდილიდან კარვის აგებამდე (იოან. 7:19; გამ. 1:6; 40:17).
4, 5. როგორ ადასტურებს არქეოლოგია „გამოსვლის“ სიზუსტეს?
4 თუმცა „გამოსვლაში“ აღწერილი მოვლენები დაახლოებით 3 500 წლის წინათ მოხდა, გაოცებას იწვევს წიგნის სიზუსტის დამადასტურებელი არქეოლოგიური თუ სხვა მასალის სიმრავლე. წიგნში ეგვიპტური სახელები სწორად არის გადმოტანილი, ტიტულებიც ემთხვევა ეგვიპტურ წარწერებში მოყვანილ ტიტულებს. არქეოლოგიური აღმოჩენებიდან ჩანს, რომ ეგვიპტელები ჩვეულებრივ იფარებდნენ ხიზნებს, მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობას ერიდებოდნენ. ისინი მდინარე ნილოსში ბანაობდნენ. „გამოსვლაში“ ვკითხულობთ, რომ ფარაონის ასულიც ნილოსში ბანაობდა. ეგვიპტეში აღმოჩენილია როგორც ბზით, ისე უბზოდ დამზადებული აგურები. ეგვიპტის აღმავლობის ხანაში გრძნეულებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ (გამ. 8:22; 2:5; 5:6, 7, 18; 7:11).
5 ისტორიული ძეგლებიდან ჩანს, რომ ფარაონები თავად მიუძღოდნენ საბრძოლო ეტლებს საომრად. „გამოსვლიდან“ ვიგებთ, რომ მოსეს დროს ფარაონი ასე მოიქცა. მაგრამ ამას ფარაონის დიდი დამცირება მოჰყვა. საინტერესოა, რატომ არ მოიხსენიებს ეგვიპტელთა ძველი ჩანაწერები ისრაელების იქ ყოფნასა და ეგვიპტელებისთვის დატეხილ უბედურებას? არქეოლოგია ადასტურებს, რომ ეგვიპტის სათავეში მოსული ახალი დინასტია სპობდა იმ ჩანაწერებს, რომლებიც ჩრდილს აყენებდა მათ ქვეყანას. დამარცხებების შესახებ ისინი არასდროს არაფერს წერდნენ. ამ ქედმაღალი ერისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა მატიანეში იმ თავზარდამცემი მოვლენების შეტანა, რომელთა შედეგადაც მათი ცრუღმერთები, მაგალითად ნილოსის, ბაყაყისა და მზის ღვთაებები დამცირდნენ, მაშინ როცა იეჰოვა განდიდდა (14:7—10; 15:4)b.
6. რომელ თანამედროვე ადგილებს აიგივებენ იმ ადგილებთან, სადაც ისრაელები ეგვიპტის დატოვების შემდეგ მალევე დაბანაკდნენ?
6 მოსე ორმოცი წლის განმავლობაში მწყემსავდა ითროს ფარას. მან კარგად იცოდა იქაური პირობები, აგრეთვე სად შეიძლებოდა წყლისა და საკვების მოპოვება. ასე რომ, ის კარგად იყო მომზადებული ისრაელების ეგვიპტიდან გამოსაყვანად. დღეს შეუძლებელია იმ მარშრუტის ზუსტად დადგენა, რომელიც ისრაელმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ გაიარა, რადგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სად მდებარეობდა „გამოსვლაში“ მოხსენიებული ადგილები. თუმცა ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ მარა, სადაც ისრაელები ეგვიპტის დატოვების შემდეგ მალევე დაბანაკდნენ სინის ნახევარკუნძულზე, იგივე აინ-ჰავარაა, რომელიც სუეციდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში მდებარეობს. ბევრის აზრით ელიმი, სადაც ისრაელები მეორედ დაბანაკდნენ, შეესაბამება დღევანდელ ვადი-გარანდელს, რომელიც სუეცის სამხრეთ-აღმოსავლეთით 88 კილომეტრშია. საინტერესოა, რომ ეს წყალუხვი ადგილი, სადაც სხვადასხვა მცენარე, მათ შორის პალმაც ხარობს, ძალიან ჰგავს ელიმს, სადაც „თორმეტი წყარო და სამოცდაათი [პალმის] ხე იყო“c. თუმცა ამ წიგნის უტყუარობა არ არის იმაზე დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა არქეოლოგები ისრაელების მარშრუტის დადგენას (15:23, 27).
7. როგორ დასტურდება სხვადასხვა ფაქტით, მათ შორის კარვის აგებით, რომ „გამოსვლა“ ღვთივშთაგონებულია?
7 მოსემ დაწვრილებით აღწერა, როგორ ააგეს კარავი სინას მთასთან. ერთი მეცნიერი აღნიშნავს, რომ „კარვის ფორმა, სტრუქტურა და მასალა უდაბნოს პირობებისთვის იყო გათვლილი. ხის მასალა, რომელიც მის ასაგებად გამოიყენეს, უხვად მოიპოვება იქ“d. ის ინფორმაცია, რომელსაც არქეოლოგია გვაწვდის სახელწოდებების, ადათ-წესების, რელიგიის, ადგილმდებარეობების, გეოგრაფიული თავისებურებებისა და სამშენებლო მასალების შესახებ, ადასტურებს დაახლოებით 3 500 წლის წინ ღვთივშთაგონებით დაწერილი „გამოსვლის“ სიზუსტეს.
8. საიდან ვიგებთ, რომ „გამოსვლა“ დაკავშირებულია წმინდა წერილების სხვა წიგნებთან, ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა?
8 ბიბლიის დამწერებს ხშირად მოჰყავდათ აზრები „გამოსვლიდან“. ისინი ადასტურებდნენ მის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობასა და ღირებულებას. „გამოსვლის“ დაწერიდან დაახლოებით 900 წლის შემდეგ იერემია წერდა, რომ ‘ჭეშმარიტმა ღმერთმა, დიდებულმა და ძლიერმა, რომლის სახელიცაა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა’, თავისი ხალხი, ისრაელი ეგვიპტიდან „ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშით“ გამოიყვანა (იერ. 32:18—21). სტეფანეს ამაღელვებელი სიტყვაც, რომელიც მან წამებით სიკვდილამდე წარმოთქვა, დაფუძნებული იყო „გამოსვლაში“ დაახლოებით 1 500 წლის წინათ ჩაწერილ ინფორმაციაზე (საქ. 7:17—44). ებრაელების 11:23—29-ში მოსე რწმენის მაგალითად არის მოხსენიებული. „გამოსვლიდან“ პავლე ხშირად იყენებდა აზრებს ქრისტიანების სასწავლებლად და გასაფრთხილებლად (საქ. 13:17; 1 კორ. 10:1—4, 11, 12; 2 კორ. 3:7—16). ყოველივე ეს გვანახვებს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ბიბლიის სხვადასხვა ნაწილი და როგორ ჰფენს შუქს თითოეული მათგანი იეჰოვას განზრახვას.
შინაარსი
9. რა პერიოდში დაიბადა მოსე და სად გაიზარდა ის?
9 იეჰოვამ გაგზავნა მოსე; ღვთის სახელი მარადიულად უნდა იხსენიებოდეს (1:1—4:31). ეგვიპტეში ჩასული იაკობის ვაჟების სახელების ჩამოთვლის შემდეგ „გამოსვლაში“ ვკითხულობთ, რომ იოსები მოკვდა. ეგვიპტეში ახალი ფარაონი ავიდა ტახტზე. მან დაინახა, რომ ისრაელები „იზრდებოდნენ რიცხობრივად, მეტისმეტად ძლიერდებოდნენ“, და დაიწყო მათი ჩაგვრა. ის მონურად ამუშავებდა მათ. მან ბრძანა, მოეკლათ ყოველი ახალშობილი ბიჭი, რათა ისრაელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულიყო (1:7). იმ პერიოდში ლევის სახლიდან ერთ კაცს ვაჟი შეეძინა. ის ოჯახში მესამე ბავშვი იყო. როცა სამი თვის გახდა, დედამისმა ის პაპირუსის კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში ჩადო. ბავშვი ფარაონის ქალიშვილმა იპოვა, მოეწონა ის და იშვილა. მან ძიძად ბავშვის დედა აიყვანა. ასე რომ, ბიჭი ისრაელ ოჯახში გაიზარდა. მოგვიანებით ის ფარაონის სასახლეში წაიყვანეს. მას მოსე დაარქვეს, რაც „ამოყვანილს [წყლიდან გადარჩენილს]“ ნიშნავს (გამ. 2:10; საქ. 7:17—22).
10. რა მოხდა, სანამ მოსე განსაკუთრებულ დავალებას მიიღებდა იეჰოვასგან?
10 მოსეს აინტერესებდა თანამემამულეების მდგომარეობა. მან მოკლა ეგვიპტელი, რომელიც ებრაელს სცემდა. შემდეგ იძულებული გახდა, ეგვიპტიდან გაქცეულიყო. მოსემ მიდიანის მიწას შეაფარა თავი, სადაც მიდიანის მღვდლის, ითროს ქალიშვილი ციფორა მოიყვანა ცოლად. მოგვიანებით მას შეეძინა ვაჟები, გერშომი და ელიეზერი. უდაბნოში გატარებული 40 წლის შემდეგ 80 წლის მოსემ იეჰოვასგან განსაკუთრებული დავალება მიიღო, რაც იეჰოვას სახელის განწმენდას ემსახურებოდა. ერთხელ, როცა ითროს ფარას ხორებთან, „ჭეშმარიტი ღვთის მთასთან“ მწყემსავდა, მოსემ დაინახა ცეცხლმოკიდებული ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა. როცა ის ბუჩქის სანახავად მივიდა, იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით უთხრა მას, რომ განზრახული ჰქონდა, ‘ეგვიპტიდან თავისი ხალხი, ისრაელის ძეები გამოეყვანა’ (გამ. 3:1, 10). ეგვიპტის მონობიდან ისრაელს იეჰოვა მოსეს მეშვეობით გაათავისუფლებდა (საქ. 7:23—35).
11. რა გაამჟღავნა იეჰოვამ თავისი სახელის შესახებ?
11 მოსეს აინტერესებდა, როგორ აეხსნა ისრაელებისთვის თავისი გამგზავნელის ვინაობა. სწორედ მაშინ გაამჟღავნა იეჰოვამ პირველად თავისი სახელის მნიშვნელობა, დაუკავშირა ის თავის განზრახვას და თქვა, რომ მარადიულად ეხსენებინათ ის. «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“ . . . იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან». სახელი იეჰოვა მიუთითებდა, რომ ის შეასრულებდა განზრახვას, რომელიც მისი სახელით წოდებულ ხალხს ეხებოდა. ის მისცემდა ამ ხალხს, აბრაამის შთამომავლობას, მათი მამა-პაპისთვის დაპირებულ მიწას, ‘სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა’ (გამ. 3:14, 15, 17).
12. რა უთხრა იეჰოვამ მოსეს ისრაელების გათავისუფლების შესახებ და როგორ იმოქმედა ხალხზე იეჰოვასგან მიცემული ნიშნების ხილვამ?
12 იეჰოვამ აუხსნა მოსეს, რომ სანამ ფარაონი ისრაელებს გაუშვებდა, ეგვიპტელებისთვის თავისი საოცარი საქმეები უნდა ეჩვენებინა. მოსეს ძმა აარონი მის მაგივრად ილაპარაკებდა. იეჰოვამ მათ სამი ნიშანი მისცა ისრაელების იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი იეჰოვას სახელით იყვნენ მისულები. ეგვიპტისკენ მიმავალ მოსეს იეჰოვამ შეახსენა თავისი მოთხოვნები; მისი ოჯახი რომ არ დაღუპულიყო, მოსეს უნდა წინადაეცვითა თავისი ვაჟი (დაბ. 17:14). მოსემ და აარონმა ისრაელის ძეთა უხუცესები შეკრიბეს და უთხრეს, რომ იეჰოვას განზრახული ჰქონდა, ისინი ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე წაეყვანა. მათ აჩვენეს ხალხს იეჰოვასგან მიღებული ნიშნები და ხალხმაც ირწმუნა.
13. რით დამთავრდა ფარაონთან მოსეს პირველი შეხვედრა?
13 ეგვიპტის სასჯელები (5:1—10:29). მოსე და აარონი მივიდნენ ფარაონთან და იეჰოვას, ისრაელის ღვთის სიტყვები გადასცეს: „გაუშვი ჩემი ხალხი“. მაგრამ ქედმაღალმა ფარაონმა დაცინვით უთხრა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?! მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (5:1, 2). გათავისუფლების ნაცვლად, მან უფრო დაუმძიმა უღელი ისრაელს. იეჰოვამ გაიმეორა თავისი დაპირება, რომ ისრაელს იხსნიდა, და ის თავისი სახელის განწმენდას დაუკავშირა. მან თქვა: „მე ვარ იეჰოვა . . . მე ვიქნები თქვენი ღმერთი . . . მე ვარ იეჰოვა“ (6:6—8).
14. რატომ მოუწიათ ეგვიპტელებს იმის აღიარება, რომ მესამე სასჯელში „ღვთის ხელი“ ერია?
14 მოსემ ფარაონის წინაშე სასწაული მოახდინა — აარონმა დააგდო თავისი კვერთხი და ის დიდ გველად იქცა. ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმაც იგივე გააკეთეს. აარონის გველმა მათი გველები გადაყლაპა, მაგრამ ფარაონს გული მაინც არ მოულბა. იეჰოვამ თავს დაატეხა ეგვიპტეს ათი საშინელი სასჯელი. თავდაპირველად, მდინარე ნილოსი და ეგვიპტის ყველა წყარო სისხლად იქცა. შემდეგ ქვეყანას ბაყაყები შეესია. ეს ორი სასჯელი გრძნეულმა ქურუმებმაც გაიმეორეს, მაგრამ ვერ შეძლეს მესამე სასჯელის გამეორება, რომლის დროსაც ადამიანებსაც და ცხოველებსაც ქინქლა დაესია. ეგვიპტის ქურუმებს მოუწიათ იმის აღიარება, რომ ამაში „ღვთის ხელი“ ერია. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუშვა ისრაელი (8:19).
15. რომელი სასჯელები დაატყდათ მხოლოდ ეგვიპტელებს და რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ფარაონი გაჯიუტებულიყო?
15 პირველი სამი სასჯელი შეეხო როგორც ეგვიპტელებს, ისე ისრაელებს. მომდევნო სასჯელები მარტო ეგვიპტელებს დაატყდათ, ისრაელებს კი იეჰოვა იცავდა. მეოთხე სასჯელი ბუზანკლის შემოსევა იყო. მომდევნო სასჯელის დროს განადგურდა ეგვიპტელთა საქონელი, შემდეგ კი ხალხსაც და ცხოველებსაც მუწუკები და ბებერები გაუჩნდა. მოსეს წინაშე გრძნეული ქურუმები უძლურები აღმოჩნდნენ. იეჰოვამ დაუშვა, რომ ფარაონი ისევ გაჯიუტებულიყო და მოსეს პირით შეუთვალა: „იმისთვის დაგტოვე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (9:16). მოსემ ფარაონს შემდეგი სასჯელის, „საშინელი სეტყვის“ შესახებ აცნობა და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ფარაონის ზოგიერთმა მსახურმა ამ დროს პირველად გამოავლინა იეჰოვასადმი შიში. მერვე და მეცხრე სასჯელები, კალიების შემოსევა და უკუნი სიბნელე, ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა ეგვიპტეს. გაჯიუტებული და განრისხებული ფარაონი დაემუქრა მოსეს, რომ მოკლავდა, თუ კიდევ ერთხელ შეეცდებოდა მისი სახის ხილვას (9:18).
16. რა მითითებები მისცა იეჰოვამ ისრაელებს პასექისა და უფუარობის დღესასწაულებთან დაკავშირებით?
16 პასექი და პირმშოების დახოცვა (11:1—13:16). იეჰოვამ უთხრა მოსეს: „კიდევ ერთ უბედურებას დავატეხ ფარაონსა და ეგვიპტეს“. ეს იყო პირმშოების დახოცვა (11:1). მან ბრძანა, რომ ისრაელებისთვის აბიბი წელიწადის პირველი თვე ყოფილიყო. ამ თვის მეათე დღეს ყოველ ოჯახს უნდა აეყვანა ერთი წლის უნაკლო მამალი ცხვარი ან თხა და მეთოთხმეტე დღეს უნდა დაეკლა. იმავე საღამოს მათ უნდა აეღოთ ამ ცხოველის სისხლი, ეპკურებინათ სახლის ორივე წირთხლისა და კარისთვის, სახლში უნდა დარჩენილიყვნენ, ეჭამათ შემწვარი ცხოველის ხორცი და ძვლები არ უნდა დაემტვრიათ. მათ სახლში არ უნდა ჰქონოდათ საფუარი, ჩაცმულებსა და სამგზავროდ მომზადებულებს პასექი ნაჩქარევად უნდა ეჭამათ. ეს მათთვის სამახსოვრო დღე, იეჰოვას დღესასწაული იქნებოდა თაობიდან თაობაში. პასექის შემდეგ მათ უნდა ეზეიმათ შვიდდღიანი უფუარობის დღესასწაული. მათ უნდა ესწავლებინათ თავიანთი ვაჟებისთვის ამ ყოველივეს მნიშვნელობა (მოგვიანებით იეჰოვამ სხვა მითითებები მისცა ისრაელებს ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით და უბრძანა, ისრაელში ყოველი მამრი პირმშო, იქნებოდა კაცისა თუ ცხოველის, მისთვის განეწმინდათ).
17. რატომ უნდა ხსომებოდათ ისრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლის ღამე?
17 ისრაელები იეჰოვას მითითებისამებრ მოიქცნენ. მოულოდნელად ეგვიპტეს უბედურება დაატყდა. შუაღამისას იეჰოვამ ყველა პირმშო მოკლა ეგვიპტეში, ისრაელების პირმშოებს კი გვერდი აუარა და არ დახოცა. „მოშორდით ჩემს ხალხს“, — უთხრა ფარაონმა მოსესა და აარონს. „ეგვიპტელები ხალხისგან მოითხოვდნენ“, რომ მალე დაეტოვებინათ მათი მიწა (12:31, 33). ისრაელები ხელცარიელი არ წასულან ეგვიპტიდან; მათ ეგვიპტელებს გამოართვეს ვერცხლისა და ოქროს ნივთები და ტანსაცმელი. ხალხი რაზმებად გავიდა ეგვიპტიდან. 600 000 ისრაელ მამაკაცს თან ახლდა ოჯახები, ასევე უამრავი ჭრელი ხალხი და ურიცხვი ცხვარ-ძროხა. ასე დამთავრდა 430-წლიანი პერიოდი, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა აბრაამმა გადაკვეთა მდინარე ევფრატი და ქანაანის მიწაზე შევიდა. ეს ღამე მართლაც უნდა ხსომებოდათ ისრაელებს! (გამ. 12:40; გალ. 3:17)
18. როგორ განწმინდა იეჰოვამ თავისი სახელი წითელ ზღვასთან?
18 იეჰოვას სახელის განწმენდა წითელ ზღვასთან (13:17—15:21). იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან სუქოთის გზით გაიყვანა. დღისით ის ღრუბლის სვეტში მიუძღოდა მათ, ღამით კი — ცეცხლის სვეტში. ფარაონი ისევ გაჯიუტდა, დაედევნა ისრაელს საუკეთესო საომარი ეტლებით იმ იმედით, რომ წითელ ზღვასთან მიიმწყვდევდა მათ. მოსემ დაამშვიდა ხალხი: „ნუ გეშინიათ. მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას, რასაც ის დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის“ (14:13). იეჰოვამ კედლებად აღმართა წყალი და მოსე და მთელი ხალხი უსაფრთხოდ გადავიდნენ აღმოსავლეთ ნაპირზე. ფარაონის ძლიერი ჯარი კვალდაკვალ შეჰყვა მათ ზღვაში, მაგრამ წყლის კედლები ჩამოიქცა და დაფარა ისინი. იეჰოვამ მართლაც შესანიშნავად განწმინდა თავისი სახელი! ხალხს სიხარულის უდიდესი მიზეზი ჰქონდა. მათი სიხარული აღწერილია სიმღერაში, რომელიც პირველი გამარჯვების სიმღერაა ბიბლიაში. ისინი მღეროდნენ: „ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძლიერება და ჩემი ძლევამოსილებაა იაჰი, რადგან ის არის ჩემი მხსნელი . . . სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად“ (15:1, 2, 18).
19. რა მოხდა სინას მთისკენ მიმავალ გზაზე?
19 კანონის საფუძველზე შეთანხმების დადება სინას მთასთან (15:22—34:35). იეჰოვას ხელმძღვანელობით ისრაელი სინას მთისკენ, ჭეშმარიტი ღვთის მთისკენ მიდიოდა და გზადაგზა ჩერდებოდა. როცა ხალხმა მარაში მწარე წყლის გამო წუწუნი დაიწყო, იეჰოვამ გაამტკნარა წყალი. ისინი საჭმელზეც დრტვინავდნენ, ამიტომ ღმერთმა მათ საღამოს მწყერი მისცა, დილას კი — მოტკბო მანანა, რომელიც თრთვილს ჰგავდა. ისრაელები მომდევნო 40 წლის მანძილზე მანანით იკვებებოდნენ. იეჰოვამ ასევე პირველად დააწესა დასვენების დღე, შაბათი, და უთხრა ისრაელებს, რომ მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი მანანა მოეგროვებინათ და მეშვიდე დღისთვის შეენახათ. მან წყალი მისცა მათ რეფიდიმში, ამალეკის წინააღმდეგ იბრძოლა და მოსეს უთხრა, ჩაეწერა ამალეკის განაჩენი, რომ აღგვიდა მას მიწის პირიდან.
20. როგორ მოხდა ისრაელის უკეთ ორგანიზება?
20 მოსეს თავისმა სიმამრმა, ითრომ ცოლი და ვაჟები მიუყვანა. ითრომ კარგი რჩევები მისცა მოსეს, რადგან საჭირო იყო ისრაელის უკეთ ორგანიზება. მან ურჩია, რომ მთელი ტვირთი საკუთარ თავზე არ აეღო, არამედ დაეყენებინა უნარიანი და ღვთისმოშიში მამაკაცები ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად, რომ ხალხისთვის სამართალი გაეჩინათ. მოსე ასეც მოიქცა და მასთან მხოლოდ რთული საკითხების გადასაჭრელად მიდიოდნენ.
21. რას დაჰპირდა იეჰოვა ისრაელს და რა პირობით?
21 ეგვიპტის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ ისრაელი სინას უდაბნოში დაბანაკდა. იეჰოვა იქ დაჰპირდა მათ: „ახლა, თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“. ხალხმაც შეჰფიცა: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (19:5, 6, 8). ისრაელის სამდღიანი განწმენდის შემდეგ იეჰოვა ჩავიდა მთაზე, რის გამოც მთა ბოლავდა და ზანზარებდა.
22. ა) რა კანონებს შეიცავდა ათი მცნება? ბ) კიდევ რა კანონები მისცა იეჰოვამ ისრაელს და როგორ დადო მათთან შეთანხმება კანონის საფუძველზე?
22 შემდეგ იეჰოვამ მათ ათი მცნება მისცა. მათში ყურადღება მახვილდება იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებაზე, აკრძალულია სხვა ღმერთებისა და გამოსახულებების თაყვანისცემა და იეჰოვას სახელის უღირსად ხსენება. ისრაელებს მოეთხოვებოდათ, ემუშავათ ექვს დღეს, შაბათი დღე კი იეჰოვასთვის მიეძღვნათ, ასევე პატივი ეცათ მშობლებისთვის. ათი მცნება შეიცავდა კანონებს, რომლებითაც იკრძალებოდა მკვლელობა, მრუშობა, ქურდობა, ცრუმოწმეობა და სიხარბე. შემდეგ იეჰოვამ ამ ახალ ერს მისცა კანონები და მითითებები, რომლებიც ეხებოდა მონასა და ბატონს შორის ურთიერთობას, ფიზიკური ზიანის მიყენებას, ზარალის ანაზღაურებას, ქურდობას, ხანძრით გამოწვეულ ზარალს, ცრუთაყვანისმცემლობას, ქალწულის შეცდენას, ქვრივ-ობლების დაჩაგვრას, სესხის გაცემასა და ა. შ. ასევე მისცა კანონები შაბათის დასაცავად და დაუწესა სამი ყოველწლიური დღესასწაული, რომლებიც მისი თაყვანისმცემლობისთვის იყო განკუთვნილი. მოსემ ჩაიწერა იეჰოვას სიტყვები, ხალხმა იეჰოვას მსხვერპლი შესწირა და სისხლის ნახევარი სამსხვერპლოზე მოასხურეს. მას შემდეგ, რაც მოსემ ხალხს შეთანხმების წიგნი წაუკითხა, მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მორჩილების სურვილი. მოსემ დარჩენილი სისხლი ამ წიგნსა და მთელ ხალხს შეასხურა. ამგვარად, იეჰოვამ კანონის საფუძველზე დადო შეთანხმება ისრაელთან შუამავლის, მოსეს მეშვეობით (ებრ. 9:19, 20).
23. რა მითითებები მისცა იეჰოვამ მოსეს სინას მთაზე?
23 შემდეგ მოსე მთაზე ავიდა იეჰოვასგან კანონის მისაღებად. 40 დღე-ღამის განმავლობაში მან მიიღო უამრავი მითითება კარვის ასაგებ მასალაზე, კარვის მოწყობილობაზე, მის აგებულებასა და მღვდლების ჩაცმულობაზე, მათ შორის აარონის თავსაბურავზე დასამაგრებელ სუფთა ოქროს ფირფიტაზე, რომელზეც ამოტვიფრული უნდა ყოფილიყო: „სიწმინდე იეჰოვასია“. ამ კანონში დაწვრილებით არის მოცემული მღვდლების დანიშვნისა და მათი მსახურების წესები. იეჰოვამ შეახსენა მოსეს, რომ შაბათი მარადიული ნიშანი იქნებოდა იეჰოვასა და ისრაელის ძეებს შორის. შემდეგ მოსეს მოწმობის ორი ფილა მისცა, რომლებიც „ღვთის თითით“ იყო ნაწერი (გამ. 28:36; 31:17, 18).
24. ა) რა ცოდვა ჩაიდინა ხალხმა და რა მოჰყვა ამას შედეგად? ბ) როგორ გაუმჟღავნა იეჰოვამ მოსეს თავისი სახელი და ანახვა თავისი დიდება?
24 ამასობაში ხალხმა მოთმინება დაკარგა და აარონს სთხოვეს, გაეკეთებინა ღმერთი, რომელიც მათ გაუძღვებოდა. აარონი ასეც მოიქცა და მათთვის ოქროს ხბო გააკეთა. ხალხმა თაყვანი სცა ხბოს, ზეიმი გამართეს და ამას „იეჰოვას დღესასწაული“ უწოდეს (32:5). იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ გაანადგურებდა ისრაელს, მაგრამ მოსე შეევედრა მათთვის. ისრაელის საქციელით განრისხებულმა მოსემ დალეწა ქვის ფილები. ლევის ძეებმა მხარი დაუჭირეს წმინდა თაყვანისმცემლობას და სიცოცხლეს გამოასალმეს 3 000 ადამიანი, რომლებიც ღრეობაში მონაწილეობდნენ. იეჰოვამაც დასაჯა ხალხი. მოსემ სთხოვა იეჰოვას, კვლავ ეხელმძღვანელა თავისი ხალხისთვის. იეჰოვა დაჰპირდა მოსეს, რომ ახილვინებდა თავის დიდებას და უთხრა, ისევ გამოეთალა ორი ფილა, რომლებზეც ათ მცნებას დაუწერდა. როცა მოსე მეორედ ავიდა მთაზე, იეჰოვამ ჩაიარა მის წინ და გამოაცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს“ (34:6, 7). შემდეგ მან უთხრა მოსეს, ჩაეწერა შეთანხმების პირობები, რომლებსაც წიგნ „გამოსვლაში“ ვკითხულობთ. როცა მოსე სინას მთიდან ჩამოვიდა, სახე უბრწყინავდა, რადგან იეჰოვას დიდება იხილა. ამიტომ ის სახეზე რიდეს იფარებდა (2 კორ. 3:7—11).
25. რას ვიგებთ „გამოსვლიდან“ კარვის აგებასა და იეჰოვას დიდების გამოცხადებაზე?
25 კარვის აგება (35:1—40:38). მოსემ შეკრიბა ისრაელი, გადასცა იეჰოვას სიტყვები და უთხრა, რომ თითოეულს შეეძლო, კარვის ასაგებად ნებაყოფლობითი შესაწირავი მიეტანა; გულბრძენებს კი პატივი ჰქონდათ, კარვის აგებაში მიეღოთ მონაწილეობა. მალე მოსეს შეატყობინეს: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე მსახურებისთვის, იმ სამუშაოებისთვის არის საჭირო, რომელიც იეჰოვამ ბრძანა“ (36:5). მოსეს ხელმძღვანელობით და იეჰოვას სულის დახმარებით ხელოსნებმა დაიწყეს კარვის აგება, მისი მოწყობილობებისა და მღვდლების ტანსაცმლის დამზადება. ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ მათ დაასრულეს კარვის აგება და სინას მთის მოპირდაპირე ველზე დადგეს. იეჰოვამ მოწონების ნიშნად ღრუბლით დაფარა შეხვედრის კარავი და თავისი დიდებით აავსო ის, ამიტომ მოსემ ვერ შეძლო კარავში შესვლა. იეჰოვა დღისით იმავე ღრუბლით, ღამით კი ცეცხლის სვეტით მიუძღოდა ისრაელს მთელი მოგზაურობის მანძილზე. მან დიდებულად განწმინდა თავისი სახელი იმ საოცარი საქმეებით, რომლებიც ისრაელისთვის მოიმოქმედა. წიგნი „გამოსვლა“ ძვ. წ. 1512 წელს მომხდარი მოვლენების აღწერით სრულდება.
რატომ არის სასარგებლო
26. ა) როგორ გვიმტკიცებს „გამოსვლა“ იეჰოვასადმი რწმენას? ბ) როგორ გვიმტკიცებს რწმენას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „გამოსვლიდან“ მოყვანილი აზრები?
26 წიგნი „გამოსვლა“ გვიმტკიცებს იეჰოვასადმი რწმენას და გვანახვებს, რომ იეჰოვა დიდებული მხსნელი, ორგანიზატორი და თავისი განზრახვების შემსრულებელია. ჩვენი რწმენა მტკიცდება, როცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვპოულობთ „გამოსვლიდან“ აღებულ უამრავ აზრს, რომლებიც გვიხსნის, რას განასახიერებდა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების სხვადასხვა თავისებურება, გვიმტკიცებს მკვდრეთით აღდგომის იმედს, გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე, გვაძლევს ქრისტიანული თანადგომის პრეცედენტს, გვირჩევს, პატივი ვცეთ მშობლებს, შეიცავს მოთხოვნებს მარადიული სიცოცხლის მისაღებად და გვიხსნის, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს შურისძიებაზე. კანონი საბოლოოდ გაერთიანდა ორ მცნებაში, რომლებიც ღვთისა და მოყვასის სიყვარულს ეხება (მათ. 22:32 — გამ. 4:5; იოან. 6:31—35 და 2 კორ. 8:15 — გამ. 16:4, 18; მათ. 15:4 და ეფეს. 6:2 — გამ. 20:12; მათ. 5:26, 38, 39 — გამ. 21:24; მათ. 22:37—40).
27. რით არის სასარგებლო ქრისტიანებისთვის „გამოსვლაში“ ჩაწერილი ისრაელების ისტორია?
27 მოსესა და მისი მშობლების რწმენის შესახებ ებრაელების 11:23—29-ში ვკითხულობთ. რწმენით მოსემ დატოვა ეგვიპტე, იზეიმა პასექი და ისრაელს წითელი ზღვა გადააკვეთინა. ისრაელები ინათლებოდნენ მოსეში, ჭამდნენ სულიერ საკვებს და სვამდნენ სულიერ სასმელს. ისინი ელოდნენ სულიერ კლდეს, ქრისტეს, მაგრამ მათ არ დაიმსახურეს ღვთის მოწონება, რადგან სცდიდნენ მას და კერპთაყვანისმცემლები, მრუშები და მდრტვინავები გახდნენ. პავლემ თქვა, რომ ქრისტიანებს მათ მაგალითზე უნდა ესწავლათ: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:1—12; ებრ. 3:7—13).
28. რისი ჩრდილი იყო კანონი და საპასექო კრავი?
28 „გამოსვლის“ სიმბოლურ და წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას ძირითადად პავლე მოციქული გვიხსნის, განსაკუთრებით ებრაელების მე-9 და მე-10 თავებში. „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია და არა თვით ეს კურთხევა და ამიტომ შეუძლებელია იგივე მსხვერპლმა, რომელსაც ყოველწლიურად გამუდმებით სწირავენ, სრულყოფილი გახადოს მასთან მისულები“ (ებრ. 10:1). მაგრამ რა იყო ჩრდილი და რა — რეალობა? ქრისტემ „სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის“. ის „ღვთის კრავად“ არის მოხსენიებული. საპასექო კრავის მსგავსად, მისი არც ერთი ძვალი არ გადატეხილა. მოციქული პავლე აღნიშნავს: „შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი. ამიტომ ნურც ძველი საფუვრით ვიდღესასწაულებთ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის საფუვრით, არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით“ (ებრ. 10:12; იოან. 1:29 და 19:36 — გამ. 12:46; 1 კორ. 5:7, 8 — გამ. 23:15).
29. ა) რით განსხვავდება კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება ახალი შეთანხმებისგან? ბ) რა მსხვერპლს სწირავს დღეს სულიერი ისრაელი ღმერთს?
29 იესო გახდა ახალი შეთანხმების შუამავალი, ისევე როგორც მოსე იყო კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების შუამავალი. ამ ორ შეთანხმებას შორის განსხვავებას ნათლად აღწერს მოციქული პავლე, როცა ამბობს, რომ წამების ბოძზე სიკვდილით იესომ გზიდან ჩამოგვაცილა „დადგენილებების ხელნაწერი საბუთი“. მკვდრეთით აღმდგარი იესო მღვდელმთავრად მსახურობს და „ხალხს ემსახურება წმინდა ადგილზე და ჭეშმარიტ კარავში, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“. კანონის თანახმად, მღვდლები ‘წმინდა მსახურებას ასრულებდნენ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილია’ იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც ღმერთმა მისცა მოსეს. „ახლა კი იესო ხალხს უფრო აღმატებული სახით ემსახურება, რადგან ის შუამავალია უკეთესი შეთანხმებისა, რომელიც კანონიერად ეფუძნება უკეთეს დანაპირებს“. ძველი შეთანხმება დრომოჭმული გახდა და მოისპო როგორც კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება. იმ იუდეველებზე, რომლებსაც არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ გონება დაუჩლუნგდათ, მაგრამ იმ მორწმუნეებზე, რომლებსაც ესმოდათ, რომ სულიერი ისრაელი მონაწილეობას იღებდა ახალ შეთანხმებაში, ნათქვამია, რომ ისინი ‘რიდეახდილნი, სარკესავით ირეკლავენ იეჰოვას დიდებას’ და მომზადებულნი არიან, რომ შეთანხმების მსახურები იყვნენ. მათ სუფთა სინდისით შეუძლიათ ‘შესწირონ ღმერთს ქების მსხვერპლი, ანუ ბაგეთა ნაყოფი, რითაც სახალხოდ აღიარებენ მის სახელს’ (კოლ. 2:14; ებრ. 8:1—6, 13; 2 კორ. 3:6—18; ებრ. 13:15; გამ. 34:27—35).
30. რას განასახიერებდა ისრაელის ხსნა და ეგვიპტეში იეჰოვას სახელის განდიდება?
30 „გამოსვლა“ ხოტბას ასხამს იეჰოვას სახელსა და უზენაესობას. ის მიუთითებს ქრისტიანებისგან შემდგარი სულიერი ისრაელის დიდებულ ხსნაზე. ბიბლიაში მათზე ნათქვამია: «„რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ». იეჰოვას თავისი ხალხის ეგვიპტიდან ხსნაზე არანაკლებ განადიდებს სულიერი ისრაელის შეკრება. იეჰოვამ ფარაონი იმიტომ დატოვა ცოცხალი, რომ ეჩვენებინა თავისი ძალა და სახელი გაეთქვა ერებში. ყოველივე ეს მიანიშნებდა უფრო დიდ დამოწმებაზე, რაც ქრისტიანი მოწმეების მეშვეობით მოხდებოდა (1 პეტ. 2:9, 10; რომ. 9:17; გამოცხ. 12:17).
31. როგორ მიუთითებს „გამოსვლა“ ღვთის სამეფოსა და იმაზე, რომ იეჰოვა თავის ხალხთანაა?
31 წმინდა წერილების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსეს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ერი მიანიშნებდა ქრისტეს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ ახალ ერსა და სამეფოზე, რომელიც არ შეირყევა. ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს, „შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით“. უდაბნოში იეჰოვას დიდება ფარავდა კარავს, რაც მიანიშნებდა, რომ ღმერთი თავის ხალხთან იყო. მსგავსად, იეჰოვა გვპირდება, რომ მარადიულად თავის მოშიშებთან იქნება: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება . . . დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. „გამოსვლა“ ბიბლიის ერთ-ერთი მართლაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო წიგნია! (გამ. 19:16—19 — ებრ. 12:18—29; გამ. 40:34 — გამოცხ. 21:3, 5).
[სქოლიოები]
a გამოსვლის 3:14-ის სქოლიო, „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ (ინგლ.); „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 12 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 532, 535 (ინგლ.); Archaeology and Bible History, 1964, ჯ. ფრი, გვ. 98.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 540, 541 (ინგლ.).
d Exodus, 1874, ფ. კუკი, გვ. 247.