შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა!
„ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“ (ფსალმუნი 125:5).
1. რატომ უნდა ‘ვევედროთ სამკლის უფალს’ დღეს, რომ „წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“?
გალილეაში მესამე სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა“ (მათე 9:37). იგივე მდგომარეობა იყო იუდეაშიც (ლუკა 10:2). რადგან ეს ყველაფერი დაახლოებით 2000 წლის წინათ ხდებოდა, გვებადება კითხვა: დღეს რა სიტუაციაა ამ მხრივ? გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას 6 000 000-ზე მეტი მოწმე შეუპოვრად განაგრძობდა მკის ფიგურალურ საქმიანობაში მონაწილეობას მსოფლიოს ექვს მილიარდ ადამიანს შორის, რომელთაგან მრავალნი „დაუძლურებულნი და დაფანტულნი“ არიან, როგორც „უმწყემსო ცხვარი“. ამიტომ, იესოს მოწოდება — „ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ — დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინათ (მათე 9:36, 38).
2. რით ვიქცევთ ხალხის ყურადღებას?
2 იეჰოვა ღმერთს, სამკლის უფალს, უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩვენი თხოვნა უფრო მეტი მუშაკის წარმოგზავნის შესახებ. და რაოდენ დიდ სიხარულს გვანიჭებს მონაწილეობა მკის ამ საქმიანობაში, რომელსაც ღმერთი ხელმძღვანელობს! თუმცა სხვადასხვა ერთან შედარებით ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში ჩვენი ენთუზიაზმი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გვაქცევს. მრავალ ქვეყანაში ხშირად მოგვიხსენიებს მასმედია. თუ რომელიმე სატელევიზიო წარმოდგენაში კარზე ზარს რეკავენ, შესაძლოა ასეთი სიტყვები მოისმინოთ: იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ. დიახ, ჩვენი, როგორც ფიგურალურ მკაში მონაწილე მუშაკების, ქრისტიანული მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი XXI საუკუნეში.
3. ა) საიდან ვიცით, რომ პირველ საუკუნეში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობამ ყურადღება მიიქცია? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ ჩვენს მსახურებაში?
3 ქვეყნიერებას არც პირველ საუკუნეში დარჩენია შეუმჩნეველი სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა, და კეთილი ცნობის მაუწყებლებს დევნიდა. ეს კარგად იცოდა პავლე მოციქულმა და ამიტომ დაწერა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან [მოციქულები] სანახაობად გავხდით წუთისოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვის“ (1 კორინთელთა 4:9). მსგავსად ამისა, დევნის მიუხედავად, ჩვენი, როგორც სამეფოს მაუწყებლების, შეუპოვრობის გამო მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღებას ვიქცევთ და ყოველივე ეს დიდმნიშვნელოვანია ანგელოზებისთვის. გამოცხადების 14:6-ში ნათქვამია: „ვიხილე [მე, მოციქულმა იოანემ] სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“. დიახ, ანგელოზები მხარს გვიჭერენ ჩვენს მსახურებაში — მკის საქმიანობაში! (ებრაელთა 1:13, 14).
„ყველასგან მოძულებულნი“
4, 5. ა) რის შესახებ გააფრთხილა იესომ თავისი მოწაფეები? ბ) რატომ არიან ღვთის დღევანდელი მსახურები „ყველასგან მოძულებულნი“?
4 როდესაც იესომ თავისი მოციქულები მომკელებად წარგზავნა, მათ ყურად იღეს თავიანთი მოძღვრის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყვნენ «გონიერნი [„ფრთხილნი“, აქ], როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი». გარდა ამისა, იესომ უთხრა მათ: „მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. . . ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:16—22).
5 დღეს ჩვენ „ყველასგან მოძულებულნი“ იმიტომ ვართ, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში“, სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია, ხოლო ის ღვთისა და მისი ხალხის უდიდესი მტერია (1 იოანე 5:19). ჩვენი მტრები ხედავენ ჩვენს სულიერ კეთილდღეობას, მაგრამ უარყოფენ, რომ ეს იეჰოვას დამსახურებაა; მოწინააღმდეგენი ხედავენ ჩვენს ბედნიერებით გაბრწყინებულ, მომღიმარ სახეებს, როდესაც სიხარულით ვმონაწილეობთ მკაში; მათ აოცებთ ჩვენი ერთიანობა! სინამდვილეში, შეიძლება ჩვენი ერთიანობის უხალისოდ აღიარებაც მოუწიოთ, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ხედავენ, რომ იეჰოვას იქაური მოწმეებიც იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც მათ სამშობლოში, საიდანაც თავად ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ თავის დროზე იეჰოვა, რომელიც ჩვენი მხარდამჭერი და ერთიანობის სულისჩამდგმელია, თვით ჩვენი მტრებისთვისაც გახდება ცნობილი (ეზეკიელი 38:10—12, 23).
6. რაში ვართ დარწმუნებული, როდესაც მკის საქმიანობაში ვმონაწილეობთ, მაგრამ რა კითხვა გვებადება?
6 სამკლის უფალმა თავის ძეს, იესო ქრისტეს, მისცა „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). ამგვარად, იეჰოვა იესოს მეშვეობით ხელმძღვანელობს მკის საქმიანობას, რომელიც ზეციერი ანგელოზებისა და დედამიწაზე მცხოვრები ცხებული „ერთგული და გონიერი მონის“ დახმარებით ხორციელდება (მათე 24:45—47; გამოცხადება 14:6, 7). მაგრამ, როგორ შეგვიძლია მტრების წინააღმდეგობას გავუმკლავდეთ და, ყოველივეს მიუხედავად, სიხარულიც შევინარჩუნოთ, როდესაც მკაში მონაწილეობის შეუპოვრად გაგრძელებას ვცდილობთ?
7. როგორი განწყობილების შენარჩუნებას უნდა ვცდილობდეთ, როდესაც გვეწინააღმდეგებიან ან გვდევნიან?
7 როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდებით ან აშკარად გვდევნიან, მოდი ღმერთს მივმართოთ დახმარებისთვის, რათა შევძლოთ ისეთი განწყობილების შენარჩუნება, როგორიც პავლეს ჰქონდა. მან დაწერა: „გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ. სახელს გვიტეხენ — ვეფერებით“ (1 კორინთელთა 4:12, 13). ასეთი განწყობილება და საჯარო მსახურებისას ტაქტიანობის გამოვლენა ზოგჯერ ჩვენს მოწინააღმდეგეებს თვალსაზრისს უცვლის.
8. როგორ გვანუგეშებს იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 10:28-შია ჩაწერილი?
8 თვით სიკვდილის შიშსაც კი არ ძალუძს ჩვენში მკის საქმიანობაში გამოვლენილი ენთუზიაზმის ჩახშობა. უშიშრად ვაუწყებთ სამეფოს შესახებ ცნობას და ამას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაუფარავად და საჯაროდ ვაკეთებთ. ჩვენთვის გამამხნევებელი და მანუგეშებელია იესოს სიტყვები: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28). ვიცით, რომ ჩვენი ზეციერი მამა სიცოცხლის მბოძებელია. ის კურთხევებს არ იშურებს მათთვის, ვინც უმწიკვლობას ინარჩუნებს და ერთგულად და შეუპოვრად განაგრძობს მკაში მონაწილეობის მიღებას.
სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა
9. როგორ ეხმაურებოდა ზოგი ეზეკიელის სიტყვებს, და როგორ მეორდება იგივე დღეს?
9 როდესაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი ‘მოჯანყე ხალხს’ — ისრაელისა და იუდას სამეფოებს — გაბედულად აუწყებდა იეჰოვას ცნობებს, ზოგი ადამიანი სიამოვნებით უსმენდა მას (ეზეკიელი 2:3). „აჰა, — ამბობდა იეჰოვა, — სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის, ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი“ (ეზეკიელი 33:32). თუმცა მათ მოსწონდათ ეზეკიელის სიტყვები, არ იქცეოდნენ მათ თანახმად. რა სიტუაციაა დღეს ამ მხრივ? როდესაც ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახურნი გაბედულად აუწყებენ იეჰოვას ცნობებს, ზოგს სიამოვნებს იმ კურთხევების შესახებ მოსმენა, რომელთაც სამეფო მოიტანს, მაგრამ ისინი მადლიერებით არ ეხმაურებიან ამ ცნობას; არ ხდებიან მოწაფეები და არ უერთდებიან მათ მკის საქმიანობაში.
10, 11. რა გაკეთდა XX საუკუნის პირველ ნახევარში იმისათვის, რომ გაცხადებულიყო სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა, და რა შედეგები მოიტანა ამან?
10 მეორე მხრივ, მრავალი დადებითად გამოეხმაურა მკის საქმიანობას და თავისი წვლილი შეიტანეს ღვთის ცნობების გაცხადებაში. მაგალითად, 1922—1928 წლებში ქრისტიანული კონგრესების სერიათა მსვლელობისას ცნობები სატანის ბოროტი სისტემის განკითხვის შესახებ დაუფარავად ცხადდებოდა. ამ კონგრესებზე წარმოთქმულ საჯარო მხილებებს რადიოსადგურები გადასცემდნენ. შემდგომ კი ღვთის ხალხმა ამ მხილებების მილიონობით დაბეჭდილი ეგზემპლარი გაავრცელა.
11 XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს ქადაგების ახალ საშუალებას — საინფორმაციო მსვლელობებს — მიმართეს. თავდაპირველად იეჰოვას ხალხი დაატარებდა პლაკატებს, რომლებიც საზოგადოებას საჯარო მოხსენებების შესახებ ამცნობდა. მოგვიანებით დაჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ასეთი მოწოდებების წაკითხვა შეიძლებოდა: „რელიგია სატყუარა და ყალთაბანდობაა“ და „ემსახურეთ ღმერთს და მეფე ქრისტეს“. როდესაც ისინი ქუჩებს მიუყვებოდნენ, გამვლელთა ყურადღებას იქცევდნენ. „ამან დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ იეჰოვას მოწმეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყვნენ და მათ გამბედაობა შემატებოდათ“, — თქვა ერთმა ძმამ, რომელიც ლონდონის (ინგლისი) ხალხმრავალ ქუჩებში რეგულარულად მონაწილეობდა ამგვარ ქადაგებაში.
12. ღვთის სამსჯავროს ცნობების გარდა, კიდევ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს მსახურებაში, და ერთობლივად ვინ ქადაგებს დღეს კეთილ ცნობას?
12 როდესაც ღვთის სამსჯავროს ცნობებს ვაცხადებთ, ყურადღებას სამეფოს შესახებ ცნობაში მოცემულ კურთხევებზეც ვამახვილებთ. მთელი დედამიწის ზურგზე გაბედულად ქადაგება ღირსეულთა მოძებნაში გვეხმარება (მათე 10:11). ცხებულთა კლასის დარჩენილი ნაწილის უმრავლესობა XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში გამოეხმაურა მომკელთა სიმბოლური ბუკის ხმას. შემდეგ, 1935 წელს გამართულ კონგრესზე, შესანიშნავი სიახლე გახდა ცნობილი „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ ბედნიერი მომავლის შესახებ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). მათ ყურად იღეს ღვთის სამსჯავროს ცნობები და ცხებულებს შეუერთდნენ სიცოცხლის გადამრჩენი კეთილი ცნობის ქადაგებაში.
13, 14. ა) როგორ გვანუგეშებს ფსალმუნის 125:5, 6? ბ) თუ თესვასა და მორწყვას განვაგრძობთ, რა მოჰყვება ამას შედეგად?
13 ღვთის სამკალში მომუშავეთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დევნიან, მეტად მანუგეშებელია ფსალმუნის 125:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი“. თესვისა და მომკის შესახებ ფსალმუნმომღერლის სიტყვები ძველი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელის დარჩენილ ნაწილზე იეჰოვას მზრუნველობისა და მის მიერ მათი კურთხევის თვალსაჩინო მაგალითია. ისინი უსაზღვროდ ბედნიერნი იყვნენ მონობიდან გათავისუფლების გამო, მაგრამ შესაძლოა ტირილით თესავდნენ თესლს თავიანთი 70-წლიანი გადასახლების პერიოდში უპატრონოდ მიგდებულ, გავერანებულ მიწაზე. როგორც უნდა ყოფილიყო, მათ, ვინც შეუპოვრად განაგრძო თესვა და საამშენებლო სამუშაოები, თავიანთი შრომის ნაყოფი და კმაყოფილება მოიმკეს.
14 ჩვენც შეიძლება ვტიროდეთ, როდესაც განსაცდელში ვიმყოფებით ან როცა ჩვენ, ან ჩვენი თანამორწმუნეები, ‘სიმართლისათვის ვიტანჯებით’ (1 პეტრე 3:14). მკაში მონაწილეობისას თავდაპირველად შეიძლება დუხჭირი დრო დაგვიდგეს, რადგან, მსახურებაში ჩვენი მცდელობების მიუხედავად, თითქოსდა არაფერი გამოგვდის. მაგრამ, თუ თესვასა და მორწყვას განვაგრძობთ, ღმერთი გაზრდის, და ხშირად შედეგი ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს (1 კორინთელთა 3:6). ამის თვალსაჩინო მაგალითია შედეგები, რომლებიც ჩვენ მიერ ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას მოაქვს.
15. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ რამდენად სასარგებლოა ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენება მკის საქმიანობაში.
15 განვიხილოთ ერთი მამაკაცის, სახელად ჯიმის, შემთხვევა. როდესაც დედა გარდაეცვალა, ჯიმიმ მის პირად ნივთებში აღმოაჩინა წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.)a. მან დიდი ინტერესით წაიკითხა ეს წიგნი. ერთხელ მას ქუჩაში იეჰოვას მოწმე გაესაუბრა. ისინი საუბრის შემდგომში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ამას კი შედეგად ჯიმისთან ბიბლიის შესწავლის დაწყება მოჰყვა. მან სწრაფად წაიწია წინ სულიერად, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ნასწავლი თავისი ოჯახის სხვა წევრებს გაუზიარა. შედეგად, მისი და-ძმა იეჰოვას მოწმე გახდა, ჯიმის კი მოგვიანებით ლონდონის ბეთელში მოხალისედ, სრული დროით, მსახურების უპირატესობა ხვდა წილად.
დევნის მიუხედავად სიხარულით აღსავსენი
16. ა) რატომ აღმოჩნდა მკის საქმიანობა წარმატებული? ბ) რა გაფრთხილება მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებდა კეთილი ცნობა ოჯახებზე, და მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორ უნდა მოვეპყროთ ადამიანებს?
16 რატომ აღმოჩნდა მკის საქმიანობა ასე წარმატებული? იმიტომ რომ ცხებულმა ქრისტიანებმა და მათმა თანამსახურებმა ყურად იღეს იესოს მითითება: „რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ“ (მათე 10:27). მაგრამ სიძნელეებსაც უნდა მოველოდეთ, ვინაიდან იესომ გაგვაფრთხილა: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ“. შემდეგ იესომ დასძინა: „ნუ გგონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“ (მათე 10:21, 34). იესოს ოჯახების გათიშვა არ განუზრახავს, მაგრამ ხანდახან თავად კეთილი ცნობა იწვევდა ამას. იგივე შეიძლება ითქვას ღვთის დღევანდელ მსახურებზეც. როდესაც ოჯახებს ვინახულებთ, ჩვენი მიზანი ის არ არის, რომ განხეთქილება გამოვიწვიოთ; ჩვენი სურვილია, ყველა ჩაეჭიდოს კეთილ ცნობას. ამიტომ ვცდილობთ, თავაზიანად და თანაგრძნობით მოვეპყროთ ოჯახის ყველა წევრს, რაც ჩვენს ცნობას მიმზიდველს ხდის „საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად განწყობილთათვის“ (საქმეები 13:48, აქ).
17. როგორ გამოირჩევიან სხვებისგან ისინი, ვინც ღვთის უზენაესობას უჭერს მხარს, და რა მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?
17 სამეფოს შესახებ ცნობა სხვებისგან განასხვავებს მათ, ვინც მხარს უჭერს ღვთის უზენაესობას. მაგალითად, ვნახოთ როგორ გამოირჩეოდნენ ჩვენი თანამორწმუნეები იმით, რომ ნაცისტურ გერმანიაში ‘კეისარს კეისრისას აძლევდნენ, ხოლო ღვთისას — ღმერთს’ (ლუკა 20:25). ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების რელიგიური წინამძღოლებისა და ნომინალური ქრისტიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები არ მიდიოდნენ კომპრომისზე და უარს ამბობდნენ ბიბლიური პრინციპების დარღვევაზე (ესაია 2:4; მათე 4:10; იოანე 17:16). ავტორმა წიგნისა „ნაცისტური სახელმწიფო და ახალი რელიგიები“, პროფესორმა კრისტინ კინგმა შენიშნა: „[ნაცისტური] მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების წინააღმდეგ ვერ გახდა ვერაფერს; მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მათგანი მოკლეს, მათი საქმიანობა წინ მიიწევდა და 1945 წლის მაისში იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობა კვლავაც აქტიური იყო, მაშინ როცა ნაციონალურმა სოციალიზმმა კრახი განიცადა“.
18. დევნის მიუხედავად, რა განწყობილებას ავლენს იეჰოვას ხალხი?
18 განწყობილება, რომელსაც იეჰოვას ხალხი დევნის დროს ავლენს, მართლაც რომ, მრავლისმეტყველია. ქვეყნიური ხელისუფლების წარმომადგენლებზე შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენმა რწმენამ, მაგრამ ისინი გაკვირვებას ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, რომ გულში არანაირ ღვარძლსა და ბოროტებას არ ვატარებთ. მაგალითად, ჰოლოკაუსტს გადარჩენილი მოწმეები ხშირად გამოხატავენ სიხარულსა და კმაყოფილებას იმის გახსენებისას, რაც თავს გადახდათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვამ მათ „აღმატებული ძლიერება“ უბოძა (2 კორინთელთა 4:7). ჩვენ შორის მყოფ სულით ცხებულებს სწამთ, რომ მათი ‘სახელები ცაში დაიწერა’ (ლუკა 10:20, სსგ). მათი მოთმინება წარმოშობს იმედს, რომელიც არ არის გამაწბილებელი; იმავეში არიან დარწმუნებული ის ერთგული მომკელებიც, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ (რომაელთა 5:4, 5).
შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა
19. რა ეფექტური მეთოდები გამოიყენება ქრისტიანულ მსახურებაში?
19 კიდევ რამდენ ხანს დაგვრთავს იეჰოვა ფიგურალურ მკაში მონაწილეობის ნებას, ამას დრო გვიჩვენებს. ამასობაში კი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მომკელებს მუშაობის განსაკუთრებული მეთოდები აქვთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქადაგების ნაცადი და სანდო მეთოდების გამოსაყენებლად ჩვენ მიერ გამოვლენილი მოწადინება და შეუპოვრობა შედეგიანი იქნება. პავლემ უთხრა თანაქრისტიანებს: „გევედრებით: მომბაძეთ მე“ (1 კორინთელთა 4:16, სსგ). როდესაც პავლე მილეტში ეფესოელ უხუცესებს შეხვდა, შეახსენა, რომ არაფერი დაუშურებია მათთვის სასწავლებლად „საჯაროდ თუ კარდაკარ“ (საქმეები 20:20, აქ, 21). პავლეს თანამსახურ ტიმოთეს ნასწავლი ჰქონდა მოციქულის მეთოდები და ამიტომაც შეეძლო, კორინთელებისთვისაც ესწავლებინა ისინი (1 კორინთელთა 4:17). ღმერთმა აკურთხა პავლეს სწავლების მეთოდები და აკურთხებს ჩვენს შეუპოვრობასაც, რომელსაც ვავლენთ კეთილი ცნობის ქადაგებისას საჯაროდ თუ კარდაკარ, განმეორებითი მონახულებებისა თუ ბიბლიის საშინაო შესწავლის დროს და ყველგან, სადაც კი ხალხს ვხვდებით (საქმეები 17:17).
20. როგორ ახსნა იესომ, რომ უხვი სულიერი მოსავალი მზად იყო ასაღებად და როგორ მოხდა, რომ ამ უკანასკნელ წლებშიც უხვი მოსავლის ასაღებად გაიხსნა გზები?
20 ახ. წ. 30 წელს სიქარში სამარიელ ქალთან ქადაგების შემდეგ იესომ სულიერი მკის შესახებ ისაუბრა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ“ (იოანე 4:34—36). იესომ, ალბათ, წინდაწინვე განჭვრიტა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მის შეხვედრას სამარიელ ქალთან, ვინაიდან ამ ქალის დამოწმების საფუძველზე მრავალმა ირწმუნა იგი (იოანე 4:39). უკანასკნელ წლებში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე მრავალმა ქვეყანამ მოხსნა შეზღუდვები ან კანონიერად აღიარა ისინი და, ამგვარად, ახალი ყანების მოსამკელად გაიხსნა გზები. შედეგი კი ის არის, რომ ამჟამად უხვი სულიერი მოსავლის აღება მიმდინარეობს. ვინაიდან სიხარულით განვაგრძობთ სულიერ მკაში მონაწილეობას, უხვ კურთხევებს ვიღებთ მთელი დედამიწის ზურგზე.
21. რატომ გვაქვს იმის საფუძველი, რომ, როგორც სიხარულით აღსავსე მომკელებმა, შეუპოვრად განვაგრძოთ მკა?
21 როდესაც მოსავალი შემოდის და მზად არის ასაღებად, მუშებმა სასწრაფოდ უნდა მიაშურონ ბაღ-მინდვრებს. ახლა მათ იმის დრო აღარა აქვთ, რომ გულხელდაკრეფილი ისხდნენ — დაუღალავად უნდა გაისარჯონ. დღეს ჩვენც მუხლჩაუხრელად და მუდამ გადაუდებლობის გრძნობით გვმართებს მუშაობა, ვინაიდან ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). დიახ, განსაცდელებსაც ვაწყდებით, მაგრამ დღეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა უფრო დიდ მოსავალს ვიმკით, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ, ეს არის სიხარულის დღე (ესაია 9:2). მაშ, როგორც სიხარულით აღსავსე მომკელებმა, მოდი შეუპოვრად განვაგრძოთ მკა!
[სქოლიოები]
a გამოცემულია და ვრცელდება იეჰოვას მოწმეთა მიერ.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ უპასუხა სამკლის უფალმა ჩვენს თხოვნას უფრო მეტი მუშაკის წარმოგზავნის თაობაზე?
• რა განწყობილებას ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ყველასგან მოძულებულნი“ ვართ?
• თუმცა გვდევნიან, რატომ ვართ სიხარულით აღსავსენი?
• რატომ უნდა გვქონდეს მკის საქმიანობაში მონაწილეობისას შეუპოვრობისა და გადაუდებლობის გრძნობა?
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
სულიერ მკაში მონაწილეებს ანგელოზები უჭერენ მხარს.
[სურათი 18 გვერდზე]
საინფორმაციო მსვლელობების წყალობით სამეფოს შესახებ ცნობამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
[სურათი 18 გვერდზე]
ჩვენ ვრგავთ და ვრწყავთ, მაგრამ ღმერთი ზრდის.