მკითხველთა შეკითხვები
როგორ შეიძლება ქრისტიანმა განსაზღვროს, მართებულია თუ არა ფულადი თუ სხვა სახის საჩუქრის მიცემა სახელმწიფო მოხელისთვის?
ამ დროს საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ქრისტიანებისგან პატიოსნება მოითხოვება. სავალდებულოა კანონის დაცვაც, თუ ის იეჰოვას კანონს არ ეწინააღმდეგება (მათ. 22:21; რომ. 13:1, 2; ებრ. 13:18). ქრისტიანებს ისიც სურთ, რომ პატივისცემით მოეკიდონ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა თუ საზოგადოებაში მიღებულ შეხედულებებს და მოყვასი საკუთარი თავივით უყვარდეთ (მათ. 22:39; რომ. 12:17, 18; 1 თეს. 4:11, 12). ამ პრინციპების გათვალისწინება გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებს ფულადი თუ სხვა სახის საჩუქრის მიცემაზე.
ბევრ ქვეყანაში მოქალაქე ვალდებული არ არის, საჯარო მოხელეს კანონიერი მომსახურებისთვის რაიმე აჩუქოს. საჯარო მოხელეებს სახელმწიფო უხდის ხელფასს. ისინი არც ითხოვენ და არც მოელიან, რომ ვინმე დამატებით რამეს გადაუხდის ან აჩუქებს. ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება, რომ სახელმწიფო მოხელემ კანონიერი მომსახურების სანაცვლოდ მოითხოვოს ან მიიღოს რაიმე ფასეული. ასეთი საჩუქარი ქრთამად ჩაითვლებოდა მაშინაც კი, თუ გავლენას არ მოახდენდა მომსახურების ხარისხსა თუ შედეგზე. ამ ქვეყნებში ფულადი თუ სხვა სახის საჩუქრის მიცემა-არმიცემის საკითხი არც კი დგება ქრისტიანების წინაშე. ასეთი საჩუქრები უბრალოდ მიუღებელია.
თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონები არ არის ან მკაცრად არ ითხოვენ მათ დაცვას, სახელმწიფო მოხელეებს შეიძლება იგივე დამოკიდებულება არ ჰქონდეთ საჩუქრების მიმართ. ზოგ ქვეყანაში მოხელეები სარგებლობენ თავიანთი მდგომარეობით და ფულს სძალავენ ან აიძულებენ რაიმეს კეთებას მათ, ვისაც უნდა მოემსახურონ. საჩუქრის გარეშე ისინი საქმეს ხელს არ ჰკიდებენ. შედეგად, ის პირები, რომლებიც რეგისტრაციაში ატარებენ ქორწინებას, იღებენ საშემოსავლო გადასახადებს, იძლევიან მშენებლობის ნებართვას თუ ეწევიან სხვა მომსახურებას, ითხოვენ ფულად საჩუქრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება გაართულონ ან საერთოდ შეუძლებელი გახადონ მოქალაქეებისთვის კანონიერი მომსახურება. მაგალითად, ერთ ქვეყანაში მეხანძრეები მანამდე არ იწყებენ ხანძრის ჩაქრობას, სანამ სოლიდურ თანხას არ მისცემენ.
იქ, სადაც ასეთი დამოკიდებულებაა გავრცელებული, ზოგი მიიჩნევს, რომ ფულადი საჩუქრის გარეშე საქმის გაკეთება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება ფულადი საჩუქარი კანონიერი მომსახურებისთვის დამატებით გადასახადად ჩათვალოს. თუმცა, სადაც კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა, ქრისტიანს სიფრთხილე მართებს, რათა ღვთის თვალში მისაღებსა და მიუღებელს შორის გავლებული ზღვარი მისთვის ბუნდოვანი არ გახდეს. ერთია, კანონიერი ქმედებისთვის მიეცეს ვინმეს ფულადი საჩუქარი და მეორეა, კანონის გვერდის ავლით პირადი სარგებლობის მისაღებად. ასეთ ქვეყნებში ზოგი ფულს ჩუქნის სახელმწიფო მოხელეს ისეთი მომსახურების მისაღებად, რომელიც არ ეკუთვნით, ან პოლიციელსა თუ სხვა ოფიციალურ პირს აძლევს ფულად საჩუქარს სამართლიანი ჯარიმის თავიდან ასარიდებლად. ცხადია, ვინმესთვის ასეთი „საჩუქრის“ მიცემა ან გამორთმევა სამართლის გამრუდება იქნებოდა (გამ. 23:8; კან. 16:19; იგავ. 17:23).
ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს მოწიფულ ქრისტიანთა უმეტესობას, რომ ფულადი საჩუქარი მისცეს მოხელეებს, რომლებიც ამას ითხოვენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნებოდა კორუფციისადმი ან შემწყნარებლური დამოკიდებულება, ან მისთვის ხელის შეწყობა. ამიტომ ისინი უარს ამბობენ ასეთი საჩუქრების მიცემაზე.
მოწიფულ ქრისტიანებს ესმით, რომ უკანონო მომსახურებისთვის საჩუქრის მიცემა ქრთამის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა ადგილობრივი მდგომარეობიდან თუ საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგმა შეიძლება მადლიერების ნიშნად პატარა საჩუქარი გაიღოს კანონიერი მომსახურების მისაღებად ან მისი გაჭიანურების თავიდან ასარიდებლად. საავადმყოფოში უფასო მკურნალობისთვის მადლიერების ნიშნად ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება საჩუქრები მისცეს ექიმებსა და ექთნებს. ისინი ამას მკურნალობის შემდეგ აკეთებენ, რათა საჩუქარი ქრთამში ან განსაკუთრებული მომსახურების მოთხოვნაში არ ჩაეთვალოთ.
შეუძლებელია ყველა სავარაუდო სიტუაციის განხილვა, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ადგილობრივი მდგომარეობის მიუხედავად, ქრისტიანებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნონ (რომ. 14:1—6). ისინი უნდა მოერიდონ უკანონო ქმედებებსა და ისეთ საქციელს, რომელიც შეურაცხყოფდა იეჰოვას სახელს ან დააბრკოლებდა სხვებს (რომ. 13:1—7; მათ. 6:9; 1 კორ. 10:32). მათ გადაწყვეტილებებში მოყვასის სიყვარული უნდა ჩანდეს (მარ. 12:31).
როგორ უნდა გამოხატონ და-ძმებმა სიხარული, როდესაც კრების შეხვედრაზე გარიცხულის აღდგენის თაობაზე კეთდება განცხადება?
ლუკას მე-15 თავში ვკითხულობთ იესოს მიერ მოყვანილ მაგალითს ერთ კაცზე, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავდა. როდესაც მან ერთი ცხვარი დაკარგა, დატოვა ოთხმოცდაცხრამეტი უდაბურ ადგილას და იმ ერთის საძებნელად წავიდა. იგი მზად იყო, მანამდე ეძებნა დაკარგული ცხვარი, სანამ არ იპოვიდა. იესო თხრობას ასე აგრძელებს: „როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო“. შემდეგ იესომ დასძინა: „ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკ. 15:4—7).
კონტექსტიდან ჩანს, რომ იესომ ამ სიტყვებით აზროვნება შეუსწორა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებმაც ის გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ურთიერთობისთვის დაძრახეს (ლუკ. 15:1—3). როგორც იესომ აღნიშნა, მომნანიებელი ცოდვილის გამო სიხარულია ზეცაში. ჩნდება კითხვა: თუკი ზეცა ხარობს, განა ჩვენც არ უნდა გვიხაროდეს, როდესაც შემცოდველი ინანიებს, უბრუნდება იეჰოვას და „ასწორებს ფეხის სავალს“? (ებრ. 12:13).
კრებაში გარიცხულის აღდგენა ნამდვილად სიხარულის მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი ერთგულება მან ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, გვიხარია, რომ უკვე მოინანია და კრებაში აღდგა. გამომდინარე აქედან, როცა კრების შეხვედრაზე გარიცხულის აღდგენის შესახებ კეთდება განცხადება, შეიძლება ბუნებრივად გაგვიჩნდეს ტაშის დაკვრის სურვილი, ოღონდ ეს მოკრძალებულად უნდა გავაკეთოთ.
რა იყო იმის მიზეზი, რომ იერუსალიმში ბეთზათას აუზის წყალი „იძვროდა“?
იესოს თანამედროვე ზოგ იერუსალიმელს მიაჩნდა, რომ ბეთზათას აუზის წყალს, როცა ის იძვროდა, განკურნების ძალა ჰქონდა (იოან. 5:1—7). ამის გამო განკურნების მსურველნი ამ აუზთან იკრიბებოდნენ.
მიიჩნევენ, რომ ბეთზათა იუდეველთა რიტუალური აუზი იყო. მასში წყალი გვერდით მდებარე წყალსაცავიდან შეედინებოდა, რომელიც ამავე კომპლექსს მიეკუთვნებოდა. ამ ადგილის შესწავლამ გამოააშკარავა, რომ ორ აუზს ერთმანეთისგან კაშხალი ჰყოფდა. როცა კაშხლის კარს ხსნიდნენ, წყალსაცავიდან არხის გავლით წყალი ბეთზათას აუზში ფსკერზე შეედინებოდა. ასეთ დროს, ბუნებრივია, შემდინარე ნაკადი ზედაპირზე წყალს აღელვებდა.
ბიბლიის ზოგ თარგმანში იოანეს 5:4-ში ვკითხულობთ, რომ ანგელოზი ამღვრევდა წყალს, თუმცა ამ აზრს არ ვხვდებით ავტორიტეტულ ძველ ბერძნულ ხელნაწერებში, მაგალითად მეოთხე საუკუნით დათარიღებულ სინურ კოდექსში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთხელ იესომ ბეთზათას აუზთან განკურნა 38 წლის მანძილზე ავადმყოფობით დატანჯული მამაკაცი ისე, რომ ეს კაცი არც კი ჩასულა აუზში.