სამახსოვრო სამარხი
დასამარხი ადგილი, სადაც მიცვალებულს იმ იმედით მარხავდნენ, რომ სხვებს, განსაკუთრებით ღმერთს, ეხსომებოდა ის.
სასაფლაოსა და სამარხის აღმნიშვნელ ბერძნულ სიტყვებთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში ნათქვამია: «ტაფოს („სამარხი“) დამარხვის აზრს ატარებს (თაპტო — „დამარხვა“), როგორც ეს მათეს 23:27-დან ჩანს; მნემეიონ (მომდინარეობს სიტყვებიდან მნაომე, მიმნესკო — „გახსენება“, „შეხსენება“) ნიშნავს მემორიალს („ძეგლის მსგავსი სამარხი“)» (Word Pictures in the New Testament, 1932, ა. თ. რობერტსონი, ტ. V, გვ. 87). მნემეიონის მონათესავე სიტყვაა მნემა, რომელიც მსგავს მნიშვნელობას ატარებს და მიუთითებს „მიცვალებულის ან რაიმეს სამახსოვროდ გაკეთებულ მემორიალზე, სამარხზე დადგმულ ძეგლზე და, შესაბამისად, თავად სამარხზე“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 2, გვ. 173).
ასეთი სამარხი შეიძლებოდა ყოფილიყო მიწაში ამოთხრილი საფლავი ან ებრაელებში გავრცელებული ბუნებრივი გამოქვაბული, ან კლდეში გამოკვეთილი აკლდამა (შდრ. სქ. 7:16 და დბ. 23:19, 20). როგორც დავინახეთ, სიტყვა ტაფოს („სამარხი“) აქცენტს დამარხვაზე აკეთებს, სიტყვები მნემა და მნემეიონ კი — მიცვალებულის ხსოვნაზე. ასე რომ, ეს უკანასკნელი სიტყვები ტაფოსისგან განსხვავებით ხაზს უსვამს მუდმივობას და ენათესავება ლათინურ სიტყვა მონუმენტუმს (monumentum).
ებრაელთა სამარხები, როგორც წესი, ქალაქგარეთ მდებარეობდა, თუ არ ჩავთვლით მეფეთა სამარხებს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული სამარხები ქალაქგარეთ იყო, გარდა საქმეების 2:29-ში მოხსენიებული დავითის სამარხისა. ვინაიდან სამარხები მოშორებით მდებარეობდა და ებრაელები ცდილობდნენ, არ მიახლოებოდნენ მათ, რათა რიტუალურად არ გაუწმინდურებულიყვნენ, სასაფლაოებზე ჭკუიდან შეშლილები და დემონებით შეპყრობილები იდებდნენ ბინას (მთ. 8:28; მრ. 5:5).
გამოირჩეოდა სისადავით. თუმცა სამახსოვრო სამარხები ებრაელებს მიცვალებულებს ახსენებდა, ისინი მდიდრულად მოწყობილი და შემკული არ იყო. ზოგი იმდენად სადა და შეუმჩნეველი იყო, რომ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, ზედ რომ დადიოდნენ (ლკ. 11:44). გარშემო მცხოვრები წარმართი ხალხები სამარხებს შეძლებისდაგვარად მდიდრულად ამკობდნენ, პალესტინაში ნაპოვნი ებრაელთა ძველი სამარხები კი სისადავით გამოირჩეოდა. მიზეზი ის იყო, რომ ებრაელთა რელიგია არ იწყნარებდა მიცვალებულთა თაყვანისცემას და არ ასწავლიდა სულიერ სამყაროში სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, როგორც ეს ეგვიპტელებს, ქანაანელებსა და ბაბილონელებს სწამდათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კრიტიკოსის აზრით, ისრაელთა თაყვანისცემა ძველი დროიდანვე სინკრეტული იყო, ანუ ერთმანეთთან შერწყმული იყო ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები და უფრო ძველი რელიგიების პრინციპები და ჩვეულებები, ებრაელთა სამარხების სისადავე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი მტკიცედ იცავდნენ თავიანთ რელიგიას ცრურელიგიური გავლენისგან. თუმცა გამონაკლისებიც ხდებოდა. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მის დღეებში მწიგნობრებსა და ფარისევლებს ჩვეულებად ჰქონდათ წინასწარმეტყველებებისა თუ სხვების სამახსოვრო სამარხების შემკობა (მთ. 23:29, 30). იმ დროს ბერძნებისა და რომაელების გავლენით შეძლებული ებრაელები უფრო მდიდრული სამარხების გაკეთებას ცდილობდნენ.
იოანე ნათლისმცემლის სამარხის გარდა (მრ. 6:29), ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოიხსენიება ლაზარესა და იესოს სამარხები. ლაზარეს სამარხი ტიპური ებრაული სამარხი იყო, ანუ გამოქვაბული, რომლის შესასვლელსაც ქვას აფარებდნენ. თუ ის პალესტინაში ნაპოვნი სამარხების მსგავსი იყო, მისი შესასვლელი შედარებით პატარა იქნებოდა. ბიბლიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის სოფლის გარეთ მდებარეობდა (ინ. 11:30—34, 38—44).
იესოს სამარხი. იესო ახალ სამარხში დაასვენეს, რომელიც იოსებ არიმათეელს ეკუთვნოდა. ეს იყო არა გამოქვაბული, არამედ კლდეში გამოკვეთილი სამარხი, რომელიც ბაღში, იესოს წამების ბოძზე გაკვრის ადგილთან ახლოს მდებარეობდა. სამარხის შესასვლელზე მისაფარებლად საჭირო იყო დიდი, შესაძლოა მრგვალი ქვა, როგორსაც ზოგჯერ იყენებდნენ (მთ. 27:57—60; მრ. 16:3, 4; ინ. 19:41, 42). მას შესაძლოა კლდეში გამოკვეთილი თაროები ანუ ნიშები ჰქონდა, რომლებზეც ცხედრებს ასვენებდნენ (შდრ. მრ. 16:5).
ძირითადად ასახელებენ ორ ადგილს, სადაც შეიძლებოდა იესოს სამარხი ყოფილიყო. ტრადიციულად მიჩნეულ ადგილას აგებულია ქრისტეს საფლავის ეკლესია (მაცხოვრის აღდგომის ტაძარი). მეორე ადგილს ბაღის სამარხს უწოდებენ, რომელიც გამოკვეთილია გორაკზე გამოშვერილ კლდეში და დღევანდელი იერუსალიმის გალავნის გარეთ მდებარეობს. თუმცა არ არსებობს სარწმუნო მტკიცებები, რომ იესო რომელიმე მათგანში ყოფილიყო დასვენებული (იხ. გოლგოთა).
იესოს სიკვდილის დროს გახსნილი სამარხები. მათეს 27:52, 53-ში ნათქვამია, რომ იესოს სიკვდილის დროს მომხდარი მიწისძვრის შედეგად „გაიხსნა სამარხები“. ეს სიტყვები დღემდე კამათს იწვევს, რადგან ზოგს მიაჩნია, რომ ისინი მკვდრეთით აღდგომაზე მიანიშნებს. თუმცა მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებულ ბიბლიურ მუხლებთან ამ მუხლების შედარება ცხადყოფს, რომ აქ მკვდრეთით აღდგომა კი არ იგულისხმება, არამედ სამარხებიდან გვამების გადმოყრა. მსგავსი შემთხვევები მეოცე საუკუნეშიც მოხდა, მაგალითად, 1949 წელს — ეკვადორში, 1962 წელს კი — კოლუმბიის ქალაქ სონსონში, სადაც ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სასაფლაოზე 200 გვამი ამოიყარა (El Tiempo, ბოგოტა, კოლუმბია, 31 ივლისი, 1962).
ღვთის მეხსიერებაში მყოფნი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მნემეიონ ხსოვნის მნიშვნელობას ატარებს, იოანეს 5:28-ში (იხ. სქ.) ამ სიტყვის, და არა ტაფოსის, გამოყენება სამარხებში მყოფთა აღდგომასთან მართებულია და მკვეთრად უპირისპირდება სრულად უარყოფისა და მეხსიერებიდან წაშლის აზრს, რასაც სიტყვა „გეენა“ ატარებს (მთ. 10:28; 23:33; მრ. 9:43). ებრაელები დაკრძალვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ (იხ. დამარხვა, დასამარხი ადგილი), რაც იმაზე მოწმობს, რომ მათ ძალიან უნდოდათ სხვებს, განსაკუთრებით იეჰოვა ღმერთს, ხსომებოდა ისინი, რადგან სწამდათ, რომ ის „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებ. 11:1, 2, 6). ებრაელთა სამარხებს იშვიათად ჰქონდა გაკეთებული წარწერები, და თუ ჰქონდა, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სახელი ეწერა. სხვა ერების მეფეებისგან განსხვავებით იუდას გამორჩეულ მეფეებს არ გაუკეთებიათ დიდებული ძეგლები, რომლებზეც ამოტვიფრული იქნებოდა მათი საგმირო საქმეები და განმადიდებელი სიტყვები. ამგვარად, აშკარაა, რომ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანების უმთავრესი სურვილი იყო, მალაქიას 3:16-ში მოხსენიებულ „სამახსოვრო წიგნში“ ყოფილიყვნენ ჩაწერილნი (შდრ. ეკ. 7:1; იხ. სახელი).
სამარხად ან სამახსოვრო სამარხად ნათარგმნი ბერძნული სიტყვების ძირითადი აზრი მეტ მნიშვნელობას სძენს იესოს გვერდით ძელზე გაკრული ბოროტმოქმედის თხოვნას: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“ (ლკ. 23:42).