ჭეშმარიტი იმედი
„პიროვნების დაბადებიდანვე არსებობს ნებისმიერ მომენტში მისი სიკვდილის ალბათობა; და, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად ხდება“. არნოლდ ტოინბი, ინგლისელი ისტორიკოსი.
1. რა საზარელ რეალობასთან შეგუება უხდება კაცობრიობას და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
ვინ უარყოფს ამ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას? კაცობრიობას ყოველთვის უწევდა სიკვდილის საზარელ რეალობასთან შეგუება. რა უმწეოდ ვგრძნობთ თავს, როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება! ვფიქრობთ, რომ ამ უზარმაზარ დანაკარგს ვერაფერი აგვინაზღაურებს. შესაძლებელია, რომ კვლავ შევხვდეთ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ? რა იმედს გვაძლევს ბიბლია მიცვალებულებთან დაკავშირებით? მოდით, განვიხილოთ.
‘ჩვენი მეგობარი მოკვდა’
2–5. ა) როგორ გამოამჟღავნა იესომ თავისი მეგობრის, ლაზარეს, აღდგენის სურვილი და უნარი? ბ) რა მოჰყვა შედეგად აღდგომის სასწაულს, გარდა იმისა, რომ ლაზარეს სიცოცხლე დაუბრუნდა?
2 ახ. წ. 32 წელი იყო. იერუსალიმიდან 3 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ბეთანიაში, ლაზარე და მისი დები, მართა და მარიამი, ცხოვრობდნენ. ისინი იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ლაზარე მძიმედ ავად გახდა. შეწუხებულმა დებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს ეს ამბავი იესოს, რომელიც მდინარე იორდანეს გაღმა იმყოფებოდა. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები და ამიტომ სულ მალე ბეთანიას გაემგზავრა. გზაზე იესომ მოწაფეებს უთხრა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. რადგანაც მოწაფეები ვერ მიხვდნენ მის ნათქვამს, იესომ პირდაპირ თქვა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:1–15).
3 როდესაც გაიგო, რომ იესო ბეთანიაში ჩავიდა, მართა მის მისაგებებლად გაიქცა. დამწუხრებული მართა იესომ თანაგრძნობით დაარწმუნა: „აღდგება შენი ძმა“. მართამ კი უპასუხა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. მაშინ იესომ უთხრა მას: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:20–25, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
4 შემდეგ იესო სამარხთან მივიდა და თქვა, რომ შესასვლელს აფარებული ლოდი მოეშორებინათ. ხმამაღლა ილოცა და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და, როდესაც ყველამ სამარხს მიაპყრო თვალი, ლაზარე მართლაც გამოვიდა. იესომ აღადგინა ლაზარე — სიცოცხლე დაუბრუნა პიროვნებას, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო! (იოანე 11:38–44).
5 მართას მანამდეც სწამდა აღდგომის (იოანე 5:28, 29; 11:23, 24). ლაზარეს აღდგომის სასწაულმა კი განამტკიცა მისი იმედი და სხვებსაც ჩაუნერგა რწმენა (იოანე 11:45). მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს „აღდგომა“?
„აღდგება“
6. რას ნიშნავს სიტყვა „აღდგომა“?
6 სიტყვა „აღდგომა“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „ანასტასის“, რომელიც სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. ებრაულად თარგმნისას ბერძნული სიტყვა „ანასტასის“ თარგმნეს ებრაული სიტყვებით „ტეხიჲათ ჰამმეთიმ“, რაც „მკვდრების აღდგომას“ ნიშნავსa. ამგვარად, აღდგომაში იგულისხმება სიკვდილის უსიცოცხლო მდგომარეობიდან პიროვნების აღდგენა, მისი სიცოცხლის განახლება.
7. რატომ არ წარმოადგენს მკვდრების აღდგენა სირთულეს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესთვის?
7 რამდენადაც იეჰოვა უდიდეს სიბრძნეს ფლობს და სრულყოფილი მეხსიერება აქვს, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ადამიანის აღდგენა. იეჰოვასთვის ძნელი არაა, ახსოვდეს მიცვალებული პიროვნება — მისი პირადი თვისებები, განვლილი ცხოვრება და ამ პიროვნებასთან დაკავშირებული თითოეული წვრილმანი (იობი 12:13; შეადარეთ ესაია 40:26). გარდა ამისა, სიცოცხლე ყველას იეჰოვამ მისცა. ამიტომ მისთვის რთული არ არის, ხელახლა შეუქმნას სხეული და კვლავ მისცეს სიცოცხლე იმავე პიროვნებას. უფრო მეტიც, ლაზარეს შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ იესო ქრისტეს მკვდრების აღდგენის სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს. (შეადარეთ ლუკა 7:11–17; 8:40–56).
8, 9. ა) რატომ არის შეუძლებელი, რომ აღდგომა და სულის უკვდავების წარმოდგენა ერთმანეთს შევუთანხმოთ? ბ) რისი საშუალებითაა შესაძლებელი სიკვდილიდან დაბრუნება?
8 მაგრამ შეუძლებელია, ერთმანეთს შევუთანხმოთ აღდგომის შესახებ ბიბლიური სწავლება და სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენა. სული რომ უკვდავი იყოს და სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდეს ცხოვრებას, აღარავის დასჭირდებოდა აღდგენა ანუ გაცოცხლება. მართლაც, მართას არ გამოუთქვამს ის აზრი, რომ სული უკვდავი იყო და პიროვნების სიკვდილის შემდეგაც ცხოვრობდა. ის არ ფიქრობდა, რომ ლაზარე სადღაც, სულიერ სამყაროში, იყო გადასული და კვლავ აგრძელებდა სიცოცხლეს. პირიქით, მართამ რწმენა გამოხატა ღვთის დანაპირებისადმი, რომ ის სიკვდილიდან დააბრუნებდა ადამიანებს. მან თქვა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24). გარდა ამისა, ლაზარეს არ უამბია სიკვდილის შემდგომი რაიმე შემთხვევა. არც არაფერი იყო საამბობელი.
9 ნათელია, რომ, ბიბლიის თანახმად, სული კვდება და სიკვდილიდან დაბრუნება აღდგომის საშუალებითაა შესაძლებელი. მაგრამ მილიარდები დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც დედამიწაზე პირველი ადამიანი, ადამი, ცხოვრობდა. ასე რომ, ვინ იქნება აღდგენილი და სად?
„ყველანი, ვინც სამახსოვრო სამარხებში არიან“
10. რას დაგვპირდა იესო იმათთან დაკავშირებით, რომლებიც სამახსოვრო სამარხებში არიან?
10 იესო ქრისტემ თქვა: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც [„სამახსოვრო“, აქ] სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). დიახ, იესო დაგვპირდა, რომ ყველა, ვინც იეჰოვას დამახსოვრებული ჰყავს, აღდგება. მილიარდობით ადამიანია მკვდარი. ვინ ახსოვს მათგან ღმერთს და ვინ ელოდება აღდგომას?
11. ვინ იქნება აღდგენილი?
11 ყველა, ვინც იეჰოვას ემსახურებოდა და სიმართლის გზას მიჰყვებოდა, აღდგენილი იქნება. მაგრამ მილიონობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ არ გამოუმჟღავნებია, დაემორჩილებოდა თუ არა ღვთის სამართლიან ნორმებს. მათ არ იცოდნენ, თუ რას მოითხოვდა იეჰოვა, ან ვერ მოასწრეს ცხოვრებაში სათანადო ცვლილებების მოხდენა. ასეთი ადამიანებიც ახსოვს ღმერთს და, ამგვარად, ისინიც იქნებიან აღდგენილი, რადგანაც ბიბლია გვპირდება, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
12. ა) რა ხილვა ჰქონდა მოციქულ იოანეს აღდგომის შესახებ? ბ) რა ‘იქნება ჩაყრილი ცეცხლის ტბაში’ და რას ნიშნავს ეს?
12 მოციქულ იოანეს ამაღელვებელი ხილვა ჰქონდა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ღვთის ტახტის წინ იდგნენ. იოანემ ის ამგვარად აღწერა: „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“ (გამოცხადება 20:12–14, აფ). დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს! ყველა მიცვალებული, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, აღდგენილი იქნება ჯოჯოხეთიდან — საერთო საკაცობრიო სამარიდან (ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31). შემდეგ „სიკვდილი და ჯოჯოხეთი“ ჩაყრილი იქნება, ეგრეთ წოდებულ, „ცეცხლის ტბაში“, რომელიც სრულ განადგურებას ნიშნავს. საერთო საკაცობრიო სამარე მეტად აღარ იარსებებს.
სად იქნებიან აღდგენილი?
13. რატომ გაითვალისწინა ღმერთმა ზოგი ადამიანის ზეცაში საცხოვრებლად აღდგენა და როგორ სხეულს მისცემს იეჰოვა მათ?
13 მამაკაცებისა და ქალების მცირე რიცხვი ზეცაში საცხოვრებლად იქნება აღდგენილი. ისინი იესოსთან ერთად იმმართველებენ, როგორც მეფეები და მღვდლები და მონაწილეობას მიიღებენ სიკვდილის ყოველგვარი შედეგის გაუქმებაში, რაც კაცობრიობას პირველი ადამიანისგან, ადამისგან, გადმოეცა (რომაელთა 5:12; გამოცხადება 5:9, 10). ბიბლიის თანახმად, ისინი მხოლოდ 144 ათასს შეადგენენ და ქრისტეს მიმდევრებს შორის მათი ამორჩევა მოციქულებიდან დაიწყო (ლუკა 22:28–30; იოანე 14:2, 3; გამოცხადება 7:4; 14:1, 3). ყველა ამ აღდგენილ ადამიანს იეჰოვა სულიერ სხეულს მისცემს, ისე რომ მათ ზეცაში ცხოვრება შეძლონ (1 კორინთელთა 15:35, 38, 42–45; 1 პეტრე 3:18).
14, 15. ა) როგორი ცხოვრებისთვის იქნება აღდგენილი დაღუპულთა უმრავლესობა? ბ) რა კურთხევები ელის მორჩილ კაცობრიობას?
14 მიცვალებულთა უმრავლესობა კი დედამიწაზე საცხოვრებლად იქნება აღდგენილი (ფსალმუნი 36:29; მათე 6:10). როგორ დედამიწაზე? დღეს დედამიწაზე ხდება კონფლიქტები, იღვრება სისხლი, ბინძურდება გარემო და ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ძალადობა. ასეთ დედამიწაზე აღმდგარი ადამიანების ბედნიერება მართლაც ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ შემოქმედი გვპირდება, რომ სულ მალე ბოლოს მოუღებს სატანის მმართველობის ქვეშ მყოფ ამ ქვეყნიერებას (იგავნი 2:21, 22; დანიელი 2:44). ახალი სამართლიანი საზოგადოება — ‘ახალი მიწა’ — მაშინ რეალობად იქცევა (2 პეტრე 3:13). იმ დროს „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). გულისტკივილი, რომელსაც სიკვდილის არსებობა იწვევს, ჩამოშორებული იქნება, ვინაიდან ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
15 ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში თავმდაბალნი „დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). ქრისტე იესოსა და მისი 144 000 თანამეფის ზეციერი მთავრობა მორჩილ კაცობრიობას თანდათანობით დაუბრუნებს სრულყოფილებას, რომელიც ჩვენმა პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ, დაკარგეს. დედამიწაზე მცხოვრებთა შორის აღდგენილი ადამიანებიც იქნებიან.
16–18. რა სიხარულს მოუტანს აღდგომა ოჯახებს?
16 ბიბლიაში გამოსჭვივის ის სიხარული, რომელსაც აღდგომა ოჯახებს მოუტანს. წარმოიდგინეთ ნაინელი ქვრივის ბედნიერება, როდესაც იესომ სამგლოვიარო პროცესია შეაჩერა და ერთადერთი ვაჟი აღუდგინა! (ლუკა 7:11–17). მოგვიანებით, როდესაც გალილეის ზღვის მახლობლად იესომ 12 წლის გოგონას დაუბრუნა სიცოცხლე, გოგონას მშობლები აღტაცებულები იყვნენ (მარკოზი 5:21–24, 35–42; იხილეთ ასევე მესამე მეფეთა 17:17–24 და მეოთხე მეფეთა 4:32–37).
17 მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც სიკვდილის ძილით სძინავთ, აღდგომა მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში სიცოცხლის მომტანი იქნება. მხოლოდ დაფიქრდით იმ დიდებულ პერსპექტივაზე, რომელიც ამ ბროშურის პირველ ნაწილში მოხსენიებული ტომისთვისა და ბიზნესმენისთვის არსებობს! როდესაც ტომი დედამიწაზე სამოთხეში აღდგება, ისევ ის ტომი იქნება, რომელიც საკუთარ დედას ახსოვს, მხოლოდ სრულიად ჯანმრთელი. დედამისისთვის შესაძლებელი გახდება, რომ კვლავ შეეხოს მას, მოეხვიოს და მიეალერსოს. ასევე, სიკვდილ-სიცოცხლის თითქმის დაუსრულებელ ციკლში გაბმის ნაცვლად, ინდოელი ბიზნესმენისთვისაც არაჩვეულებრივი იმედი არსებობს, რომ თვალები ღვთის ახალ ქვეყნიერებაში გაახილოს და თავისი ვაჟები დაინახოს.
18 ჭეშმარიტება სულის შესახებ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ და აღდგომის რა იმედი არსებობს, ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ცოცხალი ადამიანებისთვის. მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი.
[სქოლიო]
a თუმცა სიტყვა „აღდგომა“ არ გვხვდება ებრაულ წერილებში, აღდგომის იმედი აშკარად გამოიხატება შემდეგ მუხლებში: იობის 14:13, დანიელის 12:13 და ოსიას 13:14.
[სურათი 26 გვერდზე]
აღდგომა მარადიულ სიხარულს მოიტანს.