იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იოანე“
იოანე — „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა“ — უკანასკნელი მოციქულია, რომელმაც ღვთის შთაგონებით ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ მოგვითხრო (იოან. 21:20). იოანე თავის სახარებაში, რომელიც მან დაახლოებით ახ. წ. 98 წელს დაწერა, ბევრ ისეთ რამეს მოიხსენიებს, რაზეც დანარჩენ სამ სახარებაში არ არის საუბარი.
მოციქულმა იოანემ თავისი სახარება კონკრეტული მიზნით დაწერა, რის შესახებაც თვითონვე ამბობს: „ესენი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით“ (იოან. 20:31). ჩვენთვის ძალიან ღირებულია ის, რაც იოანემ წერილობით შემოგვინახა (ებრ. 4:12).
„აი ღვთის კრავი“
იესოს დანახვაზე იოანე ნათლისმცემელი დამაჯერებლად აცხადებს: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოან. 1:29). იესო მიდის სამარიაში, გალილეაში, იუდეასა და იორდანის აღმოსავლეთ მხარეში და ქადაგებს, ასწავლის და ახდენს სასწაულებს, რის შედეგადაც ‘ბევრი მიდის მასთან და მრავალს სწამს მისი’ (იოან. 10:41, 42).
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული, რომელსაც იესო ახდენს, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენაა. ბევრი ავლენს რწმენას იესოსადმი, როცა ხედავენ მის მიერ აღდგენილ ოთხი დღის მკვდარ ადამიანს. ხოლო მღვდელმთავრები და ფარისევლები იესოს მოკვლის გეგმას ადგენენ. ამიტომ იესო ტოვებს იქაურობას და მიდის „უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში“ (იოან. 11:53, 54).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:35, 40. ვინ იდგა ანდრიას გარდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად? მთხრობელი თავის სახარებაში იოანე ნათლისმცემელს ყოველთვის „იოანედ“ მოიხსენიებს, ხოლო თავის სახელს არასოდეს ახსენებს. აქედან გამომდინარე, ის მოწაფე, რომლის სახელიც არ არის ნახსენები, როგორც ჩანს, თავად სახარების დამწერი იოანეა.
2:20. რომელი ტაძარი ‘შენდებოდა ორმოცდაექვს წელიწადს’? იუდეველები გულისხმობდნენ ზერუბაბელის ტაძრის აღდგენას, რასაც იუდეის მეფე ჰეროდე უწევდა ხელმძღვანელობას. როგორც ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვატყობინებს, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ჰეროდეს მმართველობის მე-18 წელს ანუ ძვ. წ. მე-18 ან მე-17 წელს. ტაძრის საწმინდრისა და სხვა ძირითადი ნაგებობების რეკონსტრუქცია რვა წელიწადში დასრულდა. თუმცა მთლიან სატაძრო კომპლექსზე მუშაობა გაგრძელდა და ის მხოლოდ ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულის შემდეგ დასრულდა. სწორედ ამ დროს თქვეს იუდეველებმა, რომ ტაძრის აღდგენას 46 წელი დასჭირდა.
5:14. ცოდვის შედეგია ავადმყოფობა? მაინცდამაინც არა. მამაკაცი, რომელიც იესომ განკურნა, 38 წელი ავადმყოფობდა, რისი მიზეზიც იყო მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება (იოან. 5:1—9). თავის სიტყვებში იესო გულისხმობდა იმას, რომ ამ კაცის მიმართ ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა; ამიერიდან მას უნდა ევლო გადარჩენის გზით და შეგნებულად აღარ უნდა ჩაედინა ცოდვა, თორემ ავადმყოფობაზე უარესი რამ დაემართებოდა — იქნებოდა დამნაშავე იმაში, რომ ჩაიდინა მიუტევებელი ცოდვა და მას სიკვდილის შემდეგ აღდგომის იმედი აღარ ექნებოდა (მათ. 12:31, 32; ლუკ. 12:10; ებრ. 10:26, 27).
5:24, 25. ვინ არიან ისინი, ვინც ‘სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადიან’? იესო საუბრობს მათ შესახებ, ვინც ერთ დროს სულიერად მკვდარი იყო, მაგრამ მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ მის მიმართ რწმენა გამოავლინა და შეწყვიტა ცოდვილი გზით სიარული. ისინი იმ გაგებით ‘გადადიან სიკვდილიდან სიცოცხლეში’, რომ აღარ იმსახურებენ სიკვდილს და, რამდენადაც ღვთისადმი რწმენას ავლენენ, მარადიული სიცოცხლის იმედი ეძლევათ (1 პეტ. 4:3—6).
5:26; 6:53. რას ნიშნავს გამოთქმა: ‘აქვს სიცოცხლე თავის თავში’? იესოს შემთხვევაში ეს ნიშნავს ორ განსაკუთრებულ რამეს, რაც მას ღვთისგან აქვს ბოძებული. პირველი, იესო ეხმარება ადამიანებს, რომ ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვონ. მეორე, მას აქვს ძალა, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. იესოს მიმდევრების შემთხვევაში ეს გამოთქმა მარადიული სიცოცხლის მიღებას ნიშნავს. ცხებული ქრისტიანები ასეთ სიცოცხლეს აღდგომის შემდეგ იღებენ ზეცაში. მიწიერი იმედის მქონე ერთგული ქრისტიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს საბოლოო გამოცდას წარმატებით გაივლიან (1 კორ. 15:52, 53; გამოცხ. 20:5, 7—10).
6:64. იუდა ისკარიოტელის არჩევისას იცოდა იესომ, რომ ის გასცემდა? როგორც ჩანს, არა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ, ახ. წ. 32 წელს, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“. შესაძლოა, იესომ „თავიდანვე“ ანუ იუდა ისკარიოტელის მიერ არასწორი გზის არჩევიდანვე შენიშნა მასში ეს ცვლილება (იოან. 6:66—71).
რას ვსწავლობთ:
2:4. იესომ დაანახვა მარიამს, რომ ის, როგორც ღვთის მონათლული და ცხებული ძე, თავისი ზეციერი მამის ხელმძღვანელობას უნდა მიჰყოლოდა. მართალია, იესოს ახალი დაწყებული ჰქონდა მსახურება, მაგრამ მან კარგად იცოდა ის საათი ანუ დრო, თუ როდის უნდა შეესრულებინა თავისი საქმე, და აგრეთვე ისიც, თუ როდის გაიღებდა თავის სიცოცხლეს ადამიანებისთვის. იესოს დედას, მარიამსაც კი არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ჩარეულიყო მის საქმეში და მისი ყურადღება ღვთის ნების შესრულებიდან სხვა რამეზე გადაეტანა. ჩვენც იესოს მსგავსი სულისკვეთებით უნდა ვემსახუროთ იეჰოვა ღმერთს.
3:1—9. იუდეველთა მმართველის, ნიკოდემეს მაგალითიდან ორ რამეს ვსწავლობთ. პირველი, ნიკოდემემ გამოავლინა თავმდაბლობა და წვდომის უნარი, აგრეთვე დაინახა, რომ საჭირო იყო, დაეკმაყოფილებინა სულიერი მოთხოვნილებები, და აღიარა, რომ დურგლის თავმდაბალი ვაჟი ღვთისგან გამოგზავნილი მოძღვარი იყო. ჭეშმარიტი ქრისტიანები თავმდაბლები უნდა იყვნენ. მეორე, დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ნიკოდემე არ გამხდარა მისი მოწაფე. შესაძლოა ამის მიზეზი იყო კაცთმოშიშება, სიმდიდრის სიყვარული ან სინედრიონში თავისი მდგომარეობის დაკარგვის შიში. ამ შემთხვევიდან შეგვიძლია ვისწავლოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსგავსი მიზეზების გამო უარი ვთქვათ იმაზე, რომ ‘ვატაროთ წამების ბოძი და მივყვეთ იესოს’ (ლუკ. 9:23).
4:23, 24. ჩვენი თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, ჩვენი სწავლებები უნდა ეთანხმებოდეს ბიბლიას და წმინდა სულით უნდა ვხელმძღვანელობდეთ.
6:27. იმისთვის, რომ ‘ვიშრომოთ ისეთი საზრდოსთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება’, საჭიროა, ძალისხმევა მოვახმაროთ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამას ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს (მათ. 5:3).
6:44. იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. ის თავისი ძისკენ იზიდავს ადამიანებს — სამქადაგებლო მსახურების საშუალებით ის ეძებს მათ და წმინდა სულით ეხმარება, რომ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და მის თანახმად იცხოვრონ.
11:33—36. გრძნობების გამოხატვა სისუსტე არ არის.
‘მიჰყევით მას’
ახლოვდება ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაული და იესო ბეთანიაში ბრუნდება. 9 ნისანს ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის. 10 ნისანს იესო ისევ ტაძარში მიდის. ის ლოცვით მიმართავს მამას, რომ მან განადიდოს თავისი სახელი. პასუხად ზეციდან ისმის ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოან. 12:28).
პასექის აღნიშვნისას იესო თავის მოწაფეებს საბოლოო რჩევას აძლევს და მათთვის ლოცულობს. იესოს აპატიმრებენ, ასამართლებენ და ძელზე აკრავენ. ამის შემდეგ მას ღმერთი მკვდრეთით აღადგენს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
14:2. როგორ მოამზადებდა იესო ადგილს ზეცაში თავისი მიმდევრებისთვის? როდესაც იესო ღვთის წინაშე წარდგებოდა და ღმერთს თავისი სისხლის საფასურს წარუდგენდა, ძალაში შევიდოდა ახალი შეთანხმება. ზეცაში ადგილის მომზადებაში იესოს მეფური ძალაუფლების მიღებაც შედიოდა, რის შემდეგაც მისი ცხებული მიმდევრების ზეცად აღდგენა დაიწყებოდა (1 თეს. 4:14—17; ებრ. 9:12, 24—28; 1 პეტ. 1:19; გამოცხ. 11:15).
14:16, 17; 16:7, 8, 13, 14. როდესაც ამ მუხლებში საუბარია „დამხმარეზე“, ანუ „ჭეშმარიტების სულზე“, რატომ არის იოანეს 14:16, 17-ში ბერძნულ ენაში გამოყენებული საშუალო სქესის პირის ნაცვალსახელი, ხოლო იოანეს 16:7, 8, 13, 14-ში — მამრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი? აქ საქმე გვაქვს წმინდა გრამატიკულ საკითხთან. ბერძნულ ენაზე, რომელზედაც იოანეს სახარება დაიწერა, სიტყვა „დამხმარე“ არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, ხოლო სიტყვა „სული“ — საშუალოსი. როდესაც იოანემ ჩაწერა იესოს სიტყვები იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა დამხმარე, მან გამოიყენა მამრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი. საშუალო სქესის პირის ნაცვალსახელი გამოყენებული იყო მაშინ, როდესაც საუბარი იყო იმაზე, თუ რას შეასრულებდა ჭეშმარიტების სული.
19:11. გულისხმობდა თუ არა იესო იუდა ისკარიოტელს, როცა პილატესთან საუბრისას მოიხსენია კაცი, რომელმაც ‘მისი თავი მას გადასცა’? როგორც ჩანს, იესო იუდას ან რომელიმე კონკრეტულ ადამიანს კი არ გულისხმობდა, არამედ ზოგადად ყველას, ვისაც ბრალი მიუძღოდა მისი სიკვდილით დასჯაში. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ იუდა, „უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი“ და ის „ხალხიც“ კი, რომელიც ბარაბას გათავისუფლებას მოითხოვდა (მათ. 26:59—65; 27:1, 2, 20—22).
20:17. რატომ უთხრა იესომ მაგდალელ მარიამს, რომ მისთვის ხელი გაეშვა? როგორც ჩანს, მარიამი იესოს ჩაებღაუჭა, რადგან ფიქრობდა, რომ იესო სადაცაა ზეცად ამაღლდებოდა და მას ვეღარასდროს იხილავდა. მარიამის დასარწმუნებლად, რომ ის ჯერ არ ადიოდა ზეცაში, იესომ უთხრა, რომ ხელი გაეშვა მისთვის და წასულიყო მოწაფეებთან, რათა მათთვის მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ ეუწყებინა.
რას ვსწავლობთ:
12:36. „სინათლის ძეები“ ანუ სინათლის მატარებლები რომ გავხდეთ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა უნდა შევიძინოთ. შემდეგ ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სხვები სულიერი სიბნელიდან ღვთის სინათლეში გამოვიყვანოთ.
14:6. ღვთის მოწონების დამსახურება ქრისტეს გარეშე შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია დავუახლოვდეთ იეჰოვას, თუ იესოსადმი რწმენას გამოვავლენთ და მის მაგალითს მივყვებით (1 პეტ. 2:21).
14:15, 21, 23, 24; 15:10. თუ ვემორჩილებით ღმერთს და ვასრულებთ მის ნებას, დავრჩებით ღვთისა და მისი ძის სიყვარულში (1 იოან. 5:3).
14:26; 16:13. იეჰოვას წმინდა სული გვასწავლის და ნასწავლის გახსენებაში გვეხმარება. ის აგრეთვე ბიბლიურ ჭეშმარიტებას გვიმჟღავნებს. აქედან გამომდინარე, წმინდა სული იმაში გვეხმარება, რომ შევიძინოთ უფრო მეტი ცოდნა და სიბრძნე, აგრეთვე წვდომის, განსჯისა და აზროვნების უნარი. ამიტომ გამუდმებით უნდა ვილოცოთ და ღმერთს წმინდა სული ვთხოვოთ (ლუკ. 11:5—13).
21:15, 19. იესომ ჰკითხა პეტრეს, უყვარდა თუ არა იესო მას „ამათზე“ ანუ მათ წინ დალაგებულ თევზზე მეტად. ამით იესომ პეტრეს დაანახვა იმის აუცილებლობა, რომ საკუთარი თავი თევზაობისთვის კი არ მიეძღვნა, არამედ იესოს მიერ დაწყებული საქმისთვის. დაე, ამ სახარების ზოგიერთი დეტალის განხილვამ აღგვძრას იმისკენ, რომ არაფერს დავრთოთ ნება, დაჩრდილოს იესოსადმი ჩვენი სიყვარული. მოდი კვლავაც მთელი გულით მივყვეთ მას!
[სურათი 31 გვერდზე]
რას ვსწავლობთ ნიკოდემეს მაგალითიდან?