მიჰბაძეთ მათ რწმენას
ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროს
პეტრე გულისფანცქალით აკვირდებოდა სინაგოგაში იესოს გარშემო შეკრებილ ხალხს. ისინი კაპერნაუმში, პეტრეს მშობლიურ ქალაქში იყვნენ. პეტრე თევზჭერის საქმეს აქ, გალილეის ზღვაში ეწეოდა. ამავე ქალაქში ცხოვრობდნენ მისი მეგობრები, ნათესავები და ის მეთევზეები, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ. ეჭვგარეშეა, პეტრეს ძალიან ენდომებოდა, რომ მათაც ენახათ იესო და განეცადათ ის სიხარული, რასაც ის განიცდიდა ყველაზე დიდებული მასწავლებლისგან ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენით. მაგრამ, როგორც ჩანდა, იმ დღეს ეს არ მოხდებოდა.
ბევრი აღარ უსმენდა იესოს. ზოგმა დრტვინვა დაიწყო და უარყო მისი ნათქვამი. ყველაზე მეტად პეტრესთვის გულსატკენი ალბათ იესოს ზოგი მოწაფის რეაქცია იქნებოდა. მათ სიხარულს აღარ ანიჭებდათ ახლის გაგება და ჭეშმარიტების სწავლა. ისინი განაწყენებულები და გაბრაზებულები ჩანდნენ. ზოგმა მათგანმა იესოს საუბარს აღმაშფოთებელიც კი უწოდა. მათ სინაგოგა დატოვეს და იესოს მიმდევრობაზე უარი თქვეს.
ეს მძიმე დრო იყო როგორც პეტრესთვის, ისე სხვა მოციქულებისთვის. პეტრე ბოლომდე ვერ ჩასწვდა იმას, რაც იესომ იმ დღეს თქვა. უეჭველია, ის მიხვდებოდა, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო იესოს სიტყვები უცნაური ახსნის გარეშე. როგორ უნდა მოქცეულიყო პეტრე? ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მოძღვრისადმი მისი ერთგულება იცდებოდა და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნებოდა. ვნახოთ, როგორ დაეხმარა პეტრეს რწმენა, რომ მსგავსი გამოცდები გადაეტანა და ერთგულება შეენარჩუნებინა.
სხვების ორგულობის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა
პეტრეს ხშირად აოცებდა იესო, რომლის საქციელიც და საუბარიც იმის საპირისპირო იყო, რასაც ხალხი მისგან ელოდა. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე იესომ სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი. ამის გამო ხალხს მისი გამეფება უნდოდა. მაგრამ მათდა გასაკვირად, იესო სხვაგვარად მოიქცა. მან მოწაფეებს უთხრა, რომ ნავით კაპერნაუმისკენ გაეცურათ. როცა მოწაფეები ღამით ზღვას მიაპობდნენ, ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ საოცარი მოვლენის მოწმენი — იესო მათთან წყალდაწყალ მივიდა აბობოქრებულ ზღვაზე. იმ დღეს მან პეტრეს დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი რწმენა.a
დილით მოციქულებმა დაინახეს, რომ ხალხი მათ გამოჰყოლოდა და ნაპირთან მოეყარათ თავი. როგორც ჩანს, მათ სულიერი საზრდოს მიღების სურვილი კი არ ამოძრავებდათ, არამედ უნდოდათ, იესოს კვლავ სასწაულებრივად დაეპურებინა ისინი. ასეთი მატერიალისტური აზროვნების გამო იესომ გაკიცხა ისინი. ეს საუბარი კაპერნაუმის სინაგოგაში გაგრძელდა, სადაც იესო მათი მოლოდინის საპირისპიროდ კიდევ ერთხელ შეეცადა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ესწავლებინა, რომლის გაგებასაც ძალისხმევა სჭირდებოდა.
იესოს ის კი არ უნდოდა, რომ ხალხი მას ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაჰყოლოდა, არამედ სურდა, რომ მასში ღვთისგან გამოგზავნილი მხსნელი დაენახათ, რომლის სიცოცხლე და სიკვდილი ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემდა. ამიტომ მან თავისი თავი შეადარა მანანას, პურს, რომელსაც მოსეს დროს ხალხი ზეციდან იღებდა. როდესაც ზოგმა უკმაყოფილება გამოთქვა, იესომ მაგალითით აუხსნა მათ, რომ სიცოცხლის მისაღებად მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი დაელიათ. სწორედ ამან დააბრკოლა მისი მსმენელებიდან ზოგი. მათ თქვეს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“. ამის გამო ბევრი მისი მოწაფე აღარ დაჰყვებოდა მას (იოანე 6:48—60, 66).b
როგორ უნდა მოქცეულიყო პეტრე? იესოს სიტყვებმა ისიც დააბნია. მას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რომ ღვთის ნების შესასრულებლად იესო უნდა მომკვდარიყო. ჰქონდა პეტრესაც იმის ცდუნება, რომ სხვა მოწაფეების მსგავსად მიეტოვებინა იესო? რა თქმა უნდა, არა. იმ მერყევი ხასიათის მოწაფეებისგან პეტრეს მნიშვნელოვანი რამ განასხვავებდა. რა იყო ეს?
იესო მიუბრუნდა თავის მოციქულებს და უთხრა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ (იოანე 6:67). მან თორმეტივეს მიმართა, მაგრამ პასუხის გაცემა პეტრემ ყველას დაასწრო. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა. ალბათ, მიზეზი ის იყო, რომ პეტრე შესაძლოა ყველაზე უფროსი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ის ყველაზე გულღია იყო მოციქულებში და, როგორც ჩანს, იშვიათად იკავებდა თავს საკუთარი აზრის გამოთქმისგან. ამ შემთხვევაში პეტრემ დაუვიწყარი სიტყვები უთხრა იესოს: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68).
შეეხო თქვენს გულს ეს სიტყვები? პეტრეს იესოსადმი რწმენა დაეხმარა, რომ განევითარებინა უძვირფასესი თვისება — ერთგულება. მან ნათლად დაინახა, რომ იესოს გარდა სხვა მხსნელი არ არსებობდა და ღვთის სამეფოს შესახებ იესოს სწავლება ადამიანთა გადარჩენას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ მისთვის შეიძლება გაუგებარი იყო, მან იცოდა, რომ ღვთის კეთილგანწყობილებასა და მარადიულ კურთხევებს იესოს გარეშე ვერ მიიღებდა.
თქვენც ასე ფიქრობთ? დღეს ბევრი აცხადებს, რომ იესო უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ განსაცდელების დროს ერთგულებას ვერ ინარჩუნებს. ქრისტესადმი ნამდვილ ერთგულებაში ის იგულისხმება, რომ მის სწავლებებზე პეტრეს თვალსაზრისს ვიზიარებდეთ. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მათ მნიშვნელობას და ვიცხოვროთ მათ თანახმად მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება ჩვენი შეხედულებებისგან. მხოლოდ ერთგულების შენარჩუნებით მივიღებთ იესოს მიერ დაპირებულ მარადიულ სიცოცხლეს.
ის შენიშვნის მიცემის შემდეგაც ერთგული დარჩა
ამ შემთხვევიდან მალევე იესო თავის მოციქულებთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ჩრდილოეთით გრძელ გზას დაადგა. ზოგჯერ გალილეის ზღვიდან კარგად მოჩანდა აღთქმული მიწის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ხერმონის მთის დათოვლილი მწვერვალი. მთა უფრო მეტად გამოიკვეთა, როცა ისინი ფილიპეს კესარეასთან ახლომდებარე სოფლებში ავიდნენ.c ამ მშვენიერ ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანდა აღთქმული მიწის სამხრეთი ნაწილი, იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა.
„რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“ — აინტერესებდა მას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შესცქეროდა პეტრე იესოს თვალებში და გრძნობდა თავისი მოძღვრის გამჭრიახობას, გულკეთილობასა და სიძლიერეს. იესოს აინტერესებდა, რა დასკვნას აკეთებდა ხალხი იქიდან, რასაც ხედავდა და ისმენდა. მოწაფეებმა გაიმეორეს იესოს შესახებ ხალხში გავრცელებული ზოგიერთი არასწორი შეხედულება. მაგრამ იესოს უფრო მეტის გაგება უნდოდა. მას აინტერესებდა, მისი მიმდევრებიც თუ იზიარებდნენ მათ მცდარ შეხედულებას. ამიტომ ჰკითხა მათ: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ (ლუკა 9:18—22).
პეტრემ ახლაც ყველას დაასწრო პასუხის გაცემა. მან ნათლად და გაბედულად თქვა ის, რაც იქ მყოფთაგან ბევრს გულში ჰქონდა. „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“, — უთხრა მან იესოს. ალბათ, იესო შექების ნიშნად თბილად გაუღიმებდა პეტრეს. იესომ შეახსენა პეტრეს, რომ ეს კაცმა კი არა, იეჰოვა ღმერთმა გაუმჟღავნა, რომელიც ჭეშმარიტებას ნათელს ხდის ნამდვილი რწმენის მქონე ადამიანებისთვის. პეტრე ჩასწვდა იეჰოვას მიერ გამჟღავნებულ უდიდეს ჭეშმარიტებას და მიხვდა, ვინ იყო დიდი ხნის წინათ დაპირებული მესია, ქრისტე! (მათე 16:16, 17).
ერთ უძველეს წინასწარმეტყველებაში ქრისტეს ეწოდება ქვა, რომელსაც მშენებლები დაიწუნებდნენ (ფსალმუნი 118:22; ლუკა 20:17). იესოს ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა, რომ იეჰოვა ამ ქვაზე, ანუ კლდეზე (რომლის ვინაობასაც პეტრე ჩასწვდა) დააფუძნებდა კრებას.d შემდეგ მან ამ კრებაში პეტრეს სამი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მიანდო. იესოს ის სხვა მოციქულებზე მაღლა არ დაუყენებია, როგორც ამას ზოგი ამტკიცებს. მან პეტრეს „სამეფოს გასაღებები“ მისცა (მათე 16:19). პეტრეს პასუხისმგებლობაში შედიოდა ის, რომ ღვთის სამეფოში შესასვლელი გაეხსნა სამი სხვადასხვა წარმოშობის ხალხისთვის — იუდეველებისთვის, სამარიელებისთვის და უცხოტომელებისთვის, ანუ არაიუდეველებისთვის.
მაგრამ მოგვიანებით იესომ ისიც თქვა, რომ ვისაც მეტი მიეცემოდა, მეტი მოეთხოვებოდა. ეს სიტყვები პეტრეს შემთხვევაში შესრულდა (ლუკა 12:48). იესომ რამდენჯერმე უთხრა მოციქულებს, რომ მას, როგორც მესიას, უნდა ეტანჯა და იერუსალიმში მომკვდარიყო. ამის მოსმენამ პეტრე ძალიან შეაწუხა. მან იესო გვერდზე გაიყვანა და გაკიცხვა დაუწყო: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“ (მათე 16:21, 22).
ეჭვგარეშეა, პეტრე ამას კარგი მოტივით ამბობდა, ამიტომ იესოს პასუხი მას გააოცებდა. იესომ ზურგი შეაქცია პეტრეს, სხვა მოციქულებს შეხედა, რომლებიც შესაძლოა მსგავსად ფიქრობდნენ, და თქვა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:23; მარკოზი 8:32, 33). რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? ადვილად შესაძლებელია, ისეთი აზროვნება განგვივითარდეს, რომ ღვთიურ თვალსაზრისზე წინ ადამიანური თვალსაზრისი დავაყენოთ. ასეთ შემთხვევაში კარგი მოტივები რომც გვქონდეს, შეიძლება უნებლიედ სატანის განზრახვის მხარდამჭერები აღმოვჩნდეთ, ვიდრე ღვთისა. რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს იესოს სიტყვებზე?
რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ იესო პირდაპირი გაგებით სატანა ეშმაკს არ გულისხმობდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იესომ პეტრეს ისე არ მიმართა როგორც ადრე სატანას. სატანას იესომ უთხრა: „გამშორდი, სატანა!“. პეტრეს კი სრულიად სხვა სიტყვით მიმართა (მათე 4:10). დედნისეულ ბერძნულ ენაში ეს სიტყვა არ მიუთითებს იმაზე, რომ პეტრე უნდა ჩამოშორებოდა იესოს. უფალი ხედავდა პეტრეს კარგ თვისებებს და მას უბრალოდ აზროვნება შეუსწორა. პეტრე დაბრკოლების ლოდი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ იესოსთვის მხარი უნდა დაეჭირა.
შეეკამათა პეტრე იესოს, გაბრაზდა ან განაწყენდა? რა თქმა უნდა, არა! მან თავმდაბლად მიიღო შეგონება და კიდევ ერთხელ გამოავლინა ერთგულება. დროდადრო ქრისტეს ყველა მიმდევარს სჭირდება თვალსაზრისის შესწორება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუახლოვდებით იესო ქრისტეს და ზეციერ მამას, იეჰოვას, თუ თავმდაბლად მივიღებთ შეგონებას და დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთ (იგავები 4:13).
მისი ერთგულება დაჯილდოვდა
მალევე იესომ ისეთი რამ თქვა, რაც კიდევ ერთხელ გააოცებდა მის მსმენელს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათე 16:28). უდავოა, ეს სიტყვები დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა პეტრეში, თუ რას გულისხმობდა იესო. თუმცა მოციქული შეიძლება ფიქრობდა, რომ მას ასეთი პატივი არ ხვდებოდა წილად, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მკაცრი შეგონება მიიღო.
მაგრამ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იესომ იაკობი, იოანე და პეტრე რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ „მაღალ მთაზე“ (შესაძლოა ხერმონის მთაზე) აიყვანა. როგორც ჩანს, ღამე იყო, რადგან სამივე მოციქულს ძილი მოერია. მაგრამ, როცა იესო ლოცულობდა, ისეთი რამ მოხდა, რამაც სამივე გამოაფხიზლა (მათე 17:1; ლუკა 9:28, 29, 32).
ლოცვისას იესო მათ თვალწინ შეიცვალა — სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თეთრად უელვარებდა. შემდეგ იესოსთან ორი პიროვნება გამოჩნდა, რომლებიც მოსეს და ელიას განასახიერებდნენ. ისინი „იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულებულიყო“ — შესაძლოა მის სიკვდილსა და აღდგომაზე. აქედან აშკარად გამოჩნდა პეტრეს არასწორი თვალსაზრისი, როცა იესოს ეუბნებოდა, თავიდან აერიდებინა ის ტანჯვა, რაც წინ ელოდა (ლუკა 9:30, 31).
პეტრე ფიქრობდა, რომ ამ ზებუნებრივ ხილვაში რაიმე სახით მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც ჩანს, მოსე და ელია იესოს შორდებოდნენ, ამიტომ პეტრემ იესოს უთხრა: „მოძღვარო, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“. ცხადია, ხილვაში წარმოდგენილ ღვთის ორ მსახურს, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ იყვნენ, კარვები არ სჭირდებოდათ. პეტრეს მართლა არ ესმოდა, რას ამბობდა. მაგრამ, განა მისი სიტყვები იმაზე არ მეტყველებს, რომ ის ენთუზიაზმით აღსავსე და გულთბილი ადამიანი იყო? (ლუკა 9:33).
იმ ღამეს პეტრეს, იაკობსა და იოანეს კიდევ ერთი პატივი ხვდათ წილად. მოულოდნელად მთაზე ღრუბელი გაჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბლიდან იეჰოვა ღმერთის ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული, მას უსმინეთ“! შემდეგ ხილვა გაქრა და ისინი იესოსთან ერთად მარტონი დარჩნენ მთაზე (ლუკა 9:34—36).
ისევე როგორც პეტრესთვის, ეს ხილვა ჩვენთვისაც ბევრს ნიშნავს. ათეულობით წლის შემდეგ, პეტრე წერდა, რომ იმ ღამეს იესოს ‘დიდებულების ერთ-ერთი თვითმხილველი’ იყო, როცა წინასწარ იხილა ის, როგორც განდიდებული ზეციერი მეფე. ამ ხილვამ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება უფრო სარწმუნო გახადა და განსაცდელების გადასატანად პეტრეს რწმენა გაუძლიერა (2 პეტრე 1:16—19). პეტრეს მსგავსად, ჩვენც ძლიერი რწმენა გვექნება, თუ ერთგულად დავემორჩილებით იეჰოვას მიერ დანიშნულ მოძღვარს, ვისწავლით მისგან, მივიღებთ რჩევებსა და შეგონებას და თავმდაბლად მივყვებით მას ყოველდღე.
[სქოლიოები]
a იხილეთ 2009 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მიჰბაძეთ მათ რწმენას — ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა“.
b სინაგოგაში შეკრებილი ხალხი რომ მერყევი იყო, კარგად ჩანს მათი რეაქციიდან. წინა დღეს ისინი აღფრთოვანებულები ამბობდნენ, რომ იესო ღვთის წინასწარმეტყველი იყო, ახლა კი აკრიტიკებდნენ მას (იოანე 6:14).
c თავიანთი მოგზაურობა მათ გალილეის ზღვის სანაპიროდან დაიწყეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 210 მეტრით დაბლა მდებარეობს. ულამაზეს ბუნებაში 48 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგ ისინი ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე ავიდნენ.
d იხილეთ ჩარჩო „ვინ არის კლდე?“, გვერდი 28.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
ვინ არის კლდე?
„გეუბნები: შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“ (მათე 16:18). ეს სიტყვები, რომლებიც იესომ მოციქულ პეტრეს უთხრა, ბევრს ისე ესმის, რომ ქრისტიანული კრება პეტრეზე იქნებოდა დაფუძნებული. კათოლიკური ეკლესიის სწავლების თანახმად, იესომ პეტრე სხვა მოციქულებზე მაღლა დააყენა და, ამგვარად, პეტრე პირველი პაპი გახდა. ამიტომ რომში წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათის შიდა მხარეს იესოს ეს სიტყვები ადამიანზე დიდი ზომის ლათინური ასოებითაა დაწერილი.
გულისხმობდა იესო იმას, რომ პეტრე იყო კლდე, რომელზეც კრებას დააფუძნებდა? რა თქმა უნდა, არა! განვიხილოთ სამი მიზეზი, თუ რატომ ვამბობთ ამას. პირველი, როცა იესომ ეს სიტყვები თქვა, სხვა მოციქულებიც იქ იყვნენ და მათ იესოს სიტყვებიდან გამომდინარე არ უფიქრიათ, რომ პეტრე მათზე აღმატებული იქნებოდა. თუ იესომ პეტრე მოციქულებში ყველაზე მაღლა დააყენა, მაშ, მოგვიანებით რატომღა კამათობდნენ ისინი, ვინ უფრო დიდი იყო? (მარკოზი 9:33—35; ლუკა 22:24—26). მეორე, გარკვეული ხნის შემდეგ პავლე მოციქულმა თქვა, რომ კლდე იესო ქრისტე იყო და არა პეტრე (1 კორინთელები 3:11; 10:4). მესამე, თავად პეტრეც არ ფიქრობდა, რომ კლდე იყო, რაც ათეულობით წლის შემდეგ დაწერილი მისი სიტყვებიდან გამოჩნდა. პირიქით, მან დაწერა, რომ დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები ღვთის რჩეული „ქვაკუთხედი“ იესო იყო (1 პეტრე 2:4—8).
და მაინც, ზოგი ამტკიცებს, რომ იესო კლდეში პეტრეს გულისხმობდა, რადგან სახელი „პეტრე“ „კლდეს“ ნიშნავს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დედნისეულ ბერძნულ ენაზე სახელი „პეტრე“ იმავე მუხლში მოხსენიებული „კლდის“ სინონიმი არ არის. პეტრეს სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „კლდის ნატეხს“ და ბერძნულ ენაში მამრობითი სქესისაა, მაშინ როცა სიტყვა „კლდე“ მდედრობით სქესს მიეკუთვნება. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ პეტრეს უთხრა: „გეუბნები: შენა ხარ პეტრე, ანუ კლდის ნატეხი, რომელიც ჩასწვდი, ‘კლდის’, ქრისტეს ნამდვილ ვინაობას, რომელიც ქრისტიანული კრების საძირკველი იქნება“. პეტრეს მართლაც დიდი პატივი ხვდა წილად, რომ ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გაცხადებაში მიიღო მონაწილეობა!
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
პეტრე მაშინაც ერთგული დარჩა, როცა თვალსაზრისი შეუსწორეს
[სურათი 26 გვერდზე]
ერთგულებისთვის პეტრე ამაღელვებელი ხილვით დაჯილდოვდა