თავი 67
„მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
ფარისევლები იესოს შესაპყრობად მცველებს გზავნიან
ნიკოდემე იესოს იცავს
იესო ჯერ კიდევ იერუსალიმშია კარვობის დღესასწაულზე. „ბევრმა ირწმუნა იგი“, რაც იესოს ძალიან ახარებს. მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით უფროს მღვდლებსა და ფარისევლებზე. ისინი მის შესაპყრობად მცველებს გზავნიან, რომლებიც, როგორც ჩანს, იმ დროს წესრიგის დამცველების მოვალეობას ასრულებდნენ (იოანე 7:31, 32). მაგრამ იესო არ ცდილობს, გაერიდოს იქაურობას და მიიმალოს.
პირიქით, ის კვლავ სახალხოდ ასწავლის იერუსალიმში და ამბობს: „კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან, სანამ ჩემს გამომგზავნელთან წავალ. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთ“ (იოანე 7:33, 34). იუდეველები ვერ იგებენ მის ნათქვამს, ამიტომ ერთმანეთში ამბობენ: „ისეთ ადგილზე სად აპირებს წასვლას, ჩვენ რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან ხომ არ მიდის ბერძნებისთვის სასწავლებლად? რას ნიშნავს მისი ნათქვამი, ძებნას დამიწყებთ, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთო?“ (იოანე 7:35, 36). სინამდვილეში იესო იმას გულისხმობს, რომ უნდა მოკვდეს და მკვდრეთით აღდგეს ზეციერი ცხოვრებისთვის, სადაც მისი მტრები ნამდვილად ვერ გაჰყვებიან.
კარვობის დღესასწაულის მეშვიდე დღეა. ამ დღესასწაულის აღნიშვნის დროს ყოველი დილა იმით იწყებოდა, რომ მღვდელი სილოამის აუზიდან ამოღებულ წყალს ღვრიდა ჭურჭელში, საიდანაც ის სამსხვერპლოს ძირთან იღვრებოდა. შესაძლოა იესო სწორედ ამ რიტუალზე მიანიშნებს ხალხს, როდესაც მოუწოდებს: «თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს. ვისაც მე ვწამვარ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისი შიგნეულიდან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“» (იოანე 7:37, 38).
იესო იმაზე მიანიშნებს, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც მის მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვა და ზეციური მოწოდების მოზიარენი გახდებიან. წმინდა სული იესოს მოწაფეებზე მისი სიკვდილის შემდეგ გადმოვიდოდა. მომდევნო წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული სიცოცხლის წყლის ნაკადულები იმ გაგებით დაიწყებდა დინებას, რომ სულით ცხებული მოწაფეები სხვებისთვის დაიწყებდნენ ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას.
იესოს ამ სიტყვებზე ზოგი ამბობს: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია“. როგორც ჩანს, ისინი მოსეზე დიდ წინასწარმეტყველს გულისხმობენ, რომლის მოსვლაც ნაწინასწარმეტყველები იყო. სხვები ამბობენ: „ეს ქრისტეა“. ზოგი კი ამბობს: „განა გალილეიდან უნდა მოვიდეს ქრისტე? განა წმინდა წერილში ნათქვამი არ არის, რომ ქრისტე დავითის შთამომავალთაგან მოვა ბეთლემიდან, დავითის სოფლიდან?“ (იოანე 7:40—42).
ხალხის აზრი იყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს იესოს შეპყრობა უნდა, მას ხელს ვერავინ აკარებს. როდესაც მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან ხელმოცარულნი ბრუნდებიან, ისინი ეკითხებიან: „რატომ არ მოიყვანეთ?“. მცველები პასუხობენ: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“. ამაზე უფროსი მღვდლები და ფარისევლები ბრაზდებიან და აბუჩად იგდებენ მათ: „ნუთუ თქვენც შეცდომაში შეგიყვანათ? განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა? მაგრამ დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:45—49).
ამის გაგონებაზე ერთი ფარისეველი, ნიკოდემე, რომელიც სინედრიონის წევრია, ხმას იმაღლებს იესოს დასაცავად. ერთხელ, დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის წინ, ნიკოდემე ღამით მივიდა იესოსთან. მათ შორის საუბარი შედგა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ნიკოდემეს სჯეროდა იესოსი. ახლა ის ყველას წინაშე ამბობს: „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“. ახლა რით იმართლებენ იესოს მოწინააღმდეგეები თავს? პასუხად ეუბნებიან: „შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა“ (იოანე 7:51, 52).
წმინდა წერილებში კონკრეტულად არც ერთ წინასწარმეტყველზე არ წერია, რომ გალილეიდან მოვიდოდა, თუმცა ღვთის სიტყვა მიანიშნებდა, რომ ქრისტე სწორედ ამ მხარიდან უნდა მოსულიყო. წინასწარმეტყველების თანახმად, „დიდი სინათლე“ გამოანათებდა „უცხოტომელთა გალილეაში“ (ესაია 9:1, 2; მათე 4:13—17). უფრო მეტიც, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ბეთლემში დაიბადა და დავითის შთამომავლობითი ხაზით მოვიდა. შესაძლოა ფარისევლებმა იციან ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მეტწილად სწორედ ისინი ავრცელებენ ხალხში ცრუ ხმებს იესოზე.