თავი 69
სინამდვილეში ვინ არის იუდეველების მამა
იუდეველები ამტკიცებენ, რომ მათი მამა აბრაამია
იესო ამბობს, რომ ის აბრაამამდე არსებობდა
იესო კვლავ კარვობის დღესასწაულზეა იერუსალიმში. ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან რამეს ასწავლის ხალხს. დღესასწაულზე მყოფმა ზოგმა იუდეველმა ეს-ესაა უთხრა მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ და არასოდეს ვყოფილვართ მონები“. ამაზე იესო პასუხობს: „ვიცი, რომ აბრაამის შთამომავლები ხართ, მაგრამ მოკვლას მიპირებთ, რადგან ჩემი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან მინახავს, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენისგან მოგისმენიათ“ (იოანე 8:33, 37, 38).
რთული მისახვედრი არ არის, რის თქმა სურს იესოს — მას და იუდეველებს ერთი მამა არა ჰყავთ. მაგრამ იუდეველები ვერ ხვდებიან იესოს სიტყვების მნიშვნელობას და კვლავ აცხადებენ: „ჩვენი მამა აბრაამია“ (იოანე 8:39; ესაია 41:8). პირდაპირი გაგებით ისინი მართლა არიან აბრაამის შთამომავლები და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ისეთივე რწმენა აქვთ, როგორიც ღვთის მეგობარ აბრაამს ჰქონდა.
თუმცა ის, რასაც ახლა ამბობს იესო, უეჭველად გამოიწვევს იუდეველთა აღშფოთებას: „თუ აბრაამის შვილები ხართ, აბრაამის საქმეები აკეთეთ“. სინამდვილეში ის, ვინც ჭეშმარიტი ძეა, ჰბაძავს მამას. „მაგრამ ახლა მოკვლას მიპირებთ მე, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია“, — აღნიშნავს იესო. ამის შემდეგ კი ისეთ რამეს ამბობს, რაც უდავოდ საგონებელში ჩააგდებს მის მსმენელს: „თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“ (იოანე 8:39—41).
იუდეველები ამჯერადაც ვერ ხვდებიან, ვის გულისხმობს იესო. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონიერი ძეები არიან: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს — ღმერთი“. ნამდვილად ღმერთია მათი მამა? იესო მათ გასაგონად ამბობს: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით, რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა“. შემდეგ კი სვამს კითხვას და თავადვე სცემს პასუხს: „რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა“ (იოანე 8:41—43).
იესო ეცადა, ეჩვენებინა მათთვის, რა მოჰყვებოდა იმას, თუ უარყოფდნენ მას. მაგრამ ახლა იგი პირდაპირ ეუბნება: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“. ვის შეიძლება შევადაროთ მათი მამა? იესო ააშკარავებს მის ნამდვილ სახეს: „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა“. იგი განაგრძობს: „ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“ (იოანე 8:44, 47).
იუდეველები რისხდებიან იესოზე, რომელიც ასე აშკარად განსჯის მათ: „განა მართალს არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და დემონი გყავს?“. ისინი იესოს სამარიელს უწოდებენ და ამგვარად აჩვენებენ, რომ სძულთ იგი. მაგრამ იესო ყურადღებას არ აქცევს მათ სიტყვებს და ეუბნება: „დემონი კი არა მყავს, მამაჩემს ვცემ პატივს, თქვენ კი შეურაცხმყოფთ“. ეს რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, იესოს შემდეგი დანაპირებიდანაც ჩანს: „ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იხილავს“. მას იმის თქმა არ სურს, რომ მოციქულები და სხვა მისი მიმდევრები პირდაპირი გაგებით არ მოკვდებიან, არამედ იმის, რომ სამუდამოდ არ განადგურდებიან ანუ არ დაექვემდებარებიან „მეორე სიკვდილს“, რა შემთხვევაშიც ადამიანისთვის აღარ არსებობს აღდგომის იმედი (იოანე 8:48—51; გამოცხადება 21:8).
მაგრამ იუდეველები იესოს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და ამბობენ: „ახლა კი ვიცით, რომ დემონი გყავს. აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ, შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იგემებსო. განა შენ მამაჩვენ აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? . . ვინ გგონია შენი თავი?“ (იოანე 8:52, 53).
იესოს სიტყვები აშკარად იმაზე მოწმობს, რომ ის მესიაა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ უთხრას მათ ამის შესახებ, ასეთ სიტყვებს ეუბნება: „თუ მე ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთიაო და არც კი იცნობთ მას, მე კი ვიცნობ. რომ ვთქვა, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენისთანა მატყუარა უნდა ვიყო“ (იოანე 8:54, 55).
ახლა იესოს კვლავ მოჰყავს ამ ხალხის წინაპრის, ღვთის ერთგული მამაკაცის მაგალითი: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“. აბრაამს სწამდა ღვთის დანაპირების და ამიტომ სჯეროდა, რომ მესია აუცილებლად მოვიდოდა. იუდეველებს ეჭვი შეაქვთ იესოს ნათქვამში და ეკითხებიან: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“. ამაზე იესო პასუხობს: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“. იესოს მხედველობაში აქვს ის, რომ განკაცებამდე იგი ზეცაში არსებობდა როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება (იოანე 8:56—58).
იესოს ნათქვამი, რომ ის აბრაამამდე არსებობდა, იუდეველების განრისხებას იწვევს. ისინი მას ჩაქოლვას უპირებენ, მაგრამ იესო უვნებლად ტოვებს იქაურობას.