ბოროტების სათავე გამოაშკარავებულია!
პირველ საუკუნეში ბევრი იუდეველი ელოდებოდა აღთქმული მესიის მოსვლას (იოანე 6:14). იესომ დედამიწაზე მშვიდობა და სინათლე მოიტანა. ის კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს, განაგებდა ამინდს და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (მათე 8:26; 14:14—21; 15:30, 31; მარკოზი 5:38—43). ის ადამიანებს იეჰოვას სიტყვებს გადასცემდა და მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდებოდა (იოანე 3:34). იესომ სიტყვითა თუ საქმით ცხადყო, რომ მესია იყო, კაცობრიობის ცოდვისგან და მისი ბოროტი შედეგებისგან განმათავისუფლებელი.
წესით, პირველ რიგში, იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს უნდა მიეღოთ იესო, მოესმინათ მისთვის და სიხარულით მიყოლოდნენ მის ხელმძღვანელობას; მაგრამ ეს არ მომხდარა. ამის ნაცვლად, მათ შეიძულეს ის, დევნა დაუწყეს და მისი მოკვლა განიზრახეს (მარკოზი 14:1; 15:1—3, 10—15).
იესომ სამართლიანად განსაჯა ეს ბოროტი მამაკაცები (მათე 23:33—35). თუმცა მან იცოდა, კიდევ ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ მათი გული ბოროტებით იყო სავსე. იესომ უთხრა მათ: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). ამ სიტყვებით იესომ აღნიშნა, რომ, მართალია, ადამიანებს შეეძლოთ ბოროტების ჩადენა, მაგრამ ბოროტების სათავე სატანა ეშმაკი იყო.
სიტყვებით სატანა „ჭეშმარიტებაში არ დადგა“, იესომ ცხადყო, რომ ეს სულიერი ქმნილება ერთ დროს ღვთის ერთგული მსახური იყო, მაგრამ სწორი გზიდან გადაუხვია. რატომ წავიდა სატანა იეჰოვას წინააღმდეგ? ის ამპარტავნობამ მიიყვანა იქამდე, რომ იმ თაყვანისმცემლობის მითვისება მოისურვა, რომელიც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდაa (მათე 4:8, 9).
სატანის მიზანი მაშინ გამოჩნდა, როცა ედემის ბაღში ევა აკრძალული ნაყოფის შეთავაზებით აცდუნა. ამ დროს წარმოთქვა სატანამ პირველი ტყუილი და ცილი დასწამა იეჰოვას, რითაც მან „სიცრუის მამად“ იქცია თავი. გარდა ამისა, სატანამ ადამი და ევა დაუმორჩილებლობისკენ აღძრა, რის შედეგადაც მათზე ცოდვა გაბატონდა, და პირველ წყვილსა და მათ შთამომავლობას სიკვდილი მოუტანა. ამგვარად სატანა კაცისმკვლელიც გახდა — დიახ, ის ყველა ეპოქის უსასტიკესი მკვლელია! (დაბადება 3:1—6; რომაელები 5:12).
სატანამ სულიერ ქმნილებებზეც იქონია გავლენა და ანგელოზებიც აამხედრა ღვთის წინააღმდეგ (2 პეტრე 2:4). სატანის მსგავსად ამ ბოროტმა სულიერმა ქმნილებებმა ადამიანებისადმი უმართებულო ინტერესი გამოავლინეს. ანგელოზები ადამიანებთან სქესობრივი ურთიერთობით დაინტერესდნენ, რამაც ბოროტების სახით საშინელი ნაყოფი გამოიღო.
დედამიწა ბოროტებით ივსება
ბიბლიაში ნათქვამია: „როდესაც . . . ადამიანები გამრავლდნენ და ასულები შეეძინათ, ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“ (დაბადება 6:1, 2). ვინ იყვნენ „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“? სულიერი ქმნილებები და არა ადამიანები (იობი 1:6; 2:1). საიდან ვიცით? იმ დროისთვის ქალისა და მამაკაცის ქორწინება უკვე დაახლოებით 1 500 წლის მანძილზე არსებობდა, ამიტომ მათ ქორწინებას ხაზგასმით არ მოიხსენიებდნენ. ასე რომ, ამ მუხლში „ჭეშმარიტი ღვთის [იმ] ძეების“ სექსუალური ცხოვრების მოხსენიება, რომლებმაც ხორცი შეისხეს და „ადამიანთა ასულები“ შეირთეს ცოლებად, აშკარად უპრეცედენტო ანომალიურ მოვლენაზე მიუთითებს.
ამ კავშირის შედეგად წარმოშობილმა თაობამ კიდევ უფრო დაამკვიდრა ეს ანომალია. ანგელოზებისა და ადამიანების შვილები გოლიათები ხდებოდნენ და მათ ნეფილიმები ეწოდებოდათ. ისინი სასტიკი მოძალადეები იყვნენ. „ნეფილიმები“ წამქცევებს ნიშნავს. ეს მოძალადეები აღწერილნი არიან, როგორც „ძლიერები და სახელგანთქმულები . . . ძველ დროს“ (დაბადება 6:4, სქოლიო).
ნეფილიმებმა და მათმა მამებმა უკიდურესად განავრცეს ბოროტება. „გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ და აივსო ძალადობით“, — ნათქვამია დაბადების 6:11-ში. ადამიანები მათ გახრწნილ გზებს დაადგნენ და მათსავით მოძალადეები გახდნენ.
როგორ მოახდინეს ადამიანებზე ასეთი დიდი გავლენა ნეფილიმებმა და მათმა მამებმა? ისინი ადამიანთა ცოდვილი მიდრეკილებებითა და სურვილებით სარგებლობდნენ. რა იყო შედეგი? „ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე“. ბოლოს იეჰოვამ წარღვნით მოსპო მაშინდელი მსოფლიო და მხოლოდ მართალი ნოე და მისი ოჯახი გადაარჩინა (დაბადება 6:5, 12—22). დედამიწაზე ჩამოსული ანგელოზები ზეცას შერცხვენილნი დაუბრუნდნენ. დაცემულ მდგომარეობაში მყოფი დემონები განაგრძობდნენ ღვთისთვის და ერთგული ანგელოზებისგან შემდგარი მისი მართალი ოჯახისთვის წინააღმდეგობის გაწევას. აშკარაა, რომ მას შემდეგ ღმერთმა ამ ბოროტ სულიერ ქმნილებებს ხორცის შესხმის უფლება წაართვა (იუდა 6). მიუხედავად ამისა, მათ კვლავაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებზე.
ბოროტი ქმნილების ვინაობა გამოაშკარავებულია!
1 იოანეს 5:19 ცხადყოფს სატანის ბოროტი გავლენის მასშტაბებს: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“. ეშმაკი კაცობრიობას მოტყუებით უფრო და უფრო მეტ უბედურებას ატეხს თავს. დღეს მას, ისე როგორც არასდროს, სურს, ავნოს ადამიანებს. რატომ? 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ ის და მისი დემონები ზეციდან გადმოყარეს. ამის შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „ვაი მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—12). რა გავლენას ახდენს დღეს კაცობრიობაზე სატანა?
სატანა ადამიანთა აზროვნებასა და მოქმედებას მართავს. ეფესოელების 2:2-ში ეშმაკს მართებულად ეწოდება ‘ჰაერის ძალაუფლების ანუ იმ სულის [გაბატონებული აზროვნების] მთავარი, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს’. ეს დემონური „ჰაერი“ ღვთისმოსაწონი შიშისა და ყოველივე კარგისკენ წახალისების ნაცვლად, ადამიანებში ღვთისა და მისი ნორმების წინააღმდეგ წასვლის სურვილს აღვივებს. სატანა და დემონები ადამიანებში ამგვარად ნერგავენ და ამძაფრებენ ბოროტებისკენ ლტოლვას.
„გულს გაუფრთხილდი“
ამ „ჰაერის“ არსებობის ერთ-ერთი გამოვლინება პორნოგრაფიის ფართოდ გავრცელებაა; ის აღვივებს პათოლოგიურ სექსუალურ სურვილებს და არანორმალურ ქმედებას მიმზიდველად წარმოაჩენს (1 თესალონიკელები 4:3—5). პორნოგრაფიულ მასალაში წარმოდგენილია გაუპატიურება, ჯგუფური გაუპატიურება, სადიზმი, ზოოფილია, პედოფილია და სხვა. არსებობს ნაკლებად საზიანო პორნოფილმებიც, მაგრამ ნებისმიერი სახის პორნოგრაფიული მასალის ყურება თუ კითხვა იმდენად იწვევს შეჩვევას, რომ ადამიანს ძალიან უჭირს ამ ცუდი ჩვევის მიტოვებაb. ეს არის ბოროტება, რომელიც ანგრევს როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობას, ისე ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას. პორნოგრაფია იმ დემონების გახრწნილ აზროვნებას ირეკლავს, რომლებმაც ნოეს დღეებში, წარღვნის წინ, უმართებულო სქესობრივი სურვილი განივითარეს და ეს სურვილი სხვებშიც აღძრეს.
ბრძენმა მეფე სოლომონმა არც თუ უსაფუძვლოდ თქვა: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). გულის გაფრთხილება პრაქტიკულად შეიძლება ნიშნავდეს, პორნოგრაფიის ამსახველი სცენის დანახვისას ტელევიზორის სხვა არხზე გადართვას ან კომპიუტერის გამორთვას. მნიშვნელოვანია სწრაფი და მტკიცე მოქმედება! წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს, აიცდინოს გულს დამიზნებული ტყვია. სატანის სამიზნე თქვენი სიმბოლური გული — თქვენი აღძვრები და სურვილებია; იგი ამ გულის გახრწნას ცდილობს.
ასევე საჭიროა, გული ძალადობის სიყვარულისგანაც დაიცვათ, რადგან ეშმაკმა იცის, რომ იეჰოვას „ძალადობის მოყვარული სძულს“ (ფსალმუნი 11:5). ღმერთს რომ დაგაპირისპიროთ, სატანას სულაც არ სჭირდება, სისხლსმოწყურებულ მკვლელად გაქციოთ; საკმარისია, მან თქვენში ძალადობისადმი სიყვარული განავითაროს. უბრალო შემთხვევითობა არ არის, რომ პოპულარული სატელევიზო გადაცემები ძალადობის ამსახველია და ძალადობა ხშირად ოკულტიზმთან არის შერწყმული. ნეფილიმები უკვე დაიხოცნენ და აღარ არსებობენ, მაგრამ მათი ბუნება და ქმედება დღემდე ცოცხლობს! გართობის სახეობის შერჩევისას ჩანს თუ არა, რომ წინააღმდეგობას უწევთ სატანის ხრიკებს? (2 კორინთელები 2:11).
როგორ აღვუდგეთ წინ სატანის ბოროტ გავლენას
ბოროტი ძალები, ერთი შეხედვით, ძალიან საშიშია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის მოსაწონად მოქმედების მსურველნი „ბოროტი სულებისა“ და საკუთარი არასრულყოფილი სხეულის წინააღმდეგ იბრძვიან. ამ ბრძოლაში გამარჯვებისა და ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა, ღვთის შემოთავაზებული ყველა საშუალებით ვისარგებლოთ (ეფესოელები 6:12; რომაელები 7:21—25).
ამ საშუალებებში შედის ღვთის წმინდა სული — უძლიერესი ძალა სამყაროში. პავლე მოციქულმა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორინთელები 2:12). ისინი, ვინც ღვთის წმინდა სულით ხელმძღვანელობენ, სულ უფრო მეტად ცდილობენ შეიყვარონ ის, რაც ღმერთს უყვარს და შეიძულონ ის, რაც ღმერთს სძულს (ამოსი 5:15). როგორ შეიძლება წმინდა სულის მიღება? უმთავრესად ლოცვითა და ბიბლიის შესწავლით — ბიბლია ხომ წმინდა სულის ნაყოფია; ასევე ღვთის მოყვარულებთან ურთიერთობით (ლუკა 11:13; 2 ტიმოთე 3:16; ებრაელები 10:24, 25).
თუ ღვთის შემოთავაზებული საშუალებებით ისარგებლებთ, შეიმოსებით „ღვთის სრული საჭურვლით, . . ეშმაკის ხრიკებისგან“ ერთადერთი საიმედო დამცავი საშუალებით (ეფესოელები 6:11—18). დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ამ საშუალებებით სრულად სარგებლობა. რატომ?
ბოროტებას მალე მოეღება ბოლო!
„როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან, სამუდამოდ მოისპობიან ისინი“, — ამბობს ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 92:7). ნოეს დღეების მსგავსად, დღეს ბოროტების ასე ფართოდ გავრცელება იმაზე მოწმობს, რომ ღვთის განაჩენის აღსრულება გარდაუვალია; ღმერთი არა მარტო ადამიანებს განიკითხავს, არამედ სატანასა და მის დემონებსაც, რომლებიც ჩაყრილნი იქნებიან უფსკრულში, საბოლოოდ კი სამუდამოდ განადგურდებიან (2 ტიმოთე 3:1—5; გამოცხადება 20:1—3, 7—10). ვინ აღასრულებს ამ განაჩენს? სხვა არავინ, თუ არა იესო ქრისტე, რომლის შესახებაც ვკითხულობთ: „ღვთის ძე სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოანე 3:8).
სულმოუთქმელად ელით ბოროტების განადგურებას? თუ ასეა, შეგიძლიათ თავი ინუგეშოთ ბიბლიაში მოცემული დაპირებებით. სხვა არც ერთი წიგნი არ ააშკარავებს ბოროტების სათავეს — სატანას — და სხვა არც ერთ წიგნში არ არის ნაჩვენები, საბოლოოდ როგორ მოისპობა ის და მისი ბოროტი საქმეები. მოგიწოდებთ, ბიბლიიდან საფუძვლიანი ცოდნა მიიღოთ, რათა დღეს თავი დაიცვათ სატანის ბოროტი გავლენისგან და ბოროტებისგან გათავისუფლებულ ქვეყნიებაში ცხოვრების იმედი გქონდეთ (ფსალმუნი 37:9, 10).
[სქოლიოები]
a იმ ანგელოზის სახელი, რომელიც სატანა გახდა, ცნობილი არ არის. სიტყვები „სატანა“ და „ეშმაკი“ ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“ და „ცილისმწამებელს“. გარკვეულწილად სატანის მოქმედება ძველი ტვიროსის მეფის მოქმედებას ჰგავს (ეზეკიელი 28:12—19). თავიდან ორივე სწორი გზით მიდიოდა, მაგრამ მოგვიანებით საკუთარი ქედმაღლობის მსხვერპლნი გახდნენ.
b 2003 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში იხილეთ სტატიათა სერია: „პორნოგრაფია საზიანოა თუ არა?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
ლეგენდებში არის ჭეშმარიტების მარცვალი
ძველი მსოფლიო მითოლოგია მოგვითხრობს ღმერთკაცების, გოლიათებისა და წარღვნის შესახებ. მაგალითად, აქადურ გილგამეშის ეპოსში მოხსენიებულია წარღვნა, გემი და გადარჩენილები. თავად გილგამეში აღწერილია ავხორც და მოძალადე ღმერთკაცად. აცტეკური მითოლოგია მოგვითხრობს გოლიათებით დასახლებულ ძველ მსოფლიოსა და გლობალურ წარღვნაზე; ნორვეგიული ლეგენდა კი მოგვითხრობს გოლიათებსა და ერთ ბრძენ მამაკაცზე, სახელად ბარგელმირზე, რომელმაც დიდი ხომალდი ააგო და ცოლთან ერთად გადაირჩინა თავი. ყველა მსგავსი ლეგენდა მოწმობს ბიბლიური ცნობის ჭეშმარიტებაზე, რომ ძველი ბოროტი მსოფლიო წარღვნით განადგურდა და დღეს მცხოვრები ადამიანები იმ დროს გადარჩენილთა შთამომავლები არიან.
[სურათი]
ქვის ფილა, რომელზეც გილგამეშის ეპოსია ამოტვიფრული.
[საავტორო უფლება]
The University Museum, University of Pennsylvania (neg. # 22065)
[სურათი 5 გვერდზე]
ნეფილიმების ბუნება ადამიანებში დღესაც ცოცხლობს.
[სურათი 7 გვერდზე]
საფუძვლიანი ცოდნა ძალას გვაძლევს, წინ აღვუდგეთ ბოროტ გავლენას.