თავი 2
ბიბლიის მთავარი თემა
როგორ იხსნება ბიბლიური მუხლები? „გამოცხადების“ საიდუმლოებები დიდი ხნის განმავლობაში საგონებელში აგდებდა ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს. ღმერთი თავის დროზე გაამჟღავნებდა ამ საიდუმლოებებს, მაგრამ როგორ და როდის ან ვის გაუმხელდა მათ? ღვთის საიდუმლოებებს მხოლოდ ღვთის სული თუ გაამჟღავნებდა დანიშნული დროისთვის (გამოცხადება 1:3). ეს წმინდა საიდუმლოებები ღვთის ერთგულ მიწიერ მსახურებს გაუმჟღავნდებოდათ, რათა განმტკიცებულიყვნენ და განეცხადებინათ ღვთის განაჩენი (მათეს 13:10, 11). დაბეჯითებით არ ვამბობთ, რომ მუხლებს ამ წიგნში უშეცდომოდ ვხსნით. ჩვენც იმას ვფიქრობთ, რაც ერთ დროს იოსებმა თქვა: „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ (დაბადება 40:8) თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მოცემული ახსნა მთელ ბიბლიას ეთანხმება და ადასტურებს იმას, თუ რა ზუსტად სრულდება ღვთის წინასწარმეტყველება მიმდინარე მსოფლიო მოვლენებით.
1. რა დიდებული განზრახვა აქვს იეჰოვას?
ბიბლიაში ჩაწერილ ერთ-ერთ იგავში ნათქვამია: „საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს“ (ეკლესიასტე 7:8). სწორედ წიგნ „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ, თუ რა დრამატულად შესრულდება იეჰოვას დიდებული განზრახვა, როცა ის განწმენდს თავის სახელს ყველა ცოცხალი ქმნილების წინაშე. ღმერთს არაერთხელ განუცხადებია თავისი წინასწარმეტყველების პირით: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკიელი 25:17; 38:23).
2. რას გავიგებთ „გამოცხადებიდან“ და ბიბლიის სხვა წიგნებიდან?
2 „გამოცხადება“ გვამცნობს იმ მოვლენების ტრიუმფალურ დასასრულს, რომელთა დასაწყისზეც ბიბლიის სხვა წიგნებშია საუბარი. ამ წიგნების გამოკვლევით დამაკმაყოფილებელი პასუხები გაეცემა წამოჭრილ საკითხებს და საერთო წარმოდგენა შეგვექმნება ღვთის განზრახვებზე. გარდა ამისა, თუ გვსურს, რომ ჩვენც გავიხაროთ იმ ბრწყინვალე მომავლით, რომელიც კაცობრიობას ელის, უნდა ვიმოქმედოთ (ფსალმუნი 145:16, 20). ამიტომ განვიხილოთ მთელი ბიბლიის თემა, რათა გვახსოვდეს, რა უმნიშვნელოვანესი საკითხის წინაშე დგას მთელი კაცობრიობა; გავიგებთ იმასაც, როგორ გადაჭრის ღმერთი წამოჭრილ პრობლემებს და როგორ შეასრულებს თავის განზრახვას.
3. „დაბადებაში“ ჩაწერილი რომელი წინასწარმეტყველება იქცა მთელი ბიბლიის მთავარ თემად?
3 ბიბლიის პირველი წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს ყველაფრის დასაწყისზე და იმაზეც, რომ დედამიწაზე თავისი შემოქმედება ღმერთმა ადამიანის შექმნით დააგვირგვინა. „დაბადებაში“ ჩაწერილია პირველი წინასწარმეტყველებაც, რომელიც ღმერთმა დაახლოებით 6 000 წლის წინათ ედემის ბაღში წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც გველმა პირველი ქალი, ევა აცდუნა. ევამ დაიყოლია თავისი ქმარი, ადამი, რომ მასაც ეჭამა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“; იეჰოვას კანონი ადამმაც დაარღვია. ღმერთმა განაჩენი გამოუტანა შემცოდველ ცოლ-ქმარს, შემდეგ კი გველს უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 1:1; 2:17; 3:1—6, 14, 15). ეს წინასწარმეტყველება მთელი ბიბლიის მთავარ თემად იქცა. „გამოცხადების“ მთავარი თემაც სწორედ ეს წინასწარმეტყველებაა.
4. ა) რა დაემართათ პირველ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ღმერთმა პირველი წინასწარმეტყველება წარმოთქვა? ბ) რა კითხვები წამოიჭრება და რატომ უნდა გავიგოთ პასუხები?
4 ღმერთმა ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმისთანავე განდევნა ედემის ბაღიდან პირველი ადამიანები. მათ დაკარგეს სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა, და ახლა ედემის გარეთ, საცხოვრებლად მოუმზადებელ მიწაზე უნდა ეცხოვრათ. სიკვდილმისჯილებს მხოლოდ ცოდვილი შთამომავლობა ეყოლებოდათ (დაბადება 3:23—4:1; რომაელები 5:12). რა მნიშვნელობა აქვს ედემში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას? ვის ეხება ის? როგორ უკავშირდება წიგნ „გამოცხადებას“? რას გვამცნობს ეს წინასწარმეტყველება? უმნიშვნელოვანესია წამოჭრილ კითხვებზე პასუხების გაგება, რათა შვება ვპოვოთ იმ შეცოდების შემდეგ, რის გამოც იეჰოვამ ეს წინასწარმეტყველება წარმოთქვა.
დრამის მთავარი მოქმედი პირები
5. ევას მოტყუებით როგორ დააყენა გველმა ეჭვქვეშ ღვთის უზენაესობა, როგორ შეურაცხყო მისი სახელი, და როგორ მოგვარდებოდა ეს საკითხი?
5 ღმერთმა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებით გველს მიმართა. გველმა მოატყუა ევა და უთხრა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი არ მოკვდებოდა, არამედ დამოუკიდებელი პიროვნება, ქალღმერთი გახდებოდა. ამგვარად, გველმა იეჰოვა მატყუარა გამოიყვანა და თავისი სიტყვებით ის იგულისხმა, რომ ადამიანები ღვთის უზენაესი მმართველობის გარეშე უკეთ იცხოვრებდნენ (დაბადება 3:1—5). გველმა იეჰოვას უზენაესობა დააყენა ეჭვქვეშ და შეურაცხყო მისი სახელი. „გამოცხადებაში“ აღწერილია, რომ იეჰოვა, სამართლიანი მოსამართლე, თავისი ძის, იესო ქრისტეს სამეფოს მეშვეობით გაამართლებს თავის უზენაესობას და განწმენდს თავის სახელს ყოველგვარი შეურაცხყოფისგან (გამოცხადება 12:10; 14:7).
6. როგორც „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, ვინ ელაპარაკა ევას გველის პირით?
6 „გველში“ ქვეწარმავალი არ იგულისხმება. „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ურცხვი სულიერი ქმნილება გველის პირით ლაპარაკობდა. ის იყო „დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. მან „აცდუნა ევა თავისი ცბიერებით“ (გამოცხადება 12:9; 2 კორინთელები 11:3).
7. საიდან ჩანს, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა?
7 დაბადების 3:15 „ქალსაც“ მოიხსენიებს. ევაა ეს ქალი? შესაძლოა ევა ასეც ფიქრობდა, მაგრამ სატანასა და ევას შორის მტრობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან ევა 5 000 წელზე მეტი ხნის წინათ მოკვდა (შეადარეთ დაბადების 4:1). გარდა ამისა, გველი, რომელსაც იეჰოვამ მიმართა, უხილავი სულიერი ქმნილება იყო. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალიც სულიერ სამყაროს ეკუთვნოდა. ამას გამოცხადების 12:1, 2-იც ადასტურებს, საიდანაც ჩანს, რომ ქალი განასახიერებს იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება (იხილეთ ესაიას 54:1, 5, 13).
ორი შთამომავლობის მტრობა
8. რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ ორი შთამომავლობით?
8 დაბადების 3:15-ში ორი შთამომავლობაა მოხსენიებული. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, ვინ იგულისხმება მათში, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უდიდესი საკამათო საკითხის გადაჭრაში, რომელიც დედამიწაზე იეჰოვას მმართველობის უფლებას უკავშირდება. ეს საკითხი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება. თქვენ რომელ შთამომავლობას უჭერთ მხარს?
9. ვინ იგულისხმება გველის შთამომავლობაში?
9 პირველ შთამომავლობაში გველის შთამომავლობა იგულისხმება, ანუ ის სულიერი ქმნილებები, რომლებიც სატანას შეუერთდნენ ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში და ბოლოს სატანასთან ერთად დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:9). სატანა ანუ ბელზებელი „დემონების მმართველია“, რითაც ჩანს, რომ ისინი უხილავ ორგანიზაციას მიეკუთვნებიან (მარკოზი 3:22; ეფესოელები 6:12).
10. როგორ გვიმჟღავნებს ბიბლია სატანის სხვა შთამომავლების ვინაობას?
10 იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს მიმართა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“ (იოანე 8:44). სატანის შთამომავლობაში ეს რელიგიური წინამძღოლებიც იგულისხმებოდნენ, რადგან ისინი ღვთის ძეს, იესოს ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი, როგორც სატანის შთამომავლები, თავიანთი „მამის“ მსახურები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი ადამიანი ასრულებდა სატანის ნებას, როცა ეწინააღმდეგებოდა და დევნიდა იესოს მოწაფეებს. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ეს ადამიანები სატანის ხილულ ორგანიზაციას წარმოადგენენ დედამიწაზე (იხილეთ იოანეს 15:20; 16:33; 17:15).
ვინ იგულისხმება ქალის შთამომავლობაში?
11. საუკუნეების განმავლობაში როგორ ამჟღავნებდა ღმერთი ქალის შთამომავლობის ვინაობას?
11 დაბადების 3:15 ბოლოს ქალის შთამომავლობას იხსენიებს. იმ დროს, როცა სატანა თავის შთამომავლობას ამრავლებდა, იეჰოვაც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ „ქალს“ ანუ ცოლისმაგვარ ზეციერ ორგანიზაციასაც ჰყოლოდა თავისი შთამომავლობა. დაახლოებით 4 000 წლის განმავლობაში იეჰოვა ნელ-ნელა უმჟღავნებდა თავის მოშიშსა და მორჩილ ხალხს შთამომავლობის ვინაობასთან დაკავშირებულ დეტალებს (ესაია 46:9, 10). აბრაამს, ისაკს, იაკობსა და სხვებს მტკიცე საფუძველი ჰქონდათ, ერწმუნათ ღვთის დანაპირები, რომ აღთქმული შთამომავლობა მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (დაბადება 22:15—18; 26:4; 28:14). სატანა და მისი დამქაშები ხშირად დევნიდნენ იეჰოვას მსახურებს, რომლებიც ურყევი რწმენით გამოირჩეოდნენ (ებრაელები 11:1, 2, 32—38).
12. ა) როდის გამოჩნდა ქალის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი და რამ დაადასტურა მისი ვინაობა? ბ) რა მიზნისთვის ცხო ღმერთმა იესო?
12 ბოლოს ახ. წ. 29 წელს სრულყოფილმა იესომ თავი წარუდგინა ღმერთს და მდინარე იორდანეში მოინათლა. იეჰოვამ წმინდა სულით ცხო იესო და განაცხადა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). მაშინ გაცხადდა, რომ ღმერთმა იესო თავისი ზეციერი, სულიერი ორგანიზაციიდან გამოგზავნა. იესო ზეციერ სამეფოს ტახტზეც ავიდა. ეს სამეფო იეჰოვას სახელით აღადგენდა მმართველობას დედამიწაზე და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ღვთის უზენაესობის საკითხს (გამოცხადება 11:15). ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი სწორედ იესო ანუ მესიაა (შეადარეთ გალატელების 3:16; დანიელის 9:25).
13, 14. ა) რატომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ქალის შთამომავლობა მხოლოდ ერთი გამოჩენილი პიროვნებით არ შემოიფარგლება? ბ) რამდენი ადამიანი ამოარჩია ღმერთმა აღთქმული შთამომავლობის შესავსებად და რა ორგანიზაციას ქმნიან ისინი? გ) კიდევ ვინ მსახურობს შთამომავლობის მხარდამხარ?
13 მხოლოდ ერთი გამოჩენილი პიროვნება წარმოადგენდა ქალის შთამომავლობას? გავიხსენოთ, ვინ შედის სატანის შთამომავლობაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სატანის შთამომავლობა აერთიანებს უამრავ ბოროტ ანგელოზსა და ღვთის შეურაცხმყოფელ ადამიანს. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღმერთმაც ამოარჩია 144 000 ერთგული ადამიანი, რათა იესო ქრისტესთან, მესიასთან და აღთქმული შთამომავლობის მთავარ წევრთან ერთად ემმართველათ და მღვდლებად ემსახურათ. სწორედ ეს იგულისხმება „გამოცხადებაში“, სადაც ნათქვამია, რომ ეშმაკი ქალით წარმოდგენილ ღვთის ორგანიზაციას მტრობს და ამიტომ ‘მისი შთამომავლებიდან დანარჩენებსაც ებრძვის’ (გამოცხადება 12:17; 14:1—4).
14 ბიბლიაში ცხებულ ქრისტიანებს იესოს ძმები ეწოდებათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ერთი და იგივე მამა და დედა ჰყავთ (ებრაელები 2:11). მამა იეჰოვა ღმერთია, დედა კი, როგორც ჩანს, „ქალი“ ანუ ღვთის ზეციერი ორგანიზაციაა. ცხებული ქრისტიანები აღთქმული შთამომავლობის წარმომადგენლები არიან, იესო ქრისტე კი ამ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელია. სულითცხებული ქრისტიანების კრება დედამიწაზე წარმოადგენს ღვთის ხილულ ორგანიზაციას, რომელსაც ქალით წარმოდგენილი ღვთის ზეციერი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. აღდგომის შემდეგ ისინი ზეცაში ავლენ და იესო ქრისტესთან ერთად იმეფებენ (რომაელები 8:14—17; გალატელები 3:16, 29). ყველა ერიდან არჩეული მილიონობით სხვა ცხვარი მართალია შთამომავლობის წარმომადგენელი არ არის, მაგრამ ერთსულოვნად მსახურობს ღვთის მიწიერ ორგანიზაციასთან ერთად. თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ ხარობთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედით (იოანე 10:16; 17:1—3).
როგორ გაღვივდა მტრობა
15. ა) აღწერეთ, როგორ მრავლდებოდა სატანის შთამომავლობა როგორც ადამიანებს, ისე ანგელოზებს შორის. ბ) რა დაემართა სატანის შთამომავლობას წარღვნის დროს?
15 ადამიანებით წარმოდგენილმა სატანის შთამომავლობამ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე „გამოიჩინა თავი“. მაგალითად, კაენი, დაბადებულთაგან პირველი, „ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა თავისი ძმა“ აბელი (1 იოანე 3:12). მოგვიანებით ენოქი ამბობდა, რომ იეჰოვა მოვიდოდა ‘თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღესრულებინა სამართალი ყველას მიმართ და ემხილებინა ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ემხილებინა უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში’ (იუდა 14, 15). გარდა ამისა, ურჩმა ანგელოზებმა, რომლებმაც სატანის მხარე დაიკავეს და მისი შთამომავლები გახდნენ, „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაში, ხორცი შეისხეს და ქალებზე დაქორწინდნენ. მათ სასტიკი, ზეადამიანური, ჰიბრიდული შთამომავლობა შეეძინათ. იმდროინდელი ქვეყნიერება ძალადობითა და ბოროტებით აივსო და ამიტომაც გაანადგურა ღმერთმა წარღვნით, რომელსაც მხოლოდ ერთგული ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა. დაუმორჩილებელი ანგელოზები, ახლა უკვე სატანის მორჩილი დემონები, იძულებულები გახდნენ, მიეტოვებინათ სასიკვდილოდ განწირული ცოლები და ჰიბრიდული შთამომავლები. მათ კვლავ სულიერი სხეული შეისხეს და სულიერ სამყაროს დაუბრუნდნენ, თუმცა განადგურება ელით, რადგან ღმერთი მალე აღასრულებს სატანისა და მისი შთამომავლობისთვის გამოტანილ განაჩენს (იუდა 6; დაბადება 6:4—12; 7:21—23; 2 პეტრე 2:4, 5).
16. ა) რომელი სასტიკი კაცი გამოჩნდა წარღვნის შემდეგ და საიდან ჩანს, რომ ის სატანის შთამომავალი იყო? ბ) როგორ ჩაუფუშა ღმერთმა გეგმა ბაბილონის კოშკის მშენებლებს?
16 წარღვნის შემდეგ მალევე გამოჩნდა ერთი სასტიკი კაცი, რომელსაც ნიმროდი ერქვა. ბიბლია აღწერს მას როგორც „იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერ მონადირეს“. ის აშკარად „გველის“ შთამომავალი იყო. სატანის მსგავსად ნიმროდიც ურჩობის სულით გამოირჩეოდა. იეჰოვას ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც ხალხს მთელი დედამიწა უნდა აევსო, მან ქალაქ ბაბელის, იგივე ბაბილონის, მშენებლობა წამოიწყო. ბაბილონის ცენტრში ნიმროდი უზარმაზარი კოშკის აგებას აპირებდა, რომელიც ცას მისწვდებოდა. მაგრამ ღმერთმა გეგმა ჩაუფუშა მშენებლებს, ენა აურია და „გაფანტა. . . ისინი მთელი დედამიწის ზურგზე“, თუმცა ბაბილონისთვის ხელი არ უხლია (დაბადება 9:1; 10:8—12; 11:1—9).
სცენაზე პოლიტიკური ძალები გამოდიან
17. რა მიმართულებით განვითარდა საზოგადოება ადამიანების რიცხობრივ ზრდასთან ერთად, და შედეგად რომელი უზარმაზარი იმპერიები შეიქმნა?
17 ბაბილონში საზოგადოება სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა და აშკარად იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება პოლიტიკური სისტემა იყო. ადამიანების გამრავლებასთან ერთად იზრდებოდა ნიმროდის მსგავსი ამბიციური ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ. კაცი კაცზე მძლავრობდა მისდა საზიანოდ (ეკლესიასტე 8:9). მაგალითად, აბრაამის დროს სოდომს, გომორასა და მათ მეზობელ ქალაქებს შინარისა და სხვა შორეული ქვეყნების მეფეები დაეპატრონნენ (დაბადება 14:1—4). დროთა განმავლობაში ნიჭიერმა სარდლებმა და ორგანიზატორებმა სიმდიდრისა და დიდების მოსახვეჭად უზარმაზარი იმპერიები შექმნეს. ბიბლია რამდენიმე იმპერიას მოიხსენიებს, მაგალითად, ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს.
18. ა) რა დამოკიდებულება აქვს ღვთის ხალხს პოლიტიკური მმართველების მიმართ? ბ) ზოგჯერ როგორ უწყობდნენ ხელს ღვთის განზრახვების შესრულებას პოლიტიკური მმართველები? გ) როგორ ადასტურებდნენ პოლიტიკური მმართველები, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ?
18 იეჰოვამ დაუშვა ამ პოლიტიკური ძალების არსებობა. ღვთის ხალხიც მათი ქვეშევრდომი იყო და ემორჩილებოდა მათ (რომაელები 13:1, 2). ზოგჯერ პოლიტიკური მმართველები ღვთის განზრახვების განხორციელებასაც უწყობდნენ ხელს და ღვთის ხალხსაც იცავდნენ (ეზრა 1:1—4; 7:12—26; საქმეები 25:11, 12; გამოცხადება 12:15, 16). მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკური მმართველები მაინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ამით ადასტურებდნენ, რომ „გველის“ შთამომავლები იყვნენ (1 იოანე 5:19).
19. როგორაა წარმოდგენილი წიგნ „გამოცხადებაში“ მსოფლიო პოლიტიკური ძალები?
19 საბოლოოდ, ადამიანთა მმართველობამ ვერ მოუტანა ბედნიერება ხალხს და ვერც პრობლემები გადაუჭრა. იეჰოვამ ნება დართო ადამიანებს, მმართველობის სხვადასხვა ფორმა გამოეცადათ, თუმცა არასოდეს მოუწონებია კორუფცია და მართვის მიუღებელი ფორმები (იგავები 22:22, 23). „გამოცხადება“ მსოფლიო დესპოტურ პოლიტიკურ ძალებს მედიდურ და საზარელ მხეცს ადარებს (გამოცხადება 13:1, 2).
გაუმაძღარი ვაჭრები
20, 21. „ათასისთავთა“ და „ძლიერთა“ გარდა კიდევ რომელი სისტემა იგულისხმება სატანის ბოროტ შთამომავლობაში, და რატომ?
20 პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად სცენაზე გამოჩნდნენ უსინდისო ვაჭრები. ძველი ბაბილონის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი წარწერებიდან ჩანს, რომ იმ დროს ვაჭრები ხშირად სხვების უბედურების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ვაჭრები დღემდე არავის უწევენ ანგარიშს და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ, ძალიან დიდ სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობა იხვეჭს მაშინ, როცა უმრავლესობას თავი ძლივს გააქვს. დღეს ინდუსტრიის განვითარების ხანაში ვაჭრები და ქარხნების მეპატრონეები კარგად ითბობენ ხელს. ისინი სახელმწიფოებს დიდძალი გამანადგურებელი იარაღით ამარაგებენ, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღით, რაც შიშის ზარს სცემს კაცობრიობას. „ათასისთავებთან“ და „ძლიერებთან“ ერთად ეს გაუმაძღარი მაგნატები და მათნაირი ადამიანები შეგვიძლია სატანის ბოროტ შთამომავლობას მივაკუთვნოთ. ისინი იმ მიწიერი ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც ღმერთმა და ქრისტემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (გამოცხადება 19:18).
21 კორუმპირებული პოლიტიკისა და ხარბი კომერციის გარდა ადამიანთა საზოგადოებაში არსებობს კიდევ ერთი სისტემა, რომელიც ღვთის სასჯელს იმსახურებს. რაზეა საუბარი? შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც „გამოცხადება“ გვიმხელს ამ კარგად ცნობილი სისტემის შესახებ.
დიდი ბაბილონი
22. როგორმა რელიგიამ მოიკიდა ფეხი ძველ ბაბილონში?
22 ძველი ბაბილონის მშენებლობას მხოლოდ პოლიტიკური მიზანი როდი ჰქონდა. ეს ქალაქი იეჰოვას უზენაესობას უპირისპირდებოდა, ასე რომ, საქმეში რელიგიის ხელიც ერია. მართლაც, ძველ ბაბილონში ჩაეყარა საფუძველი კერპთაყვანისმცემლობას. მღვდლები ღვთის შეურაცხმყოფელ მოძღვრებებს ასწავლიდნენ, მაგალითად, სულის უკვდავებას, თითქოს ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული ცოცხალი რჩებოდეს, და არსებობდეს სიკვდილის შემდეგ მარადიული ტანჯვისა და საშინელებების ადგილი, სადაც დემონები მმართველობენ. ისინი ხელს უწყობდნენ კერპთაყვანისმცემლობას — გამოსახულებების, ღმერთებისა თუ ქალღმერთების მსახურებას. ათასგვარ მითს თხზავდნენ დედამიწისა და ადამიანის წარმოშობის ასახსნელად. ასრულებდნენ ამაზრზენ რიტუალებს და მსხვერპლშეწირვას, რაც მათი აზრით, ზრდიდა შობადობასა და მოსავლიანობას, და ომში ამარჯვებინებდათ.
23. ა) რა გაიყოლა თან ბაბილონიდან წამოსულმა ხალხმა და რა მოჰყვა ამას? ბ) რა სახელით მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიურ სამყაროს? გ) რის წინააღმდეგ არ წყვეტდა ბრძოლას ცრუ რელიგია?
23 მას შემდეგ, რაც ენებარეული ხალხი ბაბილონიდან მთელ დედამიწაზე გაიფანტა, მათი რელიგიური ადათ-წესებიც გავრცელდა. ასე დამკვიდრდა ძველი ბაბილონური წეს-ჩვეულებები და რელიგიური მოძღვრებები ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, შორეული აღმოსავლეთისა და ოკეანიის პირველ მოსახლეთა შორის, და ამ მოძღვრებებიდან მრავალი დღემდეა შემორჩენილი. ამიტომაც მოიხსენიებს „გამოცხადება“ ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემას დიდ ბაბილონად წოდებულ ქალაქად (გამოცხადება 17-ე და 18-ე თავები). სადაც კი ცრუ რელიგიამ გაიდგა ფესვი, ყველგან აღმოაცენა მჩაგვრელი სამღვდელოება, ცრურწმენა, უმეცრება და უზნეობა. ცრუ რელიგია მძლავრ იარაღად იქცა სატანის ხელში. დიდი ბაბილონი ყოველთვის დაუნდობლად იბრძოდა უზენაესი უფლის, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ.
24. ა) როგორ დაუგესლა „გველმა“ ქუსლი „ქალის“ შთამომავალს? ბ) რატომ არის საუბარი მხოლოდ ქუსლის დაგესვლაზე?
24 პირველი საუკუნის იუდეველი მწიგნობრები და ფარისევლები, როგორც „გველის“ შთამომავლები, ყველაზე მეტად იმსახურებდნენ სასჯელს, რადგან ჯერ დევნიდნენ, ბოლოს კი მოკლეს „ქალის“ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი. ასე შეძლო „გველმა“, შთამომავლისთვის ‘ქუსლი დაეგესლა’ (დაბადება 3:15; იოანე 8:39—44; საქმეები 3:12, 15). რატომ არის საუბარი მხოლოდ ქუსლის დაგესვლაზე? იმიტომ, რომ „გველმა“ იესოს მხოლოდ ხანმოკლე ზიანი მიაყენა დედამიწაზე; იეჰოვამ მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა იესო და სულიერი სიცოცხლისთვის აღამაღლა (საქმეები 2:32, 33; 1 პეტრე 3:18).
25. ა) როგორ შეებრძოლა განდიდებული იესო სატანასა და მის დემონებს? ბ) როდის განადგურდება სატანის მიწიერი შთამომავლობა? გ) რას ნიშნავს ჩვენთვის ის, რომ „ქალის“ შთამომავალი ‘თავს გაუჭეჭყავს’ სატანას, გველს?
25 განდიდებული იესო ქრისტე ამჟამად იეჰოვას მარჯვნივ ზის და მის მტრებს ასამართლებს. მან უკვე გადმოაგდო ზეციდან სატანა თავის დემონებთან ერთად, და ახლა მათ მხოლოდ დედამიწაზე შეუძლიათ მოქმედება. სწორედ ამიტომ იმატა ჩვენს დროში უბედურებათა რიცხვმა (გამოცხადება 12:9, 12). როგორც ნაწინასწარმეტყველებია, სატანის მიწიერი შთამომავლობა განადგურდება — ღმერთი განაჩენს აღასრულებს დიდ ბაბილონსა და სატანის მიწიერი ორგანიზაციის სხვა შემადგენელ ნაწილებზე. ბოლოს „ქალით“ წარმოდგენილი ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი, იესო ქრისტე, ‘თავს გაუჭეჭყავს’ სატანას, მზაკვარ ძველ გველს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება და ჩამოშორდება კაცობრიობას (რომაელები 16:20).
26. რატომ უნდა გამოვიკვლიოთ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
26 როგორ მოხდება ეს? ამაზე პასუხს გვცემს ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ მასში აღწერილი ხილვებითა და შთამბეჭდავი ნიშნებით. მოდი, გულდასმით გამოვიკვლიოთ ეს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება. მართლაც ბედნიერები ვიქნებით, თუ ყურად ვიღებთ და დავიცავთ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სიტყვებს! ამგვარად ჩვენც პატივს მივაგებთ უზენაესი უფლის, იეჰოვას სახელს და მარადიულ კურთხევებს მივიღებთ. მაშ, განვაგრძოთ კითხვა და გამოვიყენოთ ნასწავლი, რაც გვიხსნის კაცობრიობის ისტორიის განვითარების აპოგეის დროს.
[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]
ძველი ლურსმული წარწერები სავაჭრო ურთიერთობებზე მოგვითხრობს
ჯეიმზ პრიტჩარდის წიგნში ჩამოთვლილია ხამურაბის 300-მდე კანონი, რომლებიც ძველ ბაბილონში მოქმედებდა. ამ კანონების თანახმად იმ დროს აუცილებელი იყო ბრძოლა აღმაშფოთებელ უპატიოსნობასთან, რასაც, როგორც ჩანს, ფეხი მოეკიდებინა მაშინდელ სავაჭრო სისტემაში. აი, რა ეწერა ერთ-ერთ კანონში: „თუ მიწათმფლობელი მოწმეებისა და წერილობითი შეთანხმების გარეშე შეიძენს ან შესანახად დაიტოვებს ვერცხლს ან ოქროს, მონას ან მხევალს, ხარს, ცხვარს ან ვირს ან ნებისმიერ ნივთს სხვა მიწათმფლობელის ვაჟის ან მონის ხელიდან, მაშინ ეს მიწათმფლობელი ქურდია და სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ („Ancient Near Eastern Texts“).