თავი 12
„ერთ ხალხად ვაქცევ მათ“
თემა: რაზე მიუთითებდა წინასწარმეტყველება ორ ჯოხზე?
1, 2. ა) რატომ შეიპყრობდა გადასახლებულთ შიში? ბ) რატომ აღმოჩნდა მათი შიში უსაფუძვლო? გ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ?
ღვთის მითითებით ეზეკიელმა ბაბილონში გადასახლებულებს მრავალი წინასწარმეტყველება გადასცა, რისთვისაც არაერთი თვალსაჩინოება მოიშველია. ეზეკიელის მიერ გათამაშებული პირველი წინასწარმეტყველება განაჩენს ეხებოდა. იმავეს თქმა შეიძლება იმ წინასწარმეტყველებებზეც, რომლებიც მან შემდგომ გაითამაშა (ეზეკ. 3:24—26; 4:1—7; 5:1; 12:3—6). თითოეული წინასწარმეტყველური სცენა ისრაელებისთვის გამოტანილ ღვთის მკაცრ განაჩენს შეიცავდა.
2 წარმოიდგინეთ, როგორი შიში შეიპყრობდა გადასახლებულებს, როცა ეზეკიელს მათ წინ მდგომს იხილავდნენ მორიგი წინასწარმეტყველური სცენის გასათამაშებლად. ისინი, ალბათ, ფიქრობდნენ, კიდევ რა უბედურება უნდა გვაუწყოსო, თუმცა სულ ტყუილად შიშობდნენ. სცენა, რომელსაც ეზეკიელი მათ წინაშე გაითამაშებდა, უბედურების მომასწავებელი კი არა, იმედის ჩამნერგავი იქნებოდა (ეზეკ. 37:23). რა უნდა ეუწყებინა ეზეკიელს მათთვის? რა მნიშვნელობა აქვს მის ცნობას ღვთის მსახურებისთვის დღეს?
„ერთ ჯოხად იქცევიან ჩემს ხელში“
3. ა) რას განასახიერებდა ჯოხი, რომელზეც ეწერა „იუდასთვის“? ბ) რის საფუძველზე ვასკვნით, რომ „ეფრემის ჯოხი“ ისრაელის ათტომიან სამეფოს განასახიერებდა?
3 იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, აეღო ორი ჯოხი, ერთზე დაეწერა „იუდასთვის“, ხოლო მეორეზე — „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:15, 16). რას განასახიერებდა ეს ჯოხები? ჯოხი, რომელზეც ეწერა „იუდასთვის“, განასახიერებდა იუდასა და ბენიამინის ორტომიან სამეფოს. ორტომიან სამეფოში მმართველობდნენ იუდასტომელი მეფეები, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში მომსახურე სამღვდელოება ედგა მხარში (2 მატ. 11:13, 14; 34:30). ასე რომ, იუდას სამეფოში იყო როგორც დავითის სამეფო დინასტია, ისე ლევიანთა სამღვდელო შტო. რაც შეეხება „ეფრემის ჯოხს“, ის ისრაელის ათტომიან სამეფოს განასახიერებდა. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? ათტომიანი სამეფოს პირველი მეფე იერობოამი ეფრემის ტომიდან იყო. დროთა განმავლობაში სწორედ ეს ტომი იქცა ისრაელის მთავარ ტომად (კან. 33:17; 1 მეფ. 11:26). ისიც საყურადღებოა, რომ ისრაელის ათტომიან სამეფოში არც დავითის დინასტიის მეფეები მმართველობდნენ და არც ლევიანი მღვდლები მსახურობდნენ.
4. რას მოასწავებდა წინასწარმეტყველის მიერ გათამაშებული სცენა? (იხილეთ სურათი 129-ე გვერდზე)
4 იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, რომ ორი ჯოხი ერთმანეთისთვის მიედო, რათა ერთ ჯოხად ქცეულიყო. გადასახლებულები, რომლებიც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს წინასწარმეტყველის ქცევას, იკითხავდნენ, რას ნიშნავდა ეს. ისიც მიუგებდა, რომ მის მიერ გათამაშებული სცენა იმას მოასწავებდა, რის გაკეთებასაც იეჰოვა იზრახავდა, რადგან ორი ჯოხის შესახებ იეჰოვას წინასწარმეტყველისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ერთ ჯოხად ვაქცევ მათ და ერთ ჯოხად იქცევიან ჩემს ხელში“ (ეზეკ. 37:17—19).
5. რაზე მიუთითებდა ორი ჯოხის ერთ ჯოხად ქცევა? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რა გაგებით იქცა ორი ჯოხი ერთ ჯოხად?“)
5 შემდეგ იეჰოვამ აუხსნა ეზეკიელს, თუ რაზე მიუთითებდა ორი ჯოხის ერთ ჯოხად ქცევა (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:21, 22). იუდას ორტომიანი და ისრაელის ათტომიანი სამეფოებიდან გადასახლებულები ისრაელის მიწაზე დაბრუნდებოდნენ, სადაც „ერთ ხალხად“ იქცეოდნენ (იერ. 30:1—3; 31:2—9; 33:7).
6. რომელ გამამხნევებელ წინასწარმეტყველებებს ვხვდებით ეზეკიელის 37-ე თავში?
6 ეზეკიელის 37-ე თავში აღდგენასთან დაკავშირებულ ორ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას ვხვდებით: 1) იეჰოვა არა მხოლოდ ხელმეორედ ჩაუდგამდა სულს თავის ხალხს ანუ დააბრუნებდა მშობლიურ მიწა-წყალზე (1—14), არამედ 2) გააერთიანებდა კიდეც (15—28). მართლაც გამამხნევებელია ეს წინასწარმეტყველებები — იეჰოვას შესწევს გამოცოცხლებისა და გაერთიანების ძალა!
როგორ შეკრიბა ღმერთმა თავისი ხალხი?
7. როგორ ამტკიცებს 1 მატიანის 9:2, 3, რომ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“?
7 ადამიანური გადასახედიდან გადასახლებულთა გათავისუფლება და გაერთიანება წარმოუდგენელი ჩანდა.a თუმცა „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათ. 19:26). იეჰოვამ, წინასწარმეტყველებისამებრ, შეასრულა დაპირება: ღვთის ხალხმა ძვ. წ. 537 წელს თავი დააღწია ბაბილონის ტყვეობას და ორივე სამეფოდან გადასახლებულები იერუსალიმში დაბრუნდნენ წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად. ბიბლიის სხვა წიგნებში ამის მტკიცებულებას ვხვდებით: „იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს შთამომავლების ნაწილი იერუსალიმში დასახლდა“ (1 მატ. 9:2, 3; ეზრ. 6:17). ამგვარად, იეჰოვას წინასწარმეტყველებისამებრ, ისრაელის ათტომიანი და იუდას ორტომიანი სამეფოებიდან გადასახლებულები გაერთიანდნენ!
8. ა) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ? ბ) რომელი ორი გარემოების გამო იქცევს ჩვენს ყურადღებას ეზეკიელის 37:21?
8 დაახლოებით 200 წლით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელიდან და იუდადან გადასახლებულები თავს დააღწევდნენ ტყვეობას და გაერთიანდებოდნენ. მისი წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა შეკრებდა გაფანტულ ისრაელებსა და იუდეველებს „დედამიწის ოთხივე კიდიდან“, მათ შორის, ასურეთიდან (ეს. 11:12, 13, 16). მართლაც, იეჰოვა ისე მოიქცა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, მან გამოკრიბა „ისრაელები იმ ხალხებიდან, სადაც გაიფანტნენ“ (ეზეკ. 37:21). ყურადღება მიაქციეთ ორ მნიშვნელოვან გარემოებას: 1) იეჰოვამ აღარ მოიხსენია გადასახლებულები „იუდეველებად“ და „ეფრემელებად“, არამედ მხოლოდ „ისრაელებად“ ანუ ერთ ჯგუფად; და 2) იეჰოვა მხოლოდ ბაბილონიდან კი არ გამოიყვანდა თავის ხალხს, არამედ ყველა ერიდან, ანუ „ყველა მხარიდან“, გამოკრებდა.
9. როგორ გააერთიანა იეჰოვამ სამშობლოში დაბრუნებული ისრაელები?
9 როგორ გააერთიანა იეჰოვამ სამშობლოში დაბრუნებული ისრაელები? მან ხალხს სულიერი მწყემსები დაუნიშნა, მაგალითად, ზერუბაბელი, მღვდელმთავარი იეჰოშუა, ეზრა და ნეემია. ღმერთმა აგრეთვე დანიშნა წინასწარმეტყველები: ანგია, ზაქარია და მალაქია. ეს ღვთისმოშიში მამაკაცები დაუღალავად მოუწოდებდნენ ისრაელებს, მიჰყოლოდნენ ღვთის მითითებებს (ნეემ. 8:2, 3). ამასთანავე, იეჰოვა ზრუნავდა თავის ერზე და ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეშალა თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებები (ესთ. 9:24, 25; ზაქ. 4:6).
10. რა მიზანს მიაღწია გარკვეულწილად სატანამ?
10 იეჰოვას მიერ გაწეული ამაგის მიუხედავად, ისრაელების უმეტესობა მაინც არ ერთგულობდა წმინდა თაყვანისმცემლობას. ამის შესახებ ვკითხულობთ ბიბლიის იმ წიგნებში, რომლებიც ისრაელების გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაიწერა (ეზრ. 9:1—3; ნეემ. 13:1, 2, 15). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საუკუნეც კი არ იყო გასული, რომ ისრაელებმა გადაუხვიეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზიდან, რის გამოც იეჰოვას მოუწია, მათთვის ეთქვა: „დამიბრუნდით“ (მალ. 3:7). ახ. წ. 1-ლ საუკუნეში, როცა იესო დედამიწაზე მსახურობდა, იუდაიზმი უკვე სექტებად იყო დაქსაქსული, რომელთაც სათავეში ღვთის ორგული მწყემსები ედგნენ (მათ. 16:6; მარ. 7:5—8). სატანამ, გარკვეულწილად, მიზანს მიაღწია — მან ბზარი გაუჩინა ერთობას! მიუხედავად ყველაფრისა, იეჰოვას წინასწარმეტყველება თავისი ხალხის გაერთიანების შესახებ უნდა შესრულებულიყო. როგორ მოხდებოდა ეს?
„ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე“
11. ა) რომელ დეტალს მოჰფინა ნათელი იეჰოვამ? ბ) რას შეეცადა სატანა ზეციდან გადმოგდების შემდეგ?
11 წაიკითხეთ ეზეკიელის 37:24. იეჰოვამ იმ დეტალსაც მოჰფინა ნათელი, რომ წინასწარმეტყველება თავისი ხალხის გაერთიანების შესახებ საბოლოოდ მას შემდეგ შესრულდებოდა, როცა მისი „მსახური დავითი“, იესო ქრისტე, გამეფდებოდა,b რაც 1914 წელს მოხდა კიდეც (2 სამ. 7:16; ლუკ. 1:32). იმ დროისთვის ხორციელი ისრაელის ადგილი უკვე სულიერ ისრაელს, სულით ცხებულ ერს, ეკავა (იერ. 31:33; გალ. 3:29). სატანამ, რომელიც სწორედ მაშინ გადმოაგდეს ზეციდან, გამძვინვარებულმა კიდევ ერთხელ გაილაშქრა ღვთის ხალხის ერთობის წინააღმდეგ (გამოცხ. 12:7—10). მაგალითად, 1916 წელს ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ სატანამ ხელიდან არ გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა და განდგომილების მეშვეობით შეეცადა ცხებულთა შორის განხეთქილების ჩამოგდებას. თუმცა განდგომილებმა მალევე დატოვეს ორგანიზაცია. სატანამ, რაღაც ეტაპზე, ისიც მოახერხა, რომ ხელმძღვანელი ძმები საპატიმროში აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ვერც ამან დაქსაქსა ღვთის ხალხი. ღვთის ერთგულმა ცხებულმა ქრისტიანებმა შეინარჩუნეს ერთობა.
12. რატომ ვერ დაქსაქსა სატანამ სულიერი ისრაელი?
12 ხორციელი ისრაელისგან განსხვავებით, სულიერ ისრაელზე ვერ გაჭრა სატანის მუხანათურმა გეგმამ. სატანის მცდელობამ კრახი განიცადა, რადგან ცხებული ქრისტიანები ყველანაირად ცდილობდნენ, ღვთის ნორმების ერთგულნი დარჩენილიყვნენ. შედეგად, მათ მფარველობას არ აკლებდა მათი მეფე იესო ქრისტე, რომელიც დღემდე წარმატებით ილაშქრებს სატანის წინააღმდეგ (გამოცხ. 6:2).
იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს „ერთ ხალხად“ აქცევს
13. რომელ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას წინასწარმეტყველება ორი ჯოხის შეერთების თაობაზე?
13 რა მნიშვნელობა აქვს წინასწარმეტყველებას ორი ჯოხის შესახებ ღვთის მსახურებისთვის დღეს? ამ წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, თუ როგორ გაერთიანდებოდა ორი ჯგუფი და ხაზი ესმება იმას, რომ ამ ორ ჯგუფს იეჰოვა აერთიანებს. ამგვარად, წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ რომელ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას წინასწარმეტყველება ორი ჯოხის შეერთების თაობაზე? ამ კითხვაზე პასუხის მიღება მარტივია: იეჰოვა თავად აქცევს თავის თაყვანისმცემლებს „ერთ ხალხად“ (ეზეკ. 37:19).
14. როგორ დაიწყო წინასწარმეტყველებამ ორი ჯოხის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით შესრულება 1919 წლიდან?
14 1919 წლიდან, მას შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი ხალხი სულიერად განწმინდა და სულიერი სამოთხე დაამკვიდრებინა, წინასწარმეტყველებამ ორი ჯოხის შესახებ უფრო ფართო მასშტაბით დაიწყო შესრულება. იმ დროისთვის, მათგან უმეტესობა, ვინც ღმერთმა შეკრიბა და გააერთიანა, ზეცაში მეფედ და მღვდლად მსახურებისთვის იყო მოწოდებული (გამოცხ. 20:6). ამგვარად, ცხებული ქრისტიანები შეიძლება შევადაროთ „იუდას ჯოხს“, ანუ ერს, რომელშიც იყვნენ როგორც მეფეები დავითის საგვარეულოდან, ისე მღვდლები ლევის ტომიდან. თუმცა დროთა განმავლობაში იზრდებოდა მიწიერი იმედის მქონეთა რიცხვი, რომლებიც ამ სულიერ იუდეველებს უერთდებოდნენ. ისინი შეიძლება შევადაროთ „ეფრემის ჯოხს“, ანუ ხალხს, რომელშიც არც მეფეები იყვნენ დავითის საგვარეულოდან და არც მღვდლები ლევის ტომიდან. დღეს ამ ორი ჯგუფისგან შემდგარი იეჰოვას ხალხი გაერთიანებულად მსახურობს ერთი მეფის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით (ეზეკ. 37:24).
„ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“
15. როგორ სრულდება ეზეკიელის 37:26, 27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება დღეს?
15 ეზეკიელის წინასწარმეტყველება იმასაც გვატყობინებს, რომ ცხებულ ქრისტიანებს წმინდა თაყვანისმცემლობაში ბევრი შეუერთდებოდა. იეჰოვამ თავის ხალხზე თქვა: „გავამრავლებ; . . ჩემს კარავს მათთან დავდგამ“ (ეზეკ. 37:26, 27). ეს განაცხადი გვახსენებს იმას, რაც მოციქულმა იოანემ დაახლოებით 700 წლის შემდეგ თქვა: „ტახტზე მჯდომი თავის კარავს გაუშლის [უამრავ ხალხს]“ (გამოცხ. 7:9, 15). დღესდღეობით ცხებულებიცა და „უამრავი ხალხიც“ ერთ ერს ქმნიან, ღვთის ხალხს, რომლებზეც კარვად თავად ღმერთია გადაფარებული.
16. რა იწინასწარმეტყველა ზაქარიამ?
16 სულიერი იუდეველებისა და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების მოიმედეთა გაერთიანების შესახებ ზაქარიამაც იწინასწარმეტყველა, რომელიც თავადაც გადასახლებიდან დაბრუნებულთა შორის იყო. მან თქვა: „ყველა . . . ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). მუხლში მოხსენიებულ „იუდეველში“ ცალკეული ადამიანი კი არა, ადამიანთა ჯგუფი იგულისხმება, რადგან იქვე გამოყენებული ნაცვალსახელი „თქვენთან“ მრავლობით რიცხვში დგას; შესაბამისად, „იუდეველში“ დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები ანუ სულიერი იუდეველები იგულისხმებიან (რომ. 2:28, 29). რაც შეეხება ფრაზას „ათი კაცი“, მასში მიწიერი იმედის მქონენი იგულისხმებიან, რომლებიც „ეჭიდებიან“ ცხებულებს და „მიჰყვებიან“ (ეს. 2:2, 3; მათ. 25:40). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ფიგურალური გამოთქმები ამ ორი ჯგუფის გაერთიანებაზე მოწმობს.
17. როგორ აღწერა იესომ ღვთის ხალხს შორის არსებული ერთობა?
17 შესაძლოა იესოს ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როცა საკუთარი თავი მწყემსს შეადარა, რომელიც „ერთ სამწყსოში“ მოუყრიდა თავს როგორც „თავის ცხვარს“ (სულით ცხებულები), ისე „სხვა ცხვარს“ (მიწიერი იმედის მქონენი) (იოან. 10:16; ეზეკ. 34:23; 37:24, 25). იესოსა და ძველი დროის წინასწარმეტყველთა სიტყვები შესანიშნავად აღწერს იეჰოვას ხალხს შორის არსებულ ერთიანობას მათი იმედის მიუხედავად. დღეს, როცა ცრურელიგიურ სამყაროში უამრავი სექტა და კონფესიაა, ჩვენ საოცარი ერთობით ვხარობთ.
„მათ შორის იქნება ჩემი წმინდა ადგილი სამარადისოდ“
18. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღვთის ხალხი არ იყოს ქვეყნიერების ნაწილი და როგორ უკავშირდება ეს აზრი ეზეკიელის 37:28-ს?
18 ეზეკიელის ამ წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა უწყობს ხელს ერთობის შენარჩუნებას (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:28). იეჰოვას ხალხი ერთიანობას იმის წყალობით ინარჩუნებს, რომ ღვთის „წმინდა ადგილი“ მათ შორისაა, ანუ ისინი წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს იკავებენ, და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ისინი „წმინდები“ ანუ სატანის ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი დარჩებიან (1 კორ. 6:11; გამოცხ. 7:14). იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანები არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი. გულმხურვალე ლოცვაში, რომელიც ქრისტემ სიკვდილის წინა ღამეს მოციქულებისთვის აღავლინა, თქვა: „წმინდა მამა, დაიცავი ისინი, . . რათა . . . ერთნი იყვნენ . . . ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი . . . განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით“ (იოან. 17:11, 16, 17). ამგვარად იესომ ხაზი გაუსვა, რომ ერთიანობასა და ქვეყნიერებისგან გამოყოფას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
19. ა) რით ცხადვყოფთ, რომ ღვთის მიბაძვა გვსურს? ბ) რა მნიშვნელოვან აზრს გაუსვა იესომ ხაზი თავისი სიკვდილის წინა ღამით?
19 ეს ბიბლიაში ჩაწერილი ერთადერთი შემთხვევაა, როცა იესომ ღმერთი „წმინდა მამად“ მოიხსენია. ნამდვილად, იეჰოვა სიწმინდისა და სიმართლის განსახიერებაა. იეჰოვამ ისრაელ ერს კანონში მითითება მისცა: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ (ლევ. 11:45). ვინაიდან გვსურს, მივბაძოთ ღმერთს, ვცდილობთ, ყოველთვის მივყვეთ ამ მითითებას (ეფეს. 5:1; 1 პეტ. 1:14, 15). ადამიანებთან მიმართებით გამოყენებული სიტყვა „წმინდა“ ნიშნავს „გამოყოფილს“, „გამოცალკევებულს“. ამგვარად, იესომ თავისი სიკვდილის წინა ღამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი მოწაფეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდნენ ერთობას, თუკი ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი დარჩებოდნენ და მისი გავლენით არ დაიქსაქსებოდნენ.
„გთხოვ, . . ისინი . . . ბოროტისგან დაიცვა“
20, 21. ა) რა გვიღრმავებს ნდობას იეჰოვასადმი? ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
20 იესომ თავის მიმდევრებზე მამას სთხოვა: „გთხოვ, . . ისინი . . . ბოროტისგან დაიცვა“ (წაიკითხეთ იოანეს 17:14, 15). დღეს ღვთის ხალხს შორის არსებული საოცარი ერთობა იმის მტკიცებულებაა, რომ იეჰოვამ იესოს თხოვნას უპასუხა. ნამდვილად გვიღრმავებს იეჰოვასადმი ნდობას იმის დანახვა, რომ სატანამ ძირი ვერ გამოუთხარა ღვთის ხალხის ერთობას. ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვამ თქვა, რომ ორი ჯოხი მის ხელში ერთ ჯოხად იქცეოდა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ სასწაულებრივად შეკრიბა ხალხი თავისი მზრუნველი კალთის ქვეშ, რათა სატანას ვერაფერი დაეკლო მათი ერთობისთვის.
21 რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ ერთობას, რომლითაც დღეს ვხარობთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი ყოველთვის წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს დავიკავებთ და ვემსახურებით ღმერთს მის სულიერ ტაძარში. მომდევნო თავებში განვიხილავთ, თუ რას მოიცავს ამგვარი თაყვანისცემა.
a ეზეკიელის მიერ წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე დაახლოებით 200 წლით ადრე ასურელებმა ტყვედ წაასხეს ისრაელის ათტომიანი სამეფოს („ეფრემის ჯოხი“) მკვიდრნი (2 მეფ. 17:23).
b ეს წინასწარმეტყველება დეტალურადაა განხილული ამ წიგნის მე-8 თავში.