მიჰყევით ქვეყნიერების სინათლეს
„ვინც წამომყვება. . . სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (იოანე 8:12).
რას გავაკეთებდით სინათლის გარეშე? აბა, სცადე წარმოიდგინო, ყოველდღე იღვიძებ და 24 საათი სიბნელეში იმყოფები. სცადე წარმოიდგინო სამყარო ფერების გარეშე, ვინაიდან უსინათლოდ ფერები არ არსებობს. სინამდვილეში, სინათლე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენც არ ვიქნებოდით! რატომ? იმიტომ რომ ფოტოსინთეზად წოდებული პროცესის განმავლობაში მწვანე მცენარეები სარგებლობენ სინათლით, რათა წარმოქმნან საკვები, რომლითაც ჩვენ ვიკვებებით, — პური, ხილი და ბოსტნეული. დიახ, ზოგჯერ ჩვენ ვჭამთ ცხოველთა ხორცს. მაგრამ ის ცხოველები ჭამდნენ მცენარეებს ან სხვა ცხოველებს, რომლებიც მცენარეების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ამრიგად, ჩვენი ფიზიკური სიცოცხლე მთლიანად სინათლეზეა დამოკიდებული.
2 ჩვენი სინათლე გამომდინარეობს მზისგან, რომელიც არის ვარსკვლავი. თუმცა მზე იძლევა ძალიან დიდი რაოდენობის სინათლეს, ის მაინც მხოლოდ საშუალო ზომის ვარსკვლავია. ბევრი ვარსკვლავი გაცილებით უფრო დიდია. ხოლო ვარსკვლვთა დაჯგუფება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გალაქტიკა ირმის ნახტომი, შეიცავს ას მილიარდზე მეტ ვარსკვლავს. სამყაროში, ასევე, არსებობს უთვალავ მილიარდობით გალაქტიკა. ვარსკვლავთა როგორ დიდი სიმრავლეა! რაოდენ დიდ სინათლეს ასხივებენ ისინი! სინათლის როგორი ძლიერი წყაროა იეჰოვა, რომელმაც შექმნა ყოველივე ეს! ესაიას 40: 26-ში ნათქვამია: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“.
სინათლის სხვა სახეობა
3 იეჰოვა, ასევე, არის სინათლის სხვა სახეობის წყარო, იმ სინათლისა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გვქონდეს სულიერი მხედველობა, ვიყოთ სულიერად განათლებულნი. ერთი ლექსიკონი სიტყვას „გაანათლო“ ასე განსაზღვრავს: „მოამარაგო ცოდნით; ასწავლო; მისცე სულიერი გაგება“. იგი სიტყვას „განათლებული“ განსაზღვრავს როგორც „უვიცობისა და დეზინფორმაციისგან გათავისუფლებულს“. იეჰოვასგან სულიერი განათლება გვეძლევა მისი სიტყვის, ბიბლიის, ზუსტი შემეცნების მეშვეობით. ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, ვინ არის ღმერთი და რა განზრახვები აქვს მას. „ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც თქვა: გამოიბრწყინოს შუქმა სიბნელიდან, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვიშუქოს ღმერთის დიდების შემეცნებით იესო ქრისტეს სახეში“ (2 კორინთელთა 4:6). ამგვარად, ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებანი გვათავისუფლებენ უვიცობისა და დეზინფორმაციისგან. იესომ თქვა: „და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).
4 იეჰოვა, ჭეშმარიტი სულიერი განათლების წყარო, ‘ყოვლადბრძენია’ (იობი 37:16). გარდა ამისა, ფსალმუნის 118:105-ში ღმერთის შესახებ ნათქვამია: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“. ესე იგი, მას შეუძლია სულიერად გაანათლოს არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების მომდევნო ნაბიჯი, არამედ შემდგომი გზაც. ამის გარეშე ცხოვრება შეიძლებოდა შეგვედარებინა უმთვარო ღამეს მოლიპულ, მთიან გზაზე, საერთოდ ყოველგვარი სინათლის გარეშე უფარებო მანქანით მგზავრობასთან. იეჰოვასგან გამომდინარე სულიერი სინათლე შეიძლება შევადაროთ მანქანის ფარების კარგ სინათლეს. სინათლე ანათებს გზას, რათა ზუსტად ვხედავდეთ, თუ საით მივდივართ.
5 ესაიას 2:2–5-ის წინასწარმეტყველებაში ნაჩვენებია, რომ ჩვენს დროში ღმერთი აგროვებს ყველა ერიდან ადამიანებს, რომელთაც სურთ სულიერი განათლება იმისთვის, რომ შეეძლოთ გაიგონ და ცხოვრებაში გამოიყენონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. მე-3 მუხლში ნათქვამია: „გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ“. მე-5 მუხლი იწვევს მათ, რომლებიც ისწრაფიან ჭეშმარიტებისკენ: „მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!“
6 ამრიგად, იეჰოვა არის სიცოცხლისთვის აუცილებელი სინათლის ორი სახეობის წყარო: ფიზიკურისა და სულიერის. ფიზიკური სინათლე ეხმარება ჩვენს ფიზიკურ სხეულს, ვიცოცხლოთ ამჟამად, შესაძლოა, დაახლოებით 70 ან 80 წელი. მაგრამ სულიერ სინათლეს მივყავართ მარადიული სიცოცხლისკენ სამოთხეში დედამიწაზე. იესომ ეს თქვა ღმერთისადმი ლოცვაში: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარმოგზავნე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
ქვეყნიერება სულიერ სიბნელეშია
7 დღეს ჩვენ ეს სულიერი სინათლე გვესაჭიროება ისე, როგორც არასდროს უწინ. ისეთი წინასწარმეტყველებები, როგორიცაა: მათეს 24-ე თავი, 2 ტიმოთეს მე-3 თავი გვიჩვენებენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის წინა პერიოდში. ამ და სხვა წინასწარმეტყველებებმა იწინასწარმეტყველეს ჩვენი დროის საშინელი მოვლენები და შეგვატყობინეს, რომ ვცხოვრობთ „უკანასკნელ დღეებში“. ზუსტად ისე, როგორც ამ წინასწარმეტყველებებში იყო ნაწინასწარმეტყველები, ჩვენს საუკუნეში უბედურებები ერთი-მეორის მიყოლებით ხდება. დამნაშავეობა და ძალადობა საგანგაშო ზომამდე გაიზარდა. ომებს შეეწირა ას მილიონზე მეტი სიცოცხლე. ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა საშინელი შიდს-ი, მილიონობით ადამიანი მოიცვა, ამასთანავე, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდს-ისგან უკვე დაიღუპა 160 000-ზე მეტი ადამიანი. ოჯახური ცხოვრება დაირღვა, მაღალი ზნეობრივი ნორმები კი მოძველებულად ითვლება.
8 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხავიერ პერეს დე კუელიარმა თქვა: „მსოფლიო მდგომარეობა იძლევა იმის დამთრგუნველ მტკიცებებს, რომ სიღარიბე [არღვევს] საზოგადოების ერთობას“. მან შენიშნა, რომ „მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში“ და რომ „ეს ასაზრდოებს ძალადობრივი ბრძოლისკენ მიმავალ ძალებს“. ეს „მძიმე უბედურებები“, თქვა მან, „სრულიად დაუძლეველია იმ ზომებით, რომელთა გამოყენებაც მთავრობებს შეუძლიათ“. ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის მეთაურიც შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „მთავარი პრობლემა, რომელსაც ხვდება საზოგადოება — ესაა ის, რომ მათთვის შეუძლებელი გახდა მართვა“. როგორი ჭეშმარიტია სიტყვები ფსალმუნის 145:3-დან: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“.
9 დღევანდელი მდგომარეობა ზუსტად ისეთია, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 60:2-ში: „რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“. ეს წყვდიადი, რომელიც ფარავს დედამიწის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს, არსებობს იმის გამო, რომ ისინი არ ღებულობენ იეჰოვასგან გამომდინარე სულიერ სინათლეს. სულიერი წყვდიადის მთავარი მიზეზი — სინათლის ღმერთის მთავარი მტრები, სატანა ეშმაკი და მისი დემონები, არიან. ისინი არიან ‘წუთისოფლის სიბნელის მპყრობელები’ (ეფესელთა 6:12). როგორც 2 კორინთელთა 4:4-შია ნათქვამი, ეშმაკი არის ‘წუთისოფლის ღმერთი’, რომელმაც ‘დაუბრმავა ურწმუნოებს გონება, რათა მათთვის არ იბრწყინოს სახარების შუქმა ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია’. ადამიანთა არც ერთ მმართველობას არ შეუძლია ამ ქვეყნიერების გათავისუფლება სატანის ზეგვლენისაგან. ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
„დიდი ნათელი“
10 მაგრამ ღმერთის სიტყვამ ესაიას 60:2, 3-ში იწინასწარმეტყველა, რომ იმ დროს, როცა უკუნი წყვდიადი დაფარავს კაცობრიობის ძირითად ნაწილს, ასევე, იქნებოდა შემდეგი რამ: „შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე“. ეს ეთანხმება ესაიას წიგნის მე-2 თავში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც მოცემულია დაპირება, რომ ამ უკანასკნელ დღეებში დადგინდება იეჰოვასადმი ჭეშმარიტი, განათლებული თაყვანისცემა, მე-2 და მე-3 მუხლში კი ნათქვამია: „ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე“, ანუ მის ამაღლებულ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება იმყოფება სატანის კონტროლქვეშ, ღმერთისაგან გამოდის სინათლე და უამრავ ადამიანს წყვდიადისაგან ათავისუფლებს.
11 ესაიას 9:1-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღმერთი გამოგზავნიდა ქვეყნიერებაზე მას, ვინც აირეკლავდა მის სინათლეს. იქ ნათქვამია: „ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა“. „ნათელი დიდი“ არის იეჰოვას წარმომადგენელი, იესო ქრისტე. იესომ თქვა: „მე სინათლე ვარ ქვეყნიერებისა, ვინც წამომყვება, სიბნელეში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (იოანე 8:12). ზოგიერთებმა ეს უკვე იცოდნენ მაშინ, როცა იესო ჯერ კიდევ ჩვილი იყო. ლუკას 2:25-ში ნათქვამია, რომ კაცი, სახელად სიმონი იყო „მართალი და ღვთის მოშიში“ და რომ „იყო მასზედ სულიწმიდა“. როცა სიმონმა იხილა პატარა იესო, ღმერთისადმი ლოცვაში თქვა: „იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის სახის წინაშე, სინათლე წარმართთა გასაბრწყინებლად“ (ლუკა 2:30–32).
12 თავისი ნათლობის შემდეგ მალე იესომ დაიწყო კაცობრიობისგან წყვდიადის საბურველის მოშორება. მათეს 4:12–16-დან ვიგებთ, რომ ამით შესრულდა სიტყვები ესაიას 8:23-ისა და ესაიას 9:1-დან, სადაც ნათქვამია ‘დიდი ნათელის’ შესახებ, რომელიც გამობრწყინდებოდა სულიერ სიბნელეში მოსიარულე ადამიანებზე. მათეს 4:17-ში ნათქვამია: „იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და თქმა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა“. ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით იესომ ადამიანებს სულიერი განათლება მისცა ღმერთის განზრახვებთან დაკავშირებით. მან „სახარებით გაანათლა ცხოვრება და უხრწნელობა“ (2 ტიმოთე 1:10).
13 იესო ჭეშმარიტად ირეკლავდა ღმერთის სინათლეს. მან თქვა: „მე სინათლედ მოვედი ქვეყნიერებაზე, რათა არც ერთი, რომელსაც მე ვწამვარ, არ დარჩეს სიბნელეში. . . მე ჩემგან კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, რომელმაც მე წარმომგზავნა, მომცა მცნება, რა უნდა ვთქვა და რა უნდა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა“ (იოანე 12:44–50).
„მასში იყო სიცოცხლე“
14 დიახ, იეჰოვამ სინათლედ წარმოგზავნა თავისი ძე დედამიწაზე, რომ მას ადამიანებისთვის ეჩვენებინა მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზა. ყურადღება მიაქციე, როგორ არის ეს ნათქვამი იოანეს 1:1–16-ში. იოანეს 1:1, 2 იუწყება: „დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი [ღვთაებრივი, აქ]. ის იყო დასაწყისში ღმერთთან“. იოანე აქ იესოს მოიხსენიებს ტიტულით „სიტყვა“, რომელიც მას ეწოდებოდა ადამიანად დაბადებამდე. ეს განსაზღვრავს მის დანიშნულებას, რომელსაც ის ასრულებდა, როგორც იეჰოვა ღმერთის წარმომადგენელი. და როცა იოანე ამბობს, რომ „დასაწყისში იყო სიტყვა“, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვა იყო იეჰოვას შემოქმედებითი საქმეების დასაბამი, „ღმერთის ქმნილების საწყისი“ (გამოცხადება 3:14). ღმერთის ყველა ქმნილებას შორის იესოს აღმატებული მდგომარეობა იძლევა ნამდვილ საფუძველს იმისთვის, რომ ეწოდოს მას „ღვთაებრივი“, ანუ ძლიერი. ესაიას 9:5-ში იესოს ეწოდება „ღმერთი ძლიერი“, მაგრამ არა ყოვლისშემძლე ღმერთი.
15 იოანეს 1:3-ში ნათქვამია: „ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“. კოლასელთა 1:16-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა „მასში შექმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა“. იოანეს 1:4-ში ნათქვამია, რომ „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე“. ასე რომ, „სიტყვის“ დახმარებით შეიქმნა სიცოცხლის ყველა სახეობა; ასევე, ცოდვილ, მომაკვდავ კაცობრიობას თავისი ძის მეშვეობით ღმერთი აძლევს შესაძლებლობას მიაღწიოს მარადიულ სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, იესო არის ძლიერი, რომელსაც ესაიას 9:1-ში ეწოდება ‘დიდი ნათელი’. ხოლო იოანეს 1:5-ში ნათქვამია: „და სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი“. სინათლე ნიშნავს ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას, საპირისპიროდ სიბნელისა, რომელიც ნიშნავს დაბნეულობასა და უმართლობას. ამით იოანე აჩვენებს, რომ სიბნელე ვერ სძლევს სინათლეს.
16 შემდეგ იოანე მე-6-დან მე-9 მუხლის ჩათვლით ადასტურებს: „იყო კაცი წარმოგზავნილი ღმერთისგან. სახელი მისი იოანე [ნათლისმცემელი]: იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ, რომ ყველას [ყველა რჯულის ადამიანს, აქ] ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი [იოანე] არ იყო სინათლე, არამედ (მოვიდა), რათა დაემოწმებინა სინათლის [იესოს] შესახებ. იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს“. იოანე მიუთითებდა მესიაზე, რომელიც უნდა მოსულიყო, და თავის მიმდევრებს იესოსკენ მიმართავდა. დროთა განმავლობაში ყველა რჯულის ადამიანს მიეცა საშუალება მიეღო სინათლე. მაშასადამე, იესო მოვიდა არა მხოლოდ იუდეველთა სასარგებლოდ, არამედ მთელი კაცობრიობის სასარგებლოდაც — მდიდრებისა და ღარიბების, დამოუკიდებლად რასისა.
17 შემდეგ, მე-10 და მე-11 მუხლებში ნათქვამია: „იყო ქვეყნიერებაზე, და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა, და ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა, და თავისიანებმა არ მიიღეს იგი“. ადამიანად დაბადებამდე იესო იყო ის, ვისი მეშვეობითაც შეიქმნა კაცობრიობა. მაგრამ, როდესაც ის დედამიწაზე იყო მისი საკუთარი ხალხის, ებრაელების უმეტესობამ უარყო იგი. მათ არ სურდათ, რომ მათი ნაკლი და თვალთმაქცობა სააშკარაოზე ყოფილიყო გამოტანილი. სინათლეს მათ სიბნელე ამჯობინეს.
18 მე-12 და მე-13 მუხლებში იოანე ამბობს: „ხოლო ყველას, ვინც მიიღო იგი, მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, რომლებიც არც სისხლისაგან, არც ხორცის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ“. ამ მუხლებიდან ჩანს, რომ იესოს მიმდევრები დასაწყისში არ იყვნენ ღმერთის შვილები. დედამიწაზე ქრისტეს მოსვლამდე ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ასეთი შვილები, და ხალხისთვის არ იყო გახსნილი ზეციური იმედი. მაგრამ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით, რომლის მიმართაც მათ რწმენა გამოავლინეს, ზოგიერთი ადამიანი მიღებული იქნა როგორც შვილი და მათ შეეძლოთ ქრისტესთან ერთად ჰქონოდათ ღმერთის ციურ სამეფოში მეფეებად ცხოვრების იმედი.
19 მე-14 მუხლი ამბობს: „და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე; და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება“. დედამიწაზე იესო ისე ირეკლავდა ღმერთის დიდებას, როგორც ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთის მხოლოდშობილ ძეს შეეძლო. მაშასადამე, იესოს უნიკალური სახით ჰქონდა საუკეთესო კვალიფიკაცია, გაეცნო ადამიანებისთვის ღმერთი და მისი განზრახვები.
20 ამის შემდეგ მე-15 მუხლში იოანე ამბობს: „იოანე [ნათლისმცემელი] მოწმობს მის შესახებ, და ღაღადით ამბობს: ეს იყო ის, რომლის შესახებ ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი, ჩემზე წინა გახდა, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო“. იესოს ადამიანად დაბადებამდე იოანე ნათლისმცემელი დაახლოებით ექვსი თვით ადრე დაიბადა. მაგრამ იესო გაცილებით უფრო მეტ საქმეს აკეთებდა, ვიდრე იოანე, ასე რომ, ის აღემატებოდა ყველანაირად იოანეს. იოანეც აღიარებდა, რომ იესო იყო მასზე ადრე, ვინაიდან ის განკაცებამდეც არსებობდა.
ძღვენი იეჰოვასაგან
21 იოანეს 1:16-ში ნათქვამია: „და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ, და მადლი მადლისა წილ [დაუმსახურებელი სიკეთე დაუმსახურებელი სიკეთის წილ, აქ]“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იბადებიან ადამისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ ცოდვაში, იეჰოვას განზრახვაა, მოსპოს ეს ბოროტი სისტემა, გადაარჩინოს მილიონობით ადამიანი ახალი ქვეყნიერებისთვის, აღადგინოს მკვდრები და მოსპოს ცოდვა და სიკვდილი, რაც შესაძლებელს გახდის მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე. ყველა ეს კურთხევა დაუმსახურებელია ცოდვილი ადამიანებისთვის, ეს ძღვენია იეჰოვასაგან ქრისტეს მეშვეობით.
22 რომელია ყველაზე დიდი ძღვენი, რომელიც შესაძლებელს ხდის ყოველივე ამას? „რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება [კაცობრიობა], რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ამგვარად, ღმერთისა და მისი ძის „სიცოცხლის წინამძღვრის“, ზუსტად შეცნობა ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს სულიერი სინათლე და მარადიული სიცოცხლე (საქმე 3:15). ამიტომ ყველა მათთვის, რომელთაც უყვართ ჭეშმარიტება და ილტვიან სიცოცხლისაკენ, ბიბლიის ბოლო წიგნში მოცემულია ასეთი მოწვევა: „მოდი! მომსმენმაც თქვას: მოდი! მწყურვალი დაე მოვიდეს და მსურველმა დაე უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).
23 თვინიერი, ცხვრისმაგვარი ადამიანები არა მხოლოდ მივლენ ქვეყნიერების სინათლესთან, არამედ გაჰყვებიან კიდეც ამ სინათლეს: „ცხვარი მისდევს მას, რადგან ცნობს მის ხმას [ჭეშმარიტების ბგერას მის ხმაში]“ (იოანე 10:4). ნამდვილად, ისინი სიხარულით ‘მიჰყვებიან [ზუსტად მიჰყვებიან, აქ] მის კვალს’, ვინაიდან იციან, რომ ეს მათთვის მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს (1 პეტრე 2:21).
შენ როგორ უპასუხებდი?
◻ სინათლის რომელი ორი სახეობა გამომდინარეობს იეჰოვასგან?
◻ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი დღეს სულიერი განათლება?
◻ რა მხრივ იყო იესო ‘დიდი ნათელი’?
◻ რას ვიგებთ იოანეს სახარების 1-ლი თავიდან იესოს შესახებ?
◻ რა ძღვენს ღებულობენ ისინი, ვინც მიჰყვებიან ქვეყნიერების სინათლეს?
[სასწავლო კითხვები]
1. რამდენად მნიშვნელოვანია სინათლე?
2. სინათლის რომელი ძლიერი წყაროები არსებობს, და რას გვეუბნება ეს იეჰოვას შესახებ?
3. რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასგან გამომდინარე სულიერი სინათლე?
4, 5. იეჰოვასგან გამომდინარე შემეცნება როგორ გვემსახურება სინათლედ ჩვენს ცხოვრებაში?
6. საბოლოოდ სად მიგვიყვანს იეჰოვასგან გამომდინარე სინათლე?
7. რატომ გვესაჭიროება ჩვენ ახლა სულიერი განათლება ისე, როგორც არასდროს უწინ?
8. როგორ მდგომარეობაში იმყოფება ახლა კაცობრიობა, და რატომ?
9. პირველ რიგში, ვინ არის პასუხისმგებელი კაცობრიობის მშთანთქმელი წყვდიადის გამო, და ვის შეუძლია ამ ზეგავლენისგან ჩვენი გათავისუფლება?
10. როგორ იწინასწარმეტყველა ესაიამ, რომ ჩვენს დღეებში სინათლე გამობრწყინდებოდა კაცობრიობაზე?
11. ყველაზე მეტად ვინ აირეკლა იეჰოვას სინათლე და რა უწოდა მას სიმონმა?
12. როდის და როგორ დაიწყო იესომ წყვდიადის საბურველის გადახდა, რომელიც ფარავდა ადამიანებს?
13. რა უწოდა იესომ საკუთარ თავს და რატომ შეეძლო მას ასეთი დამაჯერებლობით ეთქვა ეს?
14. იოანეს 1:1, 2-ში რა ეწოდება იესოს?
15. იესოს შესახებ რა დამატებითი ინფორმაციაა მოცემული იოანეს 1:3–5-ში?
16. როგორ მიუთითებდა იოანე ნათლისმცემელი იესოს სამუშაოს მასშტაბებზე?
17. რა არის ნათქვამი იოანეს 1:10, 11-ში იესოს დღეებში მცხოვრები ებრაელების სულიერ მდგომარეობაზე?
18. როგორ არის იოანეს 1:12, 13-ში ნაჩვენები, რომ ზოგიერთებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები განსაკუთრებული მემკვიდრეობით?
19. რატომ შეუძლია იესოს ყველაზე უკეთესად აირეკლოს ღმერთის სინათლე, როგორც ეს ნაჩვენებია იოანეს 1:14-ში?
20. იოანეს 1:15-ის თანახმად, რას გვეუბნება იოანე ნათლისმცემელი იესოზე?
21. რატომ არის იოანეს 1:16-ში ნათქვამი, რომ ჩვენ მივიღეთ „დაუმსახურებელი სიკეთე დაუმსახურებელი სიკეთის წილ“?
22. ა) რა გახდა შესაძლებელი ღმერთის მიერ ნაბოძები ყველაზე დიდი ძღვენის წყალობით? ბ) რა მოწვევა გვეძლევა ბიბლიის ბოლო წიგნში?
23. რას აკეთებენ ცხვრისმაგვარი ადამიანები, როცა სინათლესთან მიდიან?