თომა
[არამ-დან, ნიშნავს ტყუპისცალს]
იესო ქრისტეს მოციქული, ტყუპისცალად წოდებული (მთ. 10:3; მრ. 3:18; ლკ. 6:15; ინ. 11:16). როგორც ჩანს, თომა დაუფიქრებლად გამოთქვამდა საკუთარ აზრებსა თუ ეჭვებს. თუმცა ერთხელ, ეჭვები რომ გაუქარწყლდა, მაშინვე საჯაროდ აღიარა, რომ იწამა.
როცა იესომ იუდეაში დაბრუნება მოიწადინა სიკვდილის ძილისგან ლაზარეს გასაღვიძებლად, თომამ წამოიძახა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“ (ინ. 11:16). ცოტა ხნით ადრე იუდეველები იესოს ჩაქოლვას უპირებდნენ (ინ. 11:7, 8), ამიტომ თომამ ამ სიტყვებით, ალბათ, მოციქულებს მოუწოდა, იესოს გაჰყოლოდნენ და მისი ან ლაზარეს ბედი გაეზიარებინათ.
როცა იესომ მოციქულებს უთხრა, რომ მათთვის ადგილის მოსამზადებლად წავიდოდა, თომამ დაეჭვებით თქვა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორ გვეცოდინება?!“ (ინ. 14:2—6). თომა იესოს აღდგომის შესახებ ცნობამაც დააეჭვა. მან თქვა: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და შიგ თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი — ხელს, არ ვირწმუნებ“. რვა დღის შემდეგ, როცა იესო კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, თომას ამის საშუალება მიეცა. თუმცა უცნობია, მართლა შეეხო თუ არა თომა იესოს ჭრილობებს, ფაქტია, მან დაიჯერა ქრისტეს აღდგომა და წამოიძახა: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“. მაშინ იესომ რბილად უსაყვედურა მას: „ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ“ (ინ. 20:24—29).