თავი 32
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ“
იდგა ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი, იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამე. მან იცოდა, რომ მისი სიკვდილი ახლოვდებოდა, მაგრამ ის საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. იესომ დარჩენილი დრო მოწაფეების გასამხნევებლად გამოიყენა.
იესომ იცოდა, რომ მისი წასვლის შემდეგ მოწაფეებს სირთულეები შეხვდებოდათ. მისი სახელის გამო მათ „ყველა ხალხი“ შეიძულებდა (მათ. 24:9). სატანა მათ დაყოფასა და გარყვნას შეეცდებოდა (ლუკ. 22:31). განდგომილების შედეგად ცრუ ქრისტიანები მომრავლდებოდნენ (მათ. 13:24—30, 36—43) და „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული“ გაუნელდებოდა (მათ. 24:12). მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა გააერთიანებდა ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს? მათი გამაერთიანებელი კავშირი უპირველესად იეჰოვასადმი სიყვარული იქნებოდა (მათ. 22:37, 38). მათ ასევე უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და თანაც ისე, რომ ამით ქვეყნიერებისგან განსხვავებულები ყოფილიყვნენ (კოლ. 3:14; 1 იოან. 4:20). იესოს სიტყვების თანახმად, როგორი სიყვარულით იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები გამორჩეულები?
თავისი სიცოცხლის ბოლო საღამოს იესომ მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). იმ საღამოს იესომ 20-ზე მეტჯერ მოიხსენია სიყვარული და სამჯერ გაიმეორა მითითება, რომ მის მოწაფეებს ერთმანეთი უნდა ჰყვარებოდათ (იოან. 15:12, 17). ცხადია, რომ იესო მხოლოდ თავის 11 ერთგულ მოციქულს არ გულისხმობდა, რომლებიც იმ საღამოს მასთან ერთად იყვნენ. ის ყველა იმ ადამიანსაც გულისხმობდა, ვინც საბოლოოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდებოდა (შეადარეთ იოანეს 17:20, 21). იესოს მითითება, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ, ჭეშმარიტი ქრისტიანების გამაერთიანებელი კავშირი იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20).
მაგრამ გულისხმობდა იესო იმას, რომ დედამიწის ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოყვასისადმი სიკეთესა და სიყვარულს გამოავლენდა, მაშინვე იესოს ჭეშმარიტ მოწაფედ ჩაითვლებოდა?
„ერთმანეთი გეყვარებათ“
იმავე საღამოს იესომ ბევრი ისაუბრა ერთობაზე. მან მოწაფეებს უთხრა: „დარჩით ჩემთან ერთობაში“ (იოან. 15:4). მან ილოცა, რომ მისი მიმდევრები ერთნი ყოფილიყვნენ და დასძინა: „როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოან. 17:21). ამ სიტყვებით მან მითითება მისცა მოწაფეებს, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ (იოან. 13:35). ისინი მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობრისა და კრების წევრების სიყვარულით არ უნდა შემოფარგლულიყვნენ. მოციქულმა პეტრემ მოგვიანებით გაიმეორა იესოს სიტყვები: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17; შეადარეთ 1 პეტრეს 5:9). ამგვარად, ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე მტკიცე კავშირით გაერთიანებული საძმოს წევრები იქნებოდნენ. მათთვის საჭირო იქნებოდა ამ მსოფლიო ოჯახისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამოვლენა, რადგან ისინი ერთმანეთის დები და ძმები იქნებოდნენ.
როგორ უნდა გამოევლინათ მათ ასეთი სიყვარული? რა მხრივ იქნებოდა მათ შორის არსებული სიყვარული ისეთი განსხვავებული და გამორჩეული, რომ სხვები აშკარად დაინახავდნენ მათში ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
„როგორც მე შეგიყვარეთ“
იესოს დედამიწაზე დაბადებამდე 1 500 წლით ადრე ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში ეწერა: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევ. 19:18). თუმცა იესოს მიმდევრების განმასხვავებელი ნიშანი მოყვასისადმი ასეთი სიყვარული არ უნდა ყოფილიყო, რადგან იესო სიყვარულში ბევრად მეტს გულისხმობდა, ვიდრე საკუთარი თავივით სხვების შეყვარებას.
იესოს სიტყვების თანახმად, მითითება, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, „ახალი მცნება“ იყო. ახალი არა იმიტომ, რომ მოსეს კანონთან შედარებით მოგვიანებით იყო მიცემული, არამედ იმიტომ, რომ მასში სიყვარულის გამოვლენის ახლებური გაგება იყო. იესომ ახსნა: „გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოან. 13:34). მას მოწაფეებისადმი ძლიერი და მარადიული სიყვარული ჰქონდა. ეს იყო თავგანწირული სიყვარული. მას ეს მხოლოდ რამდენიმე კარგი საქმის გაკეთებით არ გამოუვლენია. ის მოწაფეებს სულიერად კვებავდა და საჭიროების შემთხვევაში მათზე ფიზიკურადაც ზრუნავდა (მათ. 15:32—38; მარ. 6:30—34). დაბოლოს, თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო მათთვის (იოან. 15:13).
ასეთი განსხვავებული სიყვარული მოითხოვებოდა „ახალი მცნების“ თანახმად და სწორედ ასეთი სიყვარულით უნდა ჰყვარებოდათ იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს ერთმანეთი (1 იოან. 3:16). ვინ ამტკიცებს დღეს, რომ ემორჩილება ამ „ახალ მცნებას“? ამ წიგნის წინა თავები არაორაზროვნად მიუთითებს მხოლოდ ერთ მსოფლიო ქრისტიანულ საძმოზე.
ისინი განსაკუთრებული ჩაცმულობით ან უჩვეულო წეს-ჩვეულებებით კი არ გამოირჩევიან, არამედ ერთმანეთისადმი ძლიერი სიყვარულით და თბილი დამოკიდებულებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი ისეთ სიყვარულს ავლენენ, რომლისთვისაც არ არსებობს რასობრივი და ეროვნული ბარიერები. ისინი არ იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ მაშინაც კი, როცა ომში ის ქვეყნები არიან ჩაბმულნი, სადაც ისინი ცხოვრობენ. სხვებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმის დანახვა, თუ როგორ უდგანან ისინი მხარში ერთმანეთს გაჭირვებაში, მაგალითად სტიქიური უბედურებების დროს ან მაშინ, როცა ღვთისადმი ერთგულების გამო მათი საძმოს წევრებს დევნიან. ისინი მზად არიან, სირთულეები აიტანონ და თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდონ თავიანთი და-ძმებისთვის, ვისთვისაც ქრისტემ სიცოცხლე გაიღო. ისინი იმისთვისაც კი მზად არიან, რომ ერთმანეთისთვის მოკვდნენ. მათ მიერ გამოვლენილი სიყვარული მართლაც უნიკალურია ამ ეგოიზმით სავსე ქვეყნიერებაში. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან.a
ასეთი სიყვარული საქმეში გამოჩნდა მაშინ, როცა 1992 წლის 24 აგვისტოს, ორშაბათს გამთენიისას ფლორიდის სანაპიროს (შეერთებული შტატები) თავს დაატყდა ქარიშხალი „ენდრიუ“. დაახლოებით 250 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულებს შორის ათასობით იეჰოვას მოწმეც იყო. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ დაუყოვნებლივ გაუწია ორგანიზება დახმარების კომიტეტის შექმნას და საჭირო თანხის გამოყოფას. უბედურების ზონაში მცხოვრები ქრისტიანი ზედამხედველები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თითოეულ მოწმეს, რათა გაეგოთ, რა სჭირდებოდათ და დახმარება აღმოეჩინათ. ქარიშხლის პირველივე დღეს, ორშაბათ დილას, ასობით კილომეტრით დაშორებული სამხრეთ კაროლინიდან მოწმეებმა სტიქიის ზონაში გაგზავნეს გენერატორებით, ჯაჭვური ხერხებითა და სასმელი წყლით დატვირთული მანქანები. სამშაბათს ადგილობრივი და-ძმებისთვის სამეფო დარბაზებისა და სახლების შეკეთებაში დასახმარებლად სხვა ქალაქებიდან ჩავიდა ასობით მოხალისე, რომლებმაც მათთან უფრო მეტი დახმარება ჩაიტანეს. დაზარალებულებისთვის გაწეული დახმარების შესახებ სამეფო დარბაზთან ახლოს მცხოვრებმა ქალბატონმა აღნიშნა: „ეს სწორედ ის ქრისტიანული სიყვარულია, რაზეც ბიბლია ლაპარაკობს“.
განელდებოდა ეს სიყვარული ერთი ან ორი კარგი საქმის გაკეთების შემდეგ? იქნებოდა ის გამოვლენილი მხოლოდ ერთი რასის ან ერთი ეროვნების ადამიანების მიმართ? რა თქმა უნდა, არა! 1992 წელს ზაირში არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო 1 200-ზე მეტმა მოწმემ დაკარგა სახლები და ქონება. ზაირიდან სხვა მოწმეები სწრაფად გაეშურნენ მათ დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავადაც უჭირდათ, ისინი ზაირში სუდანიდან ჩასულ ლტოლვილებსაც ეხმარებოდნენ. მალე მათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და საფრანგეთიდან მიიღეს სიმინდის ფქვილი, დამარილებული თევზი და მედიკამენტები, რაც ნამდვილად სჭირდებოდათ. საჭიროების შემთხვევაში მათ ისევ და ისევ უგზავნიდნენ დახმარებას. ამასთან ერთად სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიოდა მსგავსი დახმარება.
თუმცა იეჰოვას მოწმეებს მათ შორის არსებული სიყვარული თვითკმაყოფილების მიზეზს არ აძლევს. მათ ესმით, რომ მათთვის, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის, აუცილებელია სიფხიზლე.
[სქოლიო]
a იხილეთ თავი 19, „ვიზრდებით ქრისტიანულ სიყვარულში“.
[ჩანართი 710 გვერდზე]
იესოს სიტყვების თანახმად, როგორი სიყვარულით იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები გამორჩეულები?
[ჩანართი 711 გვერდზე]
ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე მტკიცე კავშირით გაერთიანებული საძმოს წევრები იქნებოდნენ
[ჩარჩო 712 გვერდზე]
„მოწმეები თავისიანებზეც ზრუნავენ და სხვებზეც“
ასეთი სათაურის სტატია დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში. ის ეხებოდა 1992 წლის აგვისტოში ქარიშხალ „ენდრიუს“ შემდეგ იეჰოვას მოწმეების მიერ სამხრეთ ფლორიდაში დაზარალებულებისთვის გაწეულ დახმარებას. სტატიაში ნათქვამი იყო: „ამ კვირაში ქალაქ ჰოუმსტედში (ფლორიდის შტატი) იეჰოვას მოწმეებს არავინ მიუჯახუნებს კარს, თუ კარი საერთოდ შერჩა მათ სახლებს. მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 3 000 მოხალისე მოწმე ჩავიდა სტიქიის ზონაში ჯერ თავისიანების, შემდეგ კი სხვების დასახმარებლად . . . მთავარი საწყობიდან, რომელიც დასავლეთ ბროუარდის ოლქში საკონგრესო დარბაზში მდებარეობს, დაახლოებით 150 ტონა საკვები და პირველადი დახმარების საგნები გაგზავნეს ჰოუმსტედში მდებარე ორ სამეფო დარბაზში. ამ დარბაზებიდან ყოველ დილით მოხალისეთა ჯგუფები გადიან მოწმეების დაზიანებული სახლების შესაკეთებლად . . . ღია ცის ქვეშ მდებარე სამზარეულოში დღეში სამჯერ 1 500-ზე მეტი ადამიანისთვის მზადდება საკვები. საუბარი არ არის ჰოთ-დოგებსა და დონატებზე. მოხალისეებს უმასპინძლდებიან სახლში გამომცხვარი პურით, სახლში დამზადებული ლაზანიით, ბოსტნეულის სალათებით, ჩაშუშული ხორცით, ბლინებითა და ფრანგული ტოსტებით, და ამ ყველაფერს ისინი ნებაყოფლობით შეწირული პროდუქტებით ამზადებენ“ (The Miami Herald, 1992 წლის 31 აგვისტო, გვერდი 15ა).