შენი საყვარელი მიცვალებულები — ისევ იხილავ თუ არა მათ?
ჯონი ცხრა წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მოგვიანებით ის იხსენებდა, თუ რა მოხდა დამკრძალავ ბიუროში: „მე დავხატე მისთვის სურათი, გავუკეთე წარწერა და ვთხოვდი, რომ ზეცაში დაგვლოდებოდა ყველას. ნახატი მივეცი მამიკოს და ვთხოვე, რომ კუბოში ჩაედო, და მიუხედავად იმისა, რომ დედა მკვდარი იყო, მე მიყვარდა ფიქრი იმის შესახებ, რომ დედამ ჩემგან უკანასკნელი წერილი მაინც მიიღო“. (ჯილ კრემენტსი, „რა გრძნობებია, როდესაც იღუპება მშობელი“ [ინგლ.]).
არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ ჯონს ძალიან უყვარდა დედა. როდესაც დედის კარგ თვისებებზე ილაპარაკა, ბოლოს დაუმატა: „ალბათ იმიტომ ვსაუბრობ დადებითზე, რომ არ მინდა ცუდის გახსენება, მაგრამ მე არ შემიძლია, ვიფიქრო მასზე უარყოფითად. ის იყო ყველაზე მომხიბლავი ქალი, რომლის მსგავსიც მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს“.
ჯონის მსგავსად, მრავალი იხსენებს საყვარელ განსვენებულებს და განიცდის ძლიერ ემოციურ სურვილს, რომ კვლავ იხილოს ისინი. იდეთმა, რომელსაც 26 წლის ბიჭი კიბოთი დაეღუპა, თქვა: „ჩემთვის აუცილებელია მჯეროდეს, რომ ჩემი შვილი არსებობს, მაგრამ არ ვიცი სად. შევხვდები თუ არა კიდევ მას? მე არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს“.
ცხადია, რომ ადამიანის მოსიყვარულე შემოქმედი გულგრილი არ არის ადამიანების ნორმალური სურვილების მიმართ. ამიტომაც იძლევა დაპირებას, რომ დადგება დრო, როდესაც მილიონობით ადამიანი კვლავ იცხოვრებს საყვარელ ახლობლებთან ერთად. ღმერთის სიტყვაში მრავალჯერ არის მოხსენიებული აღთქმა მკვდრების აღდგომის შესახებ (ესაია 26:19; დანიელი 12:2, 13; ოსია 13:14; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:12, 13).
ვინ აღდგება ზეციური ცხოვრებისთვის?
დავფიქრდეთ იმის შესახებ, რაც სწამდა ჯონს. მას ეგონა, რომ დედა ზეცაში ელოდა. ეკლესიის მრევლის მრავალ წარმომადგენელს აქვს ასეთი იმედი, ანუ რწმენა. სამღვდელოება და სოციალური სფეროს ზოგიერთი მუშაკი ცდილობს მხარი დაუჭიროს ასეთ თვალსაზრისს და არასწორად იყენებს ბიბლიის ტექსტებს.
მაგალითად, ობოლთა დახმარების ექსპერტი, დოქტორი ელისაბედ კუბლერ-როსი, წიგნში „ბავშვებისა და სიკვდილის შესახებ“ (ინგლ.) წერდა: «სიკვდილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვსაჭიროებთ ჩვენს სხეულებს, ისევე როგორც არ ვსაჭიროებთ ხმარებისგან დაძველებულ პალტოს, ან კიდევ, სიკვდილი შეიძლება შევადაროთ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში შესვლას. ეკლესიასტეს 12:7-ში ვკითხულობთ: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“. იესომ თქვა: „მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ, რათა, სადაც მე ვარ, იყოთ თქვენც“. ხოლო, მის გვერდით ჯვარცმულ ქურდს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“».
ნამდვილად ნიშნავს თუ არა ზემომოყვანილი ტექსტები იმას, რომ ჩვენი ახლობლები, რომლებიც დაიღუპნენ, ცოცხლები არიან და ჩვენ გველოდებიან? უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ტექსტები და დავიწყოთ ეკლესიასტეს 12:7-ით. ცხადია, ბრძენი მამაკაცი, რომელმაც დაწერა ეს სიტყვები, მიზნად არ ისახავდა, რომ შეწინააღმდეგებოდა ბიბლიის წიგნში სხვა ადგილას მოხსენიებულ სიტყვებს, რომელიც თავად დაწერა: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ის საერთოდ მსჯელობდა კაცობრიობის სიკვდილზე. გონივრულია თუ არა ვირწმუნოთ, რომ ყველა, ვინც აღიარებს ათეიზმს და ვინც რეციდივისტია, სიკვდილის შემდეგ ღმერთს უბრუნდება? არ არის გონივრული. სინამდვილეში, შეუძლებელია ნებისმიერ ჩვენთაგანზე ითქვას ეს, იმისდა მიუხედავად, კარგ თუ ცუდ პიროვნებად მიგვაჩნია თავი. რადგან არც ერთი ჩვენთაგანი არ ყოფილა ზეცაში ღმერთთან, როგორღა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვუბრუნდებით მას?
მაგრამ, რას გულისხმობდა ბიბლიის მწერალი, როდესაც წერდა, რომ სიკვდილისას ‘სული უბრუნდება ღმერთს’? მან გამოიყენა ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით „სული“, მაგრამ არ მოიხსენიებს მას როგორც უნიკალურს, რომელიც ერთ ადამიანს მეორისაგან ასხვავებს. პირიქით, ეკლესიასტეს 3:19-ში ბიბლიის იმავე ინსპირირებულმა მწერალმა განმარტა, რომ კაცსა და პირუტყვს „ერთი სული უდგას“. ცხადია, მწერალი გულისხმობდა, რომ „სული“ არის ადამიანებისა და ცხოველების ფიზიკური სხეულის უჯრედებში არსებული სასიცოცხლო ძალა. ჩვენ არ ვღებულობთ ამ სულს უშუალოდ ღმერთისგან. ეს სული გადმოგვეცა ჩვენი ადამიანი მშობლებისაგან, როდესაც ჩავისახეთ და შემდეგ ვიშვით. გარდა ამისა, სიკვდილის დროს ეს სული, პირდაპირი გაგებით, სივრცის გავლით არ უბრუნდება ღმერთს. გამოთქმა, ‘სული უბრუნდება ღმერთს’, არის ფიგურალური და ნიშნავს, რომ ღმერთზეა დამოკიდებული მიცვალებულის მომავალი სიცოცხლის იმედი. ღმერთზეა დამოკიდებული, გადაწყვიტოს, თუ რომელ პიროვნებას გაიხსენებს და ბოლოს აღადგენს. ყურადღება მიაქციე იმას, თუ რაოდენ ნათლად არის ეს ნაჩვენები ფსალმუნის 103:29, 30-ში.
იეჰოვა ღმერთმა განიზრახა, რომ ქრისტეს ერთგული მიმდევრების მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა, 144 000, იქნება აღდგენილი, როგორც ღმერთის სულიერი ძეები (გამოცხადება 14:1, 3). ქრისტესთან ერთად, ისინი წარმოადგენენ ზეციურ მთავრობას, რაც კურთხევას მოუტანს მთელ კაცობრიობას დედამიწაზე.
პირველი ადამიანები, რომლებმაც გაიგეს ამის შესახებ, იყვნენ იესოს ერთგული მოციქულები, რომელთაც იესომ უთხრა: „მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ეს რომ ასე არ იყოს, გეტყოდით; მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, იყოთ თქვენც“ (იოანე 14:2, 3). ეს მოციქულები და ქრისტეს სხვა ადრინდელი მიმდევრები მოკვდნენ და უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე იესო მოვიდოდა და დააჯილდოებდა ზეციური ცხოვრებით. ამიტომ ვკითხულობთ, რომ ქრისტიანთა შორის პირველი წამებული, სტეფანე, „მიეცა სიკვდილის ძილს“ (საქმე 7:60, აქ; 1 თესალონიკელთა 4:13, აქ).
აღდგომა დედამიწაზე საცხოვრებლად
რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რაც აღუთქვა იესომ ავაზაკს, რომელიც მის გვერდით მოკვდა? მრავალი იუდევლის მსგავსად, ამ მამაკაცს სჯეროდა, რომ ღმერთი წარმოგზავნიდა მესიას, რომელიც დაამყარებდა სამეფოს და იუდეველი ერისთვის მშვიდობასა და უსაფრთხოებას აღადგენდა დედამიწაზე (შეადარე მესამე მეფეთა 4:20–25 ლუკას 19:11-თან; 24:21-სა და საქმე 1:6-თან). უფრო მეტიც, ბოროტმოქმედმა გამოამჟღავნა რწმენა, რომ სწორედ იესო იყო ღმერთის მიერ არჩეული პიროვნება, რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო. მაგრამ იმ დროს, როდესაც იესოს, როგორც ბრალდებულს, ელოდა სიკვდილი, ყოველივე ეს აშკარად დაუჯერებელი ჩანდა. ამიტომაც დაამშვიდა იესომ ავაზაკი, როდესაც აღუთქვა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43, აქ).
ბიბლიის თარგმანებში სიტყვა ‘დღის’ წინ დასვეს მძიმე, რითაც პრობლემა შექმნეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ იესოს სიტყვები. იესო არ წასულა სამოთხეში იმ დღეს, როდესაც ესაუბრებოდა ავაზაკს. პირიქით, ის სამი დღის განმავლობაში მკვდარი იყო და იწვა სამარხში, სანამ ღმერთი აღადგენდა. იესო ქრისტე, თვით აღდგენისა და ზეცაში ამაღლების შემდეგ თავისი ზეციერი მამის მარჯვნივ ელოდა, ვიდრე კაცობრიობაზე იმმართველებდა, როგორც მეფე (ებრაელთა 10:12, 13). მალე, იესოს სამეფო მმართველობა შვებას მოუტანს კაცობრიობას და მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 21:10, 11, 25–31). მაშინ იესო აღადგენს ავაზაკს დედამიწაზე და ამით განახორციელებს თავის დანაპირებს. იესო მასთან ერთად იქნება იმ აზრით, რომ ამ კაცს დაეხმარება ცხოვრების წესი ღმერთის სამართლიან კანონებს შეუთანხმოს.
მრავალთა აღდგომა
იმ მომნანიებელი ავაზაკის მსგავსად, მრავალი ადამიანი აღდგება დედამიწაზე. ეს ჰარმონიულად არის შეთანხმებული ღმერთის განზრახვასთან, რომელიც ადამიანის შექმნას ეხება. პირველი მამაკაცი და ქალი მოთავსებულნი იყვნენ სამოთხის ბაღში და ებრძანათ, რომ დაუფლებოდნენ დედამიწას. თუ ისინი ღმერთის ერთგულნი დარჩებოდნენ, არასოდეს დაბერდებოდნენ და არც მოკვდებოდნენ. ღმერთის მიერ განსაზღვრული დროისთვის, ადამისა და მისი სრულყოფილი შთამომავლების მიერ მთელი დედამიწა დასახლებული და სამოთხედ ქცეული უნდა ყოფილიყო (დაბადება 1:28; 2:8, 9).
მაგრამ, რადგან ადამმა და ევამ თავიანთი ნების თანახმად შესცოდეს, სიკვდილი დაატეხეს როგორც საკუთარ თავს, ასევე, შთამომავლობასაც (დაბადება 2:16, 17; 3:17–19). ზუსტად ამიტომ ამბობს ბიბლია: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ყველამ შესცოდა ამაში“ (რომაელთა 5:12).
არსებობდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც შთამომავლობითი ცოდვისაგან თავისუფალი იშვა. ის იყო ღმერთის სრულყოფილი ძე, იესო ქრისტე, რომლის სიცოცხლე ღმერთმა ზეციდან იუდეველი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში გადაიტანა. იესო დარჩა უცოდველი, ის არ იმსახურებდა სიკვდილს. ამიტომ, მის სიკვდილს აქვს ‘ქვეყნიერების ცოდვის’ გამოსყიდვის ფასი (იოანე 1:29; მათე 20:28). ამიტომაც შეეძლო იესოს ეთქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25).
დიახ, შენ შეგიძლია გქონდეს იმედი, რომ შეხვდები გარდაცვლილ ახლობლებს, მაგრამ შენ მოგეთხოვება, განამტკიცო რწმენა იესოსადმი, როგორც მხსნელის მიმართ და დაემორჩილო მას, როგორც ღმერთის ცხებულ მეფეს. მალე, ღმერთის სამეფო დედამიწის პირისგან აღგვის ყოველგვარ ბოროტებას. ყველა, ვინც წინააღმდეგია დაემორჩილოს მის სამეფოს, განადგურდება. მაგრამ ღმერთის მმართველობის მორჩილნი გადარჩებიან და მონაწილეობას მიიღებენ დედამიწის სამოთხედ გადაქცევაში (ფსალმუნი 36:10, 11; გამოცხადება 21:3–5).
შემდეგ დადგება ამაღელვებელი დრო, მკვდრების აღდგომა. შეხვდები თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს დაუბრუნდებიან? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ ახლა. დიდებული კურთხევა ელოდება მათ, რომლებიც ამჟამად ემორჩილებიან ღმერთის ძის, იესო ქრისტეს სამეფოს მმართველობას.