ᲑᲔᲠᲫᲜᲣᲚᲘ ᲔᲜᲐ
მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს (ებრაული მიეკუთვნება სემიტურ ენათა ოჯახს). თავდაპირველად, ქრისტიანული წერილები სწორედ ბერძნულად დაიწერა (გარდა მათეს სახარებისა, რომელიც პირველად ებრაულად დაიწერა). ებრაული წერილების სრული თარგმანი პირველად ბერძნულ ენაზე გაკეთდა და მას სეპტუაგინტა ეწოდა. ბერძნული ფლექსიური ენაა, სიტყვათწარმოების მრავალფეროვნება განპირობებულია ფუძის ცვლილებით და ფუძეზე წინდებულისა და დაბოლოების დართვით.
კოინე („კინი“). კოინე ანუ „საერთო ბერძნული ენა“, რომელიც სხვადასხვა ბერძნული დიალექტის, განსაკუთრებით ატიკური დიალექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა, გავრცელებული იყო დაახლ. ძვ. წ. 300 წლიდან დაახლ. ახ. წ. 500 წლამდე. კოინე საერთაშორისო ენა გახდა. ის იმით უპირატესობდა სხვა ენებზე, რომ მაშინდელ მსოფლიოში ამ ენაზე თითქმის ყველგან ლაპარაკობდნენ. სიტყვა „კოინე“ საერთო ენას ნიშნავს. ამ ენის ფართოდ გავრცელებაზე ისიც მოწმობს, რომ რომის გამგებლებისა და სენატის დადგენილებები კოინეზე ითარგმნებოდა რომის მთელ იმპერიაში გასაგზავნად. იესო ქრისტეს წამების ბოძზე წარწერა არა მხოლოდ ებრაულსა და ოფიციალურ ლათინურზე გაკეთდა, არამედ ბერძნულზეც (კოინე) (მთ. 27:37; ინ. 19:19, 20).
ისრაელში ბერძნული ენის გამოყენების შესახებ ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს: „მართალია, ებრაელთა უმრავლესობა უარყოფდა ელინიზმსა და მის ტრადიციებს, მაგრამ ისინი არ ერიდებოდნენ ბერძნებთან ურთიერთობასა და ბერძნული ენის გამოყენებას ... პალესტინელ მასწავლებლებში დიდი მოწონებით სარგებლობდა წმინდა წერილების ბერძნული თარგმანი, რომელსაც ისინი წარმართებისთვის ჭეშმარიტების გადასაცემად იყენებდნენ“ (Hellenism, ნ. ბენტვიჩი, 1919, გვ. 115). თავდაპირველად, ბერძნული სეპტუაგინტა იმ ებრაელებისთვის (განსაკუთრებით ებრაელთა დიასპორებისთვის) გაკეთდა, რომლებმაც ებრაული ცუდად იცოდნენ, მაგრამ ბერძნულს კარგად ფლობდნენ. თაყვანისცემასთან დაკავშირებული ძველი ებრაული სიტყვები ბერძნულმა სიტყვებმა ჩაანაცვლა. ებრაელების მიერ ბერძნული სიტყვების გათავისების ერთ-ერთი მაგალითია სიტყვა სინაგოგე, რაც ერთად შეკრებას ნიშნავს.
კოინე, რომელზეც ქრისტიანები ღვთის შთაგონებით წერდნენ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ღვთივშთაგონებულმა დამწერებმა კლასიკურ ბერძნულს კოინე ამჯობინეს, რადგან სურდათ, მათი ცნობა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. ბიბლიის ეს დამწერები წარმოშობით ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათი მიზანი ჭეშმარიტი ქრისტიანობის გავრცელება იყო და არა სემიტური კულტურის. ბერძნული ენის წყალობით ისინი უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენდნენ ხმას. ამგვარად, უკეთესად შეასრულებდნენ თავიანთ დავალებას, რაშიც ყველა ერიდან ხალხის მოწაფეებად მომზადება იგულისხმებოდა (მთ. 28:19, 20). კოინე მათ ღრმა აზრებისა და ნიუანსების გადმოცემის საშუალებასაც აძლევდა.
ქრისტიან მწერალთა ღვთივშთაგონებულმა ცნობამ კოინეს ექსპრესია, ავტორიტეტი და სითბო შესძინა. წმინდა წერილებში ბერძნულ სიტყვებს უფრო ღრმა მნიშვნელობა, მეტი სისავსე და სულიერი დატვირთვა მიენიჭა.
ანბანი. ყველა ევროპული ენის ანბანს პირდაპირ თუ ირიბად ბერძნული ანბანი უდევს საფუძვლად. მაგრამ თავიანთი ანბანი ბერძნებს თავად არ მოუგონიათ, ის სემიტებისგან ისესხეს. ამაზე მოწმობს ბერძნული ასოების (დაახლ. ძვ. წ. VII) ებრაულ ასოებთან (დაახლ. ძვ. წ. VIII) მსგავსება. ასოების თანამიმდევრობაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, იდენტური იყო. ზოგიერთი ასოს სახელწოდება ძალიან ახლოს იყო ებრაულთან, მაგალითად: ალფა (ბერძ.) და ’ალეფ (ებრ.), ბეტა (ბერძ.) და ბეთ (ებრ.), დელტა (ბერძ.) და დალეთ (ებრ.) და სხვ. კოინეს ანბანი 24 ასოსგან შედგებოდა. როცა სემიტური ანბანი ბერძნულ ენას მოარგეს, იმ თანხმოვნებს (ʼალეფ, ჰე, ხეთ, ʽაჲინ, ვავ და ჲოდ), რომელთა შესაბამისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვებოდა, დააკისრეს ხმოვანი ფონემის გადმოცემის ფუნქცია (ა, ე (მოკლე), ე (გრძელი), ო, ჳ და ი).
ლექსიკა. ბერძნული ენის ლექსიკა საკმაოდ მდიდარი და კონკრეტულია. ბერძენ მწერლებს შეეძლოთ სიტყვათა დიდი მარაგიდან აერჩიათ სასურველი სიტყვები, რაც ნიუანსებისა და სხვადასხვა ელფერის გადმოცემის საშუალებას აძლევდათ. მაგალითად, ბერძნულ ენაში განსხვავება კეთდება ზოგად ცოდნასა (გნოსის) (1ტმ. 6:20) და საფუძვლიან ცოდნას (ეპიგნოსის) შორის (1ტმ. 2:4); აგრეთვე აქვთ ორი სიტყვა, რომლებიც ნიშნავს „სხვას“ — პირველი (ალლოს) იმავე კატეგორიის „სხვას“ ნიშნავს (ინ. 14:16), მეორე (ჰეტეროს) კი — განსხვავებული კატეგორიის „სხვას“ (გლ. 1:6). ბევრ ენაში ბერძნული ენიდან დამკვიდრდა როგორც სიტყვები, ისე ფუძეები, რაც აზრის უფრო ზუსტად და კონკრეტულად გადმოცემის საშუალებას იძლევა.
სახელები. სახელებს აქვს ბრუნვა, სქესი და რიცხვი. ნაცვალსახელები და ზედსართავი სახელები იბრუნვის საზღვრულის შესაბამისად.
ბრუნება. კოინე ენაში, ძირითადად, ხუთი ბრუნვაა (ზოგი ლინგვისტის აზრით, რვა). თითოეული ბრუნვა გამოირჩევა ბრუნვის ნიშნით ანუ დაბოლოებით.
განსაზღვრული არტიკლი. კოინე ენას არ აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, აქვს მხოლოდ განსაზღვრული არტიკლი ὁ (ჰო). სახელების მსგავსად განსაზღვრულ არტიკლსაც გააჩნია ბრუნვა, სქესი და რიცხვი.
არტიკლი ბერძნულში დაერთვის მეტყველების ნებისმიერ ნაწილს — ინფინიტივს, არსებით სახელს, ზედსართავ სახელს, ზმნიზედას, სიტყვათშეთანხმებას, მარტივ წინადადებას და მთელ წინადადებასაც კი. ბერძნულში ზედსართავ სახელთან არტიკლის გამოყენების მაგალითი გვხვდება იოანეს 10:11-ში: „მე კარგი მწყემსი ვარ“. განსაზღვრული არტიკლი წინ უძღვის სიტყვა „კარგს“ ხაზგასმის მიზნით.
ბერძნულში მარტივ წინადადებასთან არტიკლის გამოყენების მაგალითი გვხვდება რომაელების 8:26-ში, სადაც ფრაზას „რაზე ვილოცოთ“ წინ უძღვის საშუალო სქესის განსაზღვრული არტიკლი. არტიკლის ამგვარად გამოყენება ხაზს უსვამს ლოცვის საგანს და მას ცალკე საკითხად გამოყოფს.
ზმნები. ბერძნულში ზმნები იწარმოება ფუძეზე თავსართ-ბოლოსართის დართვით. მათ აქვთ გვარი, კილო, დრო, პირი და რიცხვი. ბერძნულში ზმნა უფრო რთულია, ვიდრე სახელები. ბოლო პერიოდში კოინეს უკეთ გაგებამ, განსაკუთრებით ზმნის ცოდნამ, მთარგმნელებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ნამდვილი არსისა და მნიშვნელობის იმაზე ზუსტად გადმოცემის საშუალება მისცა, ვიდრე ეს ძველ თარგმანებში იყო. ქვემოთ ვისაუბრებთ ბიბლიის ტექსტების გაგებაში ბერძნული ზმნის როლზე და მის მეტად საინტერესო თავისებურებებზე.
გვარი. ქართულის მსგავსად ბერძნულ ენაშიც სამი გვარია: მოქმედებითი, ვნებითი და საშუალი. თუმცა ქართულისგან განსხვავებით ბერძნულ ენაში საშუალი გვარის ესა თუ ის ზმნა შეიძლება რაიმე შინაარსობრივი ნიუანსის გადმოსაცემად ან აზრის გასაძლიერებლად იყოს გამოყენებული.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც პავლემ გაიგო, რომ იერუსალიმში ბორკილები და გასაჭირი ელოდა, თქვა: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება“ (სქ. 20:22—24). ფრაზაში „ჩემი სული არ მანაღვლებს“ გამოყენებული ზმნა ითარგმნა ბერძნული ზმნა პოიუმედან, რომელიც საშუალი გვარისაა. პავლეს იმის თქმა კი არ უნდოდა, რომ თავის სიცოცხლეს არ აფასებდა, არამედ იმის, რომ მსახურების დასრულება მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვები რას ფიქრობდნენ.
საშუალი გვარის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია ფილიპელების 1:27: „ოღონდ მოიქეცით [ანუ „მოიქეცით, როგორც მოქალაქე“] ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად“. ბერძნულში აქ გამოყენებულია ზმნა პოლიტევომეს საშუალი გვარის ფორმა პოლიტევესთე, რაც ნიშნავს „მოიქეცით, როგორც მოქალაქე“ ანუ შეასრულეთ მოქალაქის მოვალეობანი; ამ შემთხვევაში იგულისხმება სასიხარულო ცნობის უწყება. რომის მოქალაქეობა ძალიან ფასობდა, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობასაც ის მიანიჭეს (მაგალითად, ქალაქი ფილიპე). ამიტომ ისინი, ჩვეულებრივ, აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის საქმეებში. ამგვარად, პავლეს აქ იმის თქმა სურდა ფილიპელებისთვის, რომ მხოლოდ ქრისტიანები კი არ რქმეოდათ, არამედ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ქრისტიანულ საქმიანობაში. ამაზე მოწმობს პავლეს მიერ მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფლ. 3:20).
დროები. ბერძნული ენის სხვა მნიშვნელოვანი და გამორჩეული თავისებურებაა ზმნის დროები, რომლებიც აზრის ზუსტად გადმოცემის საშუალებას იძლევა. ზმნიდან და მისი დროებიდან ჩანს მოქმედების ხასიათი (უფრო მნიშვნელოვანი) და მოქმედების დრო (ნაკლებად მნიშვნელოვანი). ბერძნულ ენაში მოქმედება დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან: 1) მოქმედება დაუსრულებელია; გამოხატულია აწმყო დროით; ძირითადად, მიუთითებს განგრძობით, განმეორებად ან თანამიმდევრულ მოქმედებაზე. 2) მოქმედება დასრულებულია; გამოხატულია ნამყო სრული დროით. 3) მოქმედება ერთჯერადი ანუ მყისიერია; გამოხატულია აორისტით. ბერძნულ ენაში ზმნას სხვა დროებიც აქვს: ნამყო უსრული, ნამყო წინარეწარსული და მყოფადი.
ბერძნულ ენაში ზმნის დროებს შორის განსხვავების დასანახვებლად მოვიყვანოთ მაგალითი. 1 იოანეს 2:1-ში მოციქული იოანე ამბობს: „თუ ვინმე სცოდავს, ქომაგი გვყავს მამის გვერდით“ (სსგ). მაგრამ ბერძნული ზმნის დრო, რომელიც ითარგმნა როგორც „სცოდავს“, აორისტია და, შესაბამისად, მოქმედება მყისიერია. ამ შემთხვევაში აორისტი მიუთითებს ცოდვის ერთჯერადად ჩადენაზე, აწმყო დრო კი — ცოდვის ისევ და ისევ ჩადენაზე. ასე რომ, იოანე არ ლაპარაკობდა მასზე, ვისაც ცოდვის ჩადენა ჩვევად ექცა, არამედ მასზე, ვინც ერთხელ შესცოდა (შდრ. მთ. 4:9, სადაც აორისტია გამოყენებული იმის საჩვენებლად, რომ ეშმაკმა იესოს მოსთხოვა, მხოლოდ ერთხელ ეცა თაყვანი).
მაგრამ 1 იოანეს 3:6-ის კითხვისას თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედანში ზმნა აწმყო დროშია, ისე გამოჩნდება, თითქოს იოანე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ამ მუხლში ნათქვამია: „არავის, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს“. ამ თარგმანში არ ჩანს განგრძობითი მოქმედება, რასაც ბერძნული ზმნის აწმყო დრო გამოხატავს. ზოგ თანამედროვე თარგმანში გაითვალისწინეს, რომ მოქმედება განგრძობით დროშია და, შესაბამისად, ნაცვლად ფრაზისა „არ შეუცოდავს“, გამოიყენეს ფრაზა „არ სცოდავს“ (კს, აფ, აქ).
რაიმეს აკრძალვის დროსაც აწმყო დრო და აორისტი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენებოდა. აწმყო დროით გამოხატული აკრძალვა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე რაიმეს კეთებისგან თავის შეკავებას. ის ნიშნავდა მოქმედების შეწყვეტას. მაგალითად, გოლგოთისკენ მიმავალმა იესო ქრისტემ ქალებს ის კი არ უთხრა, საერთოდ არ ეტირათ, არამედ შეეწყვიტათ მასზე ტირილი (ლკ. 23:28). მსგავსად, ტაძარში მტრედების გამყიდველებს იესომ უთხრა: „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (ინ. 2:16). მთაზე ქადაგებისას მან თქვა: „ნუღარ წუხხართ“ საჭმელზე, სასმელსა და ტანსაცმელზე (მთ. 6:25). ამის საპირისპიროდ, აორისტით გამოხატული აკრძალვა ეხებოდა ნებისმიერ დროს. იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“ (მთ. 6:34). აქ აორისტი გამოყენებულია იმის საჩვენებლად, რომ მოწაფეები არასდროს უნდა ყოფილიყვნენ ხვალინდელ დღეზე საწუხარით შეპყრობილნი.
ბერძნული ზმნის დროის გათვალისწინების აუცილებლობის სხვა მაგალითია ებრაელების 11:17. ზოგ თარგმანში არ გაითვალისწინეს ზმნის დროის თავისებურება. მაგალითად, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ აბრაამის შესახებ ნათქვამია: „აღთქმის მიმღებმა შესწირა მხოლოდშობილი“. „შესწირად“ ნათარგმნი ზმნა ბერძნულ ტექსტში ნამყო უსრულ დროში დგას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მცდელობაზე და არა განხორციელებულ მოქმედებაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც სინამდვილეში მოხდა, ბერძნული ზმნის უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა: „სწირავდა“ ან „უნდოდა შეწირვა“. მსგავსად, ლუკას 1:59-ში ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟის წინადაცვეთაზე საუბრისას გამოყენებული ზმნა ნამყო უსრულ დროში დგას. „მცხეთურ ხელნაწერში“ ნათქვამია: „უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია“, თუმცა უფრო მართებული თარგმანია: „უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ“ (აქ, სსგ, აფ, კს). ეს თარგმანი შეესაბამება იმას, რაც სინამდვილეში მოხდა — ბავშვს ანგელოზი გაბრიელის მითითებით იოანე დაარქვეს (ლკ. 1:13).
ტრანსლიტერაცია. ამაში იგულისხმება ბერძნული დამწერლობის ასოების სხვა დამწერლობის ასოებით გადმოცემა. უმეტესწილად, ხდება ასოების სათითაოდ გადმოცემა, მაგალითად, β-ს შესატყვისია ბ, γ-ს შესატყვისია გ და ა. შ. იმავე პრინციპით გადმოდის ხმოვნებიც: α — ა, ε — ე, η — ე, ι — ი, ο — ო, υ — ჳ, ω — ო.
დიფთონგები. ზემოხსენებული წესი ვრცელდება დიფთონგებზეც: αι — აჲ, ει — ეჲ, οι — ოჲ, αυ — აჳ, ευ — ეჳ, ου— ოჳ, υι — ჳჲ, ηυ — ეჳ (თანამედროვე ქართულში ჳ შეცვალა უ-მ). წინამდებარე ნაშრომში დიფთონგების გადმოტანისას გათვალისწინებული იყო გამოთქმაც.
მაგრამ ზოგჯერ ორი ხმოვნიდან მეორეს თავზე დასმული აქვს ორი გამყოფი წერტილი ( ͏̈), მაგალითად, αϋ, εϋ, οϋ, ηϋ, ωϋ, αϊ, οϊ. იოტასა (ϊ) და ჳ ფსილონის (ϋ) თავზე დასმული ორი გამყოფი წერტილი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ასოები წინამდებარე ხმოვანთან არ ქმნის დიფთონგს. თანამედროვე ქართულში ისინი გადმოდის, როგორც ი. ამგვარად, ზემოთ მოყვანილი ხმოვანთა შეერთებები გადმოვა, როგორც აი, ეი, ოი, ეი, ოი, აი, ოი.
ზოგ ხმოვანს ქვეშ ეწერება პატარა ზომის იოტა (ι). მათი ტრანსლიტერაციისას იოტა ამ ხმოვნის ქვეშ კი არ დაისმის, არამედ მის გვერდით. ამგვარად, ᾳ არის აჲ, ῃ — ეჲ, ῳ — ოჲ, თუმცა იოტა არ გამოითქმის.
მახვილი. ბერძნულში მახვილს სამი ნიშანი აქვს: მკვეთრი მახვილი (΄), შემოსილი მახვილი ( ͏͂) და ბლაგვი მახვილი (‵). მახვილის ნიშანი დაისმის იმ მარცვლის ხმოვნის თავზე, რომელ მარცვალზეც კეთდება მახვილი. წინამდებარე ნაშრომში სიტყვების ტრანსლიტერაციის დროს მახვილის ნიშნები გადმოტანილი არ არის.
მარცვალი. ბერძნულ სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიც ხმოვანი ან დიფთონგი. ამგვარად, სიტყვა λόγος (ლოგოს) ორ მარცვალს შეიცავს, რადგან ორი ხმოვანი აქვს. დიფთონგის ორი ხმოვანი ქმნის ერთ მარცვალს და არა ორს. სიტყვა πνεῦμα-ს (პნევმა) ერთი დიფთონგი (ევ) და ერთი ხმოვანი (ა) აქვს, ასე რომ, ის ორი მარცვლისგან შედგება.
სიტყვის დამარცვლა ხდება შემდეგი წესების თანახმად: 1) თუ თანხმოვანი ორი ხმოვნის შუა მდებარეობს, დამარცვლის დროს იგი მომდევნო მარცვალს განეკუთვნება. ასე რომ, სიტყვა πατήρ დაიმარცვლება შემდეგნაირად — პა-ტერ. 2) ზოგჯერ ორი ხმოვნის შუა რამდენიმე თანხმოვანია. მომდევნო მარცვალს ის თანხმოვნები განეკუთვნება, რომლებითაც შეიძლება ბერძნული სიტყვა დაიწყოს. მაგალითად, κόσμος დაიმარცვლება კო-სმოს. სმ გადავიდა მეორე ხმოვანთან, რადგან ბევრი ბერძნული სიტყვა იწყება ამ ორი თანხმოვნით, მაგალითად სმირნა. მაგრამ, თუ რომელიმე ორი თანხმოვნით არც ერთი ბერძნული სიტყვა არ იწყება, მაშინ ისინი მარცვალთა შორის განაწილდება. ამგვარად, სიტყვა βύσσος შემდეგნაირად დაიმარცვლება — ბის-სოს, რადგან ამ ორი თანხმოვნით (სს) არც ერთი ბერძნული სიტყვა არ იწყება.
ასპირაციის ნიშნები. ხმოვნით დაწყებულ ყოველ სიტყვას აქვს სუსტი ფშვინვის ნიშანი (᾿) ან ძლიერი ფშვინვის ნიშანი (῾). სუსტი ფშვინვის ნიშანი ტრანსლიტერაციის დროს არ გადმოდის, ძლიერი ფშვინვის ნიშანი კი სიტყვის დასაწყისში გადმოდის, როგორც ჰ. მთავრულ ასოს ფშვინვის ნიშნები ეწერება სიტყვის წინ სტრიქონის ზემოთ. თუ სიტყვა იწყება პატარა ასოთი, ფშვინვის ნიშნები დაისმის პირველი ასოს ან დიფთონგთა უმეტესობაში მეორე ხმოვნის ზემოთ.
გარდა ამისა, ბერძნული ასო რო (ρ), რომელიც ტრანსლიტერაციის დროს გადმოდის, როგორც რ, სიტყვის დასაწყისში ყოველთვის მოითხოვს ძლიერი ფშვინვის ნიშანს (῾), რომელიც არ გამოითქმის.
[დიაგრამა 1009 გვერდზე]
ბერძნული ანბანი
ასო
სახელწოდება გამოთქმა1
Α α
ალფა
ა
Β β
ბეტა
ბ
ᴦ γ
გამა
გ2
Δ δ
დელტა
დ
Ε ε
ე ფსილონ
ე (მოკლე)
Ζ ζ
ძეტა
ძ
Η η
ეტა
ე (გრძელი)
Θ θ
თეტა
თ
Ι ι
იოტა
ი (გრძელი ან მოკლე)
Κ κ
კაპა
კ
Λ λ
ლამბდა
ლ
Μ μ
მჳ (მიუ)
მ
Ν ν
ნჳ (ნიუ)
ნ
Ξ ξ
ქსი
ქს
Ο ο
ო მიკრონ
ო (მოკლე)
Π π
პი
პ
Ρ ρ
რო
რ
Σ σ, ς3
სიგმა
ს
Τ τ
ტაუ
ტ
Υ υ
ჳ ფსილონ
ჳ (მოკლე ან გრძელი), როგორც ფრანგული u ან გერმანული ü
Φ φ
ჶი
ჶ, ფ
Χ χ
ხი
ხ
Ψ ψ
ფსი
პს (ფს)
Ω ω
ო მეგა
ო (გრძელი)
1 განსხვავდება თანამედროვე ბერძნულისგან.
2 თუ გამას მოსდევს κ, ξ, χ ან სხვა γ (გამა), იგი ნაზალურ გამად გადაიქცევა და გამოითქმის, როგორც ნ.
3 დაისმის მხოლოდ სიტყვის ბოლოში.