თავი 137
იესო ასობით ადამიანს ეცხადება
მათე 28:16—20; ლუკა 24:50—52; საქმეები 1:1—12; 2:1—4
იესო ბევრს ეცხადება
იესო ზეცად მაღლდება
იესოს 120 მოწაფე წმინდა სულს იღებს
ახლა იესო 11 მოციქულს გალილეაში იმ მთაზე ხვდება, სადაც დაუთქვა. იქ იესოს სხვა მოწაფეებიც არიან შეკრებილი, დაახლოებით 500 კაცი, რომელთაგან ზოგს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (მათე 28:17; 1 კორინთელები 15:6). მაგრამ ახლა იესო ისეთ რამეს ამბობს, რაც თითოეულს დაეხმარება, დარწმუნდნენ, რომ იგი ნამდვილად ცოცხალია.
იესო მათ უხსნის, რომ მას ღმერთმა მისცა ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე. იგი მოუწოდებს: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:18—20). დიახ, იესო ცოცხალია; მეტიც, ის კვლავაც დაინტერესებულია, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან გავრცელდეს!
იესო ამ დავალებას ყველა თავის მიმდევარს აძლევს — კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. მოწინააღმდეგეები შეიძლება შეეცადონ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის შეჩერებას, მაგრამ ის არწმუნებს თავის ერთგულთ: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. რას ნიშნავს ეს სიტყვები იესოს მიმდევრებისთვის? იგი მათ ეუბნება: „და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. იესო იმას არ გულისხმობს, რომ ყველა, ვინც სასიხარულო ცნობას იქადაგებს, სასწაულების მოხდენას შეძლებს. თუმცა ისინი, დაპირებისამებრ, წმინდა სულს მიიღებენ, რომელიც ყოველმხრივ დაეხმარებათ.
აღდგომის შემდეგ იესო უკვე „ორმოცი დღეა“ ეცხადება თავის მიმდევრებს. ის ხორცს ისხამს და სხვადასხვა სხეულით, „ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებით“ ევლინება მათ და „ღვთის სამეფოზე“ ასწავლის (საქმეები 1:3; 1 კორინთელები 15:7).
როგორც ჩანს, მოწაფეები ჯერ კიდევ გალილეაში არიან, როცა იესო ეუბნება, რომ იერუსალიმში დაბრუნდნენ. როდესაც ისინი ქალაქში ხვდებიან ერთმანეთს, იესო ასეთი სიტყვებით მიმართავს: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან და ელოდეთ მამის დაპირებულს, რაც ჩემგან მოისმინეთ. იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით მოინათლებით“ (საქმეები 1:4, 5).
მოგვიანებით იესო კვლავ ხვდება მოციქულებს. მას ისინი ბეთანიაში მიჰყავს, რომელიც ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზეა შეფენილი (ლუკა 24:50). მიუხედავად იმისა, რომ იესომ ამდენი რამ უთხრა მოწაფეებს ზეცად ამაღლების შესახებ, მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მისი სამეფო დედამიწაზე იქნება (ლუკა 22:16, 18, 30; იოანე 14:2, 3).
მოციქულები იესოს ეკითხებიან: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“. ის პირდაპირ პასუხობს: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია“. შემდეგ კი კვლავ იმ საქმეზე უმახვილებს ყურადღებას, რისი შესრულებაც მართებთ: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:6—8).
მოციქულები ზეთისხილის მთაზე არიან, როცა იესო ზეცად მაღლდება. მალე მას ღრუბელი ფარავს; ის თვალს ეფარება. მართალია, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ხორცს ისხამდა და სხვადასხვა ფიზიკური სხეულით ევლინებოდა თავის მოწაფეებს, მაგრამ ახლა, როცა ზეცად მაღლდება, ის ფიზიკურ სხეულში არ რჩება და ზეცაში, როგორც სულიერი ქმნილება, ისე ადის (1 კორინთელები 15:44, 50; 1 პეტრე 3:18). როცა ერთგული მოციქულები ცაში ამავალ იესოს უყურებენ, მათ გვერდით „თეთრებში შემოსილი ორი კაცი“ დგება. ესენი ხორცშესხმული ანგელოზები არიან, რომლებიც ეკითხებიან: „გალილეელებო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“ (საქმეები 1:10, 11).
იესო ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ტოვებს დედამიწას — მისი ზეცად ამაღლების თვითმხილველნი მხოლოდ ერთგული მოწაფეები არიან. იგი ისევე მოვა, როგორც ზეცად ამაღლდა, ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე — იმ დროს მხოლოდ მისი ერთგული მიმდევრები მიხვდებიან, რომ იესო სამეფო ძალაუფლებითაა მოსული.
მოციქულები იერუსალიმში ბრუნდებიან. მომდევნო დღეებში ისინი სხვა მოწაფეებთან ერთად იკრიბებიან, რომელთა შორის არიან „იესოს ძმები და დედამისი მარიამი“ (საქმეები 1:14). ისინი დაჟინებით ლოცულობენ. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ლოცულობენ, ისაა, რომ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად აირჩიონ მოციქული, რათა შეივსოს მათი რიცხვი და კვლავ თორმეტნი გახდნენ (მათე 19:28). მათ სურთ, ისეთი მოწაფე აირჩიონ მოციქულად, რომელიც იესოს საქმეებისა და აღდგომის თვითმხილველია. ისინი კენჭს ყრიან, რათა გაიგონ, ვისზე შეაჩერა ღმერთმა არჩევანი; როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს ბოლოჯერ ხდება, როცა ქრისტიანები კენჭისყრით ცდილობენ, გაიგონ, რა არის ღვთის ნება (ფსალმუნი 109:8; იგავები 16:33). არჩევანი მატთიაზე ჩერდება, შესაძლოა საქადაგოდ გაგზავნილ 70 მოწაფეთაგან ერთ-ერთზე. ამგვარად „თერთმეტ მოციქულს ეს ერთიც“ ემატება (საქმეები 1:26).
იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ იუდეველთა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული (ახ. წ. 33 წელი) დგება. იერუსალიმში დაახლოებით 120 მოწაფე ერთი სახლის ზემოთა ოთახში იკრიბება. მოულოდნელად ციდან ხმაური ისმის, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო და მთელი სახლი აავსო, სადაც ისინი სხედან. ამ დროს თითოეულ მათგანზე თითქოს ცეცხლის ენები ეშვება. შედეგად იქ შეკრებილი ყველა მოწაფე სხვადასხვა ენაზე იწყებს ლაპარაკს. ამ დროს სწორედ ის ხდება, რასაც მათ იესო დაჰპირდა — მოწაფეები წმინდა სულს იღებენ! (იოანე 14:26).