სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
„ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი . . . ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
1. განსაკუთრებით რა მდგომარეობაში სჭირდებათ ადამიანებს ნუგეში?
ზოგი ინვალიდდება და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ზოგს მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა ან შიმშილობა აგდებს სასოწარკვეთილებაში. ბევრს ომში ოჯახის წევრი ეღუპება, სახლი ენგრევა ან ყველაფრის დატოვება და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა უწევს. სხვებს ირგვლივ გამეფებული უსამართლობა აფიქრებინებს, რომ შვებას ვერსად იგრძნობენ. გასაჭირში მყოფ ადამიანებს ნუგეში ესაჭიროებათ. მაგრამ სად შეიძლება ამ ნუგეშის პოვნა?
2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ გვანუგეშებს იეჰოვას მსგავსად?
2 არიან ცალკეული პირები და არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემას ცდილობენ. ნამდვილად დასაფასებელია, როდესაც ვინმე კეთილი სიტყვით ანუგეშებს ადამიანებს. მატერიალური დახმარებაც მნიშვნელოვანია, რადგან გაჭირვებაში ჩავარდნილს მდგომარეობას უმსუბუქებს. მაგრამ უბედურების ყოველგვარი კვალის წაშლა მხოლოდ იეჰოვას, ჭეშმარიტ ღმერთს, შეუძლია. მხოლოდ მას შესწევს ძალა, ისე დაგვეხმაროს, რომ უბედურება აღარასოდეს მოხდეს. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3, 4). როგორ გვანუგეშებს იეჰოვა?
პრობლემების პირველმიზეზი
3. როგორ არის დაკავშირებული ღვთის მიერ ჩვენთვის მოცემული ნუგეში პრობლემების პირველმიზეზთან?
3 ადამის ცოდვის შედეგად კაცობრიობამ მემკვიდრეობით არასრულყოფილება მიიღო. ამიტომ არის, რომ ადამიანები უამრავ პრობლემას ხვდებიან და, საბოლოოდ, ყველა კვდება (რომაელთა 5:12). მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ „ამ წუთისოფლის მთავარი“ სატანა ეშმაკია (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). იეჰოვამ მხოლოდ გულისტკივილი როდი გამოხატა იმის გამო, რომ კაცობრიობა ასეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან თავისი მხოლოდშობილი ძე გამოსასყიდ მსხვერპლად გაიღო და გვანუგეშა, რომ მისადმი რწმენის გამოვლენით შესაძლებელია, თავი დავაღწიოთ ადამის ცოდვის შედეგებს (იოანე 3:16; 1 იოანე 4:10). გარდა ამისა, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო ქრისტე — რომელსაც ძალაუფლება აქვს მიცემული ცაში თუ დედამიწაზე — გაანადგურებს სატანას და ბოლოს მოუღებს მის ბოროტ სისტემას (მათე 28:18; 1 იოანე 3:8; გამოცხადება 6:2; 20:10).
4. ა) რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ ჩვენთვის ხსნის შესახებ აღთქმებისადმი ნდობა განემტკიცებინა? ბ) როგორ გვეხმარება იეჰოვა იმის განსაზღვრაში, თუ როდის შესრულდება მისი დანაპირები?
4 ღმერთს სურს თავისი აღთქმებისადმი ნდობა განგვიმტკიცოს — ის ფაქტებით გვარწმუნებს, რომ, რასაც კი წინასწარმეტყველებს, ყველაფერი სრულდება (იესო ნავეს ძე 23:14). მისი ნებით ბიბლიაში ჩაიწერა ის შემთხვევები, როდესაც მან თავისი მსახურები, ადამიანთა თვალსაზრისით, უიმედო მდგომარეობიდან დაიხსნა (გამოსვლა 14:4—31; 4 მეფეთა 18:13—19:37). იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულებით კი იეჰოვამ დაგვანახვა, რომ განზრახული აქვს, ადამიანები „ყოველგვარი სენისგან“ განკურნოს და მკვდრებიც კი აღადგინოს (მათე 9:35; 11:3—6). როდის მოხდება ეს? ბიბლია პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. მასში აღწერილია ამ წუთისოფლის უკანასკნელი დღეები, რომლებიც წინ უძღვის ღვთის ახალ ცასა და ახალ დედამიწას. სწორედ რომ ჩვენს დროს დავახასიათებდით ისე, როგორც იესომ უკანასკნელი დღეები აღწერა (მათე 24:3—14; 2 ტიმოთე 3:1—5).
ნუგეშისცემა გასაჭირში
5. რაზე ამახვილებდა იეჰოვა ყურადღებას, როდესაც ძველ ისრაელს ანუგეშებდა?
5 ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ძველ ისრაელს და სწორედ აქედან ვხედავთ, როგორ ანუგეშებდა თავის ხალხს გაჭირვების დროს. იეჰოვა მათ შეახსენებდა იმას, თუ როგორი ღმერთია. ეს კი ისრაელებს მისი აღთქმებისადმი ნდობას განუმტკიცებდა. იეჰოვა თავის წინასწარმეტყველებს აღძრავდა, ნათლად აღეწერათ, რამდენად განსხვავდებოდა ის — ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი — კერპებისგან, რომელთაც არც საკუთარი თავის შველა შეეძლოთ და არც თავიანთი თაყვანისმცემლების (ესაია 41:10; 46:1; იერემია 10:2—15). იეჰოვამ ესაიას უთხრა: „ანუგეშეთ ჩემი ერი“ და აღძრა ის, მაგალითებად მოეყვანა და აღეწერა მისი შემოქმედებითი საქმეები, რათა ხალხისთვის ნათლად დაენახვებინა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სიდიადე (ესაია 40:1—31).
6. რას ეუბნებოდა ზოგჯერ იეჰოვა თავის მსახურებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჰქონოდათ ხსნის მოლოდინი?
6 ზოგჯერ თავის ხალხს იეჰოვა იმით ანუგეშებდა, რომ კონკრეტულად ეუბნებოდა მათ, როდის დადგებოდა ხსნის დრო — უახლოეს თუ შორეულ მომავალში. როდესაც ეგვიპტიდან გათავისუფლების დრო მოახლოვდა, იეჰოვამ დაჩაგრულ ისრაელებს უთხრა: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან“ (გამოსვლა 11:1). იოშაფატის მეფობისას, როდესაც სამი ერი გაერთიანდა იუდას დასაპყრობად, იეჰოვამ ანუგეშა ხალხი, რომ „ხვალ“ ჩაერეოდა მათ დასახსნელად (2 ნეშტთა 20:1—4, 14—17). მეორე მხრივ, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება ესაიამ თითქმის 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, ხოლო დამატებითი დეტალები იერემიამ დაახლოებით 100 წლით ადრე აღწერა. რა მანუგეშებელი იყო ეს წინასწარმეტყველებები ღვთის მსახურთათვის მაშინ, როდესაც ხსნის დრო ახლოვდებოდა (ესაია 44:26—45:3; იერემია 25:11—14).
7. რაზე იყო ხშირად ლაპარაკი ხსნასთან დაკავშირებულ აღთქმებში და რა გავლენას ახდენდა ეს ღვთის ერთგულ ისრაელებზე?
7 აღსანიშნავია, რომ ღვთის ხალხის მანუგეშებელ აღთქმებში ხშირად მესიის შესახებ იყო ლაპარაკი (ესაია 53:1—12). ეს თაობიდან თაობამდე იმედს უნერგავდა ღვთის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში მრავალ სირთულეს ხვდებოდნენ. ლუკას 2:25-ში ვკითხულობთ: „აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას [ანუ მესიის მოსვლას], და იყო მასზედ სულიწმიდა“. სიმონმა იცოდა, რა იყო აღთქმული წმინდა წერილებში მესიის შესახებ და ღვთის აღთქმების შესრულების მოლოდინი დიდ გავლენას ახდენდა მის ცხოვრებაზე. სიმონს არ ესმოდა, როგორ შესრულდებოდა ღვთის დანაპირები და ის სიცოცხლეში ვერ შეესწრო, როგორ იქცა რეალობად ნაწინასწარმეტყველები ხსნა. მიუხედავად ამისა, მან გაიხარა იმით, რომ საკუთარი თვალით იხილა ის, ვინც ღვთის მიერ გამოგზავნილი ‘მხსნელი’ უნდა გამხდარიყო (ლუკა 2:30).
ნუგეშისცემა ქრისტეს მეშვეობით
8. როგორ ეხმარებოდა იესო ხალხს და რას მოელოდა ბევრი მისგან?
8 დედამიწაზე მსახურებისას იესო ყოველთვის ისე არ ეხმარებოდა ხალხს, როგორც მათ უნდოდათ. ზოგი მესიისგან იმას მოელოდა, რომ ისრაელს რომაელთა ბატონობისგან დაიხსნიდა. იესო კი აჯანყების მომხრე არ იყო. ის ქადაგებდა, ‘კეისრისთვის კეისრისა მიეცათ’ (მათე 22:21). ღმერთს ხალხის რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისგან გათავისუფლებაზე ბევრად მნიშვნელოვანი განზრახვა ჰქონდა. ხალხს იესოს გამეფება უნდოდა, მას კი სულ სხვა რამ — ‘მრავალთა გამოსასყიდად თავის შეწირვა’ — ჰქონდა მიზნად (მათე 20:28; იოანე 6:15). ჯერ არ იყო მოსული მისი გამეფების დრო. გარდა ამისა, ძალაუფლება მისთვის იეჰოვას უნდა მიეცა და არა არსებული მმართველობით უკმაყოფილო ბრბოს.
9. ა) რა მანუგეშებელ ცნობას ქადაგებდა იესო? ბ) რას აკეთებდა იესო იმისათვის, რომ ხალხს დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ცნობა, რომელსაც მისგან ისმენდნენ? გ) რას ჩაეყარა საფუძველი დედამიწაზე იესოს მსახურებით?
9 იესო ხალხს ‘ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით’ ანუგეშებდა. სადაც კი მიდიოდა, ის ყველგან ამ ცნობას ქადაგებდა (ლუკა 4:43, აქ). ადამიანებს აჩვენებდა, რას გააკეთებდა კაცობრიობისთვის მესიანური მმართველობის დროს და ისინიც ხედავდნენ, რამდენად სჭირდებოდათ ეს ცნობა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. იესო გატანჯულ ხალხს სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა — ბრმები კვლავ ხედავდნენ, მუნჯები ლაპარაკობდნენ (მათე 12:22; მარკოზი 10:51, 52), დავრდომილები ფეხზე დგებოდნენ (მარკოზი 2:3—12), საშინელი სენით გაუწმინდურებული ისრაელები იწმინდებოდნენ (ლუკა 5:12, 13) და მძიმე ავადმყოფები ჯანსაღდებოდნენ (მარკოზი 5:25—29). იესო მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულებს და უდიდეს შვებას ჰგვრიდა მათ მგლოვიარე მშობლებს (ლუკა 7:11—15; 8:49—56). ის ცხადყოფდა, რომ შეეძლო ძლიერი ქარიშხლის დაწყნარება და ხალხის დაპურება (მარკოზი 4:37—41; 8:2—9). იესო მსმენელებს ასწავლიდა პრინციპებს, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებოდა და მესიის სამართლიანი მმართველობის იმედს უსახავდა. იესოს მსახურებამ მხოლოდ ის ხალხი როდი ანუგეშა, ვინც მას უშუალოდ უსმენდა რწმენით; მისი მსახურებით საფუძველი ჩაეყარა მომავალი ათასწლეულების განმავლობაში მცხოვრები ხალხის ნუგეშისცემას.
10. რის შესაძლებლობა მოგვცა იესოს მსხვერპლმა?
10 იესოს მიერ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებიდან და ზეციერი ცხოვრებისთვის მისი მკვდრეთით აღდგენიდან სამოც წელზე მეტი იყო გასული, როდესაც მოციქულმა იოანემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „შვილნო ჩემნო! ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:1, 2). მანუგეშებელია ის, რომ იესოს სრულყოფილ მსხვერპლს დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. მისი მსხვერპლის საფუძველზე შესაძლებელია, გვეპატიოს ცოდვები, გვქონდეს სუფთა სინდისი, ურთიერთობა დავამყაროთ ღმერთთან და მარადიული სიცოცხლის იმედით გავიხაროთ (იოანე 14:6; რომაელთა 6:23; ებრაელთა 9:24—28; 1 პეტრე 3:21).
ნუგეშისცემა სულიწმიდის მეშვეობით
11. რა აღუთქვა ნუგეშთან დაკავშირებით იესომ სიკვდილამდე თავის მოციქულებს?
11 სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ ზეციერი მამა მათ სხვაგვარადაც ანუგეშებდა. «მე მამას შევევედრები, — თქვა იესომ, — და ის სხვა ნუგეშისმცემელს [ბერძნულად „პარაკლეტოს“] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს». იესომ მათ აღუთქვა: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა . . . ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:16, 17, 26). როგორ ანუგეშა სულიწმიდამ ისინი?
12. როგორ ანუგეშა ბევრი იმან, რომ სულიწმიდა მოწაფეებს იესოს ნათქვამის გახსენებაში დაეხმარა?
12 მოციქულებმა იესოსგან ბევრი რამ ისწავლეს. მათ ყოველთვის ემახსოვრებოდათ ის, რაც ნახეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, მაგრამ გაიხსენებდნენ თუ არა იმას, რაც იესოსგან ჰქონდათ მოსმენილი? არასრულყოფილი მეხსიერების გამო ხომ არ დაავიწყდებოდათ მნიშვნელოვანი დარიგებები? იესომ მოციქულებს აღუთქვა, რომ სულიწმიდა ‘გაახსენებდა მათ ყველაფერს, რაც კი ნათქვამი ჰქონდა’. მართლაც, იესოს სიკვდილიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ მათემ დაწერა პირველი სახარება, რომელშიც შეიტანა მთაზე ქადაგება, ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული მრავალი თვალსაჩინო მაგალითი და, აგრეთვე, დეტალურად აღწერა მისი მოსვლის დამადასტურებელი ნიშანი. 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი მოციქულმა იოანემ დაწერა სახარება, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. დღესაც რამდენად გამამხნევებელია ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სახარებები!
13. რა გაგებით შეასრულა სულიწმიდამ მასწავლებლის როლი პირველი ქრისტიანებისთვის?
13 სულიწმიდამ მოციქულებს მხოლოდ იესოს სიტყვები კი არ გაახსენა, არამედ ცოდნა შემატა მათ და უკეთესად გაარკვია ღვთის განზრახვაში. დედამიწაზე მსახურებისას იესომ ბევრი ისეთი რამ უთხრა თავის მოწაფეებს, რაც მათ მაშინ ნათლად არ ესმოდათ. მოგვიანებით კი სულიწმიდამ აღძრა იოანე, პეტრე, იაკობი, იუდა და პავლე, რომ წერილობით აეხსნათ, შემდგომში როგორ უნდა განხორციელებულიყო ღვთის განზრახვა. ამრიგად, სულიწმიდამ მასწავლებლის როლი შეასრულა და მოწაფეები ღვთის ხელმძღვანელობაში დაარწმუნა.
14. როგორ ეხმარებოდა სულიწმიდა იეჰოვას ხალხს?
14 სულიწმიდის სხვადასხვაგვარი სასწაულებრივი ძღვენი ადასტურებდა, რომ ღმერთი ხორციელი ისრაელისადმი კი არა, უკვე ქრისტიანული კრებისადმი ავლენდა კეთილგანწყობილებას (ებრაელთა 2:4). აგრეთვე, ცალკეული ქრისტიანების მიერ გამოვლენილი სულის ნაყოფი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იესოს ჭეშმარიტი მოწაფეების ამოსაცნობად (იოანე 13:35; გალატელთა 5:22—24). გარდა ამისა, სულიწმიდა განამტკიცებდა ქრისტიანული კრების წევრებს, რათა მათ გაბედულად ქადაგება შეძლებოდათ (საქმეები 4:31).
დახმარება ურთულეს მდგომარეობაში
15. ა) რა სირთულეებს ხვდებოდნენ და ხვდებიან ქრისტიანები? ბ) რატომ სჭირდება ზოგჯერ გამხნევება მას, ვინც თვითონ ამხნევებს სხვებს?
15 ყველა, ვინც იეჰოვას მსახური ხდება და მისადმი ერთგულებას ინარჩუნებს, ამა თუ იმ ფორმით დევნას განიცდის (2 ტიმოთე 3:12). ბევრი ქრისტიანი განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში ვარდება. ჩვენს დროში ზოგმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბრბოს თავდასხმები. ზოგს არაადამიანური პირობების ატანა მოუწია საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებსა თუ შრომა-გასწორების კოლონიებში. ხშირად, უშუალოდ მთავრობაა მდევნელი ან ის უბრალოდ პასუხს არ აგებინებს კანონის დამრღვევებს ძალადობაზე. ზოგ ქრისტიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ექმნება ან ოჯახში აქვს დაძაბული მდგომარეობა. ასევე, შეიძლება გადაიტვირთოს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს მოწიფული ქრისტიანიც კი, რომელიც პრობლემების დროს ხშირად ეხმარება თანამორწმუნეებს. ასეთ შემთხვევაში, სწორედ იმ ადამიანს დასჭირდება გამხნევება, რომელიც სხვებს თვითონ ამხნევებს.
16. რა დახმარება მიიღო დავითმა დიდ გასაჭირში?
16 როდესაც მეფე საული დავითის მოკვლას ცდილობდა, დავითმა ღმერთს მიმართა დახმარებისთვის. „ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა“, — ევედრებოდა ის იეჰოვას. „შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს“, — ითხოვდა დავითი (ფსალმუნები 53:4, 6; 56:2). დაეხმარა მას ღმერთი? დიახ. იმ პერიოდში იეჰოვამ წინასწარმეტყველი გადისა და აბიათარ მღვდლის მეშვეობით გადასცა მას მითითებები, ხოლო საულის ვაჟის, იონათანის, მეშვეობით გაამხნევა (1 მეფეთა 22:1, 5; 23:9—13, 16—18). გარდა ამისა, იეჰოვამ დაუშვა, რომ ქვეყანას თავს დასხმოდნენ ფილისტიმელები, რის გამოც საულმა თავი დაანება დავითის დევნას (1 მეფეთა 23:27, 28).
17. ვის მიმართა იესომ დახმარებისთვის რთულ მდგომარეობაში?
17 ურთულეს მდგომარეობაში იყო იესო ქრისტეც დადამიწაზე მსახურების უკანასკნელ პერიოდში. მას კარგად ესმოდა, რამდენად დიდ გავლენას მოახდენდა მისი მოქმედება ზეციერი მამის სახელზე და რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა კაცობრიობის მომავლისთვის. ის გულმხურვალედ ლოცულობდა და ამ დროს ემოციურ ‘ტანჯვას’ განიცდიდა. ამ ურთულეს მომენტში ღმერთმა იესოს საჭირო დახმარება აღმოუჩინა (ლუკა 22:41—44).
18. როგორ ანუგეშებდა ღმერთი პირველ ქრისტიანებს, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ?
18 პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ იმდენად სასტიკი დევნა დაიწყო, რომ მოციქულების გარდა იერუსალიმიდან ყველა ქრისტიანი გაიქცა. მათ თავს ესხმოდნენ და საკუთარი სახლებიდან ძალით გამოჰყავდათ, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. როგორ ანუგეშებდა ღმერთი თავის მსახურებს? ის თავისი სიტყვის მეშვეობით არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ მათ „უკეთესი და წარუვალი საუნჯე“ ჰქონდათ, ანუ ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრენი იყვნენ (ებრაელთა 10:34; ეფესელთა 1:18—20). ისინი ქადაგებას განაგრძობდნენ და აშკარად გრძნობდნენ ღვთის სულის დახმარებას, რაც ნამდვილად იყო სიხარულის მიზეზი (მათე 5:11, 12; საქმეები 8:1—40).
19. რა თქვა პავლემ ღვთის მიერ ნუგეშისცემის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად იდევნებოდა?
19 სავლე (პავლე), ქრისტიანების სასტიკი მდევნელი, ქრისტიანობის მიღების შემდეგ თვითონ გახდა დევნილი. ერთხელ, კუნძულ კვიპროსზე ერთი ჯადოქარი სიცრუითა და უფლის გზების გამრუდებით შეეცადა ქადაგებისას მისთვის ხელის შეშლას. გალატიაში პავლე ქვებით ჩაქოლეს მდევნელებმა და მიატოვეს, რადგან ეგონათ, რომ მოკვდა (საქმეები 13:8—10; 14:19); მაკედონიაში გაჯოხეს (საქმეები 16:22, 23); ეფესოში კი ბრბოს თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც დაწერა: „გაუსაძლისად . . . გვავიწროებდნენ, ისე რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა. ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი“ (2 კორინთელთა 1:8, 9, აქ). მიუხედავად ამისა, ამავე წერილში პავლემ ის მანუგეშებელი სიტყვები დაწერა, რომლებიც ამ სტატიის მე-2 აბზაცში იყო ციტირებული (2 კორინთელთა 1:3, 4).
20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ჩვენ როგორ შეგვიძლია სხვების ნუგეშისცემა? დღეს მრავალ დამწუხრებულს სჭირდება ნუგეში როგორც იმ უბედურებების გამო, რომელიც ათასობით ადამიანს ატყდება, ისე პირადი ხასიათის სირთულეების გამო. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ნუგეშისცემა ორივე შემთხვევაში.
გახსოვთ?
• რატომ არის ღმერთი საუკეთესო ნუგეშისმცემელი?
• როგორ ანუგეშებს ხალხს იესო ქრისტე?
• როგორ ანუგეშებს სულიწმიდა ადამიანებს?
• მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ ანუგეშა ღმერთმა თავისი მსახურები ურთულეს მდგომარეობაში.
[სურათები 15 გვერდზე]
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ხსნით ანუგეშებდა თავის ხალხს.
[სურათები 16 გვერდზე]
იესო სწავლებით, განკურნებითა და მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენით ანუგეშებდა ადამიანებს.
[სურათი 18 გვერდზე]
იესო დახმარებას ღვთისგან იღებდა.