მკითხველთა შეკითხვები
უპასუხა იესომ უპატივცემულოდ ან უკმეხად დედას, როცა ისინი კანაში იყვნენ ქორწილში? (იოანე 2:4).
თავისი მონათვლიდან ცოტა ხანში იესო და მისი მოწაფეები კანაში დაპატიჟეს ქორწილში. იესოს დედაც იქ იყო. მასპინძელს ღვინო გამოელია. მარიამმა უთხრა იესოს: „ღვინო აღარა აქვთ“. პასუხად იესომ მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო [ქალოa]? ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“ (იოანე 2:1—4).
თუ ვინმე დღეს დედას მიმართავს სიტყვით „ქალო“ ან ეტყვის, „რა გვაქვს საერთო“, უპატივცემულობასა და შეურაცხყოფაში ჩაეთვლება. მაგრამ იესოს ვერ დავადანაშაულებთ ამაში, რადგან გასათვალისწინებელია იმდროინდელი კულტურა და ენის თავისებურებანი. იმის გარკვევა, თუ როგორ იყენებდნენ ბიბლიურ დროში ამ გამოთქმებს, იესოს სიტყვების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
„ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ სიტყვა „ქალოს“ შემდეგნაირად განმარტავს: „ეს სიტყვა ქალისადმი უხეშ ან მკაცრ დამოკიდებულებაზე კი არ მიუთითებდა, არამედ სითბოსა და პატივისცემას გამოხატავდა“. ამ განმარტებას სხვა წყაროებიც ეთანხმება. მაგალითად, ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ეს სიტყვა არ გამოხატავს გაკიცხვას, უპატივცემულობას ან სიყვარულის ნაკლებობას . . . ჩვეულებრივ, იესო ამ ზრდილობიან მიმართვას იყენებდა ქალებისადმი“ („The Anchor Bible“). ერთი ლექსიკონი აღნიშნავს, რომ ამ მიმართვას „არანაირი უარყოფითი დატვირთვა არ ჰქონდა“ („The New International Dictionary of New Testament Theology“). გერჰარდ კიტელის „ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ ეს გამოთქმა „არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს უპატივცემულობას ან დამცირებას“. ამიტომ, არ უნდა დავასკვნათ, რომ იესომ უხეშად მიმართა დედას, როდესაც სიტყვა „ქალო“ გამოიყენა (მათე 15:28; ლუკა 13:12; იოანე 4:21; 19:26; 20:13, 15).
რა იგულისხმებოდა გამოთქმაში „რა გვაქვს საერთო“? როგორც ჩანს, ეს არის ებრაული იდიომი, რომელიც ბიბლიაში არაერთხელ გამოიყენება. მაგალითად, იგივე გამოთქმაა გამოყენებული 2 სამუელის 16:10-ში, სადაც დავითი უფლებას არ აძლევს აბიშაის, მოკლას შიმეი. ეს გამოთქმა შემდეგნაირად არის გადმოცემული: „თქვენ რა გესაქმებათ, ცერუიას ძეებო? დაიწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა, დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ მოიქეციო?“ ასევე 1 მეფეების 17:18-ში ვკითხულობთ სარეფთელი ქვრივის სიტყვებს, რომლებიც მან თავისი შვილის გამო ელიას უთხრა: „რა გინდა ჩემგან, ჭეშმარიტი ღვთის კაცო? იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო და შვილი მომიკლა?“
ამ ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ ეს გამოთქმა ხშირად გამოიყენებოდა არა ქედმაღლობისა და ზიზღის გამოსახატავად, არამედ ამით უარს ამბობდნენ რაიმე წინადადებაზე, საქმეში მონაწილეობაზე, ან საპირისპირო აზრს გამოთქვამდნენ. მაგრამ, რის თქმა უნდოდა იესოს ამ სიტყვებით მარიამისთვის?
როდესაც მარიამმა უთხრა იესოს, რომ მასპინძლებს ღვინო აღარ ჰქონდათ, უბრალოდ ფაქტზე კი არ მიანიშნა, არამედ იმაზე, რომ იესოს ზომები მიეღო. იესომ გამოიყენა გავრცელებული იდიომი, რომ უარი ეთქვა მარიამის რბილ მინიშნებაზე და დასძინა: „ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“; სწორედ ეს სიტყვები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომ უთხრა იესომ მარიამს ზემოხსენებული სიტყვები.
ახ. წ. 29 წელს მონათვლისა და წმინდა სულით ცხების შემდეგ იესოს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას ნება იყო, მას, როგორც მესიას, სიკვდილამდე ერთგულება შეენარჩუნებინა, მკვდრეთით აღმდგარიყო და განდიდებულიყო. იესომ თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ზემოხსენებულ სიტყვებს ნათელი მოჰფინა. მან თქვა: „მოვიდა . . . საათი“ (იოანე 12:1, 23; 13:1). ამიტომ სიკვდილის წინა საღამოს იესომ ილოცა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ“ (იოანე 17:1). საბოლოოდ, როდესაც გეთსემანეს ბაღში ბრბო მივიდა მის შესაპყრობად, იესომ გააღვიძა ჩაძინებული მოწაფეები და უთხრა: „მოვიდა ის საათი. აი, კაცის ძე ცოდვილებს გადაეცა ხელში“ (მარკოზი 14:41).
მაგრამ კანაში ქორწილის დროს იესოს ახალი დაწყებული ჰქონდა მსახურება და მისი საათი ჯერ არ დამდგარიყო. მისი მთავარი მიზანი მამის ნების შესრულება იყო ისე, როგორც ამას მამა მოითხოვდა; ამიტომ ვერავინ შეაცვლევინებდა მას ამ გადაწყვეტილებას. იესოს ზუსტად ამის თქმა სურდა დედისთვის. მისი პასუხი იყო მტკიცე და არა უპატივცემულო ან უკმეხი. მარიამსაც არ უგრძნია თავი დამცირებულად. ის მიხვდა იესოს სიტყვების მნიშვნელობას და ქორწილში მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“. იმის მაგივრად, რომ დედის თხოვნაზე უარი ეთქვა, იესომ, როგორც მესიამ, თავისი პირველი სასწაული მოახდინა და წყალი ღვინოდ გადააქცია. ამგვარად, მან არ დაივიწყა მამის ნება და დედის თხოვნაც გაითვალისწინა (იოანე 2:5—11).
[სქოლიოები]
a ბერძნულ ტექსტში ამ ადგილას იესო დედას მიმართავს სიტყვით „ქალო“; იგივე მიმართვა ბერძნულ ტექსტში შემდეგ მუხლებშიც გვხვდება: მათეს 15:28; ლუკას 13:12; იოანეს 4:21; 19:26; 20:13, 15.
[სურათი 31 გვერდზე]
იესომ დედას თბილი, მაგრამ მტკიცე პასუხი გასცა.