თავი 120
ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები
როგორ უნდა გამოიღონ ლერწებმა ნაყოფი?
როგორ არის შესაძლებელი იესოს სიყვარულში დარჩენა?
იესოსა და მის მოციქულებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა; იგი ყველანაირად ცდილობდა, გაემხნევებინა ისინი. როგორც ჩანს, ახლა უკვე გვიანია. შუაღამე გადასულია.
იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). ეს მაგალითი იმას მოგვაგონებს, რაც საუკუნეების წინ ისრაელი ერის შესახებ ითქვა, რომელსაც იეჰოვას ვაზი ეწოდა (იერემია 2:21; ოსია 10:1, 2). მაგრამ იეჰოვა მალე საბოლოოდ უარყოფს ამ ერს (მათე 23:37, 38). აქედან გამომდინარე, ფაქტია, იესო სხვა, ახალ აზრს ავითარებს. იგი იმაზე საუბრობს, რომ თავად არის ვაზი, რომელსაც მისი ზეციერი მამა ახ. წ. 29 წლიდან მოყოლებული ანუ მას შემდეგ, რაც წმინდა სულით სცხო, უვლის და ზრდის. თუმცა იესო იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს ვაზი მხოლოდ მას არ ასიმბოლოებს:
„ის [მამა] მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს . . . როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“ (იოანე 15:2—5).
იესო დაჰპირდა თავის ერთგულ მოწაფეებს, რომ წასვლის შემდეგ გამოუგზავნიდა დამხმარეს, წმინდა სულს. 51 დღის შემდეგ, როცა მოციქულებმა და სხვებმა წმინდა სული მიიღეს, ისინი, ასე ვთქვათ, ვაზის ლერწები გახდნენ. ყველა ეს „ლერწი“ იესოსთან უნდა დარჩეს ერთობაში. რა მიზანს მოემსახურება მათი ერთობა?
იესო ხსნის: „ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“. ეს „ლერწები“ ანუ იესოს ერთგული მიმდევრები ბევრ ნაყოფს გამოიღებენ — მის მსგავს თვისებებს გამოავლენენ, თავდაუზოგავად იქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ და რაც შეიძლება მეტს მოიმოწაფებენ. რა მოხდება, თუ რომელიმე მოწაფე არ დარჩება იესოსთან ერთობაში და არ გამოიღებს ნაყოფს? იესო ამბობს: „თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას . . . აგდებენ“. იესო შემდეგსაც აღნიშნავს: „თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ“ (იოანე 15:5—7).
ახლა იესო კვლავ იმ საკითხს უბრუნდება, რაც უკვე ორჯერ მოიხსენია; იგი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მცნებების დაცვა (იოანე 14:15, 21). იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ შეძლებენ მოწაფეები იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილად მისი სიტყვებისამებრ იქცევიან: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“. მაგრამ მათგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე მხოლოდ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის სიყვარული. იესო დასძენს: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:10—14).
სულ რაღაც რამდენიმე საათში იესო თავის სიყვარულს დაუმტკიცებს ყველას, ვინც მის მიმართ რწმენას ავლენს, როცა საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს მათთვის. მისმა მაგალითმა მოწაფეები უნდა აღძრას, ასეთივე თავგანწირვის სულისკვეთება ჰქონდეთ და მასავით ძლიერ უყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცოტა ხნის წინ იესომ აღნიშნა, სწორედ ასეთი სიყვარული იქნება მათი ამოსაცნობი ნიშანი: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35).
მოციქულები კარგად უნდა დაუფიქრდნენ იესოს ნათქვამს — მან ხომ მათ თავისი მეგობრები უწოდა! იესო უხსნის, თუ რატომ თვლის მათ მეგობრებად: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“. მართლაც დიდი პატივია, იწოდებოდე იესოს ახლო მეგობრად და ყველაფერი იცოდე, რაც მას მამისგან მოუსმენია! თუმცა მოციქულებს არც ის უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ კვლავაც გამოიღებენ ნაყოფს. ამ შემთხვევაში, იესოს სიტყვების თანახმად, რასაც კი სთხოვენ მამას მისი სახელით, მიეცემათ (იოანე 15:15, 16).
თუ მოწაფეებს, რომელთაც იესო ლერწებს ადარებს, ერთმანეთის სიყვარული ექნებათ, ეს ყველაფერს აატანინებთ, რაც წინ ელით. იესო აფრთხილებს მათ, რომ ქვეყნიერება შეიძულებთ, თუმცა მანუგეშებელ სიტყვებსაც არ იშურებს: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, . . ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:18, 19).
იესო კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ მოიძულებს მათ ქვეყნიერება: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. იესო ამბობს, რომ მისი დიდებული საქმეები, ასე ვთქვათ, მსჯავრს სდებს მის მოძულეთ: „მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. იესოს მოწინააღმდეგეებს სძულთ იგი, რითაც დიდი ხნის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება (იოანე 15:21, 24, 25; ფსალმუნი 35:19; 69:4).
შემდეგ იესო კვლავ აძლევს მათ დაპირებას, რომ გამოუგზავნის დამხმარეს, წმინდა სულს. ამ უძლიერეს ძალას ყველა მისი მიმდევარი მიიღებს, რაც დაეხმარებათ, გამოიღონ ნაყოფი ანუ დაამოწმონ (იოანე 15:27).