დაემორჩილეთ იეჰოვას მწყემსებს
„გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე“ (ებრ. 13:17).
1, 2. რატომ არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა მწყემსს ადარებს თავს?
იეჰოვა საკუთარ თავს ადარებს მწყემსს (ეზეკ. 34:11—14). ეს თავისთავად აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ბევრ რამეს გვეუბნება მისი პიროვნების შესახებ. მაგალითად, მწყემსი, რომელსაც უყვარს ფარა, სრულად იღებს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას; დაატარებს საძოვრებსა და წყაროს წყლებზე (ფსალმ. 23:1, 2), დარაჯობს და თვალყურს ადევნებს დღითა თუ ღამით (ლუკ. 2:8), იცავს მტაცებლებისგან (1 სამ. 17:34, 35), ზრუნავს ახალმოგებულებზე (ეს. 40:11), დაეძებს გზააბნეულებს და უვლის დაშავებულებს (ეზეკ. 34:16).
2 ძველ ხანებში ისრაელში ძირითადად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ; ამიტომ არ გაუჭირდებოდათ იმის გაგება, თუ რატომ შეადარა იეჰოვამ თავი მოსიყვარულე მწყემსს. მათ კარგად იცოდნენ ერთი რამ: ფარა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობდა თავს კარგად, თუ იზრუნებდნენ მასზე და ყურადღებას მიაქცევდნენ. ანალოგიურად დგას საკითხი სულიერ ფარასთან მიმართებაშიც (მარ. 6:34). კარგი სულიერი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობის გარეშე სამწყსო იტანჯება; ხდება ისეთივე მიუსაფარი და მორალურად დაუცველი, როგორც პირდაპირი გაგებით გზააბნეული და მიმოფანტული ფარა (1 მეფ. 22:17). იეჰოვა ნამდვილად კარგი მწყემსია. შეიძლება ითქვას, ის გადაგებულია თავის ცხვარზე და არაფერს აკლებს.
3. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?
3 ამგვარი მხატვრული შედარება დღესაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. იეჰოვა კვლავაც ზრუნავს თავის „ფარაზე“, თავის ხალხზე. მოდი, ამ სტატიაში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობს ის „ფარას“ და როგორ აძლევს მას ყველაფერს, რაც საჭიროა. ვისაუბროთ აგრეთვე იმაზეც, თუ როგორ უნდა მოიქცეს „ცხვარი“, რომ სრულად ისარგებლოს იეჰოვას სიყვარულითა და ყურადღებით.
კარგ მწყემსს ჰყავს დამხმარე მწყემსები
4. რა როლს ასრულებს იესო იეჰოვას „ცხვრის“ მწყემსვაში?
4 იეჰოვამ ქრისტიანული კრების თავად დანიშნა იესო (ეფეს. 1:22, 23). მას, როგორც კარგ მწყემსს, გააჩნია იგივე მიზნები, ინტერესები და თვისებები, რაც მამამისს. მან თავისი სულიც კი გასწირა „ცხვრისთვის“ (იოან. 10:11, 15). მართლაც-და, რა უდიდესი კურთხევაა ქრისტეს მსხვერპლი მთელი კაცობრიობისთვის! (მათ. 20:28). და ეს მსხვერპლი იმიტომ იქნა გაღებული, რომ იეჰოვას მიზანია, ყველას „ვისაც ის [იესო] სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16).
5, 6. ა) ვის მიანდო იესომ თავის „ცხვარზე“ ზრუნვა? ბ) რა მოითხოვება „ცხვრისგან“, რომ სარგებელი მიიღოს იესოს ამ ღონისძიებიდან? გ) რა არის იმის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა დავემორჩილოთ უხუცესებს?
5 როგორ აჩვენებს „ცხვარი“, რომ მისდევს „კარგ მწყემსს“, იესო ქრისტეს? „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას, — თქვა თავად იესომ. — მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოან. 10:27). კარგი მწყემსის ხმის მოსმენა მის მორჩილებას ნიშნავს, ოღონდ მორჩილებას ყველა სფეროში. ამაში იგულისხმება ის, რომ „ცხვარმა“, ასე ვთქვათ, ითანამშრომლოს დამხმარე სულიერ მწყემსებთან, მათთან, ვინც იესომ დანიშნა. იესომ თქვა, რომ მისი მოციქულები და მოწაფეები გააგრძელებდნენ მის დაწყებულ საქმეს. ისინი ასწავლიდნენ და გამოკვებავდნენ უფლის ბატკნებს (მათ. 28:20; წაიკითხეთ იოანეს 21:15—17 ). მალევე სასიხარულო ცნობის ქადაგებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია და დღითი დღე იზრდებოდა ქრისტეს მოწაფეთა რიცხვი. ამიტომ იესომ იზრუნა იმაზე, რომ კრებებში ყოფილიყვნენ მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც დამწყემსავდნენ ქრისტეს „ფარას“ (ეფეს. 4:11, 12).
6 ერთხელ, როცა პავლე მოციქული ეფესოს კრების ზედამხედველებს მიმართავდა, მიუთითა, რომ ისინი „ზედამხედველებად წმინდა სულმა დანიშნა, „რათა დაემწყემსათ ღვთის კრება“ (საქ. 20:28). რა თქმა უნდა, დღევანდელი ქრისტიანი უხუცესებიც წმინდა სულით არიან დანიშნულები, რადგან ისინიც იმავე ბიბლიური მოთხოვნების საფუძველზე ინიშნებიან, რომელთა საფუძველზეც ადრინდელი უხუცესები. ამგვარად, ემორჩილება რა „ცხვარი“ ქრისტიან ზედამხედველს, აჩვენებს, რომ დიდ პატივს სცემს იეჰოვას და იესოს, ორ უდიდეს მწყემსს (ლუკ. 10:16). რეალურად ეს უნდა იყოს იმის ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ უხუცესებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, არსებობს კიდევ სხვებიც.
7. როგორ გეხმარებიან უხუცესები პირადად თქვენ ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში?
7 მითითებების მიცემის დროს უხუცესები ამხნევებენ და ბიბლიურ რჩევა-დარიგებებს აძლევენ თანამორწმუნეებს. მათი მიზანი ის არ არის, რომ უკარნახონ ძმას ან დას, როგორ იცხოვროს (2 კორ. 1:24). ისინი უბრალოდ თანაქრისტიანებს ბიბლიურ რჩევებს სთავაზობენ და ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს მამაკაცები აგრეთვე ეხმარებიან „ფარას“ კრებაში სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებაში (1 კორ. 14:33, 40). ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ისინი ფხიზლობენ ჩვენს სულებზე, ანუ უდიდესი სურვილი გააჩნიათ იმისა, რომ დაგვეხმარონ, შევინარჩუნოთ იეჰოვასთან კარგი, ახლო ურთიერთობა. ისინი მზად არიან, დაუყოვნებლივ დაეხმარონ, ძმა იქნება თუ და, რათა „მცდარი ნაბიჯი“ არ გადადგას; აგრეთვე ეხმარებიან იმ და-ძმებს, რომელთაც უკვე გადადგეს ასეთი ნაბიჯი (გალ. 6:1, 2; იუდ. 22). რას ფიქრობთ, არის ეს იმის მიზეზი, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ, „ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია“? (წაიკითხეთ ებრაელების 13:17 ).
8. როგორ იცავენ უხუცესები ღვთის „ფარას“?
8 სულიერმა მწყემსმა, მოციქულმა პავლემ, კოლოსელ ძმებს მისწერა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8). მოციქულის ეს სიტყვები გვაფიქრებს კიდევ სხვა მიზეზზე, რის გამოც უნდა დავემორჩილოთ უხუცესების მოცემულ ბიბლიურ რჩევებს. უხუცესები იცავენ თავიანთ და-ძმებს მათგან, ვინც ცდილობენ მათი რწმენის შერყევას და ღვთის გზიდან მათ გადაყვანას. მოციქული პეტრე აფრთხილებდა თანაქრისტიანებს, რომ გამოჩნდებოდნენ ცრუწინასწარმეტყველები და ცრუმასწავლებლები, რომლებიც შეეცდებოდნენ „არამტკიცე სულების“ შეცდენას (2 პეტ. 2:1, 14). დღევანდელმა უხუცესებმაც უნდა გააფრთხილონ სამწყსო, როცა ამის საჭიროება გაჩნდება. მათ, როგორც მოწიფულ ადამიანებს, საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. ამასთანავე, უხუცესად დანიშვნამდე მათ გამოამჟღავნეს, რომ კარგად ესმოდათ ბიბლიური საკითხები და შეეძლოთ ჯანსაღი სწავლებით დარიგება (1 ტიმ. 3:2; ტიტ. 1:9). მათ სწორედ ამდაგვარი მოწიფულობა, გაწონასწორებულობა და ბიბლიური სიბრძნე ეხმარება, რომ კარგად უხელმძღვანელონ „ფარას“.
კარგი მწყემსი კვებავს და იცავს ცხვარს
9. როგორ ხელმძღვანელობს და როგორ კვებავს იესო კრებას?
9 იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით დიდძალ სულიერ საზრდოს აწვდის მთელი დედამიწის ზურგზე თავის ხალხს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში უამრავი ბიბლიური რჩევა-დარიგებაა ჩაწერილი. ამასთანავე, ორგანიზაცია ხელმძღვანელობას გვიწევს უხუცესების მეშვეობით, იქნება ეს წერილებით თუ მიმომსვლელი ზედამხედველების მიერ მოცემული მითითებებით. ასეთი სახით „ცხვარი“ იღებს ნათელ ხელმძღვანელობას.
10. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ სულიერ მწყემსებს მათთან მიმართებაში, ვინც ჩამორჩა „ფარას“?
10 ზედამხედველების პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ დაიცვან, მოუარონ და უპატრონონ კრების წევრებს; საუბარია განსაკუთრებით მათზე, ვინც „დაშავებულია“ ან ვინც სულიერად სუსტადაა (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15 ). ზოგჯერ „ცხვარი“ შეიძლება ჩამორჩეს „ფარას“ და შეწყვიტოს ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობა. რას აკეთებს ამ დროს უხუცესი? ის ყოველ ღონეს ხმარობს საიმისოდ, რომ მოძებნოს თითოეული ასეთი გზააბნეული და ფარას ჩამორჩენილი ცხვარი და დააბრუნოს ფარაში ანუ კრებაში. დიახ, და ისინი ასეც იქცევიან! ერთ დროს იესომ თქვა: „არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათ. 18:12—14).
როგორ უნდა ვუყურებდეთ დამხმარე მწყემსების შეცდომებს?
11. რატომ შეიძლება გაუჭირდეს ზოგიერთს უხუცესების ხელმძღვანელობის მიყოლა?
11 იეჰოვა და იესო სრულყოფილი მწყემსები არიან. რაც შეეხება მათ დამხმარე მწყემსებს, რომელთაც კრებაზე ზრუნვა მიენდოთ, ისინი ყველანი არასრულყოფილები არიან. ამის გამო შეიძლება ზოგიერთს გაუძნელდეს მათი ხელმძღვანელობის მიყოლა. შეიძლება ზოგიერთმა ასეც იმსჯელოს: ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ არის, ისინიც არასრულყოფილები არიან და მეც; რა ვალდებული ვარ, მათ რჩევებს მოვუსმინო? ერთ რამეში მართლები არიან — უხუცესები ნამდვილად არასრულყოფილები არიან. თუმცა ჩვენ ყველას გვმართებს სწორი თვალსაზრისი გვქონდეს მათ შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე.
12, 13. ა) გაიხსენეთ ბიბლიურ დროში, რა შეცდომა დაუშვა ზოგიერთმა ღვთის მსახურმა, რომელთაც იეჰოვასგან გარკვეული პასუხისმგებლობა ჰქონდათ მინდობილი. ბ) რა მიზნით ჩაიწერა პასუხისმგებელი მამაკაცების შეცდომები ბიბლიაში?
12 ბიბლია არ მალავს მათ შეცდომებს, ვინც იეჰოვას ნებით ისრაელ ერს ხელმძღვანელობდა ძველ დროში. ამის მაგალითია დავითი. დავითი ისრაელის ცხებული მეფე და წინამძღოლი იყო. თუმცა ერთხელ ის ცდუნებას დანებდა და უზნეობასა და მკვლელობაში გაისვარა ხელი (2 სამ. 12:7—9). აქვე გავიხსენოთ მოციქული პეტრეც. იმის მიუხედავად, რომ მას უდიდესი პასუხისმგებლობები ებარა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში, მან სერიოზული შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში (მათ. 16:18, 19; იოან. 13:38; 18:27; გალ. 2:11—14). ასე რომ, ადამიდან დღემდე იესოს გარდა სრულყოფილ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი დედამიწაზე.
13 რატომ გადაწყვიტა ღმერთმა, რომ ბიბლიაში ჩაეწერა ამ და სხვა პასუხისმგებელი პირების შეცდომები? სხვა მიზეზებთან ერთად ისიც იყო, რომ კარგად დაენახვებინა ჩვენთვის ერთი რამ: მას შეუძლია არასრულყოფილი მამაკაცების მეშვეობით უხელმძღვანელოს თავის ხალხს; და რეალურად ასეც მოქმედებს ის დღემდე. ამიტომ, არ იქნებოდა სწორი, თუ მათ არასრულყოფილებას, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, ცუდად გამოვიყენებდით და ჩივილს დავიწყებდით მათ წინააღმდეგ ან უარვყოფდით მათ, როგორც ხელმძღვანელებს. გახსოვდეთ, იეჰოვა ელის ჩვენგან, რომ დავაფასებთ ამ ძმებს და დავემორჩილებით (წაიკითხეთ გამოსვლის 16:2, 8).
14, 15. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთს წარსულში თავის ხალხთან?
14 მათი მორჩილება, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, არც მეტი, არც ნაკლები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდი, გავიხსენოთ, როგორ ურთიერთობდა იეჰოვა თავის ხალხთან ძველად რთულ პერიოდებში. იმ დროს, როცა ისრაელს ეგვიპტელთა ტყვეობიდან უნდა დაეღწია თავი, რჩევები და მითითებები მოსესა და აარონის მეშვეობით ეძლეოდა. იმისათვის, რომ მეათე სასჯელი ეგვიპტელებთან ერთად მათაც არ დასტეხოდათ თავს, უნდა დამორჩილებოდნენ მითითებებს; მათ უნდა მოემზადებინათ განსაკუთრებული ვახშამი და დაკლული ცხვრის სისხლი უნდა ეპკურებინათ წირთხლებსა და სახლის კარისთავებზე. ეს გაფრთხილება მათ ზეციდან არ მოუსმენიათ, ღმერთს არ დაუძახია მათთვის. მათ ეს გაფრთხილება ისრაელის უხუცესებისგან მოისმინეს, რომელთაც, თავის მხრივ, მოსესგან მიიღეს ეს მითითებები (გამ. 12:1—7, 21—23, 29). ამ და მსგავს სიტუაციებში მოსე და ისრაელის უხუცესები იყვნენ ღვთის მითითების გადამცემები ხალხისთვის. ჩვენი დროის უხუცესებიც ამგვარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
15 რა თქმა უნდა, თქვენც არაერთი შემთხვევა შეგიძლიათ გაიხსენოთ ბიბლიიდან, სადაც ჩანს, როგორ გადასცემდა იეჰოვა სიცოცხლის გადამრჩენ სიტყვებს ხალხს ადამიანებისა თუ ანგელოზების მეშვეობით. ყველა ამ სიტუაციაში ღმერთი საჭიროდ თვლიდა პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილებას. ღვთის ეს წარმომადგენლები იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ და ეუბნებოდნენ ხალხს, რა უნდა ეღონათ, რომ გადარჩენილიყვნენ. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ იეჰოვა იმავეს გააკეთებს თავისი ხალხისთვის არმაგედონშიც. ამიტომ ყველას, ვისაც უხუცესის პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი და მსახურობს მის და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლად, ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ბოროტად არ გამოიყენოს მინდობილი პასუხისმგებლობა.
„ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“
16. რომელ „სიტყვასთან“ მიმართებაში უნდა ვიყოთ ყურადღებით?
16 იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია „ერთ სამწყსოში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“, იესო ქრისტე მიუძღვის წინ (იოან. 10:16). იესომ ერთ დროს განაცხადა, რომ ის „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ თავის მოწაფეებთან იქნებოდა (მათ. 28:20). ის, როგორც ზეციერი ხელმწიფე, სრულად გააკონტროლებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც სატანის ქვეყნიერების განადგურების წინა პერიოდში მოხდება. გსურთ, დარჩეთ ღვთის სამწყსოში და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი? მაშინ მოუსმინეთ „სიტყვას“, რომელიც „უკნიდან მოგესმებათ“ და გეტყვით, რომელ გზაზე უნდა იაროთ. ამ „სიტყვაში“ შედის ის, რასაც ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის და ის, რასაც იეჰოვა და იესო დამხმარე მწყემსების მეშვეობით გვასწავლიან (წაიკითხეთ ესაიას 30:21; გამოცხადების 3:22).
17, 18. ა) რა საშიშროება ემუქრება სამწყსოს? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები? გ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 სატანაზე ბიბლიაში წერია, რომ „დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). ველური და დამშეული მტაცებლის მსგავსად, ეშმაკი შეუმჩნევლად ეპარება ფარას და ელოდება მომენტს, რომ ბრჭყალი ჩაავლოს წინდაუხედავ და გზააბნეულ მოხეტიალე ცხვარს. ამიტომ ყველანაირად გონივრული იქნება, თუ დავრჩებით „ფარაში“ და ვიქნებით ახლოს „ჩვენი სულების მწყემსთან და ზედამხედველთან“ (1 პეტ. 2:25). დიდგასაჭირგადატანილებზე გამოცხადების 7:17-ში ნათქვამია: „კრავი [იესო] დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“. შეიძლება ამაზე უკეთესი დანაპირები მოისმინოს ადამიანის ყურმა დღეს?
18 სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, როგორც დამხმარე მწყემსებს კრებებში. ამიტომ დროული იქნება, თუ დავსვამთ კითხვას: როგორ უნდა დარწმუნდნენ უხუცესები, რომ სათანადოდ ეპყრობიან იესოს „ცხვარს“? ამ კითხვაზე შემდეგი სტატია გაგვცემს პასუხს.