მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით
„[იესომ] დაამტვრია პურები და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს“ (მათ. 14:19).
1—3. აღწერეთ, როგორ დააპურა იესომ ხალხი ბეთსაიდას მახლობლად. (იხილეთ სურათი მე-15 გვერდზე)
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი (წაიკითხეთ მათეს 14:14—21). დგას ახ. წ. 32 წელი. ახლოვდება პასექის დღესასწაული. გალილეის ზღვის ჩრდილოეთით, სოფელ ბეთსაიდას მახლობლად იესოსა და მის მოწაფეებთან უკაცრიელ ადგილას შეკრებილია დაახლოებით 5000 კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
2 მათ დანახვაზე იესოს გული ეწვება, ამიტომ კურნავს ავადმყოფებს და ღვთის სამეფოს შესახებ ბევრ რამეს ასწავლის ხალხს. ღამდება. მოწაფეები ეუბნებიან იესოს, გაუშვას ხალხი, რათა მათ ახლომახლო სოფლებში საჭმელი იყიდონ. მაგრამ ის მათ ასეთ რამეს პასუხობს: „თქვენ მიეცით საჭმელი“. ეს სიტყვები მოწაფეებს ალბათ, საგონებელში აგდებს, რადგან მათ მხოლოდ 5 პური და 2 თევზი აქვთ.
3 თანაგრძნობით განმსჭვალული იესო სასწაულს ახდენს. ეს არის ერთადერთი სასწაული, რომლის შესახებაც ოთხივე სახარების დამწერი მოგვითხრობს (მარ. 6:35—44; ლუკ. 9:10—17; იოან. 6:1—13). იესო მოწაფეებს ავალებს, ხალხი მინდორზე 50 და 100-კაციან ჯგუფებად დასხან. ის ლოცულობს; შემდეგ ამტვრევს პურს და ანაწილებს თევზს. ის თავად არ ურიგებს ხალხს საკვებს. ბიბლიაში წერია, რომ მან „მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს“. მართლაც, რა დიდებული სასწაულია! ამდენმა ხალხმა ჭამა და მორჩა კიდეც. დიახ, იესო ათასებს აპურებს ერთეულთა, ანუ თავის მოწაფეთა ხელით.a
4. ა) როგორ საკვებზე ზრუნავდა იესო უფრო მეტად და რატომ? ბ) რას განვიხილავთ წინამდებარე და მომდევნო სტატიებში?
4 იესო უფრო მეტად იმით იყო დაინტერესებული, რომ მის მიმდევრებს სულიერი საკვები არ მოჰკლებოდათ. მან კარგად იცოდა, რომ სულიერ საზრდოს, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას, ადამიანთათვის მარადიული სიცოცხლის მოტანა შეეძლო (იოან. 6:26, 27; 17:3). ზემოთ ვისაუბრეთ, რომ თანაგრძნობით განმსჭვალულმა იესომ პურითა და თევზით უამრავი ადამიანი დააპურა. მას სწორედ რომ თანაგრძნობა აღძრავდა, თავის მიმდევართა განსწავლისთვის დიდი დრო დაეთმო (მარ. 6:34). მაგრამ იესომ იცოდა, რომ დედამიწაზე მისი ყოფნის დრო მალე ამოიწურებოდა და ზეცაში დაბრუნდებოდა (მათ. 16:21; იოან. 14:12). როგორ დააპურებდა ის ზეციდან დედამიწაზე თავის მიმდევრებს სულიერად? იმავე მეთოდით — უამრავს ერთეულთა ხელით. საინტერესოა, ვინ იქნებოდნენ ეს ერთეულები? ვნახოთ, როგორ აპურებდა იესო მრავალ ცხებულ ქრისტიანს პირველ საუკუნეში მცირედთა ხელით. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უაღრესად მნიშვნელოვან კითხვას: როგორ შეგვიძლია იმ ერთეულთა ამოცნობა, რომლის მეშვეობითაც ქრისტე გვკვებავს დღეს?
იესო ირჩევს ერთეულებს
5, 6. ა) რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო იესომ, რათა თავისი სიკვდილის შემდეგ მის მიმდევრებს არ მოჰკლებოდათ სულიერი საზრდო? ბ) როგორ მოამზადა იესომ მოციქულები, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მათ უმთავრესი როლი შეესრულებინათ?
5 პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოჯახისთავი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს. იესომაც, რომელიც ქრისტიანული კრების თავი უნდა გამხდარიყო, იზრუნა, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ მის მიმდევრებს სულიერი საზრდო არ მოჰკლებოდათ (ეფეს. 1:22). მაგალითად, სიკვდილამდე დაახლოებით 2 წლით ადრე იესომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მან აირჩია ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც მოგვიანებით მრავალს დააპურებდა. ვნახოთ, როგორ გააკეთა მან ეს.
6 მან ერთი ღამე მთლიანად ლოცვაში გაატარა და ამის შემდეგ შეკრიბა მოწაფეები, რომელთაგანაც 12 მოციქულად აირჩია (ლუკ. 6:12—16). მომდევნო ორი წლის განმავლობაში მას ახლო, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ამ თორმეტთან და ასწავლიდა მათ როგორც სიტყვით, ისე საქმით. იესომ იცოდა, რომ მოციქულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამის სწავლა მოუწევდათ და ცხადია, სწორედ ამიტომ ერქვათ მათ ბოლომდე მოწაფეები (მათ. 11:1; 20:17). იესო მათ ძვირფას რჩევებს აძლევდა და დაწვრილებით ასწავლიდა, როგორ უნდა ემსახურათ (მათ. 10:1—42; 20:20—23; ლუკ. 8:1; 9:52—55). ის მოციქულებს ამზადებდა, რადგან მათ უფლის სიკვდილისა და ზეცად ამაღლების შემდეგ ღვთის საქმეში ძირითადი როლი უნდა შეესრულებინათ.
7. რით მიანიშნა იესომ მოციქულებს, თუ რა უნდა ყოფილიყო მათი მთავარი საზრუნავი?
7 რა მოვალეობა უნდა შეესრულებინათ მოციქულებს? რაც უფრო ახლოვდებოდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული, მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ მოციქულებს „ზედამხედველის მოვალეობა“ უნდა შეესრულებინათ (საქ. 1:20). რა უნდა ყოფილიყო მათი მთავარი საზრუნავი? ამის შესახებ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ერთგვარი მინიშნება მისცა მოციქულ პეტრეს (წაიკითხეთ იოანეს 21:1, 2, 15—17). ზოგიერთი მოციქულის თანდასწრებით იესომ პეტრეს უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“. ამასთან დაკავშირებით იესომ აღნიშნა, რომ მისი მოციქულები იქნებოდნენ იმ ერთეულებს შორის, რომელთა მეშვეობითაც ის დააპურებდა სულიერად მრავალს. მართლაც, რა მრავლისმთქმელი და სასიამოვნოა ის, რასაც იესო თავისი „ბატკნების“ მიმართ გრძნობს!b
უამრავის დაპურება ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული
8. როგორ აჩვენეს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალმონათლულებმა, რომ ადვილად ამოიცნეს ის არხი, რომელსაც ქრისტე იყენებდა?
8 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული მკვდრეთით აღმდგარი იესო მოციქულებს იყენებდა, როგორც არხს, დანარჩენი ცხებული მოწაფეების დასაპურებლად (წაიკითხეთ საქმეების 2:41, 42). ეს არხი ადვილად ამოიცნეს იუდეველებმა და პროზელიტებმა, რომლებიც იმ დღეს სულითცხებული ქრისტიანები გახდნენ. ისინი „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“. ერთი სწავლულის სიტყვების თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „გამუდმებით“, შეიძლება ნიშნავდეს „მტკიცე და მიზანმიმართულ ერთგულებას რაიმე საქმის მიმართ“. ახალმონათლულები მოწყურებულნი იყვნენ სულიერ საზრდოს და მათ ზუსტად იცოდნენ, საიდან უნდა მიეღოთ ეს საზრდო. ისინი ერთგულობდნენ მოციქულებს და იესოს სიტყვებისა და საქმეების მნიშვნელობის გასაგებად გამუდმებით მათ მიმართავდნენ; ასევე მათგან ელოდნენ იესოსთან დაკავშირებული ბიბლიური მონაკვეთების ახსნასაცc (საქ. 2:22—36).
9. როგორ ცხადყვეს მოციქულებმა, რომ მათი მოვალეობა, გამოეკვებათ იესოს „ბატკნები“, ძალზე მნიშვნელოვანი დავალება იყო მათთვის?
9 მოციქულები თავიანთ პასუხისმგებლობას, გამოეკვებათ იესოს ბატკნები, ძალზე მნიშვნელოვან დავალებად თვლიდნენ. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, როგორ გადაჭრეს მათ მეტად საფრთხილო საკითხი, რომელიც შეიძლება ახალჩამოყალიბებულ კრებაში განხეთქილების საბაბიც კი გამხდარიყო. საინტერესოა, მაგრამ ეს საკითხი ეხებოდა ფიზიკურ საკვებს. საკვების განაწილებისას ებრაულენოვან ქვრივებს უნაწილებდნენ საკვებს, ბერძნულენოვანი ქვრივები კი მხედველობიდან რჩებოდათ. როგორ მოაგვარეს მოციქულებმა ეს, ასე ვთქვათ, უხერხული საკითხი? „თორმეტმა“ საკვების განაწილებაზე, რომელსაც ისინი „საჭირო საქმედ“ თვლიდნენ, ზედამხედველად შვიდი გამოცდილი ძმა დანიშნა. მოციქულები, რომელთა უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო იესოს მიერ ხალხის სასწაულებრივად დაპურების დროს საკვების განაწილებაში, მიხვდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ხალხის სულიერად დაპურება იყო. ამგვარად, მოციქულებმა თავი მიუძღვნეს „სიტყვის მსახურებას“ (საქ. 6:1—6).
10. როგორ იყენებდა ქრისტე მოციქულებსა და იერუსალიმელ უხუცესებს?
10 ახ. წ. 49 წლისთვის მოციქულები, რომლებიც იმ დროს ცოცხლები იყვნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ გამოცდილ უხუცესებთან (წაიკითხეთ საქმეების 15:1, 2). მოციქულები და იერუსალიმელი უხუცესები იყვნენ იმ დროინდელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები. ქრისტე, როგორც კრების თავი, იყენებდა გამოცდილი მამაკაცებისგან შემდგარ ამ პატარა ჯგუფს, რათა მოეგვარებინა სწავლებებთან დაკავშირებული საკითხები და ხელმძღვანელობა გაეწია ქადაგების საქმისთვის (საქ. 15:6—29; 21:17—19; კოლ. 1:18).
11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ აკურთხა იესოს წამოწყებული საქმე, გამოეკვება კრებები? ბ) რატომ იყო ის არხი ადვილად ამოსაცნობი, რომლითაც ქრისტე სულიერად აპურებდა თავის ცხვარს?
11 აკურთხა იეჰოვამ იესოს წამოწყებული საქმე, გამოეკვება კრებები? რა თქმა უნდა, აკურთხა! რატომ ვამბობთ ასე გადაჭრით? წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს: „ქალაქებში გავლისას, [მოციქული პავლე და მისი თანამსახურები] იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ. კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:4, 5). ყურადღება მიაქციეთ, რომ ის კრებები, რომლებიც იერუსალიმში მყოფ ხელმძღვანელ საბჭოსთან ერთგულად თანამშრომლობდნენ, სულიერად ყვაოდნენ. ნუთუ ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვამ დიდად აკურთხა თავისი ძის წამოწყებული საქმე, გამოეკვება კრებები?! ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: სულიერი წარმატება მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას კურთხევაზეა დამოკიდებული! (იგავ. 10:22; 1 კორ. 3:6, 7).
12 აშკარად ვხედავთ, რომ იესო ყოველთვის ამ მეთოდით აპურებდა თავის მიმდევრებს — მრავალს ერთეულთა ხელით. იმ არხის ამოცნობა, რომლითაც იესო სულიერად აპურებდა ხალხს, არ იყო ძნელი. ამ ყველაფერთან ერთად, მოციქულებს, ხელმძღვანელი საბჭოს პირველ წევრებს, ზეციური მხარდაჭერის ხილული დასტურიც ჰქონდათ. „მოციქულების ხელით მრავალი ნიშანი და საკვირველება ხდებოდა ხალხში“, — ნათქვამია საქმეების 5:12-ში.d აქედან გამომდინარე, ახალმოქცეულებს არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, დაეჭვებულიყვნენ, თუ ვისი მეშვეობით კვებავდა იესო თავის „ცხვარს“. თუმცა პირველი საუკუნის დასასრულისთვის მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.
სარეველას გამრავლება და ხორბლის შემცირება
13, 14. ა) რა გამაფრთხილებელი სიტყვები თქვა იესომ კრებაზე თავდასხმასთან დაკავშირებით და როდის დაიწყო მისი სიტყვების შესრულება? ბ) რომელ ორ თავდასხმაზეა საუბარი? (იხილეთ შენიშვნა)
13 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანულ კრებაზე მოხდებოდა თავდასხმა. გავიხსენოთ ხორბლისა და სარეველას იგავი; ამ იგავში იესომ თქვა, რომ ახალდათესილ ხორბლის (ცხებული ქრისტიანები) მინდორში ჩათესავდნენ სარეველას (ცრუ ქრისტიანები). მან აღნიშნა, რომ ხორბალსა და სარეველას მკამდე ანუ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულამდე“ ერთად ზრდის უფლება მიეცემოდათ (მათ. 13:24—30, 36—43). ეს სიტყვები მალევე ახდა.e
14 პირველ საუკუნეში მოხდა განდგომილთა მხრიდან თავდასხმა, მაგრამ იესოს ერთგული მოციქულები „აკავებდნენ“ განდგომილთა მომწამვლელ გავლენას (2 თეს. 2:3, 6, 7). თუმცა მოციქულთა სიკვდილის შემდეგ განდგომილებამ ღრმად გაიდგა ფესვი და ზრდის პერიოდში, რომელიც საუკუნეები გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, დიდად აყვავდა. სწორედ ამ პერიოდში სარეველა გამრავლდა და ხორბლის ღეროები თითზე ჩამოსათვლელიღა გახდა. არ არსებობდა მუდმივი და ორგანიზებული არხი, რომლის მეშვეობითაც სულიერი საზრდო გავრცელდებოდა. თუმცა საბოლოოდ, ეს სიტუაცია უნდა შეცვლილიყო. მაგრამ ჩნდება კითხვა — როდის?
ვინ გამოკვებავდა „ცხვარს“ მკის პერიოდში
15, 16. რა მოჰყვა ბიბლიის მკვლევართა მიერ საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევას და რა კითხვა წამოიჭრება?
15 ზრდის პერიოდის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ინტერესმა საგრძნობლად იმატა. 1870-იან წლებში ჭეშმარიტების მაძიებელი რამდენიმე გულწრფელი ადამიანი გაერთიანდა როგორც ჯგუფი და სარეველასგან ანუ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებსა და სექტებში შემავალი ცრუ ქრისტიანებისგან განცალკევებით ჩამოაყალიბა ბიბლიური კლასები. ეს თავმდაბალი და მიუკერძოებელი ბიბლიის მკვლევრები (მაშინ ასე უწოდებდნენ ისინი თავიანთ თავს) ლოცულობდნენ და გულმოდგინედ იკვლევდნენ წმინდა წერილებს (მათ. 11:25).
16 ბიბლიის მკვლევრების მიერ საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევამ დიდი შედეგი გამოიღო. ეს ერთგული ქალები და მამაკაცები ამხელდნენ ცრუ სწავლებებს, ხალხს სულიერ ჭეშმარიტებას გადასცემდნენ, ბიბლიურ ლიტერატურას გამოსცემდნენ და ვრცელ ტერიტორიაზე ავრცელებდნენ. მათმა საქმიანობამ სულიერს მოწყურებული ხალხის გულები დაიპყრო და დაარწმუნა ისინი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. მაშასადამე, იბადება კითხვა: 1914 წლამდე არსებული ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი ქრისტეს მიერ დანიშნული არხი იყო, რომლის მეშვეობითაც მას უნდა გამოეკვება თავისი „ცხვარი“? პასუხი ნათელია: ეს არ იყო დანიშნული არხი. ისინი ზრდის პერიოდში მოღვაწეობდნენ და სულიერი საზრდოს გადამცემი არხი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ჯერ არ იყო მოსული ხორბლისგან სარეველას გამოცალკევების ჟამი ანუ ცრუ ქრისტიანების ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან გამოყოფის დრო.
17. რა მნიშვნელოვან მოვლენებს ეფინება ნათელი 1914 წლიდან?
17 როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, მკა დაიწყო 1914 წელს. სწორედ ამ წლიდან ეფინება ნათელი მნიშვნელოვან მოვლენებს. იესო გამეფდა და ბოლო დღეები დაიწყო (გამოცხ. 11:15). 1914 წლიდან მოყოლებული 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე იესო მამას ახლდა სულიერ ტაძარში შემოწმებისა და განწმენდის საქმის შესასრულებლადf (მალ. 3:1—4). შემდეგ 1919 წლიდან დაიწყო ხორბლის მოგროვება. გაჩნდა კითხვა: დადგა იმის დრო, რომ ქრისტეს დაენიშნა ორგანიზებული არხი, რომელიც სულიერ საზრდოს გადასცემდა სხვებს? ნამდვილად, ეს დრო მოსული იყო!
18. რომელი არხის დანიშვნის შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ და რა ყურადსაღები კითხვა წამოიჭრა ბოლო დღეების დაწყებისთანავე?
18 ბოლო დღეებთან დაკავშირებით იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დანიშნავდა არხს, რომლის მეშვეობითაც დროულად გადასცემდა სხვებს სულიერ საზრდოს (მათ. 24:45—47). ვის აირჩევდა იესო? როგორც პირველ საუკუნეში, იესო კვლავაც იმავე მეთოდით გამოკვებავდა „ცხვარს“ — მრავალს ერთეულთა ხელით. მაგრამ ბოლო დღეების დაწყებისთანავე წამოიჭრა მეტად ყურადსაღები კითხვა: ვინ იქნებოდნენ ეს ერთეულები? ამ და იესოს წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას პასუხი გაეცემა მომდევნო სტატიაში.
a მე-3 აბზაცი. სხვა დროსაც, როცა იესომ სასწაულებრივად დააპურა 4000 კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა, საკვები „მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი — ხალხს“ (მათ. 15:32—38).
b მე-7 აბზაცი. „ბატკნებს“, რომელთაც პეტრეს სიცოცხლის განმავლობაში გამოკვებავდნენ, ზეციური იმედი ჰქონდათ.
c მე-8 აბზაცი. ის ფაქტი, რომ ახალმოქცეულები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“, იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულები რეგულარულად ასწავლიდნენ ხალხს ჭეშმარიტებას. მოციქულთა ზოგიერთი სწავლება ღვთის სულით შთაგონებულ წიგნებში ჩაიწერა და დღეს ის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ნაწილია.
d მე-12 აბზაცი. მოციქულების გარდა სხვებიც იღებდნენ სასწაულებრივ ძღვენს. როგორც ჩანს, უმეტეს შემთხვევაში ეს ხდებოდა პირდაპირი სახით ან მოციქულთა თანდასწრებით (საქ. 8:14—18; 10:44, 45).
e მე-13 აბზაცი. საქმეების 20:29, 30-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ კრებაზე თავდასხმა ორგვარი სახით მოხდებოდა. პირველი, ცრუ ქრისტიანები (სარეველა) შეიჭრებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებაში. მეორე, ჭეშმარიტი ქრისტიანებიდან ზოგიერთი განდგომილი გახდებოდა და „უკუღმართად ილაპარაკებდა“.