„კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ!“
ბრბომ დაუცველი მამაკაცი შეიპყრო და ცემა დაუწყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის სიკვდილს იმსახურებდა. თითქმის უკვე მოკვლას უპირებდნენ, რომ ჯარისკაცები გამოჩნდნენ და გაშმაგებულ ბრბოს ძლივს გამოსტაცეს მსხვერპლი ხელიდან. ეს მამაკაცი მოციქული პავლე იყო; თავდამსხმელები — იუდეველები, რომლებიც მისი ქადაგების სასტიკი მოწინააღმდეგეები იყვნენ და პავლეს ტაძრის შებღალვაში ადანაშაულებდნენ; მისი მხსნელები კი — რომაელები, რომლებიც ათასისთავის, კლავდიოს ლუსიას, ბრძანებას ასრულებდნენ. არეულ-დარეულობაში პავლე ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილად ცნეს და დააპატიმრეს.
ბიბლიის წიგნ „საქმეების“ ბოლო შვიდი თავი ამ შემთხვევით დაწყებულ მოვლენებს ასახავს. პავლეს წარსულის, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების, თავის მართლებისა და რომის სამართლის განხილვა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ეს თავები.
კლავდიოს ლუსიას მზრუნველობა
კლავდიოს ლუსიას სხვა საქმეებთან ერთად იერუსალიმში წესრიგის დამყარებაც ევალებოდა. მისი უფროსი, იუდეის რომაელი განმგებელი, კესარიაში იმყოფებოდა. ლუსიას მოქმედება პავლეს საქმესთან დაკავშირებით შეიძლება აიხსნას, როგორც პიროვნების დაცვა მოძალადეებისგან და შფოთის ამტეხის დაპატიმრება. იუდეველების რეაქციის გამო, ლუსია იძულებული შეიქმნა, პატიმარი ჯარისკაცების საცხოვრებელში, ანტონიის კოშკში, წაეყვანა (საქმეები 21:27—22:24).
ლუსიას უნდა გამოეკვლია, თუ რაში მიუძღოდა ბრალი პავლეს. ქაოსში ვერაფერი გაიგო. ამიტომაც დაუყოვნებლივ ბრძანა: „შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე პავლეს წინააღმდეგ“ (საქმეები 22:24). ეს დაკითხვის ჩვეული მეთოდი იყო, რომელსაც იმისთვის მიმართავდნენ, რომ ბოროტმოქმედები, მონები და საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლები დანაშაულში გამოეტეხათ. მათრახით (ფლაგრუმი) შეიძლება მიზნისთვის მიეღწიათ, თუმცა ის საზარელი იარაღი იყო. ზოგ ასეთ შოლტს რკინის ბურთულები ჰქონდა პატარა ჯაჭვებზე ჩამოკიდებული. ზოგს ტყავის თასმა ჰქონდა, რომელშიც ბასრი ძვლები და ლითონის ნაჭრები იყო ჩაწნული. მათი დარტყმისას ტანზე მწვავე ჭრილობები ჩნდებოდა და ხორცი ნაფლეთებად სკდებოდა.
ზუსტად ამ დროს პავლემ გაამჟღავნა, რომ რომის მოქალაქე იყო. მსჯავრდაუდებელი რომაელის გაშოლტვა კი არ შეიძლებოდა. ასე რომ, პავლეს განაცხადს თავის მოქალაქეობრივ უფლებებთან დაკავშირებით დაუყოვნებელი შედეგი მოჰყვა. რომის მოქალაქის შეურაცხყოფის ან დასჯის გამო, რომაელი ოფიცერი სამსახურს დაკარგავდა. გასაგებია, რომ ამის შემდეგ პავლეს ჩვეულებრივი პატიმარივით არ ეპყრობოდნენ — მასთან მნახველებს უშვებდნენ (საქმეები 22:25—29; 23:16, 17).
ლუსია არ იყო დარწმუნებული, პავლე დამნაშავე იყო თუ არა, ამიტომ სინედრიონის წინაშე წარადგინა იგი, რათა გაშმაგებული ხალხის წინაშე პავლეს თავი ემართლებინა. მაგრამ უფრო დიდი დავა ატყდა, როდესაც პავლემ თქვა, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო სამართლდებოდა. უთანხმოება იმდენად გაიზარდა, რომ ლუსია შიშობდა, პავლე არ გაეგლიჯათ და კვლავ იძულებული შეიქმნა, გახელებული იუდეველებისგან გამოერიდებინა (საქმეები 22:30—23:10).
ლუსიას არ უნდოდა, რომ რომის მოქალაქე მის ხელში მომკვდარიყო. როდესაც გაიგო, რომ პავლეს მოკვლას გეგმავდნენ, სასწრაფოდ კესარიაში გაამგზავრა პატიმარი. კანონის თანახმად, პატიმრის ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაგზავნისას სასამართლო საქმესთან დაკავშირებული ოფიციალური წერილიც უნდა გაეგზავნათ. მასში აღნიშნული უნდა ყოფილიყო წინა დაკითხვების ჩვენებები, მიღებული ზომების მიზეზები და ამ საქმის გამომძიებლის თვალსაზრისი. ლუსია იუწყებოდა, რომ პავლეს ʽრჯულის საქმეში ედებოდა ბრალი, მაგრამ სიკვდილს ან ბორკილებს არ იმსახურებდაʼ, ამიტომ ბრალმდებლებს უბრძანა, პროკურატორ ფელიქსისთვის მიემართათ საჩივრით (საქმეები 23:29, 30).
განმგებელ ფელიქსს განაჩენი არ გამოაქვს
ადგილობრივი იურისდიქცია ემყარებოდა ფელიქსის ძალაუფლებასა და უფლებამოსილებას. მას შეეძლო, თუკი მოისურვებდა, ადგილობრივ ტრადიციას მიჰყოლოდა ან სისხლის სამართლის კოდექსისთვის მიემართა, რომელიც მაღალი წრის საზოგადოებისა და სახელმწიფო მოხელეების მიმართ გამოიყენებოდა. ეს კოდექსი „ორდოს“ ანუ ოფიციალური ნუსხის სახელით იყო ცნობილი. ფელიქსს შეეძლო „ექსტრა ორდინემისთვისაც“ ანუ ისეთი იურისდიქციისთვის მიემართა, რომელიც ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენებოდა. პროვინციის განმგებელს „იმის მიხედვით კი არ უნდა გადაეწყვიტა, თუ რა დგინდებოდა რომში, არამედ იმის მიხედვით, რის გაკეთებაც საჭირო იყო. ამიტომაც მის განსჯაზე ბევრი იყო დამოკიდებული.
რომის იმპერიის კანონების ყველა დეტალი ცნობილი არ არის, მაგრამ პავლეს შემთხვევა «პროვინციული სამართლის, „ექსტრა ორდენიუმის“, კლასიკურ მაგალითად» ითვლება. განმგებელი მრჩეველების დახმარებით ისმენდა, თუ რა ბრალდებებს უყენებდნენ ბრალდებულს. ბრალდებულს ბრალმდებელთან აპირისპირებდნენ; მას შეეძლო თავის დაცვა, მაგრამ დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტები სასამართლოსთვის მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა. მოსამართლე კი ადგენდა, რა სახის დასჯა დაწესებულიყო. მას შეეძლო მაშინვე მიეღო გადაწყვეტილება ან პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაედო. ამ დროის მანძილზე კი ბრალდებული დაპატიმრებული იქნებოდა. მეცნიერი ჰენრი კადბური ამბობს: „უეჭველია, რომ ასეთი უსაზღვრო ძალაუფლების მქონე პროკურატორს შეეძლო ბოროტად გამოეყენებინა უფლებები და ქრთამი აეღო, დამნაშავე ან გაემართლებინა, ან გაემტყუნებინა, ან პროცესი გადაედო“.
მღვდელმთავარმა ანანიამ, იუდეველმა უხუცესებმა და ტერტილოსმა ფელიქსის წინაშე ბრალი დასდეს პავლეს, როგორც მავნებელს და იუდეველებს შორის შფოთის ამტეხს. მათ განაცხადეს, რომ პავლე „ნაზარეველთა სექტის“ (აფ) წინამძღოლი იყო, რომელიც ტაძრის შებღალვას ცდილობდა (საქმეები 24:1—6).
პავლეს თავდაპირველი თავდამსხმელები ფიქრობდნენ, რომ მან არაებრაელი, ვინმე ტროფიმე, შეიყვანა ტაძრის შიდა ეზოში, სადაც მხოლოდ იუდეველებს შეეძლოთ შესვლაa (საქმეები 21:28, 29). ფაქტობრივად, კანონის დამრღვევი ტროფიმე იყო და არა პავლე. მაგრამ თუ იუდეველებმა პავლეს მოქმედება, რომელშიც მას ბრალს სდებდნენ, დანაშაულში თანამონაწილეობად წარმოაჩინეს, ესეც მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. რომი, როგორც ჩანს, დათმობაზე წავიდა, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა დააწესა. ამიტომ, ლუსიას ნაცვლად, პავლე ტაძრის მცველებს რომ დაეპატიმრებინათ, სინედრიონს შეეძლო მისი გასამართლება და ყოველგვარი პრობლემის გარეშე სიკვდილით დასჯა.
იუდეველები ამტკიცებდნენ, რომ ის, რასაც პავლე ასწავლიდა, არ იყო იუდაიზმი ანუ კანონიერი რელიგია (რელიგიო ლისიტა). პირიქით, მას ალბათ არალეგალურ და დამღუპველ რელიგიადაც კი მიიჩნევდნენ.
ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ პავლე „მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხი“ იყო (საქმეები 24:5). ცოტა ხნით ადრე, იმპერატორმა კლავდიუსმა ალექსანდრიელი ებრაელები „მთელ მსოფლიოში არსებულ საყოველთაო უბედურებებში დაადანაშაულა“. ბრალდებათა მსგავსება პავლესთვის საშიშროებას ქმნიდა. ისტორიკოსი ა. ნ. შერვინ-ვაითი აბობს: „კლავდიუსის პრინციპატის დროს, ან ნერონის მმართველობის დასაწყისში, ეს ბრალდება ძალიან მოხერხებული იყო იუდეველისთვის წასაყენებლად. იუდეველები ცდილობდნენ, განმგებელი დაერწმუნებინათ, რომ პავლეს ქადაგება მთელ იმპერიაში მცხოვრებ იუდეველებს შორის არეულობის გამომწვევი იყო. მათ იცოდნენ, რომ განმგებლები თავს არიდებდნენ რელიგიური სახის დანაშაულის გამოძიებას და ცდილობდნენ, მისთვის პოლიტიკური სარჩული დაედოთ“.
პავლემ თავის დაცვა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. ‘ხალხი არ აღმიშფოთებია. ნამდვილად მწამს იმ მოძღვრების, რასაც ესენი „სექტას“ ეძახიან, მაგრამ ამ მოძღვრებით იუდეველთა რჯულს ვიცავ. აზიაში მცხოვრებმა რამდენიმე იუდეველმა აურზაური ატეხა. თუ ისინი რაიმეს მიჩიოდნენ, აქ უნდა მოსულიყვნენ, რომ ბრალდება დაემტკიცებინათ’. ამით პავლემ აჩვენა, რომ იუდეველები რელიგიურ ბრალდებებს უყენებდნენ, რაშიც რომი ნაკლებად კომპეტენტური იყო. ფელიქსი მოერიდა ისედაც გაღიზიანებული და გაჯიუტებული იუდეველების უფრო გახელებას და სასამართლო პროცესი გადადო, რითაც საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მოხერხებულად გააჭიანურა. პავლე არც გაათავისუფლეს, არც რომის კანონების მიხედვით გაასამართლეს და არც იუდეველებს გადასცეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს საქმე მათ კომპეტენციაში შედიოდა. ფელიქსს განაჩენის გამოტანას ვერავინ დააძალებდა და ის არც იუდეველების კეთილგანწყობის მოპოვებაზე ფიქრობდა; მას მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებდა; ის იმედოვნებდა, რომ პავლე ქრთამს შესთავაზებდა (საქმეები 24:10—19, 26).b
ცვლილება პორკიოს ფესტოსის დროს
ორი წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მმართველი, პორკიოს ფესტოსი, მოვიდა, იერუსალიმში მცხოვრებმა იუდეველებმა პავლეს მიმართ წაყენებული ბრალდებები განაახლეს და ფესტოსს სთხოვეს, რომ პავლე მათთვის გადაეცათ გასასამართლებლად. მაგრამ ფესტოსმა მტკიცედ უპასუხა: „რომაელებს არ სჩვევიათ, სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა“. ისტორიკოსი ჰარი ტაშრე შენიშნავს: „ფესტოსი ადვილად მიხვდა, რომ რომის მოქალაქის ლინჩის წესით გასამართლებას აპირებდნენ“. ამიტომ იუდეველებს უთხრა, საჩივარი კესარიაში წარედგინათ (საქმეები 25:1—6, 16).
კესარიაში იუდეველები აცხადებდნენ, რომ პავლემ „მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო“, თუმცა ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და ფესტოსიც მიხვდა, რომ პავლეს ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი რომ დაემსახურებინა. „მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო“, — უხსნიდა ფესტოსი სხვა სახელმწიფო მოხელეს (საქმეები 25:7, 18, 24, 25).
აშკარა იყო, რომ პავლეს არავითარ პოლიტიკურ დანაშაულში ბრალი არ მიუძღოდა, მაგრამ რელიგიურ საკითხებში იუდეველები, როგორც ჩანს, ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მათი სასამართლო იყო კომპეტენტური ასეთ საკითხებში. წავიდოდა პავლე იერუსალიმში ასეთი წესით გასასამართლებლად? ფესტოსმა ჰკითხა პავლეს, სურდა თუ არა წასვლა, თუმცა ეს ნამდვილად უადგილო წინადადება იყო. იერუსალიმში დაბრუნება, სადაც ბრალმდებლები მოსამართლეებად იქცეოდნენ, იმას ნიშნავდა, რომ პავლე იუდეველების ხელში ჩავარდებოდა. „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა, — განაცხადა პავლემ,— იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია...არავის შეუძლია მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ“ (საქმეები 25:10, 11 20).
თუ რომაელი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ეს ნიშნავდა, რომ პროვინციის ყველა მართლმსაჯულება უნდა შეწყვეტილიყო. მისი უფლება ამ სამსჯავროსმოთხოვნის (პროვოკატიო) შესახებ „დასაბუთებული და ეფექტური იყო“. ამიტომ ფესტოსმა მრჩეველებთან საქმის ფორმალურ მხარეებზე თათბირის შემდეგ განაცხადა: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ“ (საქმეები 25:12).
ფესტოსი სიხარულით მოიშორებდა პავლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ჰეროდე აგრიპა II-ს გამოუტყდა, რომ ამ კაცის სასამართლო საქმემ თავსატეხი გაუჩინა. შემდეგ ფესტოსს მოუწია საქმის ჩვენების შედგენა იმპერატორისთვის, მაგრამ იუდაურ რჯულზე დაფუძნებული ეს ბრალდებები ფესტოსისთვის გაუგებარი და რთული იყო. აგრიპა კი ასეთ საკითხებში კარგად ერკვეოდა. ასე რომ, როდესაც ამ საქმის მიმართ ინტერესი გამოხატა, ფესტოსმა მაშინვე სთხოვა, წერილის შედგენაში დახმარებოდა. აგრიპას წინაშე პავლეს შემდგომი ახსნა-განმარტებისას, ფესტოსმა ვერაფერი გაიგო და აღმოხდა: „სულელობ პავლე! დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიჰყევხარ“. მაგრამ აგრიპა შესანიშნავად ჩასწვდა პავლეს ნათქვამს. „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — თქვა მან. რა გრძნობაც უნდა დაუფლებოდათ პავლეს არგუმენტების შემდეგ, ფესტოსმა და აგრიპამ დაასკვნეს, რომ პავლე უდანაშაულო იყო და შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა (საქმეები 25:13—27; 26:24—32).
ხანგრძლივი სასამართლო საქმის დასასრული
რომში ჩასვლისას პავლემ წარჩინებული იუდეველნი მოიწვია არა მხოლოდ იმისათვის, რომ მათთვის ექადაგა, არამედ გაეგო, თუ რა იცოდნენ მის შესახებ. ამით შეიძლება მიმხვდარიყო, რა ჰქონდათ განზრახული მის ბრალმდებლებს. იერუსალიმში წარჩინებული პირებისთვის უცხო არ იყო, სასამართლო საქმეში რომაელი იუდეველების დახმარებით ესარგებლათ. მაგრამ პავლემ გაიგო, რომ მათ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ მიღებული. სასამართლომდე პავლეს ნება დართეს, სახლი ექირავებინა და თავისუფლად ექადაგა. ასეთი შემწყნარებლობა ალბათ იმას ნიშნავდა, რომ რომაელები პავლეს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ (საქმეები 28:17—31).
პავლე პატიმრობაში კიდევ ორ წელს იმყოფებოდა. რატომ? ბიბლია ამის შესახებ დაწვრილებით არაფერს ამბობს. გასაჩივრება, ჩვეულებრივ, მაშინვე უნდა მომხდარიყო, როგორც კი ბრალმდებლები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ შესაძლებელია, იერუსალიმელი იუდეველები მიხვდნენ, რომ მათი საჩივარი საფუძველს მოკლებული იყო და მის მერე აღარ გამოჩენილან. შეიძლება ყველაზე ეფექტური საშუალება პავლეს შეძლებისდაგვარად დიდხანს დასადუმებლად ის იყო, რომ იერუსალიმელი იუდეველები არ გამოჩენილიყვნენ. როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, პავლე ნერონის წინაშე წარდგა, უდანაშაულოდ გამოცხადდა, გათავისუფლდა და მისიონერული მსახურება გააგრძელა კიდევ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში (საქმეები 27:24).
ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეები ოდითგანვე ბოროტად იყენებენ კანონს ქრისტიანული სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელის შესაშლელად. ეს არც უნდა გვიკვირდეს. იესომ თქვა: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (ფსალმუნი 94:20, აქ [93:20]; იოანე 15:20). მაგრამ იესო თავისუფლებასაც გვპირდება, რათა მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14). ასე რომ, როგორც მოციქული პავლე არ ეპუებოდა დევნებსა და წინააღმდეგობებს, დღეს იეჰოვას მოწმეებიც ʽიცავენ და კანონიერად აფუძნებენ სასიხარულო ცნობას’ (ფილიპელთა 1:7, აქ).
[სქოლიოები]
a ტაძრის შიდა ეზოს სხვა ხალხების ეზოსგან მეტრ-ნახევარი სიმაღლის კარგად დამუშავებული ქვის ღობე ჰყოფდა. მასზე ჩამოკიდული იყო თანაბარი მანძილით დაშორებული აბრები, რომლებზეც ზოგან ბერძნულად, ზოგან კი ლათინურად გამაფრთხილებელი სიტყვები ეწერა: „არც ერთი უცხოელი არ გადავიდეს საზღვარსა და საწმიდარის ეზოს შემოვლებულ ღობეს იქით. ვისაც დანაშაულზე წაასწრებენ, სიკვდილით დაისჯება!“.
b რასაკვირველია, ეს უკანონობა იყო. ერთ წყაროში ნათქვამია: „კანონის (ლექს რეპეტუნდარუმ) თანახმად, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელესა თუ ძალაუფლების მქონე პირს ეკრძალებოდა ქრთამის აღება ან გამოძალვა ვინმეს დაპატიმრებისა თუ გათავისუფლების მიზნით“.