ტროფიმე
[მკვებავი, მასაზრდოებელი]
პავლეს თანამსახური; ეფესოში მცხოვრები უცხოტომელი ქრისტიანი (სქ. 21:29). ტროფიმე შესაძლოა მაშინ გაქრისტიანდა, როცა მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე ეფესოში ქადაგებდა. ტროფიმე თან ახლდა პავლეს, როცა იგი მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. მათ ერთად იმგზავრეს, გაიარეს მაკედონია, შემდეგ მცირე აზიაში ჩავიდნენ და იქიდან იერუსალიმისკენ აიღეს გეზი (სქ. 20:3—5, 17, 22). იერუსალიმში ხალხი ტროფიმეს პავლეს გვერდით ხედავდა და როცა პავლემ ტროფიმე და კიდევ რამდენიმე კაცი ტაძრის ტერიტორიაზე შეიყვანა, იუდეველებმა იფიქრეს, რომ არაიუდეველი ტროფიმე უცხოტომელთა ეზოს საზღვრებს გასცდა და წაბილწა ტაძარი. ამ მცდარი შეხედულების გამო გაშმაგებული ბრბო პავლეს დაესხა თავს (სქ. 21:26—30; 24:6). რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პავლე პირველი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ტროფიმე კვლავ მასთან ერთად მოგზაურობდა. თუმცა როცა ისინი მილეტში ჩავიდნენ, ტროფიმეს მშობლიური ქალაქიდან არც ისე შორს, იგი ავად გახდა და ვეღარ შეძლო პავლესთან ერთად გზის გაგრძელება (2ტმ. 4:20).