ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 40
„მრავალთა სიმართლემდე მიმყვანნი“
„მრავალთა სიმართლემდე მიმყვანნი ვარსკვლავებივით გაანათებენ სამარადისოდ, მარადიულად“ (ᲓᲐᲜ. 12:3).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 151 ის დაიძახებს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა გასაოცარი მოვლენები გველის წინ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს?
ᲠᲐ ᲡᲐᲝᲪᲐᲠᲘ დრო იქნება, როცა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა დაიწყება! ალბათ ყველას, ვისაც საყვარელი ადამიანები გვერდით აღარ გვყავს, ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით მათ კვლავ (იობ. 14:15). იეჰოვაც მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა მათ აღადგენს. დღეს ჩვენთვის ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ გაიხარებენ მაშინ დედამიწის მკვიდრნი. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, „მართლები“, რომელთა სახელებიც „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი, სიცოცხლის მისაღებად აღდგებიან (საქ. 24:15; იოან. 5:29). შეიძლება ბევრი ჩვენი ახლობელიც მათ შორის იყოს, ვინც არმაგედონის შემდეგ მალევე აღდგება.b გარდა ამისა, ის „უმართლოები“, რომლებიც სიკვდილამდე არ იცნობდნენ იეჰოვას ან არ ემსახურებოდნენ მას, გასასამართლებლად აღდგებიან.
2, 3. ა) როგორც ესაიას 11:9, 10-დან ჩანს, რა გლობალური საგანმანათლებლო საქმე განხორციელდება დედამიწაზე? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ყველა მკვდრეთით აღმდგარს ბევრი რამის სწავლა მოუწევს (ეს. 26:9; 61:11). ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას წამოვიწყებთ (წაიკითხეთ ესაიას 11:9, 10). „უმართლოებმა“ უნდა გაიგონ იესო ქრისტეს, ზეციერი სამეფოს, გამოსასყიდისა და იმ უმნიშვნელოვანესი საკამათო საკითხის შესახებ, რომელიც ეხება ღვთის სახელსა და მის უზენაესობას. „მართლებმაც“ კი უნდა გაიგონ, როგორ მოჰფინა იეჰოვამ ნათელი თავის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი ბიბლიის წერის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე დაიღუპა. ასე რომ, „მართლებსაც“ და „უმართლოებსაც“ ბევრი რამ ექნებათ სასწავლი.
3 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: როგორ განხორციელდება გლობალური საგანმანათლებლო პროგრამა? რა გავლენას მოახდენს ეს იმაზე, ვისი სახელი ჩაიწერება საბოლოოდ „სიცოცხლის წიგნში“? ჩვენთვის დღეს ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნ „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ზოგიერთი ამაღელვებელი წინასწარმეტყველება უკეთ დაგვანახვებს, რა მოხდება მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. თავიდან ვისაუბროთ დანიელის 12:1, 2-ში ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებზე.
„ᲕᲘᲜᲪ ᲛᲘᲬᲐᲨᲘᲐ ᲛᲘᲫᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ, ᲒᲐᲘᲦᲕᲘᲫᲔᲑᲡ“
4, 5. რას ვიგებთ დანიელის 12:1-დან უკანასკნელ დროზე?
4 წაიკითხეთ დანიელის 12:1. წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები უკანასკნელ დროს. მაგალითად, როგორც დანიელის 12:1-დან ჩანს, მიქაელი ანუ იესო ქრისტე ღვთის ხალხის გვერდით დგას. წინასწარმეტყველების ეს სიტყვები 1914 წლიდან სრულდება, როცა იესო ზეციერი სამეფოს მეფე გახდა.
5 დანიელის წინასწარმეტყველებიდან იმასაც ვიგებთ, რომ „ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე“. ეს გასაჭირი იგივე მათეს 24:21-ში მოხსენიებული „დიდი გასაჭირია“. როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი, იესო „აღდგება“ ანუ შეიმართება ღვთის ხალხის დასაცავად „დიდი გასაჭირის“ დასასრულს არმაგედონში. „გამოცხადებაში“ მათ „უამრავი ხალხი“ ეწოდება, რომლებმაც „დიდი გასაჭირი გამოიარეს“ (გამოცხ. 7:9, 14).
6. რა მოვლენების მომსწრე გახდება „უამრავი ხალხი“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს? ახსენით (იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ ამავე ნომერში მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით).
6 წაიკითხეთ დანიელის 12:2. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოვლენების მომსწრე გახდება „უამრავი ხალხი“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს? ადრე ვფიქრობდით, რომ აქ საუბარი იყო სიმბოლურ ანუ სულიერ აღდგომაზე, რომელიც „ბოლო დღეებში“ მოხდებოდა.c მაგრამ აქ პირდაპირი გაგებით მკვდრეთით აღდგომაზეა საუბარი, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში მოხდება. რატომ მივედით ამ დასკვნამდე? იობის 17:16-ში სიტყვა „მიწა“ სამარის სინონიმად არის გამოყენებული. შესაბამისად, დანიელის 12:2-შიც პირდაპირი გაგებით მკვდრეთით აღდგომაზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც არმაგედონის შემდეგ დაიწყება.
7. ა) ვის შეეხება მარადიული სიცოცხლისთვის აღდგომა? ბ) რა გაგებითაა ეს „უკეთესი აღდგომა“?
7 ვის ეხება მარადიული სიცოცხლისთვის აღდგომა, რომელზეც დანიელის 12:2-შია საუბარი? მათ, ვინც ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში მკვდრეთით აღდგება და გაიცნობს იეჰოვას ან კვლავაც გააგრძელებს მის გაცნობას და მას და მის ძეს დაემორჩილება. საბოლოოდ ეს ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოან. 17:3). წარსულში მომხდარ აღდგომებთან შედარებით ეს „უკეთესი აღდგომა“ იქნება, რადგან ეს ადამიანები აღარასდროს დაიხოცებიან (ებრ. 11:35).
8. რას ნიშნავს ის, რომ ზოგი „შეურაცხყოფისა და მარადიული სიძულვილისთვის“ აღდგება?
8 თუმცა ყველა მკვდრეთით აღმდგარი არ მოინდომებს ღმერთთან დაახლოებას. დანიელის წინასწარმეტყველებაში საუბარია, რომ ზოგი „შეურაცხყოფისა და მარადიული სიძულვილისთვის“ აღდგება. სიჯიუტისა და ურჩობის გამო მათი სახელები არ ჩაიწერება „სიცოცხლის წიგნში“ და, შესაბამისად, ვერც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ. მათ „მარადიული სიძულვილი“ ანუ განადგურება ელით. ასე რომ, დანიელის 12:2-ში საუბარია იმაზე, მკვდრეთით აღმდგართაგან ვის რა ელის იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებენ ისინი მკვდრეთით აღდგომის შემდეგd (გამოცხ. 20:12). ზოგი მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, ზოგი კი — არა.
„ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲗᲐ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲛᲓᲔ ᲛᲘᲛᲧᲕᲐᲜᲜᲘ“
9, 10. კიდევ რა მოხდება „დიდი გასაჭირის“ შემდეგ და ვინ არიან ისინი, ვინც „ცის სინათლესავით გაანათებენ“?
9 წაიკითხეთ დანიელის 12:3. რა მოხდება პირველ მუხლში მოხსენიებული გასაჭირის შემდეგ? დანიელის 12:3-ში იმ მოვლენებზე გრძელდება საუბარი, რომლებიც „დიდი გასაჭირის“ დასრულებას მოჰყვება.
10 ვინ იგულისხმება მათში, ვინც „ცის სინათლესავით გაანათებენ“? ამის გაგებაში მათეს 13:43-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები გვეხმარება: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“. ამ მუხლის კონტექსტში იესო „სამეფოს ძეებზე“ ანუ თავის ცხებულ ძმებზე საუბრობს, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ ზეციერ სამეფოში (მათ. 13:38). ასე რომ, დანიელის 12:3-ში საუბარია ცხებულებზე და იმაზე, რასაც ისინი ათასწლიანი მმართველობის დროს გააკეთებენ.
11, 12. რას გააკეთებენ ცხებულები ათასი წლის განმავლობაში?
11 როგორ მიიყვანენ სიმართლემდე ცხებულები მრავალს? ისინი ქრისტესთან ერთად უხელმძღვანელებენ გლობალურ საგანმანათლებლო საქმეს ათასი წლის განმავლობაში. ცხებულები არა მხოლოდ მეფეები იქნებიან, არამედ მღვდლებიც (გამოცხ. 1:6; 5:10; 20:6). ისინი, ასე ვთქვათ, ხალხების განკურნებაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობას გასრულყოფილებაში დაეხმარებიან (გამოცხ. 22:1, 2; ეზეკ. 47:12). რამხელა სიხარულს მოუტანს ეს ცხებულებს!
12 ვინ იქნებიან მათ შორის, ვისაც ისინი „სიმართლემდე მიიყვანენ“? მათ შორის იქნებიან მკვდრეთით აღმდგრები, არმაგედონგადატანილები და ახალ ქვეყნიერებაში დაბადებულები. ათასი წლის ბოლოს დედამიწაზე ყველა სრულყოფილი იქნება. მაშ, როდის ჩაიწერება საბოლოოდ მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“?
ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲐ
13, 14. რისი დამტკიცება მოუწევს დედამიწაზე ყველა სრულყოფილ ადამიანს, სანამ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს?
13 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულყოფილება ავტომატურად მარადიული სიცოცხლის გარანტია არ არის. ამაზე მოწმობს ადამისა და ევას მაგალითიც. მართალია, სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ისინი იეჰოვას უნდა დამორჩილებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ გააკეთეს (რომ. 5:12).
14 ათასი წლის ბოლოსაც დედამიწაზე ყველა ადამიანი სრულყოფილი იქნება. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა დაუჭერს მხარს იეჰოვას მმართველობას? თუ ზოგი ადამისა და ევას მსგავსად უღალატებს იეჰოვას? საიდან გამოჩნდება, ვინ დარჩება ერთგული და ვინ არა?
15, 16. ა) როდის მიეცემათ სრულყოფილ ადამიანებს შესაძლებლობა, ერთგულება დაუმტკიცონ იეჰოვას? ბ) რით დასრულდება საბოლოო გამოცდა?
15 სატანა ათასი წლის განმავლობაში შებოჭილი იქნება და ვერავის შეიყვანს შეცდომაში. თუმცა ათასი წლის ბოლოს მას გაათავისუფლებენ და ის შეეცდება, სრულყოფილი ადამიანები შეაცდინოს. ეს იქნება საბოლოო გამოცდა, როცა ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ცხადყოს, პატივს სცემს თუ არა ღვთის სახელს და მხარს უჭერს თუ არა მის უზენაესობას (გამოცხ. 20:7—10). თითოეული ადამიანის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, საბოლოოდ ჩაიწერება თუ არა მათი სახელები სიცოცხლის წიგნში.
16 ზოგი ადამისა და ევას მსგავსად მოიქცევა და ზურგს შეაქცევს იეჰოვას მმართველობას. თუმცა მათი რიცხვი ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული. რა ელით მათ? გამოცხადების 20:15-ში წერია: „ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი“. ასე რომ, ურჩები სამუდამოდ განადგურდებიან. თუმცა სრულყოფილი ადამიანების უმეტესობა საბოლოო გამოცდის დროს უერთგულებს იეჰოვას და მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში.
„ᲣᲙᲐᲜᲐᲡᲙᲜᲔᲚ ᲓᲠᲝᲡ“ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ
17. რა უთხრა ანგელოზმა დანიელს ჩვენს დროზე? (დანიელი 12:4, 8—10).
17 რა სასიამოვნოა მომავალში მოსახდენ მოვლენებზე ფიქრი! მაგრამ საინტერესოა, რა გაიგო დანიელმა ანგელოზისგან „უკანასკნელ დროზე“, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ (წაიკითხეთ დანიელის 12:4, 8—10; 2 ტიმ. 3:1—5). აი, რა უთხრა ანგელოზმა დანიელს: „გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ხალხი უკეთ გაიგებდა დანიელის წინასწარმეტყველებაში ჩაწერილს. აი, კიდევ რა უთხრა ანგელოზმა დანიელს: „ბოროტები კვლავაც უკეთურად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტი ვერ ჩასწვდება ამ სიტყვებს“.
18. რა მოუვათ მალე ბოროტებს?
18 დღეს შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ბოროტები დაუსჯელები რჩებიან (მალ. 3:14, 15). თუმცა იესო მალე გაასამართლებს თხისმაგვარ ადამიანებს და გამოაცალკევებს მათ ცხვრისმაგვარი ადამიანებისგან (მათ. 25:31—33). ეს ბოროტები „დიდ გასაჭირს“ ვერ გადაურჩებიან და შესაბამისად აღდგომასაც არ დაექვემდებარებიან ახალ ქვეყნიერებაში. მათი სახელები არ ჩაიწერება მალაქიას 3:16-ში მოხსენიებულ „სამახსოვრო წიგნში“.
19. რისი გაკეთება გვმართებს დღეს და რატომ? (მალაქია 3:16—18).
19 დღესვე უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოროტებისგან შორს ვდგავართ (წაიკითხეთ მალაქიას 3:16—18). იეჰოვა უკვე კრებს ხალხს, რომელთაც თავის საკუთრებად თვლის. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ამ ხალხს შორის ვიყოთ.
20. რა დაპირება მიიღო დანიელმა სიკვდილამდე და თქვენ რატომ ელით ამ დაპირების შესრულებას?
20 დღეს მართლაც საოცარ დროში ვცხოვრობთ! თუმცა უფრო საოცარი დრო წინ გველოდება. მალე ვიხილავთ, როგორ მოეღება ბოლო ყოველგვარ ბოროტებას. მას შემდეგ იმის მოწმენი გავხდებით, როგორ შესრულდება დანიელისთვის მიცემული იეჰოვას დაპირება: „დღეების ბოლოს აღდგები და მიიღებ შენს წილს“ (დან. 12:13). ალბათ მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა დანიელს და თქვენს საყვარელ გარდაცვლილ ახლობლებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. მაშ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ უერთგულოთ იეჰოვას. ამ შემთხვევაში იეჰოვა არასდროს ამოშლის თქვენს სახელს „სიცოცხლის წიგნიდან“.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“
a ამ სტატიაში მოცემულია განახლებული ახსნა იმ უდიდეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც აღწერილია დანიელის 12:2, 3-ში. გავიგებთ, როდის განხორციელდება ეს პროგრამა და ვინ იქნებიან მასში ჩართული. იმასაც გავიგებთ, როგორ მოემზადებიან ამ პროგრამის წყალობით დედამიწაზე მცხოვრებნი საბოლოო გამოცდისთვის, რომელიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს იქნება.
b მკვდრეთით აღდგომა შესაძლოა ეტაპობრივად მოხდეს. ჯერ შეიძლება ღვთის ის ერთგული მსახურები აღდგნენ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დაიხოცნენ, შემდეგ მათი წინა თაობა და ასე შემდეგ. ამგვარად, ყველა მკვდრეთით აღმდგარს დახვდება ის, ვისაც პირადად იცნობდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზეციერი აღდგომა „თავისი წესისა და რიგის“ მიხედვით ხდება. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზეც მსგავსად მოხდება (1 კორ. 14:33; 15:23).
c ეს არის ამ საკითხის განახლებული ახსნა, რომელიც განსხვავდება წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-17 თავში მოცემული ახსნისგან.
d ამისგან განსხვავებით, საქმეების 24:15-ში მოხსენიებული „მართლები“ და „უმართლოები“ და იოანეს 5:29-ში მოხსენიებული „კარგის მოქმედნი“ და „ცუდის მოქმედნი“ დაყოფილი არიან იმის მიხედვით, რასაც ისინი სიკვდილამდე აკეთებდნენ.