კეისარი
რომაული გვარი, რომელიც ტიტულად იქცა. ძვ. წ. 46 წელს გაიუს იულიუს კეისარი ათწლიანი ვადით აირჩიეს რომის დიქტატორად, ძვ. წ. 44 წელს კი მოკლეს. კეისარი მისი გვარი იყო (გაიუსი — საკუთარი სახელი, იულიუსი — საგვარეულო წოდება). მისი გვარი გადაეცა მის ნაშვილებ ვაჟსა და მემკვიდრეს გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანეს. ოქტავიანე იმპერიის მმართველი ძვ. წ. 31 წელს გახდა, ხოლო ძვ. წ. 27 წელს რომის სენატმა მას ავგუსტუსის ტიტული უბოძა, რის შემდეგაც ის კეისარ ავგუსტუსის სახელით გახდა ცნობილი (ლკ. 2:1—7).
რომის მომდევნო ოთხი იმპერატორი (ტიბერიუსი, გაიუსი, იგივე კალიგულა, კლავდიუსი და ნერონი) ავგუსტუსთან უშუალო ნათესაური კავშირისა თუ შვილობილის სტატუსის საფუძველზე პრეტენზიას აცხადებდა კეისრის ტიტულზე. „კეისარი“ იმდენად მჭიდროდ ასოცირდებოდა უზენაესი ხელისუფლის მდგომარეობასთან, რომ კეისართა დინასტიის არსებობის შეწყვეტის შემდეგაც რჩებოდა იმპერატორის თანასწორ სამეფო ტიტულად. ამ ტიტულმა მოგვიანებით გერმანულ „კაიზერსა“ და რუსულ „ცარს“ მისცა დასაბამი.
იმ კეისრების სახელები, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების წერის პერიოდში მმართველობდნენ, აგრეთვე, მათი მეფობის წლები და იმ დროს მომხდარი ძირითადი ბიბლიური მოვლენები თანდართულ ცხრილშია მოცემული. ბიბლია სახელით მხოლოდ სამ კეისარს მოიხსენიებს — ავგუსტუსს, ტიბერიუსსა და კლავდიუსს. მათ შესახებ მეტი ცნობების მიღება მათივე სახელწოდებების სტატიებიდან შეიძლება.
ღმერთი და კეისარი. კეისრის სახელი იესომ ერთადერთხელ ახსენა, როცა შემდეგი პრინციპი ჩამოაყალიბა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მთ. 22:17—21; მრ. 12:14—17; ლკ. 20:22—25). ეს გამონათქვამი პასუხი იყო კითხვაზე, რომელიც ებრაელების მიერ რომისთვის სულადობრივი გადასახადის გადახდას ეხებოდა. ვინაიდან რომაელების კანონის მოთხოვნით სულადობრივ გადასახადს ებრაელები უკვე კარგა ხნის მანძილზე იხდიდნენ, არც იესოსთვის დასმულ კითხვაში და არც იესოს პასუხში „კეისარი“ მხოლოდ რომის იმდროინდელ მმართველს ტიბერიუსს არ მოიაზრებდა (შდრ. მთ. 17:25). „კეისარი“ სახელმწიფოსა და სამოქალაქო ხელისუფლების სიმბოლო იყო, რომელსაც თავისი წარმომადგენლობა ჰყავდა, და რომელსაც პავლემ „უმაღლესი ხელისუფალნი“, პეტრემ კი „მეფე“ და „გამგებლები“ უწოდა (რმ. 13:1—7; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:13—17 იხ. უმაღლესი ხელისუფალნი).
„კეისრისაში“ იესო გულისხმობდა იმ გადასახადს, რომელიც ხალხს ხელისუფლების მიერ გაწეული სამსახურისთვის უნდა გადაეხადა. იმპერიალისტური პოლიტიკის მიუხედავად, რომის სახელმწიფო მრავალი სამსახურით უზრუნველყოფდა თავის ქვეშევრდომთ: აგებდა გზებს, ამუშავებდა საფოსტო სისტემას, ზრუნავდა სამოქალაქო წესრიგის დაცვასა და კრიმინალების დასჯაზე. ხალხი გადასახადს ამ მომსახურებისთვის იხდიდა. აი, ამიტომ უჩვენა იესომ ხალხს მონეტა კეისრის გამოსახულებით, რომლითაც „სულადობრივ გადასახადს“ იხდიდნენ (მთ. 22:19).
ქრისტიანები კეისრისას კეისარს აძლევდნენ, მაგრამ იესომ ისიც თქვა, რომ ღვთისა ღმერთისთვის უნდა მიეცათ (მთ. 22:21). იესოს მოციქულებს კარგად ესმოდათ, რომ მათი ვალდებულებები ხელისუფლების წინაშე პირობითი იყო და არა აბსოლუტური, რადგან მოგვიანებით, როცა იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე წარდგნენ, გაბედულად განაცხადეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. მოციქულებმა ის შემთხვევები იგულისხმეს, როცა მთავრობათა კანონები და მოთხოვნები ღვთისას ეწინააღმდეგება (სქ. 5:29).
იესოს გასამართლება. რომაელ გამგებელ პონტიუს პილატესთან მიყვანილ იესოს რელიგიურმა ლიდერებმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში დასდეს ბრალი. მათ განაცხადეს: „ეს კაცი ერს [იუდეველებს] გვირყვნის, კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“ (ლკ. 23:1, 2). სამივე ბრალდება, ფაქტობრივად, სახელმწიფო ღალატში ბრალდების (ლათ. crimen laesae majestatis) ტოლფასი იყო. პილატემაც იცოდა, რომ იესოს სახელმწიფო ღალატში სდებდნენ ბრალს, რადგან მოგვიანებით რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „თქვენ ეს კაცი მომიყვანეთ როგორც ხალხის ამჯანყებელი“ (ლკ. 23:13, 14). ძვ. წ. 48 წელს გამოიცა კანონი სახელმწიფო ღალატზე (ლათ. lex Julia majestatis), რომლის თანახმად რომის უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება დანაშაულად ითვლებოდა. დროთა განმავლობაში ამ კანონმა უფრო ფართო გაგება შეიძინა და იესოს მსახურების პერიოდში კეისრის მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი უპატივცემულობა ან ისეთი ქმედება, რომელიც ამბოხების შთაბეჭდილებას ტოვებდა, სახელმწიფო ღალატში დადანაშაულების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. რომის იმდროინდელი კეისარი ტიბერიუსი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდა კრიტიკაზე და წინააღმდეგობაზე. მისი მმართველობის დროს წახალისებული იყო სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილთა დასმენა.
ვინაიდან რომის იმპერიაში ყველა მმართველი კეისრის თანხმობით ინიშნებოდა, პილატეს მიერ იესოსთვის დასმული კითხვები ძირითადად მის მეფობას ეხებოდა (მთ. 27:11; მრ. 15:2; ლკ. 23:3; ინ. 18:33—37). პილატემ სცადა, იესო უდანაშაულოდ ეცნო, მაგრამ იუდეველი წინამძღოლები გაიძახოდნენ: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“ (ინ. 19:12). „კეისრის მეგობარი“ იყო საპატიო ტიტული, რომელსაც რომის პროვინციების გამგებლებს ანიჭებდნენ; მაგრამ რელიგიურმა წინამძღოლებმა პილატეს „კეისრის მეგობარი“, როგორც ჩანს, იმის მისანიშნებლად უხსენეს, რომ თუ რომის სახელმწიფო ღალატში დამნაშავეს ხელს დააფარებდა, თავადაც დამნაშავე გახდებოდა. ეჭვიანი იმპერატორის შიშით პილატემ უდანაშაულო კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამასობაში მღვდლებმა ყველას გასაგონად რომის იმპერატორს ერთგულება გამოუცხადეს და ამ განაცხადით, ფაქტობრივად, უარყვეს თეოკრატიული მმართველობა: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (ინ. 19:13—16; შდრ. ეს. 9:6, 7; 33:22). მათ ვერ დაარწმუნეს პილატე, რომ ბოძზე გაკრულ იესოს თავს ზემოთ არ გაეკეთებინა წარწერა „იუდეველთა მეფე“ (ინ. 19:19—22). რომაელებს წესად ჰქონდათ დაფაზე სასჯელის მიზეზის დაწერა.
პავლეს საჩივარი და დაპატიმრება. როდესაც თესალონიკეში იუდეველმა სასულიერო პირებმა პავლესა და სილას წინააღმდეგ ბრბო შეაგულიანეს, იესოს მსგავსად ისინიც სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს (სქ. 17:1—9). იმ დროს რომს კეისარი კლავდიუსი მართავდა (ახ. წ. 41—54 წწ.) (სქ. 11:28).
ბიბლია მოიხსენიებს კიდევ ერთ კეისარს, ნერონს (ოღონდ არა სახელით), რომელიც რომს ახ. წ. 54—68 წლებში მართავდა და რომელმაც 31 წლის ასაკში თავი მოიკლა. პავლე ნერონს გულისხმობდა, როცა დაახლოებით ახ. წ. 58 წელს კესარეაში ფესტუსის წინაშე თავს იმართლებდა. პავლემ უარყო ყველა ბრალდება, რომელიც კეისრის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა და უარი თქვა იერუსალიმში იუდეველთა მიერ გასამართლებაზე. მან განაცხადა: „მე ვდგავარ კეისრის სასამართლო ტახტის წინ, სადაც უნდა გავსამართლდე კიდეც ... კეისართან ვასაჩივრებ!“ (სქ. 25:1, 6—11). პავლე, როგორც რომის მოქალაქე, თავის უფლებებს იცავდა. კეისართან გასაჩივრება განაჩენის გამოტანის შემდეგ ან სასამართლო პროცესის დროს შეიძლებოდა. ვინაიდან ფესტუსს არ სურდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება და არც იერუსალიმში ჰქონდა სამართლის ძიებას აზრი, პავლემ ოფიციალურად ითხოვა, მისი საქმე რომის იმპერიის უზენაესს სასამართლოში გადაცემულიყო. აღსანიშნავია, რომ მსგავს მოთხოვნას რომაელები ყოველთვის არ აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, დანაშაულის ადგილზე დაჭერილ ქურდს, მეკობრეს ან მეამბოხეს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას არ აძლევდნენ. ფესტუსმა არ იცოდა, როგორ მოქცეოდა პავლეს, ამიტომ თანხმობის მიცემამდე ჯერ მრჩევლებს მოეთათბირა. ამის შემდეგ ფესტუსმა კიდევ ერთი სასამართლო მოსმენა მოაწყო, რომელსაც მასთან სტუმრად მისული ჰეროდე აგრიპა II ესწრებოდა. ფესტუსს სურდა საქმეში ბოლომდე გარკვეულიყო, ვიდრე პავლეს საქმეს „მის უდიდებულესობა“ ნერონს გაუგზავნიდა (სქ. 25:12—27; 26:32; 28:19). კეისართან გასაჩივრება კიდევ ერთ მიზანს მოემსახურა — პავლე თავისი სურვილისამებრ რომში წაიყვანეს (სქ. 19:21; რმ. 15:22—28). პავლესთვის მიცემული იესოს დაპირება, მოგვიანებით კი ანგელოზის მითითება იმას ცხადყოფს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარებაში ღვთის ხელი ერია (სქ. 23:11; 27:23, 24).
პავლემ, როგორც ჩანს, რომში პირველი პატიმრობის დროს მისწერა წერილი ფილიპელებს (დაახლ. ახ. წ. 60–61). წერილის ბოლოს პავლე მათ რომაელი ძმების მოკითხვებს გადასცემს, განსაკუთრებით კი მათ მოკითხვებს, „ვინც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებიან“ (ფლ. 4:21, 22). „კეისრის სახლეულობაში“ მაინცდამაინც მაშინდელი კეისრის, ნერონის ახლო ნათესავები არ იგულისხმებიან. შესაძლოა პავლე კეისრის სამსახურში მყოფ მონებსა და დაბალი რანგის მოხელეებს გულისხმობდა. წერილში არაფერია ნათქვამი იმაზე, ისინი პავლეს ქადაგებით გახდნენ ქრისტიანები თუ არა. თუ პავლეს საპატიმრო პრეტორიული გვარდიის სიახლოვეს იყო (ფლ. 1:13), გამორიცხული არ არის, რომ ის ნერონის სასახლესთან, შესაბამისად, კეისრის სახლეულობის მეზობლად იმყოფებოდა და ქადაგებდა (სქ. 28:16, 30, 31). როგორც უნდა ყოფილიყო, ეს ქრისტიანები, რომლებიც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებოდნენ, დიდ ინტერესს იჩენდნენ ფილიპელი თანამორწმუნეების მიმართ. ვინაიდან ფილიპე რომის კოლონია იყო, სადაც ვეტერანი ჯარისკაცები და მთავრობის ყოფილი მოხელეები ცხოვრობდნენ, სავსებით შესაძლებელია, იქ მცხოვრები ქრისტიანები მათი ნათესავები ან მეგობრები იყვნენ, ვისი მოკითხვებიც პავლემ მათ გადასცა.
ახ. წ. 64 წელს რომში გაჩენილმა დიდმა ხანძარმა ქალაქის მეოთხედი გაანადგურა. ხმა დაირხა, რომ ხანძარი ნერონმა გააჩაღა. რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობების თანახმად, ნერონმა თავისი დანაშაული ქრისტიანებს გადააბრალა (The Annals, XV, XLIV). ამას მოჰყვა ქრისტიანთა და ქრისტიანობაში ეჭვმიტანილთა მასობრივი დაპატიმრება, წამება და ხოცვა-ჟლეტა. ზოგიერთს ცოცხლადაც კი წვავდნენ. ასე აგორდა დევნის დიდი ტალღა, ოღონდ ამჯერად არა რელიგიური მოწინააღმდეგეების, არამედ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ქრისტიანული კრების მოსპობას ისახავდა მიზნად. როგორც ჩანს, რომში პირველი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ (დაახლ. ახ. წ. 59—61) პავლე სასჯელს მეორედ იხდიდა (დაახლ. ახ. წ. 65). არსებობს მოსაზრება, რომ პატიმარი პავლე ნერონის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს (შდრ. 2ტმ. 1:16, 17; 4:6—8).
იუდეველთა აჯანყება ახ. წ. 66 წელს, ნერონის სიკვდილამდე ორი წლით ადრე დაიწყო. ის მხოლოდ ახ. წ. 70 წელს ჩაახშეს ვესპასიანეს მმართველობის დროს (ახ. წ. 69—79). როგორც ვარაუდობენ, მოციქული იოანე კუნძულ პატმოსზე ქრისტიანობის სასტიკი მდევნელის, იმპერატორ დომიციანეს დროს (ახ. წ. 81—96) გადაასახლეს (გმც. 1:9).
[ცხრილი 382 გვერდზე]
სახელი მმართველობის ძირითადი ბიბლიური მოვლენები
წლები
ავგუსტუსი ძვ. წ. 31— იოანე ნათლისმცემლის დაბადება;
(ოქტავიანე) ახ. წ. 14 ბრძანება აღწერის შესახებ;
იესოს დაბადება ბეთლემში
(ლკ. 2:1); ჰეროდე დიდის
სიკვდილი
ტიბერიუსი ახ. წ. 14—37 იოანესა და იესოს მსახურება
(ლკ. 3:1) და სიკვდილი;
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის
დღესასწაული და ქრისტიანული
კრების პირველი ნაბიჯები;
სავლეს (პავლეს)
გაქრისტიანება
გაიუსი ახ. წ. 37—41
(კალიგულა)
კლავდიუსი ახ. წ. 41—54 პავლეს პირველი ორი მისიონერული
მოგზაურობა და მესამე მოგზაურობის
დასაწყისი. დიდი შიმშილობა; ებრაელთა
განდევნა რომიდან (სქ. 11:28; 18:2)
ნერონი ახ. წ. 54—68 პავლეს პირველი გასამართლება რომში
(სქ. 25:21; 26:32). რომის დიდი ხანძრის
შემდეგ ხელისუფლების მიერ
ქრისტიანების სასტიკი დევნის
დასაწყისი; სავარაუდოდ, პავლეს მეორე
გასამართლება და სიკვდილით დასჯა.
იუდეველთა აჯანყების დასაწყისი
(ახ. წ. 66)
გალბა ახ. წ. 68–69
ოტო ახ. წ. 69
ვიტელიუსი ახ. წ. 69
ვესპასიანე ახ. წ. 69—79 იერუსალიმის განადგურება
(ახ. წ. 70)
ტიტუსი ახ. წ. 79—81
დომიციანე ახ. წ. 81—96 იოანე მოციქულის გადასახლება
პატმოსზე (გმც. 1:9)
ნერვა ახ. წ. 96—98
ტრაიანე ახ. წ. 98—117 სავარაუდოდ, მისი იმპერატორობის
პირველ წელს დასრულდა ბიბლიის კანონის შედგენა