მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
პავლე გაბედულად უმოწმებს წარჩინებულ პირებს
ეს ორი მამაკაცი აშკარად განსხვავდებოდა ერთიმეორისგან. ერთი გვირგვინს ატარებდა, მეორე კი — ბორკილებს. ერთი მეფე იყო; მეორე — პატიმარი. ორი წლის პატიმრობის შემდეგ მოციქული პავლე ახლა იუდეველთა მმართველის, ჰეროდე აგრიპა II-ის, წინაშე იდგა. მეფე და მისი მეუღლე, ბერნიკე, მოვიდნენ „დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად“ (საქმეები 25:23). ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „შეიძლება იქ რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა“.
ეს შეკრება ახლად დანიშნულმა გამგებელმა, ფესტოსმა, მოაწყო. მისი წინამორბედისთვის, ფელიქსისთვის, ხელსაყრელი იყო, რომ პავლე ციხეში დატანჯულიყო. მაგრამ ფესტოსი დაეჭვდა პავლესთვის წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობაში. პავლე ხომ ისე დაჟინებით ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, რომ კეისრის სამჯავროს ითხოვდა. პავლეს საქმემ მეფე აგრიპას ცნობისმოყვარეობა აღძრა. „მეც მინდა იმ კაცის მოსმენა“, — თქვა მან. ფესტოსმა სწრაფად იზრუნა ამაზე; შესაძლებელია, აინტერესებდა, თუ რას იტყოდა მეფე ამ განსხვავებულ პატიმარზე (საქმეები 24:27—25:22).
მეორე დღეს პავლე უამრავი წარჩინებული პირის წინაშე იდგა. „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს. . . რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი, — უთხრა მან აგრიპას. — მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო“ (საქმეები 26:2, 3).
პავლე გაბედულად იცავს თავს
თავდაპირველად პავლემ მოუთხრო აგრიპას, თუ როგორ დევნიდა წარსულში ქრიტიანებს. „ვაიძულებდი დაეგმოთ, — უთხრა მან. — სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი“. შემდეგ პავლემ მოუყვა თავისი სასწაულებრივი ხილვა, რომელშიც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ჰკითხა: „რას მდევნი მე? ძნელია შენთვის წვეტის წინააღმდეგ დარტყმა“a (საქმეები 26:4–14 „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990 წლის გამოცემა).
იესომ დაავალა სავლეს, ექადაგა ხალხისთვის ყველა ერიდან, ‘რაც იხილა და რასაც გამოუცხადებდა’. პავლემ თქვა, რომ მთელი გულით ასრულებდა ამ დავალებას. მაგრამ „ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს“, — უთხრა მან აგრიპას. პავლემ ისარგებლა იმით, რომ აგრიპა მხარს უჭერდა იუდაიზმს, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქადაგებისას ‘არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო’ მესიის სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით (საქმეები 26:15–23).
ფესტოსმა შეაწყვეტინა. „დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიჰყევხარ“, — წამოიძახა მან. პავლემ უპასუხა: „მე არ ვსულელობ, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ“. შემდეგ პავლემ აგრიპას შესახებ თქვა: „ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა“ (საქმეები 26:24–26).
შემდეგ პავლემ პირდაპირ აგრიპას მიმართა: „წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა?“ ცხადია, ამ კითხვამ აგრიპა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ბოლოს და ბოლოს, მას თავისი რეპუტაცია უნდა დაეცვა, პავლესთვის კვერის დაკვრით კი იმას მიემხრობოდა, რასაც ფესტოსმა ‘სიგიჟე’ უწოდა. შეიძლება პავლემ დაინახა მისი ორჭოფობა და თვითონვე უპასუხა თავის კითხვას: „ვიცი, რომ გწამს“. აგრიპა ამჯერად პასუხობს, მაგრამ ორაზროვნად. „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — ეუბნება ის (საქმეები 26:27, 28).
პავლემ მოხერხებულად ისარგებლა აგრიპას არაპირდაპირი პასუხით, რომ მნიშვნელოვანი რამ აღენიშნა. „ღმერთს ვევედრები, რომ მცირედ თუ ბევრად არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორც მე, გარდა ამ ბორკილებისა“, — თქვა მან (საქმეები 26:29).
აგრიპამ და ფესტოსმა ვერაფერი უნახეს პავლეს ისეთი, რის გამოც ის სიკვდილისა და პატიმრობას დაიმსახურებდა. მიუხედავად ამისა, მის მიერ კეისრის სამსჯავროს მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლებოდა. ამიტომ აგრიპამ უთხრა ფესტოსს: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა“ (საქმეები 26:30–32).
გაკვეთილი ჩვენთვის
სახელმწიფო მოხელეების წინაშე პავლეს ქადაგების მეთოდი კარგი მაგალითია ჩვენთვის. მეფე აგრიპასთან საუბარში პავლემ წინდახედულება გამოიჩინა. ეჭვგარეშეა, მან იცოდა აგრიპასა და ბერნიკეს სამარცხვინო ამბავი. მათი კავშირი სისხლის აღრევად ითვლებოდა, რადგან ბერნიკე, ფაქტობრივად, აგრიპას დად ეკუთვნოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში პავლემ არ არჩია ზნეობრიობაზე ლაპარაკი. ამის ნაცვლად, მან ხაზი გაუსვა საკითხებს, რომლებზეც მას და აგრიპას საერთო აზრი ექნებოდათ. გარდა ამისა, თუმცა პავლე სწავლული ფარისევლის, გამალიელის, მიერ იყო განსწავლული, თქვა, რომ აგრიპა იუდეველების წეს-ჩვეულებების მცოდნე იყო (საქმეები 22:3). მიუხედავად აგრიპას ეთიკური ნორმებისა, პავლე მას პატივისცემით ელაპარაკებოდა, რადგან ის ძალაუფლების მქონე იყო (რომაელთა 13:7).
როდესაც გაბედულად ვქადაგებთ ჩვენს რწმენას, ჩვენი მიზანი არაა ხალხის უზნეო საქმეების მხილება ან გაკიცხვა. უკეთესი იქნებოდა, კეთილი ცნობის დადებით მხარეებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ხაზი გაგვესვა ჩვენი საერთო იმედისთვის, რომ გაგვეადვილებინა მათთვის ჭეშმარიტების მიღება. უფროსებთან ან ავტორიტეტულ პირებთან საუბრისას პატივისცემას უნდა ვავლენდეთ მათი მდგომარეობისადმი (ლევიანნი 19:32). ასეთნაირად ჩვენ მივბაძავთ პავლეს, რომელმაც თქვა: „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე“ (1 კორინთელთა 9:22).
[სქოლიოები]
a გამოთქმა „წვეტის წინააღმდეგ დარტყმა“ აღწერს ხარის მოქმედებას, რომელიც თავის თავს ვნებს, როდესაც ჩლიქს ურტყამს ბასრ რკინის წნელს, რომლითაც მიმართულებას აძლევენ და წინ იმძღვარებენ ცხოველს. მსგავსად, ქრისტიანების დევნით სავლე მხოლოდ საკუთარ თავს ავნებდა, რადგანაც ებრძოდა ხალხს, რომელსაც ღვთის მხარდაჭერა ჰქონდა.