ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 5
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 27 ღვთის ძეების გამოცხადება
„არ მიგატოვებ“
«ღმერთმა თქვა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“» (ᲔᲑᲠ. 13:5).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიის მიზანია, „სხვა ცხვარი“ დაარწმუნოს, რომ ცხებული ქრისტიანების ზეცაში შეკრების შემდეგაც არ დატოვებს ღმერთი მათ მარტო.
1. საბოლოოდ როდის შეიკრიბება ზეცაში ყველა ცხებული?
ᲬᲚᲔᲑᲘᲡ წინ იეჰოვას ხალხს აფიქრებდა, როდის დასრულდებოდა ცხებული ქრისტიანების ზეცაში შეკრება. იყო დრო, როცა ვფიქრობდით, რომ ზოგ მათგანს შეიძლება არმაგედონის შემდეგაც ეცხოვრა გარკვეული პერიოდი დედამიწაზე. თუმცა 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ აიხსნა, რომ არმაგედონის დაწყებამდე ყველა ცხებული ზეცაში შეიკრიბება (მათ. 24:31).
2. რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 თუმცა შეიძლება ასეთი კითხვა წამოიჭრას: რა ბედი ელის „სხვა ცხვარს“, რომელიც „დიდი გასაჭირის“ დროს დედამიწაზე გააგრძელებს ღვთის მსახურებას? (იოან. 10:16; მათ. 24:21). ზოგ ქრისტიანს ძველ დროში მომხდარმა შემთხვევებმა აფიქრებინა, რომ ცხებულების გარეშე მათ შეიძლება თავგზა აებნათ და თავი მიტოვებულად იგრძნონ. მოდი განვიხილოთ ორი ასეთი შემთხვევა და იმაზეც ვიმსჯელოთ, რატომ არ გვაქვს შიშის არანაირი საფუძველი.
ᲠᲐ ᲐᲠ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ
3, 4. რა შემთხვევები აფიქრებს ზოგს?
3 ერთ-ერთი შემთხვევა, რომლის გამოც ზოგი შიშობს, რომ ხელმძღვანელი საბჭოს გარეშე დარჩენილი „სხვა ცხვარი“ შეიძლება ჭეშმარიტებას განუდგეს, მეფე იეჰოაშს უკავშირდება. ღვთისმოშიში მღვდელმთავარი იეჰოიადა თავის მეუღლესთან, იეჰოშაბათთან ერთად მას ბავშვობიდან იცავდა და ასწავლიდა, რის წყალობითაც იეჰოაში მოგვიანებით კარგი მეფე დადგა. თუმცა იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ ის ბოროტი მთავრების ზეგავლენაში მოექცა და იეჰოვას განუდგა (2 მატ. 24:2, 15—19).
4 მეორე შემთხვევა მეორე საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს უკავშირდება. პირველ საუკუნეში ქრისტიანულ კრებაში უკვე იკიდებდა ფეხს განდგომილება, თუმცა იესოს ერთგული მოციქულები ყველანაირად ცდილობდნენ მის შეჩერებას (1 იოან. 2:18; 2 თეს. 2:7). სანამ უკანასკნელი მოციქული, იოანე, ცოცხალი იყო, ის ბევრ ქრისტიანს ეხმარებოდა, ერთგულად გაეგრძელებინათ იეჰოვას მსახურება (3 იოან. 4). თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ განდგომილება განგრენასავით გავრცელდა და რამდენიმე ათწლეულში ქრისტიანულ კრებას მთლიანად მოედო.
5. რა არ უნდა გვაფიქრებინოს ზემოთ მოყვანილმა შემთხვევებმა?
5 ხომ არ მიანიშნებს ეს ორი შემთხვევა იმაზე, რომ ცხებული ქრისტიანების ზეცაში შეკრების შემდეგ დედამიწაზე დარჩენილ „სხვა ცხვარსაც“ იგივე დაემართება და ისინიც აქცევენ ზურგს იეჰოვას და განუდგებიან ჭეშმარიტებას? არავითარ შემთხვევაში! ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა კვლავაც იზრუნებს „სხვა ცხვარზე“ და ისინიც უერთგულებენ მას. რატომ ვართ ამაში ასე დარწმუნებული?
ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲛᲪᲔᲛᲚᲝᲑᲐ ᲐᲠ ᲨᲔᲘᲑᲦᲐᲚᲔᲑᲐ
6. რაზე ვიმსჯელებთ ქვემოთ?
6 რატომ შეგვიძლია თამამად იმის თქმა, რომ იმ უმძიმეს დროსაც კი, რომელიც წინ გველის, წმინდა თაყვანისმცემლობა არ შეიბღალება? ამის საფუძველს ის წინასწარმეტყველებები გვაძლევს, რომლებიც ჩვენს დროს ეხება. მოდი განვიხილოთ ძველად მცხოვრები ისრაელებისა და პირველი ქრისტიანების შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები. შემდეგ კი ისინი იმ წინასწარმეტყველებებს შევადაროთ, რომლებიც ჩვენს დროს, კერძოდ, „ყველაფრის აღდგენის“ პერიოდს, ეხება (საქ. 3:21).
7. რატომ არ გაუტეხდა გულს სხვების ორგულობა ღვთისმოშიშ ისრაელებს?
7 ძველად მცხოვრები ისრაელები. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს ასეთი სიტყვები უთხრა: „კარგად ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ბოროტებას ჩაიდენთ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც გიბრძანეთ“ (კან. 31:29). მან ისინი იმის შესახებაც გააფრთხილა, რომ ურჩობის შემთხვევაში ტყვედ წაასხამდნენ (კან. 28:35, 36). შესრულდა ეს სიტყვები? დიახ. საუკუნეების განმავლობაში მრავალი მეფე, მათ შორის იეჰოაში, განუდგა ღმერთს და ღვთის ხალხიც გახვია ცოდვაში, რის გამოც იეჰოვამ დასაჯა ისინი და წერტილი დაუსვა ისრაელ მეფეთა მმართველობას (ეზეკ. 21:25—27). თუმცა ერთიცაა: წინასწარმეტყველებების ასეთი ზუსტი შესრულება ღვთისმოშიშ ისრაელებს რწმენას განუმტკიცებდა (ეს. 55:10, 11).
8. გასაკვირია, რომ ქრისტიანული კრება მეორე საუკუნეში განუდგა ჭეშმარიტებას? ახსენით.
8 პირველი ქრისტიანები. ის თუ იყო გასაკვირი, რომ ქრისტიანულმა კრებამ მეორე საუკუნეში სწორი გზიდან გადაუხვია? სრულებითაც არა. იესოს ხომ ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა დიდი განდგომილება (მათ. 7:21—23; 13:24—30, 36—43). ამ წინასწარმეტყველების შესრულება პირველ საუკუნეშივე დაიწყო, რაზეც პავლეს, პეტრესა და იოანეს სიტყვებიც მოწმობს (2 თეს. 2:3, 7; 2 პეტ. 2:1; 1 იოან. 2:18). მეორე საუკუნეში კი ქრისტიანულ კრებას მთლიანად მოედო განდგომილება და ქრისტიანობა „დიდი ბაბილონის“ ანუ ცრურელიგიური სამყაროს ძირითადი ნაწილი გახდა. წინასწარმეტყველება ამჯერადაც ზედმიწევნით შესრულდა.
9. რით გამოირჩევა ჩვენი დრო?
9 თანამედროვე დროში მცხოვრები ქრისტიანები. ჩვენს დროზე რისი თქმა შეიძლება? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ჩვენ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). თუმცა საგულისხმოა, რომ 1914 წელს „ბოლო დღეების“ დაწყებასთან ერთად სხვა ეპოქაც დაიწყო, რომელიც მანამ გაგრძელდება, სანამ ღვთის სამეფო კაცობრიობას არ გაასრულყოფილებს და დედამიწას სამოთხედ არ გადააქცევს. ამ ეპოქას „ყველაფრის აღდგენის“ ხანაც ეწოდება (საქ. 3:21). რის აღდგენაზე მიდის საუბარი? პირველ რიგში, დავითის დინასტიის მმართველობის. 1914 წელს ხომ ზეცაში სწორედ დავითის შთამომავალი, იესო, გამეფდა. მაგრამ „ყველაფრის აღდგენა“ ამით არ დასრულებულა. იესოს გამეფებიდან მალევე წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაც დაიწყო (ეს. 2:2—4; ეზეკ. 11:17—20). თუმცა ჩნდება კითხვა: არსებობს იმის საშიშროება, რომ ის კვლავაც შეიბღალოს?
10. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში წმინდა თაყვანისმცემლობის შესახებ? (ესაია 54:17). ბ) რაში გვარწმუნებს მსგავსი წინასწარმეტყველებები?
10 წაიკითხეთ ესაიას 54:17. დაფიქრდით ამ წინასწარმეტყველებაში ჩაწერილ სიტყვებზე: „შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული“. ეს სიტყვები სწორედ ჩვენს დროში სრულდება. ჩვენ შემდეგი სიტყვების შესრულების მოწმენიც ვართ: „შენი ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან და მშვიდობა არ მოაკლდებათ. მყარად დაფუძნდები სიმართლეში . . . აღარაფრის შეგეშინდება და აღარაფერი შეგაძრწუნებს, რადგან საფრთხე არ გაგეკარება“ (ეს. 54:13, 14). ამ საგანმანათლებლო საქმეს, რომელსაც იეჰოვა დღეს თავისი ხალხის მეშვეობით ასრულებს, თვით ამ ქვეყნიერების ღმერთი, სატანაც, ვერ შეაჩერებს (2 კორ. 4:4). წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა და აღარასდროს შეიბღალება. ჩვენ წინააღმდეგ შექმნილი ვერცერთი იარაღი ვერ იქნება წარმატებული!
ᲠᲐ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ
11. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ცხებულების ზეცაში შეკრების შემდეგ „უამრავი ხალხი“ ხელმძღვანელობის გარეშე არ დარჩება?
11 მაშ, რა მოხდება ცხებულების ზეცაში შეკრების შემდეგ? მათეს 23:10-ში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ ჩვენს მწყემსად და ქრისტიანული კრების თავად იესო დააყენა, რომელიც ზეციდან უკვე მმართველობს. ასე რომ, შიშის არანაირი მიზეზი არ გვაქვს. მართალია, ზუსტად არ ვიცით, როგორ გვიხელმძღვანელებს ის „დიდი გასაჭირის“ დროს, მაგრამ იოტისოდენა ეჭვიც კი არ გვეპარება იმაში, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას საუკეთესოდ გაართმევს თავს. მოდი განვიხილოთ ორი ბიბლიური მაგალითი, რომლებიც დაგვარწმუნებს, რომ ხელმძღვანელობის გარეშე არასდროს დავრჩებით.
12. როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ხალხზე . . . ა) მოსეს სიკვდილის შემდეგ? ბ) ელიასთვის სხვა დავალების მიცემის შემდეგ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
12 სანამ ისრაელი აღთქმულ მიწაზე შეაბიჯებდა, მათი წინამძღოლი მოსე გარდაიცვალა. დარჩა ღვთის ხალხი იმ დროს ხელმძღვანელობის გარეშე? არა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ იეჰოვას დავალებით ხალხის წინამძღოლად იესო ნავეს ძე დანიშნა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა (გამ. 33:11; კან. 34:9). ღვთის ხალხზე იმ დროს სხვა გამოცდილი კაცებიც ზრუნავდნენ — ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები (კან. 1:15). ასე რომ, ვიდრე მისი ერთგულები იყვნენ, იეჰოვა არც მზრუნველობას აკლებდა თავის ხალხს და არც ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებდა. მსგავსი რამ მოხდა ელიას დროსაც. ისრაელის ათტომიან სამეფოში ის მრავალი წელი იდგა წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე. თუმცა იეჰოვამ მოგვიანებით მას ახალი დავალება მისცა და იუდას სამეფოში გაგზავნა (2 მეფ. 2:1; 2 მატ. 21:12). ხელმძღვანელობის გარეშე ხომ არ დარჩნენ ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ისრაელის ათტომიანი სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ? არა, რადგან თავისი საქმის გამგრძელებლად ელიამ ელისე დატოვა, რომელსაც წლების მანძილზე ამზადებდა. გარდა ამისა, იქ „წინასწარმეტყველთა ძეებიც“ მსახურობდნენ, რომელთაც, ელისეს მსგავსად, გარკვეული მომზადება ჰქონდათ გავლილი (2 მეფ. 2:3, სქ.). ასე რომ, ღვთის ხალხს შორის ყოველთვის მრავლად იყვნენ მამაკაცები, რომლებიც მათ ხელმძღვანელობას უწევდნენ. ნამდვილად, იეჰოვას თავისი ერთგული მსახურები არასდროს დაუტოვებია მზრუნველობის გარეშე.
13. რაში გვარწმუნებს ებრაელების 13:5? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებს თავის ხალხს (წაიკითხეთ ებრაელების 13:5). მოსესა და ელიას მსგავსად ცხებული ქრისტიანების პატარა ჯგუფს, ხელმძღვანელ საბჭოს, კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სხვების მომზადება. ღვთის ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად ისინი უკვე ათწლეულებია ამზადებენ ძმებს, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. მაგალითად, მათ არაერთი სკოლა დააარსეს, რომ მოემზადებინათ უხუცესები, მიმომსვლელი ზედამხედველები, მისიონერები, ფილიალის კომიტეტის წევრები, ბეთელში განყოფილებების ზედამხედველები თუ სხვა ძმები. გარდა ამისა, ისინი პირადადაც ამზადებენ ძმებს, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს სხვადასხვა კომიტეტში დამხმარეებად მსახურობენ. ეს ერთგული ძმები დღესვე არაერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ასრულებენ და, შესაბამისად, ყოველმხრივ მომზადებულნი არიან, რომ მომავალშიც გააგრძელონ ქრისტეს ცხვარზე ზრუნვა.
14. რაში გვარწმუნებს ეს განხილვა?
14 რაში გვარწმუნებს ეს განხილვა? როდესაც „დიდი გასაჭირის“ მიწურულს ყველა ცხებული ზეცაში შეიკრიბება, „სხვა ცხვარი“ იესოს წინამძღოლობით კვლავაც ერთგულად გააგრძელებს იეჰოვას თაყვანისცემას. მართალია, იმ დროს მათზე „გოგი“ ანუ ერთა კოალიცია მიიტანს იერიშს, მაგრამ ის ღვთის ხალხთან ვერაფერს გახდება და მალევე მარცხს განიცდის (ეზეკ. 38:18—20). ამაში ისიც გვარწმუნებს, რაც იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა. მან იხილა „უამრავი ხალხი“, რომელთაც „დიდი გასაჭირი გამოიარეს“ (გამოცხ. 7:9, 14). დიახ, იეჰოვა აუცილებლად იხსნის თავის ხალხს.
15, 16. რას გააკეთებენ ქრისტეს ცხებული ძმები არმაგედონის დროს და რატომ გვამხნევებს ამის ცოდნა? (გამოცხადება 17:14).
15 თუმცა ზოგს შეიძლება ასეთი კითხვა დაებადოს: როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ცხებულები ზეცაში შეიკრიბებიან? ბიბლიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ძალები „შეებრძოლებიან . . . კრავს“, მაგრამ „კრავი სძლევს მათ“. მას ამ ბრძოლაში მხარს დაუჭერენ „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:14). ამ მუხლში ცხებულებზე მიდის საუბარი. გამოდის, რომ მალევე მას შემდეგ, რაც ცხებულები ზეცაში შეიკრიბებიან, მათ იესოსთან ერთად ბრძოლა დაევალებათ. რა შესანიშნავი დავალებაა! მართალია, ზოგი მათგანი ერთ დროს მებრძოლი იყო ან ჯარში მსახურობდა, მაგრამ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მათ ისწავლეს სხვებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება (გალ. 5:22; 2 თეს. 3:16). შესაბამისად, ისინი არანაირ დაპირისპირებაში აღარ იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ზეციერი ჯილდოს მიღების შემდეგ ქრისტესა და მის წმინდა ანგელოზებთან ერთად მოუწევთ, ღვთის მტრებს შეებრძოლონ.
16 უბრალოდ დაფიქრდით: დედამიწაზე დარჩენილი ზოგი ცხებული საკმაოდ მოხუცებული და დაუძლურებულია. თუმცა ზეცაში ისინი უკვდავი და ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები გახდებიან და თავიანთი მებრძოლი მეფის, იესო ქრისტეს, მხარდამხარ იბრძოლებენ. არმაგედონის შემდეგ კი ისინი მას კაცობრიობის გასრულყოფილებაში დაეხმარებიან. ეჭვგარეშეა, ცხებულები მაშინ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ თავიანთი და-ძმებისთვის, ვიდრე ახლა არასრულყოფილებს შეუძლიათ.
17. საიდან ვიცით, რომ არმაგედონის დროს არცერთ ღვთის მსახურს არ დაემუქრება საფრთხე?
17 თუ თქვენც დედამიწაზე ცხოვრების იმედი გაქვთ, შესაძლოა გაინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, როცა არმაგედონი დაიწყება? უბრალოდ მიენდეთ იეჰოვას და მიჰყევით მის ხელმძღვანელობას. ამაში შეიძლება შემდეგი ბიბლიური მითითების გათვალისწინებაც იგულისხმებოდეს: „შედით თქვენ-თქვენს ოთახებში და ჩაიკეტეთ კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა გადაივლის“ (ეს. 26:20). არმაგედონის დროს ღვთის არცერთ ერთგულ მსახურს, ზეცაში თუ დედამიწაზე, საფრთხე არ დაემუქრება. მოციქული პავლეს მსგავსად ჩვენც გვჯერა, რომ „ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო [და] ვერც მომავალი . . . ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“ (რომ. 8:38, 39). ყოველთვის გახსოვდეთ: იეჰოვას უყვარხართ და არასდროს მიგატოვებთ!
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?
რა არ მოხდება ცხებული ქრისტიანების ზეცაში შეკრების შემდეგ?
რატომ არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა შეიბღალება?
რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა კვლავაც იზრუნებს თავის ხალხზე?
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 8 იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი