ბიბლიის თვალსაზრისი
არის თუ არა ბიბლია განათლების წინააღმდეგ?
„განათლება მხოლოდ უვიცებს სძულთ“ (პუბლილიუს სირუსი, „ზნეობრივი წერილები“, ძვ. წ. პირველი საუკუნე)
ბიბლია მოგვიწოდებს: „არ დაკარგო განსჯის უნარი“ (იგავნი 3:21). იეჰოვას, ყოვლისმცოდნე ღმერთს, სურს, რომ მისი თაყვანისმცემლები განათლებულები იყვნენ (პირველი მეფეთა 2:3; იგავნი 1:5, 22). მაგრამ ბიბლიის ზოგმა განაცხადმა შეიძლება კითხვები წამოგვიჭრას. მაგალითად, მოციქული პავლე თავის ადრინდელ საქმიანობაზე, რომელშიც მისი უმაღლესი განათლებაც შედიოდა, წერდა: „ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ“ (ფილიპელთა 3:3–8). სხვა ინსპირირებულ წერილში ის ამტკიცებდა: „ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (1 კორინთელთა 3:19).
მაშ, ბიბლია განათლების წინააღმდეგია? როგორი საერო განათლება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს? არის თუ არა ის მინიმალური განათლება საკმარისი, რომელიც კანონით მოითხოვება, თუ საჭიროა დამატებითი განათლების მიღება?
განათლება პირველ საუკუნეში
პირველი საუკუნის ქრისტიანებს საკმაოდ სხვადასხვაგვარი განათლება ჰქონდათ. ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება გალილეელ მოციქულ პეტრესა და იოანეს ‘უწიგნურებად და უმეცრებად’ მიიჩნევდა (საქმეები 4:5, 6, 13). ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ზემოხსენებული ეს ორი მამაკაცი უწიგნური ან უსწავლელი იყო? არა. უბრალოდ, ეს ნიშნავდა, რომ მათ განათლება იერუსალიმის ებრაელთა უმაღლეს სკოლაში არ მიუღიათ. ქრისტიანობის ამ ორი გულადი წარმომადგენლის ნაწერები იმაზე მოწმობს, რომ ისინი კარგი განათლების მქონე, ჭკვიანი მამაკაცები იყვნენ, რომლებსაც ბიბლიური ცნობის ნათლად გადმოცემის უნარი ჰქონდათ. მათ განათლებაში ისეთი პრაქტიკული ცოდნაც შედიოდა, როგორიც იყო ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის საკითხი. ისინი თანამშრომლებიც იყვნენ, ორივე მეთევზეობას მისდევდა, რაც, როგორც ჩანს, საკმაოდ სარფიანი საქმე იყო (მარკოზი 1:16–21; ლუკა 5:7, 10).
ამის საპირისპიროდ, ლუკას, რომელმაც დაწერა ერთ-ერთი სახარება და საქმეების წიგნი, მეტი განათლება ჰქონდა მიღებული. ის ექიმი იყო (კოლასელთა 4:14). მისი სამედიცინო განათლება თავისებურ ელფერს აძლევდა მის მიერ ღვთიური ინსპირაციით გაკეთებულ ჩანაწერებს (იხილე ლუკა 4:38; 5:12; საქმეები 28:8).
გაქრისტიანებამდე მოციქული პავლე თავისი დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი განათლებული პიროვნების, გამალიელის, მიერ იყო განსწავლული იუდეველთა რჯულში (საქმეები 22:3). პავლეს განათლება დღევანდელი უმაღლესი განათლების ტოლფასი იყო. გარდა ამისა, იუდეველებში კეთილშობილურ საქმედ ითვლებოდა, რომ ახალგაზრდას რაიმე ხელობა ესწავლა, მაშინაც კი, თუ ის მომავალში უმაღლესი განათლების მიღებას აპირებდა. როგორც ჩანს, პავლემ კარვების გაკეთება სიჭაბუკეში ისწავლა. ამ ხელობამ მას სრული დროით მსახურებაში საკუთარი თავის შენახვის საშუალება მისცა.
მიუხედავად ამისა, პავლეს ესმოდა, რომ საერო განათლება აუცილებელი იყო, მაგრამ ღვთის შესახებ შემეცნების ფასი ბევრად აღემატებოდა საერო განათლების შეზღუდულ ღირებულებას. შესაბამისად, ბიბლია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ღვთისა და ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებას. დღევანდელი ქრისტიანებისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ ისინი შეითვისებდნენ საერო განათლების შესახებ ამ რეალისტურ თვალსაზრისს (იგავნი 2:1–5; იოანე 17:3; კოლასელთა 2:3).
საკითხის გულმოდგინედ აწონ-დაწონა
ზოგ ქრისტიანს დამატებითი განათლების მიღება, იქნება ეს თეორიული თუ პროფესიული, საკუთარი ოჯახის მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ეხმარება. ოჯახის მოთხოვნებზე ზრუნვა მართებულია, რადგან ‘ახლობლებზე ზრუნვა’ წმინდა მოვალეობაა (1 ტიმოთე 5:8). ამის გასაკეთებლად ხელობის სწავლა, პრაქტიკული სიბრძნის გამოვლინებაა.
მაგრამ, ვინც ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად სავალდებულო განათლების გარდა კიდევ დამატებითი განათლების მიღებაა საჭირო, უნდა აწონ-დაწონოს მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. სამომავლოდ სასარგებლო მხარეში შედის ისეთი სამუშაოს შოვნა, რომელიც პიროვნებას საშუალებას მისცემს, მთელი გულით მონაწილეობა მიიღოს ქრისტიანულ მსახურებაში და ამავე დროს სათანადოდ შეინახოს როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახი. გარდა ამისა, შეიძლება მან სხვებისადმი მატერიალური დახმარების აღმოჩენაც შეძლოს, ანუ „ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფესელთა 4:28).
რა შეიძლება სამომავლოდ უარყოფით მხარეში შედიოდეს? მასში შეიძლება იყოს ისეთი მოძღვრებების სწავლა, რომელიც ღვთისა და ბიბლიისადმი რწმენას ამსხვრევს. პავლე ქრისტიანებს ურჩევდა, ფრთხილად ყოფილიყვნენ ‘ეგრეთ წოდებული მოძღვრების’, ‘ფილოსოფიისა და ადამიანური გადმოცემის ფუჭი ცდუნების’ მიმართ (1 ტიმოთე 6:20, 21; კოლასელთა 2:8). არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გარკვეული სახის განათლებამ ქრისტიანულ რწმენაზე შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს. ისინი, რომლებიც დამატებითი ცოდნის მიღებაზე ფიქრობენ, გათვითცნობიერებული უნდა იყვნენ ასეთი საზიანო გავლენის საშიშროების არსებობაში.
მოსემ, რომელიც „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა“, მტკიცე რწმენა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი განათლება მიიღო, რომელშიც, ეჭვგარეშეა, პოლითეისტური, ღვთისადმი უპატივცემლობის გამომხატველი სწავლებებიც შედიოდა (საქმეები 7:22). მსგავსად ამისა, დღეს ქრისტიანები ყურადღებით არიან, რათა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ჩაცვივდნენ, მავნე გავლენის მსხვერპლი არ გახდნენ.
სხვა პოტენციურ საშიშროებას ისეთი დამატებითი განათლება წარმოადგენს, რომელიც ამპარტავნობას ან თავმომწონეობას ავითარებს (1 კორინთელთა 8:1). მრავალი ცოდნის მიღებას ეგოისტური მიზნების გამო ესწრაფის, ხოლო ზოგჯერ ცოდნის მიღების გულწრფელ სურვილსაც კი შეიძლება სხვებზე უპირატესობის გრძნობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნა მოჰყვეს. ასეთი აზროვნება ღმერთს არ მოსწონს (იგავნი 8:13).
დაფიქრდი ფარისევლებზე. ამ ცნობილი რელიგიური სექტის წევრებს ერუდიციითა და მოჩვენებითი სამართლიანობით მოჰქონდათ თავი. მათ კარგად ჰქონდათ შესწავლილი რაბინების გადმოცემების საკმაოდ დიდი კრებული, ხოლო უბრალო ხალხს, მათ, ვისაც ნაკლები განათლება ჰქონდა, ზემოდან დაჰყურებდნენ და უვიცებად, არარაობად და წყეულებადაც კი მიიჩნევდნენ (იოანე 7:49). გარდა ამისა, ისინი ფულის მოყვარულებიც იყვნენ (ლუკა 16:14). ფარისევლების მაგალითი ცხადყოფს, რომ ცუდ აღძვრებზე დაფუძნებულმა განათლებამ ადამიანი შეიძლება ამაყი ან ფულის მოყვარე გახადოს. ამიტომ, როდესაც ქრისტიანი წყვეტს რა ან როგორი განათლება მიიღოს, კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა: „რატომ მინდა განათლების მიღება?“
პირადი არჩევანის საკითხი
დღესაც, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ქრისტიანებს საკმაოდ სხვადასხვაგვარი განათლება აქვთ. მშობლების ხელმძღვანელობით, ახალგაზრდამ, ვისაც სავალდებულო განათლება მიღებული აქვს, შესაძლოა დამატებითი საერო განათლების მიღება გადაწყვიტოს. აგრეთვე უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია თავისი ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის გაუმჯობესებით, შესაძლოა ასეთ დამატებით განათლებას თავისი მიზნების მისაღწევ საშუალებად მიიჩნევდესa. ტრადიციული თეორიული განათლების ზოგიერთ სფეროში პროფესიული დახელოვნების ნაცვლად, ყურადღება ზოგადი ინტელექტუალური დონის გაუმჯობესებაზე მახვილდება. ამგვარად, ასეთი განათლების მისაღებად დიდი დროის დახარჯვის შემდეგ პიროვნებამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ვერაფერი პრაქტიკულად გამოსადეგი ვერ ისწავლა. ამიტომ ზოგი რაიმე პროფესიის დაუფლებას ან ტექნიკური სასწავლებლის დამთავრებას არჩევს იმიტომ, რომ შრომის ბირჟაზე მათზე მეტი მოთხოვნილებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილებები პირადული ხასიათისაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიანებმა არ უნდა გააკრიტიკონ ან გაასამართლონ ერთმანეთი. იაკობმა დაწერა: „შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?“ (იაკობი 4:12). თუ ქრისტიანი დამატებითი განათლების მიღებაზე ფიქრობს, კარგი იქნებოდა, გამოეკვლია საკუთარი მოტივები, რათა დარწმუნდეს, რომ ამისკენ ეგოისტური ინტერესები, მატერიალური ქონების სიყვარული არ აღძრავს.
ცხადია, რომ განათლებასთან დაკავშირებით ბიბლიას გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვს. ქრისტიან მშობლებს ესმით ღვთის მიერ ინსპირირებულ სიტყვაზე დაფუძნებული სულიერი განათლების უპირატესობა და დამატებითი განათლების შესახებ შვილებს გაწონასწორებულ რჩევას აძლევენ (2 ტიმოთე 3:16). ქრისტიანები ცხოვრებას რეალურად უყურებენ და ესმით რაიმე პროფესიის მისაღებად საჭირო საერო განათლების ფასი, რაც ასე აუცილებელია მათი მოზარდებისთვის, რათა მომავალში შვილებმა შეძლონ შეინახონ როგორც საკუთარი თავი, ისე თავიანთი მომავალი ოჯახები. ამიტომ, იმის გადასაწყვეტად, საჭიროა თუ არა დამატებითი განათლების მიღება და, თუ საჭიროა, — როგორის, თითოეულ ქრისტიანს შეუძლია მიიღოს პირადი, იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულებაზე დაფუძნებული, გონივრული გადაწყვეტილება, ღვთისმოსაობა კი „ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8).
[სქოლიო]
a ამ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილე 1992 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 10–21, (რუს.) და ბროშურა „იეჰოვას მოწმეები და განათლება“; ორივე გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩანართი 14 გვერდზე]
„არ დაკარგო განსჯის უნარი“ (იგავნი 3:21).
[ჩანართი 15 გვერდზე]
როდესაც ქრისტიანი დამატებითი განათლების მიღებაზე ფიქრობს, კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა: „რატომ მინდა განათლების მიღება?“