„ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“
‘ჩვენ ვერ შევწყვეტთ იესოს შესახებ ლაპარაკს’
ახ. წ. 33 წელია. იერუსალიმში, იუდეველთა ეროვნული სასამართლოს შთამბეჭდავ დარბაზში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სინედრიონის წევრები იესო ქრისტეს 12 მიმდევრის საქმეს იხილავენ. რა არის ამის მიზეზი? ქრისტეს შესახებ ქადაგება. პეტრე და იოანე მოციქულებს უკვე მეორედ უწევთ სასამართლოს წინაშე წარდგომა, დანარჩენებს კი — პირველად.
მღვდელმთავარი მიმართავს 12 მოციქულს და ახსენებს მათ წინა სასამართლო პროცესს. მაშინ პეტრესა და იოანეს აუკრძალეს იესოს შესახებ სწავლება. ამაზე მათ პასუხად მიუგეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“. ამის შემდეგ იესოს მოწაფეებმა ლოცვაში გაბედულება სთხოვეს ღმერთს და განაგრძეს სასიხარულო ცნობის ქადაგება (საქმეები 4:18—31).
ვინაიდან პირველმა მუქარამ არ გაჭრა, მღვდელმთავარმა ამჯერად მათ მიმართა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ, აღარ გესწავლებინათ ამ სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლმა გვიწიოს“ (საქმეები 5:28).
მტკიცე გადაწყვეტილება
პეტრემ და სხვა მოციქულებმა გაბედულად თქვეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29). დიახ, როდესაც ადამიანთა განკარგულებები ეწინააღმდეგება იეჰოვას მოთხოვნებს, ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთa.
მოციქულების ეს სიტყვები, რომლებშიც ღვთისადმი ერთგულება ჩანს, უეჭველია, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა სინედრიონის წევრებზე. ამ წინამძღოლებისთვის ვინმეს რომ ეკითხა, საჭირო იყო თუ არა ღვთისადმი მორჩილება, ისინი ერთხმად მიუგებდნენ: „დაემორჩილეთ ღმერთს“. ბოლოს და ბოლოს, განა არ იცოდნენ მათ, რომ ღმერთი იყო სამყაროს უზენაესი მმართველი?
პეტრემ, როგორც ჩანს, ყველა მოციქულის სახელით თქვა, რომ ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით ისინი ადამიანებზე მეტად ღმერთს ემორჩილებოდნენ. ამგვარად, მან გააბათილა მოციქულთა მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდება, რომლითაც მათ დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. თავიანთი ერის ისტორიიდან სინედრიონის წევრებმა იცოდნენ იმ შემთხვევების შესახებ, როცა უდავოდ გამართლებული იყო ადამიანებზე მეტად ღვთისადმი მორჩილება. მაგალითად, ეგვიპტეში ორ ბებიაქალს ფარაონზე მეტად ღვთის ეშინოდა, რის გამოც ახალდაბადებულ ებრაელ ვაჟებს ცოცხლებს ტოვებდნენ (გამოსვლა 1:15—17). მეფე ხიზკია იეჰოვას დაემორჩილა და არა სინახერიბს, როდესაც ის პოზიციის დათმობისკენ მოუწოდებდა მას (2 მეფეები 19:14—37). ებრაულ წერილებში, რომლებიც კარგად იცოდნენ სინედრიონის წევრებმა, არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ იეჰოვა თავისი ხალხისგან მორჩილებას მოელის (1 სამუელი 15:22, 23).
მორჩილება ჯილდოვდება
უმაღლესი სასამართლოს, სულ მცირე, ერთ წევრზე მაინც იმოქმედა მოციქულების სიტყვებმა: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. გამალიელმა, სინედრიონის ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელსაც პატივს სცემდნენ, სასამართლოს წევრებს შესთავაზა, მოციქულები გარეთ გაეყვანათ და მისი რჩევა მოესმინათ. მან წარსული შემთხვევები მოიყვანა და თქვა, რომ არ იქნებოდა გონივრული მოციქულთა საქმიანობის შეჩერება. დასკვნისას გამალიელმა აღნიშნა: „ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ. . . თორემ შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“ (საქმეები 5:34—39).
გამალიელის გონივრულმა სიტყვებმა დაარწმუნა უმაღლესი სასამართლო, გაეთავისუფლებინათ მოციქულები. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მოციქულები არ შეშინდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:42).
მოციქულები ღმერთმა აკურთხა იმისათვის, რომ მის უზენაესობას უერთგულეს. დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს მსგავსი განწყობა აქვთ. იეჰოვას მოწმეები კვლავაც აღიარებენ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლად. როდესაც მათგან ღვთის მითითებების საპირისპიროდ მოქმედებას მოითხოვენ, ისინი მოციქულების მსგავსად პასუხობენ: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“.
[სქოლიოები]
a იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2006 წლის კალენდარი“, სექტემბერი/ოქტომბერი.
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
დაფიქრებულხართ?
საიდან შეიტყო სახარების დამწერმა ლუკამ, რა თქვა გამალიელმა სინედრიონის დახურულ სხდომაზე? შესაძლოა, ლუკას მისი სიტყვები ღმერთმა გაუმხილა. შეიძლება ლუკამ ეს გაიგო პავლესგან (გამალიელის ყოფილი მოწაფე). არც ისაა გამორიცხული, რომ გამალიელის სიტყვები ლუკამ სინედრიონის დადებითად განწყობილი რომელიმე წევრისგან შეიტყო.