იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „საქმეები“
ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმეები“ დაწვრილებით მოგვითხრობს ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისა და ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. ამ წიგნში, რომელიც ექიმმა ლუკამ დაწერა, ცოცხლად არის აღწერილი ქრისტიანების მოღვაწეობა, რომელიც 28-წლიან პერიოდს მოიცავს — ახ. წ. 33 წლიდან 61 წლამდე.
ეს წიგნი პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი პეტრე მოციქულის მოღვაწეობას ეხება, მეორე კი — პავლე მოციქულისას. ლუკა ხშირად იყენებდა ზმნებს პირველი პირის მრავლობით რიცხვში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი თავად იყო ზოგიერთი მოვლენის მომსწრე. წიგნ „მოციქულთა საქმეების“ მიმოხილვა უკეთესად დაგვანახვებს, თუ რა ძალა აქვს ღვთის სიტყვასა და მის წმინდა სულს (ებრ. 4:12). ეს წიგნი აგრეთვე აღგვძრავს, რომ გამოვავლინოთ თავგანწირვის სულისკვეთება და ღვთის სამეფოს იმედით განვიმტკიცოთ რწმენა.
პეტრე „სამეფოს გასაღებებს“ იყენებს
წმინდა სულის მიღების შემდეგ მოციქულებმა გაბედულად დაიწყეს ქადაგება. პეტრემ „ზეციერი სამეფოს“ პირველი გასაღებით ცოდნისკენ გზა გაუხსნა იუდეველებსა და პროზელიტებს. მათ ‘მიიღეს მისი სიტყვა’ და ღვთის სამეფოში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ (მათ. 16:19; საქ. 2:5, 41). დევნის ტალღამ მოწაფეები გაფანტა, თუმცა ამან ხელი შეუწყო სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებას.
სამარიელებმა ღვთის სიტყვა რომ მოისმინეს, მოციქულებმა მათთან პეტრე და იოანე გაგზავნეს იერუსალიმიდან. პეტრემ მეორე გასაღები გამოიყენა და ამჯერად სამარიელებს გაუხსნა გზა ღვთის სამეფოსკენ (საქ. 8:14—17). იესოს აღდგომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ საოცარი გარდატეხა მოხდა ტარსოსელი სავლეს ცხოვრებაში. ახ. წ. 36 წელს პეტრემ მესამე გასაღები გამოიყენა; უსასყიდლო ძღვენი, ანუ წმინდა სული წინადაუცვეთელ უცხოტომელებსაც მიეცათ (საქ. 10:45).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:44—47; 4:34, 35. რატომ ყიდდნენ მორწმუნეები თავიანთ ქონებას და რატომ უნაწილებდნენ თანამორწმუნეებს აღებულ ფულს? ბევრმა ახალმოქცეულმა ქრისტიანმა გრძელი გზა გაიარა იერუსალიმში ჩასასვლელად. მათ არ ჰქონდათ საკმარისი სახსრები, რომ იქ მეტხანს დარჩენილიყვნენ, არადა მათ სურდათ, მეტი გაეგოთ ახლადშეძენილი მრწამსის შესახებ და ექადაგათ. ამიტომ ზოგმა ქრისტიანმა გაყიდა თავისი ქონება და თანხა გაჭირვებულებს გაუნაწილა.
4:13. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პეტრე და იოანე გაუნათლებლები იყვნენ? არა. მათ „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანები იმიტომ უწოდეს, რომ განათლება რაბინთა სკოლაში არ ჰქონდათ მიღებული, სადაც ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ.
5:34—39. საიდან იცოდა ლუკამ, თუ რა თქვა გამალიელმა სინედრიონის დახურულ შეხვედრაზე? არსებობს სამი სავარაუდო მიზეზი: 1) პავლემ, გამალიელის ყოფილმა მოწაფემ, მოუთხრო ლუკას ამის შესახებ; 2) ლუკამ ეს ქრისტიანებისადმი სინედრიონის ერთ-ერთი კეთილგანწყობილი წევრისგან, მაგალითად ნიკოდემესგან გაიგო; 3) ლუკამ ეს ინფორმაცია ღვთის შთაგონებით მიიღო.
7:59. იესოს მიმართა სტეფანემ ლოცვით? არა. ადამიანი მხოლოდ იეჰოვას უნდა სცემდეს თაყვანს და მხოლოდ მის წინაშე უნდა აღავლენდეს ლოცვას (ლუკ. 4:8; 6:12). ჩვეულებრივ, სტეფანე ლოცვით იეჰოვას მიმართავდა იესოს სახელით (იოან. 15:16). მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტეფანემ იხილა „კაცის ძე, ღვთის მარჯვნივ მდგომი“ (საქ. 7:56). სტეფანე იესოს არ მიმართავდა ლოცვით, არამედ ელაპარაკებოდა და სთხოვდა, დაეცვა მისი სული, რადგან იცოდა, რომ იესოს ჰქონდა მიცემული მკვდრების აღდგენის ძალაუფლება (იოან. 5:27—29).
რას ვსწავლობთ:
1:8. მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა, რომელსაც იეჰოვას თაყვანისმცემლები ეწევიან, შეუძლებელია, განხორციელდეს წმინდა სულის დახმარების გარეშე.
4:36—5:11. კვიპროსელ იოსებს ბარნაბა შეარქვეს, რაც ნუგეშის ძეს ნიშნავს. მოციქულებმა მას ეს სახელი შეიძლება იმიტომ შეარქვეს, რომ ის იყო გულთბილი, კეთილი და მზად იყო სხვების დასახმარებლად. ჩვენ მას უნდა მივბაძოთ და არა ანანიასა და საფირას, რომლებიც თვალთმაქცურად და ცბიერად მოიქცნენ.
9:23—25. თუ მოწინააღმდეგეებს ვერიდებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხდალები ვართ.
9:28—30. თუ უბანზე ან რომელიმე ადამიანთან ქადაგების დროს ფიზიკური, სულიერი და მორალური საფრთხე გვემუქრება, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გონივრულად შევარჩიოთ ქადაგების დრო და ადგილი.
9:31. მშვიდობიან პერიოდში განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ, რწმენა განვიმტკიცოთ ღვთის სიტყვის კითხვითა და წაკითხულის გაანალიზებით. ეს დაგვეხმარება, რომ ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ, გულმოდგინედ ვიმსახუროთ და ღვთისმოშიშები ვიყოთ.
პავლე — გულმოდგინე მქადაგებელი
ახ. წ. 44 წელს აგაბე ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც ბარნაბა და სავლე „მთელი წელი“ ქადაგებდნენ. აგაბემ იწინასწარმეტყველა, რომ დაიწყებოდა „დიდი შიმშილობა“ და ორი წელი გასტანდა (საქ. 11:26—28). „ბარნაბამ და სავლემ დახმარება ჩაიტანეს იერუსალიმში“ და შემდეგ ანტიოქიაში დაბრუნდნენ (საქ. 12:25). ახ. წ. 47 წელს, სავლეს გაქრისტიანებიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ, ბარნაბა და სავლე წმინდა სულის ხელმძღვანელობით პირველად წავიდნენ მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 13:1—4). ახ. წ. 48 წელს კი ანტიოქიაში დაბრუნდნენ, „სადაც ერთ დროს ისინი ღვთის წყალობას მიანდეს“ (საქ. 14:26).
დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ პავლემ (იგივე სავლემ) თავის თანამსახურად სილა ამოირჩია და მეორედ წავიდა მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 15:40). გზაში პავლეს ტიმოთე და ლუკა შეუერთდნენ. ლუკა ფილიპეში დარჩა, ხოლო პავლე ათენში გაემგზავრა, იქიდან კი — კორინთში, სადაც აკვილას და პრისკილას შეხვდა. იქ პავლემ წელიწადი და ექვსი თვე დაჰყო (საქ. 18:11). პავლემ ტიმოთე და სილა კორინთში დატოვა, თვითონ კი აკვილა და პრისკილა გაიყოლა და ახ. წ. 52 წლის დასაწყისში სირიისკენ გაემგზავრა (საქ. 18:18). შემდეგ ეფესოში ჩავიდა მათთან ერთად. ისინი იქ დატოვა, ხოლო თვითონ ეფესოდან სხვაგან გაემგზავრა.
გარკვეული ხანი პავლემ სირიის ანტიოქიაში დაჰყო და ახ. წ. 52 წელს მესამედ გაემგზავრა მისიონერული მსახურების შესასრულებლად (საქ. 18:23). ეფესოში „იზრდებოდა და ძლიერდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქ. 19:20). პავლე იქ სამი წელი დარჩა (საქ. 20:31). ახ. წ. 56 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პავლე იერუსალიმში იმყოფებოდა. დაპატიმრების შემდეგ მან ხელისუფლების წარმომადგენლებს უშიშრად უქადაგა. რომში პავლე ორი წელი (ახ. წ. დაახლოებით 59—61 წწ.) შინა პატიმრობაში იყო. პავლე იქაც კი ქადაგებდა სამეფოს შესახებ და ასწავლიდა „უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:30, 31).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
14:8—13. რატომ შეარქვეს ლისტრელებმა „ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს — ჰერმესი“? ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსი ღმერთების მბრძანებელი იყო. მისი ვაჟი, ჰერმესი ცნობილი იყო თავისი მჭევრმეტყველებით. იმის გამო, რომ საუბარი პავლეს მიჰყავდა, ლისტრელებმა მას ჰერმესი შეარქვეს, ბარნაბას კი — ზევსი.
16:6, 7. რატომ აუკრძალა ქადაგება წმინდა სულმა პავლეს და მის თანამსახურებს აზიასა და ბითინიაში? ვინაიდან მქადაგებლები ცოტანი იყვნენ, წმინდა სულის ხელმძღვანელობით ისინი იქ წავიდნენ, სადაც ქადაგება მეტ ნაყოფს გამოიღებდა.
18:12—17. რატომ არ მიიღო არავითარი ზომები პროკონსულმა გალიონმა, როდესაც სოსთენეს სცემდნენ? გალიონი შესაძლოა ფიქრობდა, რომ პავლეს წინააღმდეგ ბრბო სოსთენემ წააქეზა და ამიტომ სამართლიანად დაისაჯა. თუმცა ამას, როგორც ჩანს, კარგი შედეგი მოჰყვა. სოსთენე ქრისტიანი გახდა. მოგვიანებით პავლემ სოსთენე ძმად მოიხსენია (1 კორ. 1:1).
18:18. რა აღთქმა დადო პავლემ? ზოგიერთი სწავლულის აზრით, პავლეს ნაზირობის აღთქმა ჰქონდა დადებული (რიცხ. 6:1—21). თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს, რა აღთქმა იყო ეს. წმინდა წერილებიდან არც ის ვიცით, პავლემ ეს აღთქმა გაქრისტიანებამდე დადო თუ გაქრისტიანების შემდეგ; ჩვენ არც ის ვიცით, აღთქმის დადების ნიშნად გაიკრიჭა თავი თუ აღთქმის შესრულების ნიშნად. როგორც უნდა ყოფილიყო, ასეთი აღთქმის დადება ცოდვა არ იყო.
რას ვსწავლობთ:
12:5—11. ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი ძმებისთვის.
12:21—23; 14:14—18. ჰეროდემ მიისაკუთრა დიდება, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. რამდენად განსხვავდებოდნენ პავლე და ბარნაბა ჰეროდესგან, რომლებმაც თავიანთი მტკიცე მოქმედებით არ შეიფერეს განდიდება. იეჰოვას მსახურებაში რა წარმატებასაც უნდა მივაღწიოთ, განდიდებისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ.
14:5—7. გონიერება დაგვეხმარება, რომ განვაგრძოთ მსახურება (მათ. 10:23).
14:22. ქრისტიანებმა იციან, რომ განსაცდელების გადატანა მოუწევთ. ისინი არ არღვევენ ქრისტიანულ პრინციპებს განსაცდელების თავიდან არიდების მიზნით (2 ტიმ. 3:12).
16:1, 2. ქრისტიანი ახალგაზრდები სულიერი მოწიფულობისკენ უნდა ისწრაფოდნენ და უნდა ეცადონ, რომ იეჰოვას დახმარებით კარგი რეპუტაცია შეიქმნან.
16:3. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სასიხარულო ცნობა ხალხისთვის ადვილად მისაღები გავხადოთ, ოღონდ არა ისე, რომ ბიბლიური პრინციპები დავარღვიოთ (1 კორ. 9:19—23).
20:20, 21. კარდაკარ ქადაგება მსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
20:24; 21:13. ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება საკუთარი თავის გადარჩენაზე მნიშვნელოვანია.
21:21—26. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გონივრული რჩევის მისაღებად.
25:8—12. ქრისტიანებს შეუძლიათ და უნდა ისარგებლონ კიდეც ქვეყნის კანონებით „სასიხარულო ცნობის დასაცავად და კანონით განსამტკიცებლად“ (ფილ. 1:7).
26:24, 25. ჩვენ ‘საღად უნდა ვიაზროვნოთ და ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ’, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ხორციელი ადამიანისთვის“ სისულელედ ითვლება (1 კორ. 2:14).
[სურათი 30 გვერდზე]
როდის გამოიყენა პეტრემ „სამეფოს გასაღებები“?
[სურათი 31 გვერდზე]
მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის განხორციელება წმინდა სულის დახმარების გარეშე შეუძლებელია