უხრწნელობა
სხეულის თვისება, რომელიც გამორიცხავს ლპობას, ხრწნასა და განადგურებას.
უხრწნელობის თემა მხოლოდ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში განიხილება. „უხრწნელობა“ ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან აფთარსია. თავსართი ა- უარყოფითი ნაწილაკია, რომელიც ერთვის სიტყვა ფთიროს ერთ-ერთ ფორმას, ეს უკანასკნელი კი გარყვნას, გახრწნას ნიშნავს (1კრ. 15:33; 2კრ. 7:2), შესაბამისად, დეგრადირებასა და დაქვეითებას. მასში მოკვლა და განადგურებაც იგულისხმება (2პტ. 2:12). ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა ზედსართავი სახელის ფორმითაც (აფთარტოს, უხრწნელი) გვხვდება.
ხრწნა და ხრწნადობა. ვიდრე უხრწნელობაზე ვიმსჯელებთ, კარგი იქნება, თუ ჯერ იმ ბერძნულ სიტყვებს გამოვიკვლევთ, რომლებიც ხრწნისა და ხრწნადობის აღსანიშნავად გამოიყენება. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ხრწნადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ხრწნადია, აუცილებლად გაიხრწნება.
ხრწნა და ხრწნადობა დამახასიათებელია როგორც მატერიალურისთვის, ისე არამატერიალურისთვის. გვირგვინი, რომლის მოსაპოვებლად ბერძენი ათლეტები იბრძოდნენ, ხრწნადი იყო, დაშლას ექვემდებარებოდა, ფუჭდებოდა და ნადგურდებოდა (1კრ. 9:25). ოქროც (იშლება თეზაფში ანუ აზოტმჟავისა და მარილმჟავის ნარევში) და ვერცხლიც ხრწნადია (1პტ. 1:18; შდრ. იაკ. 5:3). ხომალდებიც იმსხვრევა (სიტყვასიტყვით იხრწნება — დიაფთირო) ანუ კარგავს მთლიანობას (გმც. 8:9). იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული „დედამიწის მომსპობებთან“ დაკავშირებით (გმც. 11:18). ადამიანი ხორციელი ქმნილებაა და ხრწნას ექვემდებარება (რმ. 1:23); მისი არასრულყოფილი სხეული ავადდება, კვდება, საბოლოოდ კი იშლება და იხრწნება (სქ. 13:36). ხრწნილებას შეიძლება არამატერიალურიც დაექვემდებაროს, მაგალითად, ცუდმა საზოგადოებამ შეიძლება კარგი ჩვევები გახრწნას (1კრ. 15:33); ადამიანს შეიძლება გონებაც გაეხრწნას და ზურგი აქციოს გულწრფელობას, სიწმინდესა და ჭეშმარიტებას (2კრ. 11:3; 1ტმ. 6:5; 2ტმ. 3:8), რაც მის ზნეობრივ დეგრადაციას ანუ გახრწნას გამოიწვევს (ეფ. 4:22; იუდ. 10).
სრულყოფილი ადამიანის სხეულიც ხრწნადია იმ გაგებით, რომ ისიც შეიძლება დაექვემდებაროს განადგურებას. სწორედ ამიტომ თქვა მოციქულმა პავლემ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო „აღარასოდეს დაუბრუნდებოდა ხრწნას“ (სქ. 13:34) ანუ არასდროს დაიბრუნებდა ხრწნად ადამიანურ სხეულს. ღმერთმა არ დაუშვა, რომ მისი ძის ხორციელი სხეული საფლავში გახრწნილიყო (სქ. 2:31; 13:35—37). მკვდრეთით აღმდგარი იესო არ დაბრუნებულა იმავე სხეულში, რადგან მოციქული პეტრე ამბობს, რომ იესო „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“ (1პტ. 3:18). როგორც ჩანს, ღმერთმა სასწაულებრივად გააქრო ეს სხეული და მას ხრწნა არ განუცდია (იხ. სხეული [ქრისტეს ხორციელი სხეული]).
მართალია, ანგელოზები სულიერი ქმნილებები არიან, მაგრამ მათი სხეულებიც ხრწნადია, რადგან ისინიც ექვემდებარებიან განადგურებას (მთ. 25:41; 2პტ. 2:4; შდრ. ლკ. 4:33, 34).
როგორ დაემონა ადამიანი ხრწნას. მართალია, სრულყოფილ ადამს ხრწნადი სხეული ჰქონდა, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი ურჩობის გამო დაემონა ხრწნას, შედეგად მისი შთამომავლობა და მთელი კაცთა მოდგმა ხრწნას დაექვემდებარა (რმ. 8:20—22). ხრწნის მონობა ცოდვის შედეგია (რმ. 5:12). ცოდვა სხეულს არასრულყოფილს ხდის, რაც მისი დეგრადირების, დასნეულების, დაბერებისა და სიკვდილის მიზეზია. ასე რომ, „ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის“ და ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, რომელსაც სულისთვის მთესველნი მიიღებენ (გლ. 6:8; შდრ. 2პტ. 2:12, 18, 19).
როგორ აღწევენ ქრისტიანები უხრწნელობას. ებრაულ წერილებში ძირითადად ადამიანის სულის მოკვდაობაზეა საუბარი, უხრწნელობაზე კი პირდაპირ არაფერია ნათქვამი. ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე იესო ქრისტეზე, რომ მან „სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (2ტმ. 1:10). იესოს მეშვეობით ღმერთმა გააცხადა წმინდა საიდუმლო თავისი განზრახვის შესახებ, რომლის თანახმადაც ცხებულ ქრისტიანებს მის ძესთან ერთად ზეცაში მეფობის შესაძლებლობა მიეცემოდათ (ლკ. 12:32; ინ. 14:2, 3; შდრ. ეფ. 1:9—11). ღმერთმა აღადგინა იესო ქრისტე, მათი მხსნელი და, ამგვარად, მათ მისცა „უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობის“ მიღების იმედი, რომელიც „ზეცაში ინახება“ (1პტ. 1:3, 4, 18, 19; შდრ. 1კრ. 9:25). ეს ქრისტიანები ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას იბადებიან ხელახლა და ღვთის სულიერი ძეები ხდებიან, რადგან მათი შობა ხდება „ცოცხალი და მარადიული ღვთის სიტყვის მეშვეობით“, „არა ხრწნადი, არამედ ნაყოფიერი უხრწნელი თესლის“ მეშვეობით (1პტ. 1:23; შდრ. 1ინ. 3:1, 9).
მიუხედავად იმისა, რომ ზეციერი მოწოდების ქრისტიანებს ღმერთი ისე ეპყრობა, როგორც თავის სულიერ ძეებს და მათ უხრწნელ მემკვიდრეობას ჰპირდება, ისინი, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრობენ, უკვდავნი და უხრწნელნი არ არიან. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ისინი „დიდებას, პატივსა და უხრწნელობას ეძებენ“, რისთვისაც მოთმინებით აკეთებენ სიკეთეს (რმ. 2:6, 7). უხრწნელობის ძიება მხოლოდ ზნეობრივი ბიწიერებისგან გათავისუფლებას როდი ნიშნავს. მათ უკვე დააღწიეს თავი „ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში“ (2პტ. 1:3, 4), რადგან ქრისტეს კვალს მიჰყვებიან და სწამთ, რომ ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს; გარდა ამისა, მათ „უხრწნელი სიყვარულით უყვართ ჩვენი უფალი იესო ქრისტე“ და შეურყვნელად ასწავლიან (ეფ. 6:24; ტიტ. 2:7, 8). პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილიდან ვიგებთ, რომ უხრწნელობა (დიდებასა და პატივთან ერთად), რომელსაც ისინი ასე ერთგულად და შეუპოვრად ეძებენ, არის ის დიდება, რომელსაც ისინი ღვთის ნამდვილ სულიერ ძეებად აღდგენის შემდეგ მიიღებენ.
უკვდავი და უხრწნელი სიცოცხლისთვის აღდგენილნი. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე იესო უკვდავი გახდა და შესაბამისად, „მოუსპობელი სიცოცხლე“ მოიპოვა (1ტმ. 6:15, 16; ებ. 7:15—17). ვინაიდან მკვდრეთით აღმდგარი იესო „ზუსტად წარმოგვიდგენს“ თავის მამას, უხრწნელ ღმერთს, მის მსგავსად ისიც უხრწნელია (ებ. 1:3; 1ტმ. 1:17).
ქრისტესთან აღდგომის მსგავსებით გაერთიანებული სამეფოს თანამემკვიდრეები სულიერ ქმნილებებად აღდგებიან არა მხოლოდ მარადიული სიცოცხლის, არამედ უკვდავებისა და უხრწნელობის მისაღებად. მათ ერთგულად განვლეს ცხოვრება ღვთის სამსახურში, ხრწნად სხეულებში დაიხოცნენ და ახლა უკვე, როგორც პავლე 1 კორინთელების 15:42—54-ში ამბობს, უხრწნელ სულიერ სხეულებს იღებენ. აქედან გამომდინარე, უკვდავება არის სიცოცხლის ის ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უსასრულობა და მოუსპობლობა; უხრწნელობაში კი მოიაზრება ღვთისგან ბოძებული ისეთი სხეულის ქონა, რომელიც გახრწნასა და განადგურებას არ ექვემდებარება. ასე რომ, ღმერთი აძლევს მათ თვითარსებობის უნარს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა ხორციელი თუ სულიერი ქმნილებებისგან განსხვავებით მათი ენერგიის წყარო გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. აქედან ჩანს იეჰოვას ნდობა სულითცხებულების მიმართ. მაგრამ, მიუხედავად მათი დამოუკიდებელი და მოუსპობელი მდგომარეობისა, ისინი მაინც ღვთის მეთვალყურეობის ქვეშ არიან და თავიანთი თავის, ქრისტე იესოს მსგავსად განაგრძობენ მამის ნების შესრულებას (1კრ. 15:23—28; იხ. უკვდავება; სული (I)).