ტიმოთე
[ნიშნავს ღვთის პატივისმცემელს] — ებრაელი ქალის, ევნიკეს ვაჟი, მამით ბერძენი (მამის სახელი ბიბლიაში არ გვხვდება). დედამისი და, სავარაუდოდ, ბებია ლოისი მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ „წმინდა წერილებს“ (სქ. 16:1; 2ტმ. 1:5; 3:15). ტიმოთეს გაქრისტიანების დრო უცნობია, თუმცა ახ. წ. 49 წლის ბოლოს ან 50 წლის დასაწყისში, როდესაც მოციქული პავლე მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს ლისტრაში ჩავიდა (სავარაუდოდ, ტიმოთეს სახლში დარჩა), ტიმოთეს (ამ დროს შესაძლოა ის 20 წლამდე ან ოდნავ მეტის იყო) „ლისტრელი და იკონიონელი ძმები ... დადებითად ახასიათებდნენ“ (სქ. 16:2).
შესაძლოა იმ დროს ღვთის სულის მოქმედებით წარმოითქვა ზოგი წინასწარმეტყველება, რომელიც ტიმოთესა და მის მომავალ მსახურებას ეხებოდა. ამიტომ პავლე მოციქულმა და კრების უხუცესებმა ხელები დაადეს მას და ქრისტიანული კრების მსახურება მიანდეს (1ტმ. 1:18; 4:14; 2ტმ. 1:6; შდრ. სქ. 13:3). პავლემ ტიმოთე თანამგზავრად აირჩია და წინადაცვითა, რათა იუდეველებისთვის დაბრკოლების საბაბი არ მიეცა (სქ. 16:3).
პავლესთან ერთად მოგზაურობა. ტიმოთე პავლესთან ერთად მსახურობდა ფილიპეში, თესალონიკესა და ბერეაში (სქ. 16:11—17:10). როდესაც პავლეს ფანატიკურად განწყობილი იუდეველების წინააღმდეგობის გამო ბერეის დატოვება მოუწია, მან იქ ახალმოქცეულ მორწმუნეებზე საზრუნავად სილა და ტიმოთე დატოვა (სქ. 17:13—15). გარკვეული დროის შემდეგ პავლემ, როგორც ჩანს, წერილი გაგზავნა ბერეაში და ტიმოთეს თესალონიკელი ძმების მონახულება და გამხნევება დაავალა, რათა მათ გასაჭირის მიუხედავად ერთგულება შეენარჩუნებინათ (1თს. 3:1—3; იხ. ათენი [პავლე ათენში]). როცა ტიმოთე პავლეს კვლავ შეხვდა (სავარაუდოდ კორინთში), თესალონიკელი ქრისტიანების ერთგულებისა და სიყვარულის ამბავი ახარა (სქ. 18:5; 1თს. 3:6). მოგვიანებით თესალონიკელებისთვის მიწერილი წერილის მისასალმებელ სიტყვაში პავლემ სილვანუსი (სილა) და ტიმოთე მოიხსენია. ასევე მოიქცა ის თესალონიკელების მიმართ მეორე წერილის მიწერისას (1თს. 1:1; 2თს. 1:1).
ტიმოთე პავლე მოციქულს მესამე მისიონერული მოგზაურობის (დაახლ. ახ. წ. 52—56) დროსაც თან ახლდა (შდრ. სქ. 20:4). ეფესოში ყოფნისას (1კრ. 16:8) პავლემ კორინთელებს თავის პირველ წერილში მისწერა: „გიგზავნით ტიმოთეს, ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში. ის გაგახსენებთ, როგორ ვასწავლიდი ქრისტე იესოში, რასაც დღემდე ვაკეთებ ყველგან, ყველა კრებაში“ (1კრ. 4:17). თუმცა წერილის ბოლოში პავლემ აღნიშნა, რომ ტიმოთე, შესაძლოა, ვეღარ ჩასულიყო კორინთში: „ტიმოთე თუ მოვა, იცოდეთ, შიში არ დაეუფლოს, რადგან ის იეჰოვას საქმეს აკეთებს, როგორც მე“ (1კრ. 16:10). თუ ტიმოთე კორინთში ჩავიდა, ეს ეფესოდან მისი და ერასტეს მაკედონიაში გამგზავრებამდე მოხდებოდა, რადგან ტიმოთე და პავლე ერთად იყვნენ მაკედონიაში იმ დროს, როცა პავლემ კორინთელებს მეორე წერილი მისწერა (ტიტეს და არა ტიმოთეს მიერ მიწოდებული ცნობის საფუძველზე) (სქ. 19:22; 2კრ. 1:1; 2:13; 7:5—7). ტიმოთე, როგორც ჩანს, ვერ ჩავიდა კორინთში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ კორინთელების მიმართ მიწერილ მეორე წერილში პავლე არაფერს ამბობს ტიმოთეს იქ ყოფნის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი კორინთში ერთად იყვნენ (2კრ. 1:19). მოგვიანებით, როცა პავლემ რომაელებს წერილი მისწერა (სავარაუდოდ კორინთიდან, გაიუსის სახლიდან), ტიმოთე კვლავ მასთან ერთად იყო (შდრ. რმ. 16:21, 23; 1კრ. 1:14).
პავლემ ტიმოთე ფილიპელების (1:1), კოლოსელებისა (1:1) და ფილიმონის (მუხლ. 1) მიმართ მიწერილი წერილების მისასალმებელ სიტყვებშიც მოიხსენია. ეს წერილები მოციქულმა რომში პირველი პატიმრობისას დაწერა. სავარაუდოდ, რომში ტიმოთეც იყო დაპატიმრებული ფილიპელების მიმართ წერილის დაწერიდან ებრაელების მიმართ წერილის დაწერამდე რაღაც დროის განმავლობაში (ფლ. 2:19; ებ. 13:23).
უფლებამოსილება და გამოცდილება. პავლეს გათავისუფლების შემდეგ ტიმოთე კვლავ შეუერთდა მას მსახურებაში და მისი მითითებისამებრ ეფესოში დარჩა (1ტმ. 1:1—3). იმ დროს (დაახლ. ახ. წ. 61—64) ტიმოთე შესაძლოა 30 წელს იყო გადაცილებული; მას მიცემული ჰქონდა კრებაში ზედამხედველებისა და მომსახურეების დანიშვნის უფლებამოსილება (1ტმ. 5:22). ტიმოთეს თავისუფლად შეეძლო ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება, რადგან იგი პავლე მოციქულის მხარდამხარ, სულ მცირე, თერთმეტ წელს მსახურობდა. მის შესახებ პავლე წერდა: „არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე ... თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი, როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (ფლ. 2:20—22). თავად ტიმოთეს კი მისწერა: „ყოველთვის გიხსენებ ვედრებაში და დღედაღამ შენს ნახვას ვნატრობ, შენი ცრემლები რომ მახსენდება, რათა სიხარულით ავივსო. ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო რწმენას“ (2ტმ. 1:3—5).
ტიმოთე კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო ხშირ-ხშირად ავადმყოფობდა (1ტმ. 5:23), მაგრამ და-ძმებისთვის თავს არ ზოგავდა. მან თავისი კარგი თვისებებით შეაყვარა თავი მოციქულ პავლეს, რომელიც სიკვდილის წინ მის ნახვას ნატრობდა (2ტმ. 4:6—9). ახალგაზრდული ასაკის გამო ტიმოთე, შესაძლოა, გაუბედავად და მორიდებულად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას (შდრ. 1ტმ. 4:11—14; 2ტმ. 1:6, 7; 2:1). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის აღიარებდა თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს და შორს იდგა სიამაყისგან.