გაკვეთილი 48
გონივრული მიდგომა
ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, და გვსურს, იგივე კურთხევა სხვებმაც გამოცადონ საკუთარ თავზე. გარდა ამისა, გვესმის, რომ ადამიანების მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას (მათ. 7:13, 14; იოან. 12:48). ჩვენ გულწრფელად გვსურს, მათ ჭეშმარიტება გაიგონ. მაგრამ საუკეთესო შედეგების მისაღწევად საკმარისი არ არის დამაჯერებლობა და მონდომება; საჭიროა, გონივრული მიდგომაც.
შენი თვალსაზრისის დასამტკიცებლად არაერთი ბიბლიური მუხლიც რომ მოიყვანო, კარგ შედეგს არ მოიტანს, თუ პირდაპირ განუცხადებ ადამიანს, რომ არასწორია ის, რაც მას სწამს. მაგალითად, საეჭვოა, მსმენელმა შეიცვალოს თვალსაზრისი ამა თუ იმ დღესასწაულის შესახებ, თუ მხოლოდ იმას ეტყვი, რომ ეს დღესასწაული წარმართული წარმოშობისაა. გონივრული მიდგომით უკეთეს შედეგს მიაღწევ. რა იგულისხმება გონივრულ მიდგომაში?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზემოდან მომავალი სიბრძნე . . . მშვიდობიანი[ა], ახასიათებს გონიერება“ (იაკ. 3:17). ბერძნული სიტყვა, რომელიც „გონიერებად“ არის ნათარგმნი, პირდაპირი გაგებით „დამთმობს“ ნიშნავს. ზოგ თარგმანში ის ნათარგმნია როგორც „სხვებისთვის ანგარიშის გამწევი“, „ლმობიერი“ ან „შემწყნარებელი“. ყურადღება მიაქციე, რომ გონიერება მშვიდობისმოყვარეობას უკავშირდება. ტიტეს 3:2-ში ის რბილ ხასიათთან ერთად არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს „ჩხუბის ამტეხი“. ფილიპელების 4:5 მოგვიწოდებს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“. კეთილგონიერი ადამიანი მხედველობაში იღებს მოსაუბრის წარსულს, მდგომარეობას, გრძნობებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დაუთმოს მას. შეიძლება ასეთმა მიდგომამ მოსაუბრე უფრო მეტად განაწყოს მოსასმენად და უკეთესად მიიღოს ნათქვამი, როდესაც მასთან ბიბლიის საფუძველზე ვიმსჯელებთ.
რით უნდა დაიწყო. ლუკა მოგვითხრობს, რომ პავლე თესალონიკეში წმინდა წერილების საფუძველზე ხალხს „უხსნიდა და . . . უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო“ (საქ. 17:2, 3). აღსანიშნავია, რომ ეს იუდეველთა სინაგოგაში ხდებოდა. პავლეს მსმენელები ებრაულ წერილებს ავტორიტეტულად თვლიდნენ. ამიტომაც გონივრული იყო საუბრის დაწყება იმით, რასაც ისინი აღიარებდნენ.
ათენის არეოპაგში ბერძნებთან საუბარი კი პავლეს წმინდა წერილებით არ დაუწყია. საუბრის დასაწყებად და მსჯელობის საფუძვლად მან ის გამოიყენა, რაც ბერძნებისთვის ნაცნობი და მისაღები იყო. პავლემ მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკა შემოქმედსა და მის განზრახვებზე (საქ. 17:22—31).
დღეს ხალხის უმრავლესობა საჭიროდ არ თვლის ბიბლიური ნორმებით ცხოვრებას. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ქვეყნიერებაში თითქმის ყველა ხვდება სერიოზულ პრობლემებს. ხალხი შვებას ნატრობს. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება, მსმენელებს თავიდანვე დაანახვო, რომ ის, რაც მათ აღელვებს, შენც გაღელვებს; შემდეგ კი აჩვენე, რა არის ნათქვამი ბიბლიაში ამ პრობლემების შესახებ. ასეთი გონივრული მიდგომის შედეგად ისინი უფრო მეტად განეწყობიან იმის მოსასმენად, რასაც ბიბლია ამბობს ადამიანების მიმართ ღვთის განზრახვასთან დაკავშირებით.
ბიბლიის ზოგი შემსწავლელისთვის გარკვეული რელიგიური შეხედულებები და წეს-ჩვეულებები შეიძლება მშობლებისგან მიღებული ერთგვარი მემკვიდრეობა იყოს. მაგრამ ბიბლიის შემსწავლელმა დაინახა, რომ ღმერთს არ მოსწონს ეს შეხედულებები და წეს-ჩვეულებები. მან უარყო ყველაფერი, რაც ღვთისთვის მიუღებელია და ირწმუნა ის, რასაც ბიბლია გვასწავლის. როგორ უნდა აუხსნას მშობლებს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? მშობლებს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ მათ მიერ გადაცემული რელიგიური შეხედულებების უარყოფით ის მათაც უარყოფს. ამიტომ ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ საჭიროა ჯერ სიტყვითა თუ საქმით დაუმტკიცოს სიყვარული და პატივისცემა მშობლებს, სანამ მათ ბიბლიის დახმარებით აუხსნის, რის საფუძველზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
როდის უნდა დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ნებისმიერი ადამიანისთვის ბრძანებების მიცემის სრული უფლება აქვს, ის გონივრული მიდგომის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. როდესაც ლოტი და მისი ოჯახის წევრები სოდომიდან უნდა გაქცეულიყვნენ, იეჰოვას ანგელოზმა ლოტი გააფრთხილა: „მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“. მაგრამ ლოტი შეევედრა: „ოღონდ ეს არა, იეჰოვა!“. მან იეჰოვას სთხოვა, ცოარში გაქცევის ნება მიეცა. იეჰოვამ გაითვალისწინა ლოტის თხოვნა და დასთანხმდა. ამიტომაც ღმერთმა ცოარი დაინდო, როდესაც სხვა ქალაქები გაანადგურა. იეჰოვას მითითებისამებრ, ლოტი მოგვიანებით მაინც მთაში დასახლდა (დაბ. 19:17—30). იეჰოვამ შესანიშნავად იცოდა, რომ თავიდანვე სწორ მითითებას აძლევდა, მაგრამ, ვიდრე ამას ლოტი მიხვდებოდა, გაგებითა და მოთმინებით მოეკიდა მას.
სხვებთან ურთიერთობაში ჩვენც გვჭირდება გონივრული მიდგომა. დავუშვათ, დარწმუნებული ვართ, რომ მოსაუბრე ცდება და ამის დასამტკიცებლად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანაც შეგვიძლია. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, არ ვაიძულოთ ადამიანს იმის თქმა, რომ ცდება. თუმცა გონივრული მიდგომა იეჰოვას ნორმებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ ნიშნავს. ზოგჯერ უკეთესია, მოსაუბრეს უბრალოდ მადლობა გადაუხადო აზრის გამოთქმისთვის და ყურადღება არ გაამახვილო არასწორ ნათქვამზე, რათა დრო ისეთ საკითხზე მსჯელობას დაუთმო, რაც ბევრად უკეთეს შედეგს მოიტანს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსაუბრე შენს თვალსაზრისს აკრიტიკებს, შეეცადე, არ გაღიზიანდე. შეგიძლია ჰკითხო, რამ შეუქმნა ასეთი თვალსაზრისი. ყურადღებით მოუსმინე პასუხს. ასე წარმოდგენა შეგექმნება მის შეხედულებებზე. გარდა ამისა, ამგვარად შეიძლება სამომავლოდ უფრო ნაყოფიერ საუბარს ჩაუყარო საფუძველი (იგავ. 16:23; 19:11).
იეჰოვამ ადამიანები არჩევნის გაკეთების უნარით დააჯილდოვა. ის ყველას აძლევს ამ უნარის გამოყენების შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ სწორ არჩევანს. იესო ნავეს ძემ ისრაელებს იეჰოვას სახელით შეახსენა, როგორ ეპყრობოდა ის მათ წარსულში, რის შემდეგაც უთხრა: „თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით, იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ, მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იესო 24:15). ჩვენ დავალებული გვაქვს ‘დამოწმება’. ქადაგებისას დამაჯერებლად ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენს რწმენას ხალხს თავს არ ვახვევთ (მათ. 24:14). ყველამ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს. ამის უფლებას ჩვენ არავის ვართმევთ.
დაუსვი კითხვები. იესომ ადამიანებთან მიდგომის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. ის მხედველობაში იღებდა მსმენელებს და ისეთ მაგალითებს იყენებდა, რომლებიც მათთვის გასაგები და მისაღები იყო. იესო ეფექტურად იყენებდა შეკითხვებსაც. ამით სხვებს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას აძლევდა და ხედავდა, რა ჰქონდათ გულში. გარდა ამისა, შეკითხვები მსმენელებს აღძრავდა, ემსჯელათ თემაზე, რომლის შესახებაც საუბრობდნენ.
ერთხელ ერთმა კანონის მცოდნემ იესოს ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. იესოსთვის ძნელი არ იქნებოდა პასუხის მაშინვე გაცემა. მაგრამ მან ამ მამაკაცს ჰკითხა, თვითონ რას ფიქრობდა ამის შესახებ: „კანონში რა წერია? რას კითხულობ?“. კანონის მცოდნემ სწორად უპასუხა. დამთავრდა ამით მათი საუბარი? არა. იესომ მას საუბრის გაგრძელების საშუალება მისცა. შეკითხვა, რომელიც კანონის მცოდნემ შემდეგ დასვა, იმაზე მეტყველებდა, რომ თავის გამართლება უნდოდა. მან იესოს ჰკითხა: „კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესოს მისთვის პირდაპირ არ უთქვამს, ვინ იყო მისი მოყვასი, რადგან სხვა ეროვნების ადამიანებისა და სამარიელების მიმართ იუდეველებში გავრცელებული თვალსაზრისის გამო შესაძლებელია, კანონის მცოდნე შეჰკამათებოდა. იესომ დასაფიქრებლად მას მოუყვანა იგავი კეთილ სამარიელზე, რომელმაც გაძარცულ და ნაცემ მგზავრს დახმარება აღმოუჩინა, მაშინ როდესაც მღვდელმა და ლევიანმა ყურადღება არ მიაქციეს. იესომ მარტივი კითხვა დაუსვა კანონის მცოდნეს, რათა დარწმუნებულიყო, რომ მან გაიგო ნათქვამის არსი. იესოს გონივრული მიდგომის წყალობით სიტყვა „მოყვასმა“ კანონის მცოდნესთვის სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა (ლუკ. 10:25—37). ჩვენც უნდა მივბაძოთ იესოს. ნაცვლად იმისა, რომ სულ ჩვენ ვილაპარაკოთ და მსმენელის მაგივრად გავაკეთოთ დასკვნები, უნდა ვისწავლოთ ტაქტიანი შეკითხვებისა და მაგალითების გამოყენება, რათა დავაფიქროთ ის.
მოიყვანე არგუმენტები. პავლე მოციქული თესალონიკეს სინაგოგაში არ შემოფარგლულა მსმენელებისთვის ავტორიტეტული წმინდა წერილების წაკითხვით. როგორც ლუკა გვაუწყებს, პავლე მათ წაკითხულს უხსნიდა, უმტკიცებდა და მის პრაქტიკულ ღირებულებას ანახვებდა. ამის შედეგად „ზოგმა მათგანმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა“ (საქ. 17:1—4).
ასეთი მიდგომა ყოველთვის ეფექტურია იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის შენი მსმენელი. როდესაც თანამშრომლებს, თანაკლასელებს, ნათესავებს თუ უცნობებს უქადაგებ, ბიბლიის შესწავლას ატარებ ან კრებაში მოხსენებით გამოდიხარ, სწორედ ასე უნდა იმსჯელო. ბიბლიური მუხლი, რომელსაც კითხულობ, შეიძლება შენთვის სავსებით გასაგები იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვისთვისაც გასაგები იქნება. მუხლის ახსნისას შენი ნათქვამი შეიძლება დოგმატურად ჟღერდეს. დაგეხმარებოდა ამის თავიდან აცილებაში მუხლიდან ძირითადი სიტყვების გამოყოფა და მათი მნიშვნელობის ახსნა? შეგეძლო კონტექსტიდან ან სხვა მუხლიდან მოგეყვანა დამამტკიცებელი აზრი? რაიმე მაგალითით ხომ არ დაარწმუნებდი მსმენელს ნათქვამის სისწორეში? იქნებ შეკითხვები დაეხმარებოდა მსმენელებს მასზე მსჯელობაში? ასეთი გონივრული მიდგომით კარგ შთაბეჭდილებას დატოვებ მსმენელებზე და ბევრ რამეზე დააფიქრებ მათ.