იოანე
[მომდინარეობს ებრაული სახელიდან იეჰოხანანი, რაც ნიშნავს იეჰოვა წყალობას ავლენს, იეჰოვა მწყალობელია].
1. იოანე ნათლისმცემელი. ზაქარიასა და ელისაბედის ვაჟი. იესოს წინამორბედი. იოანეს მშობლები აარონის სამღვდელო საგვარეულოდან იყვნენ. ზაქარია მღვდელი იყო აბიას ცვლაში (ლკ. 1:5, 6).
უჩვეულო დაბადება. ძვ. წ. 3 წელს, როცა ტაძარში მღვდელმსახურებას აბიას ცვლა ასრულებდა, ზაქარიას ჯერი დადგა, რომ საწმინდარში საკმეველი ეკმია. საკმევლის სამსხვერპლოსთან ზაქარიას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. მან ზაქარიას აუწყა, რომ შეეძინებოდა ვაჟი, რომლისთვის იოანე უნდა დაერქმია. ის სამსონივით მთელი სიცოცხლე ნაზირი უნდა ყოფილიყო, დიდი უნდა ყოფილიყო იეჰოვას წინაშე, მის წინაშე უნდა ევლო და მომზადებული ხალხი უნდა წარედგინა მისთვის (ლკ. 1:7—17). ვინაიდან ზაქარია და ელისაბედი ხანდაზმულები იყვნენ, იოანეს დაბადება ნამდვილი სასწაული იქნებოდა (ლკ. 1:7—17).
ექვსი თვის ფეხმძიმე ელისაბედს სტუმრად წმინდა სულით დაორსულებული თავისი ნათესავი მარიამი ეწვია. როგორც კი მარიამი ელისაბედს მიესალმა, ელისაბედს მუცელში ბავშვი შეუთამაშდა. წმინდა სულით აღვსილმა ელისაბედმა მარიამის ჯერ არშობილ ბავშვს თავისი უფალი უწოდა (ლკ. 1:26, 36, 39—45).
როცა ელისაბედს ვაჟი შეეძინა, მეზობლებმა და ნათესავებმა მოინდომეს, მისთვის მამის სახელი დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა უთხრა მათ: „არა! იოანე უნდა დავარქვათ“. მაშინ მამას ჰკითხეს, რის დარქმევა უნდოდა ბავშვისთვის. მას შემდეგ, რაც ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, მისი სიტყვებისამებრ ზაქარიას ლაპარაკი არ შეეძლო, ამიტომ მან დაფაზე დაწერა: „იოანე ჰქვია“. მაშინ ზაქარიას ბაგე გაეხსნა და ალაპარაკდა. ყველა მიხვდა, რომ იეჰოვას ხელი იყო ბავშვთან (ლკ. 1:18—20, 57—66).
იწყებს მსახურებას. იოანე მშობლებთან იზრდებოდა იუდეის მთიან მხარეში. „იზრდებოდა ბავშვი და სულიერად ძლიერდებოდა. ის უდაბნოში იყო, სანამ არ დადგა დრო, რომ ისრაელს სჩვენებოდა“ (ლკ. 1:39, 80). ლუკას სახარების მიხედვით იოანემ მსახურება კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს დაიწყო. მაშინ იოანე 30 წლისა იქნებოდა. როგორც წესი, მღვდლები ტაძარში მსახურებას ამ ასაკში იწყებდნენ, თუმცა ბიბლია არ ამბობს, რომ იოანე ტაძარში მსახურობდა (რც. 4:2, 3). ავგუსტუსი ახ. წ. 14 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა და რომის სენატმა ტიბერიუსი იმპერატორად 15 სექტემბერს გამოაცხადა; აქედან გამომდინარე, ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წლის ათვლა დაიწყებოდა ახ. წ. 28 წლის ბოლოდან და დასრულდებოდა ახ. წ. 29 წლის აგვისტო-სექტემბერში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესო შემოდგომაზე 30 წლის ასაკში მოინათლა, ექვსი თვით უფროსმა იოანემ მსახურება, სავარაუდოდ, ახ. წ. 29 წლის გაზაფხულზე დაიწყო (ლკ. 3:1—3, 23).
იოანემ ქადაგება იუდეის უდაბნოში ასე დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მთ. 3:1, 2). იოანეს ელია წინასწარმეტყველივით აქლემის ბეწვის სამოსი ემოსა და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. ის კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა (2მფ. 1:8; მთ. 3:4; მრ. 1:6). როგორც მასწავლებელს, მისი მოწაფეები მას „რაბის“ ეძახდნენ (ინ. 3:26).
მსახურების მიზანი. იოანე „ქადაგებდა ნათლობას ... ცოდვების მისატევებლად“. ის მხოლოდ ებრაელებსა და იუდაიზმზე მოქცეულ პროზელიტებს ნათლავდა (მრ. 1:1—5; სქ. 13:24). იოანეს საქმიანობა იუდეველების მიმართ ღვთის სიკეთის მაჩვენებელი იყო. ებრაელებს იეჰოვასთან შეთანხმება ჰქონდათ დადებული, მაგრამ ამ კანონის შეთანხმების დარღვევაში იყვნენ დამნაშავე. იოანე მათ შეახსენებდა, რომ ისინი შეთანხმების დამრღვევები იყვნენ და სუფთა გულის ადამიანებს მონანიებისკენ მოუწოდებდა. მათი წყალში ნათლობა მონანიების სიმბოლო იყო, რაც მათ მესიის მისაღებად მოამზადებდა (სქ. 19:4). იოანესთან მოსანათლავად ყველანაირი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის მეძავები და გადასახადის ამკრეფნი (მთ. 21:32), აგრეთვე, ფარისევლები და სადუკეველები, რომელთაც იოანე მკაცრად განსჯიდა და მოახლოებული სასჯელის შესახებ აფრთხილებდა. ის მათ „გველგესლათა ნაშიერებს“ უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ მათი წინაპარი, აბრაამი, მათ ვერ უშველიდა (მთ. 3:7—12).
იოანე მასთან მისულებს ასწავლიდა გაზიარებას, აგრეთვე, აფრთხილებდა, არავისთვის არაფერი გამოეძალათ, არავინ შეევიწროებინათ და დასჯერებოდნენ იმას, რაც ჰქონდათ (ლკ. 3:10—14). თავის მონათლულ მოწაფეებს ის ლოცვასაც ასწავლიდა (ლკ. 11:1). იმ დროს „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე“. იოანე ამბობდა, რომ ქრისტე არ იყო და მის შემდეგ მომავალი მასზე დიდი იქნებოდა (ლკ. 3:15—17). როდესაც მღვდლები და ლევიანები მდინარე იორდანის გაღმა, ბეთანიაში მივიდნენ იოანესთან იმის საკითხავად, იყო თუ არა ის ელია ან „ის წინასწარმეტყველი“, იოანემ იუარა (ინ. 1:19—28).
იოანე ელიასავით სასწაულებს არ ახდენდა (ინ. 10:40—42), მაგრამ ის „ელიას სულითა და ძალით“ დადიოდა. მან დიდებული საქმე მოიმოქმედა — მამებს გული შვილებისკენ მოუბრუნა და ურჩები მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნა. მან გაამართლა ის მიზანი, რისთვისაც იყო მივლენილი, კერძოდ, მომზადებული ხალხი იეჰოვას წარუდგინა. იოანემ ისრაელის მრავალი ძე მოაქცია იეჰოვასკენ, მათი ღვთისკენ (ლკ. 1:16, 17). მან გზა მოუმზადა იეჰოვას წარმომადგენელს, იესო ქრისტეს.
იოანე ხალხს „ღვთის კრავს“ აცნობს. ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო იოანესთან მოსანათლავად მივიდა. ვინაიდან იოანემ იცოდა, რომ თვითონ ცოდვილი იყო, იესო კი მართალი, თავიდან იესოს უარი უთხრა მონათვლაზე, მაგრამ შემდეგ იესოს დაჟინებული თხოვნით დათანხმდა. მანამდე ღმერთს ნათქვამი ჰქონდა იოანესთვის, რომ ღვთის ძის ამოსაცნობად ნიშანს მისცემდა (მთ. 3:13; მრ. 1:9; ლკ. 3:21; ინ. 1:33). ნიშანი იესოს ნათლობის დროს გამოჩნდა: იოანემ დაინახა იესოზე გარდმომავალი ღვთის სული და გაიგონა ღვთის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ იესო მისი ძე იყო. როგორც ჩანს, იესოს ნათლობის დროს იოანეს გარდა ახლომახლო არავინ იმყოფებოდა (მთ. 3:16, 17; მრ. 1:9—11; ინ. 1:32—34; 5:31, 37).
ნათლობიდან დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იესო უდაბნოში იყო. უკან დაბრუნებული იესო რომ დაინახა, იოანემ თავის მოწაფეებს უთხრა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (ინ. 1:29). მეორე დღეს იოანემ ღვთის ძეს ანდრია და კიდევ ერთი მოწაფე (სავარაუდოდ, ზებედეს ძე იოანე) წარუდგინა (ინ. 1:35—40). ასე რომ, იოანე ნათლისმცემელმა, ისრაელის ფარეხის კართან მდგომმა ერთგულმა გუშაგმა, თავისი მოწაფეები „კარგ მწყემსს“ გადააბარა (ინ. 10:1—3, 11).
იოანე ხალხს ენონში, სალიმის მახლობლად ნათლავდა, იესოს მოწაფეები კი იუდეაში ნათლავდნენ (ინ. 3:22—24). როცა იოანემ გაიგო, რომ იესომ ბევრი მიმდევარი გაიჩინა, არ შეშურდა მისი, არამედ თქვა: „მეც ... მიხარია ... ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ (ინ. 3:26—30).
მსახურების ბოლო დღეები. იოანეს ნათქვამი: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“, მალე გამართლდა. იოანეს დაახლოებით ერთწლიანი აქტიური მსახურება იძულებით შეაწყვეტინეს. ჰეროდე ანტიპამ იოანე საპყრობილეში ჩააგდებინა, რადგან ამ უკანასკნელმა ჰეროდე ანტიპა ამხილა იმის გამო, რომ მან თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი, ჰეროდია მოიყვანა ცოლად. ანტიპას, ფორმალურად ებრაელ პროზელიტს, რომელიც ვალდებული იყო, ღვთის კანონი დაეცვა, ეშინოდა იოანესი, რადგან იცოდა, რომ მართალი კაცი იყო (მრ. 6:17—20; ლკ. 3:19, 20).
იოანემ საპატიმროში გაიგო იესოს ძლევამოსილი საქმეების შესახებ, მათ შორის ნაინში ქვრივის ვაჟის გაცოცხლების ამბავი. უშუალოდ იესოსგან ზუსტი პასუხის მისაღებად იოანემ თავისი ორი მოწაფე გაგზავნა მასთან შემდეგი კითხვით: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“. იესოს პასუხი პირდაპირ არ გაუცია. იოანეს მოწაფეები ხედავდნენ, როგორ კურნავდა იესო ხალხს და როგორ დევნიდა მათგან დემონებს, ამიტომ უთხრა იოანეს მოწაფეებს, ეთქვათ იოანესთვის, რომ „უსინათლოებს მხედველობა უბრუნდებათ და კოჭლები დადიან ... ყრუებს ესმით“ და რომ ხალხს სასიხარულო ცნობა ეუწყება. ასე რომ, სიტყვიერი დამოწმების გარდა იოანე იესოს საქმეებმაც დაარწმუნა იმაში, რომ ის ნამდვილად მესია (ქრისტე) იყო (მთ. 11:2—6; ლკ. 7:18—23). იოანეს მოწაფეების წასვლის შემდეგ იესომ ხალხს გაუმხილა, რომ იოანე ბევრად მეტი იყო, ვიდრე წინასწარმეტყველი. ფაქტობრივად, იოანეზე წინასწარმეტყველებდა მალაქია და როგორც თავის დროზე იოანეს მამამ, ზაქარიამ, იესომაც ესაიას 40:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იოანეს მიუსადაგა (მლ. 3:1; მთ. 11:7—10; ლკ. 1:67, 76; 7:24—27).
იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ისიც უთხრა, რომ იოანეს მოსვლით შესრულდა მალაქიას 4:5, 6-ის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე ღმერთს ელია წინასწარმეტყველი უნდა გამოეგზავნა. მართალია, იოანე დიდი ადამიანი იყო („ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი“), მაგრამ ის ვერ გახდებოდა „პატარძლის“, ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველი კლასის წევრი (გმც. 21:9—11; 22:3—5), რადგან იესომ თქვა: „ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მთ. 11:11—15; 17:10—13; ლკ. 7:28—30). გარდა ამისა, იესომ დაიცვა იოანე იმ ბრალდებისგან, რომ მას თითქოს დემონი ჰყავდა (მთ. 11:16—19; ლკ. 7:31—35).
გარკვეული დროის შემდეგ ჰეროდიას იოანეზე შურისძიების შესაძლებლობა მიეცა. ჰეროდეს დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილის ცეკვით ნასიამოვნებმა ჰეროდემ შეჰფიცა ჰეროდიას ქალიშვილს, რომ ნებისმიერ თხოვნას შეუსრულებდა. მანაც, დედისგან დარიგებულმა, ჰეროდეს იოანეს თავი სთხოვა. ჰეროდემ ფიცისა და სტუმრების გამო სიტყვა ვერ გატეხა. იოანეს თავი საპატიმროში მოჰკვეთეს და ქალიშვილს ლანგრით მიართვეს, ქალიშვილმა კი დედამისს გადასცა. მოგვიანებით იოანეს მოწაფეებმა იოანეს ცხედარი წაასვენეს და დამარხეს, შემდეგ იესოსთან წავიდნენ და ამის შესახებ შეატყობინეს (მთ. 14:1—12; მრ. 6:21—29).
იოანეს სიკვდილის შემდეგ ჰეროდეს ხმა მიუვიდა იესოს ქადაგების, ხალხის განკურნებისა და მათგან დემონების განდევნის შესახებ. ჰეროდეს შეეშინდა, რადგან იესო მკვდრეთით აღმდგარი იოანე ეგონა და მისი ნახვა მოიწადინა, ოღონდ არა ქადაგების მოსასმენად, არამედ მისი ვინაობის დასადგენად (მთ. 14:1, 2; მრ. 6:14—16; ლკ. 9:7—9).
უქმდება იოანეს ნათლობა. იოანეს ნათლობა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაუქმდა, მაშინ როცა იესოს მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა. იმ დროიდან მოყოლებული „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ნათლობა იქადაგება (მთ. 28:19; სქ. 2:21, 38). ისინი, ვინც ისევ იოანეს ნათლობით ინათლებოდნენ, წმინდა სულის მისაღებად უფალ იესოს სახელით ხელახლა უნდა მონათლულიყვნენ (სქ. 19:1—7).
2. მოციქულ სიმონ-პეტრეს მამა. სინური ხელნაწერისა და ძველი ლათინური თარგმანების მიხედვით იოანეს 1:42-სა და 21:15—17-ში მას იოანე ჰქვია. ზოგიერთ ხელნაწერსა და თარგმანში (მაგ., სსგ) მას იონა ეწოდება. მათეს 16:17-ში იესო მას იონად მოიხსენიებს.
3. მოციქული იოანე, ზებედესა და, სავარაუდოდ, სალომეს ვაჟი (შდრ. მთ. 27:55, 56; მრ. 15:40) და, როგორც ჩანს, მოციქულ იაკობის უმცროსი ძმა (იქ, სადაც ორივე ძმა ერთად მოიხსენიება, იაკობის სახელი იოანესაზე წინ დგას) (მთ. 10:2; მრ. 1:19, 29; 3:17; 10:35, 41; ლკ. 6:14; 8:51; 9:28; სქ. 1:13). ზებედემ ცოლად მოიყვანა სალომე დავითის საგვარეულოდან, რომელიც, სავარაუდოდ, იესოს დედის, მარიამის ალალი და იყო.
ზოგადი ცნობები. იოანე, როგორც ჩანს, შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მისი ოჯახი მეთევზეობას მისდევდა და საკმაოდ სარფიანადაც, რადგან მათ მეწილეები და მოჯამაგირეები ჰყავდათ (მრ. 1:19, 20; ლკ. 5:9, 10). ზებედეს ცოლი, სალომე იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც იესოს გალილეაში თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ (შდრ. მთ. 27:55, 56; მრ. 15:40, 41), და რომლებმაც სურნელოვანი მცენარეები მიიტანეს იესოს ცხედრის დასამუშავებლად (მრ. 16:1). იოანეს, როგორც ჩანს, საკუთარი სახლი ჰქონოდა (ინ. 19:26, 27).
ზებედე და სალომე ღვთისმოშიში ებრაელები იყვნენ და იოანეს ღვთის კანონით ზრდიდნენ. ზოგადად მიჩნეულია, რომ იოანე იყო იოანე ნათლისმცემლის ის მოწაფე, რომელიც ანდრიასთან ერთად იდგა, როცა იოანე ნათლისმცემელმა უთხრა მათ: „აი ღვთის კრავი!“. იოანემ მაშინვე აღიარა იესო ქრისტედ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მან კარგად იცოდა ებრაული წერილები (ინ. 1:35, 36, 40—42). ცნობილი არ არის, გახდა თუ არა ზებედე იოანე ნათლისმცემლის ან ქრისტეს მოწაფე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის არ იყო იმის წინააღმდეგი, რომ თავის ვაჟებს იესოსთან ერთად სრული დროით ექადაგათ.
როცა იოანე და პეტრე იუდეველ მმართველთა წინაშე წარადგინეს, ისინი „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებად მიიჩნიეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გაუნათლებლები იყვნენ ან წერა-კითხვა არ შეეძლოთ. მათ უბრალოდ განათლება რაბინულ სკოლებში არ ჰქონდათ მიღებული. ბიბლიაში ნათქვამია: „გაიხსენეს, რომ ისინიც იესოსთან ერთად იყვნენ“ (სქ. 4:13).
ხდება ქრისტეს მიმდევარი. მას შემდეგ, რაც ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იოანემ იესო ქრისტედ აღიარა, როგორც ჩანს, ის იესოს გალილეაში გაჰყვა და კანაში მისი პირველი სასწაულის მოწმეც გახდა (ინ. 2:1—11). იოანე შესაძლოა თან ახლდა იესოს, როცა ის გალილეიდან იერუსალიმში მიდიოდა და როცა სამარიის გავლით გალილეაში ბრუნდებოდა. იოანე იმდენად ცოცხლად აღწერს ამ მოვლენებს, რომ ის მათი თვითმხილველი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბიბლიაში ამის შესახებ პირდაპირ არაფერია ნათქვამი (ინ. თ-ები 2—5). მართალია, იოანე იესოს გაჰყვა, მაგრამ მეთევზეობისთვის თავი არ დაუნებებია. მომდევნო წელს, როცა იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, იაკობი და იოანე მამამისთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებული. იესომ მოუხმო მათ და შესთავაზა, მთლიანად „ადამიანთა მებადურობაზე“ გადართულიყვნენ; როგორც ლუკა გვამცნობს, „მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“ (მთ. 4:18—22; ლკ. 5:10, 11; მრ. 1:19, 20). მოგვიანებით უფალმა იესო ქრისტემ ისინი მოციქულებად აირჩია (მთ. 10:2—4).
იოანე იესოსთან დაახლოებული სამი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო. პეტრე, იაკობი და იოანე იესომ მთაზე აიყვანა და გარდასახვა ახილვინა (მთ. 17:1, 2; მრ. 9:2; ლკ. 9:28, 29). იესომ მხოლოდ ამ სამ მოციქულს მისცა იაიროსის სახლში მასთან ერთად შესვლის უფლება (მრ. 5:37; ლკ. 8:51). მოგვიანებით სამივე მოციქული იესომ გეთსემანეს ბაღში წაიყვანა იმ ღამეს, როცა უნდა გაეცათ. თუმცა მათ იმ დროს ბოლომდე არ ესმოდათ, რა ხდებოდა, ამიტომ სამჯერ ჩაეძინათ და სამივეჯერ იესომ გააღვიძა (მთ. 26:37, 40—45; მრ. 14:33, 37—41). ბოლო პასექის აღნიშვნისა და უფლის გახსენების საღამოს დაწესებისას იოანე იესოს გვერდით ეჯდა სუფრასთან (ინ. 13:23). იესომ დიდი ნდობა გამოუცხადა იოანეს და სიკვდილის წინ დედამისზე ზრუნვა მას დაავალა (ინ. 21:7, 20; 19:26, 27).
იოანეს ვინაობის დადგენა „იოანეს სახარებაში“. იოანე თავის სახარებაში საკუთარ თავს სახელით არსად მოიხსენიებს. ის თავს ან ზებედეს ძეს უწოდებს ან იმ მოწაფეს, რომელიც იესოს უყვარდა. სხვა სახარებების დამწერებისგან განსხვავებით ის თავის სახარებაში იოანე ნათლისმცემელს მხოლოდ იოანეთი მოიხსენიებს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ისინი თანამოსახელეები იყვნენ და საჭირო არ იყო იმის დაკონკრეტება, რომელ იოანეზე იყო საუბარი. სხვა სახარებების ავტორები რამდენიმე იოანეს აღწერილობითი სახელებით განასხვავებდნენ, ისევე როგორც იოანე განასხვავებდა აღწერილობითი სახელებით რამდენიმე მარიამს (ინ. 11:1, 2; 19:25; 20:1).
თუ გავითვალისწინებთ იოანეს სახარების ამ თავისებურებას, აშკარაა, რომ ანდრიასთან ერთად მყოფი ის უსახელო მოწაფე, რომელსაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე წარუდგინა, იოანე იყო (ინ. 1:35—40). იოანემ გაუსწრო პეტრეს, როცა ისინი იესოს სამარხისკენ გარბოდნენ იმის შესამოწმებლად, ნამდვილად აღდგა თუ არა იესო (ინ. 20:2—8). იმავე საღამოს (ინ. 20:19; ლკ. 24:36) და მომდევნო კვირასაც იოანეს იესოს ხილვის საშუალება მიეცა (ინ. 20:26). ის ერთ-ერთი იყო იმ შვიდი მოციქულიდან, რომლებიც თევზაობას დაუბრუნდნენ და რომლებსაც იესო გამოეცხადა (ინ. 21:1—14). იოანე გალილეაში იმ მთაზე იმყოფებოდა, სადაც იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოწაფეებს. მან საკუთარი ყურით მოისმინა იესოს მითითება: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მთ. 28:16—20).
იოანეს ცხოვრებაში მომხდარი სხვა მოვლენები. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ იოანე იერუსალიმში დაახლოებით 120 მოწაფესთან ერთად იმყოფებოდა და წილისყრით მატთიას მოციქულად არჩევას ესწრებოდა (სქ. 1:12—26). იოანე იყო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის გადმოსვლისა და კრებისთვის 3 000 კაცის შემომატების მოწმე (სქ. 2:1—13, 41). პეტრესთან ერთად მან ებრაელ მეთაურებს აუწყა ღვთის ხალხის სახელმძღვანელო პრინციპი: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (სქ. 4:19, 20). გარდა ამისა, სხვა მოციქულებთან ერთად მან სინედრიონს განუცხადა: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (სქ. 5:27—32).
განრისხებული იუდეველების მიერ სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ იერუსალიმის კრების საშინელი დევნა დაიწყო, რის გამოც მოწაფეები გაიფანტნენ. მაგრამ იოანე სხვა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში დარჩა. როცა სამარიაში ფილიპეს მიერ ღვთის სიტყვის ქადაგებას ბევრი გამოეხმაურა, ხელმძღვანელმა საბჭომ პეტრე და იოანე გაგზავნა ახალი მოწაფეების დასახმარებლად, რათა წმინდა სული მათაც მიეღოთ (სქ. 8:1—5, 14—17). მოგვიანებით პავლემ იოანე იერუსალიმის კრების ერთ-ერთ ბურჯად მოიხსენია. იოანემ, როგორც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, პავლესა და ბარნაბას თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გაუწოდა, რათა მათ თავიანთი მისია შეესრულებინათ და უცხოტომელებისთვის ექადაგათ (გლ. 2:9). დაახლოებით ახ. წ. 49 წელს იოანე ესწრებოდა ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრას, რომელზეც ქრისტიანობაზე მოქცეულ უცხოტომელთა წინადაცვეთის საკითხი განიხილებოდა (სქ. 15:5, 6, 28, 29).
ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ თქვა, რომ იოანე სხვა მოციქულებზე დიდხანს იცოცხლებდა (ინ. 21:20—22). მართლაც, იოანე იეჰოვას ერთგულად დაახლოებით 70 წელი ემსახურებოდა. სიცოცხლის ბოლოს ის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს „ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გმც. 1:9). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ღრმა სიბერემდე (დაახლ. ახ. წ. 96) გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას.
პატმოსზე ყოფნისას იოანემ „გამოცხადება“ მიიღო, რაც საგულდაგულოდ აღწერა წერილობით (გმც. 1:1, 2). ცნობილია, რომ ის იმპერატორმა დომიციანემ გადაასახლა და შემდეგ კი მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ნერვამ (ახ. წ. 96—98) გაათავისუფლა. ტრადიციის თანახმად, იოანე ეფესოში გაემგზავრა, სადაც მან დაახლოებით ახ. წ. 98 წელს სახარება და თავისი პირველი, მეორე და მესამე წერილები დაწერა. ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ის ეფესოშივე გარდაიცვალა დაახლოებით ახ. წ. 100 წელს იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დროს.
ხასიათი. ღვთისმეტყველთა აზრით იოანე პასიური, მგრძნობიარე და საკუთარ თავში ჩაღრმავებული ადამიანი იყო. ერთი თეოლოგი მის შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს: „ფიქრის მოყვარული, დინჯი და ბრწყინვალე გონების პატრონი იოანე იყო ვითარცა ანგელოზი“ (Lange’s Commentary on the Holy Scriptures, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976, ტ. 9, გვ. 6). თეოლოგები იოანეს პიროვნებას ასე იმიტომ აფასებენ, რომ იოანე ბევრს საუბრობს სიყვარულზე და პეტრე და პავლე მოციქულებისგან განსხვავებით მისი სახელი ხშირად არ ფიგურირებს „მოციქულთა საქმეებში“. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ იქ, სადაც პეტრე და იოანე ერთად არიან, საუბრის ინიციატივას პეტრე იღებს და არა იოანე.
მართალია, პეტრე ყოველთვის აქტიურობდა საუბარში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოანე ყოველთვის დუმდა. ორივენი გაბედულად ლაპარაკობდნენ, როცა მმართველებისა და უხუცესების წინაშე წარადგინეს (სქ. 4:13, 19). იოანემ სხვა მოციქულებივით გაბედულად აიმაღლა ხმა სინედრიონში, თუმცაღა ამ შემთხვევაში სახელით მხოლოდ პეტრეა მოხსენიებული (სქ. 5:29). იოანე აქტიური და ენერგიული რომ არ ყოფილიყო, როგორ გაასწრებდა იესოს სამარხისკენ გაქცეულ პეტრეს?! (ინ. 20:2—8).
მოციქულობის დასაწყისში იოანესა და მის ძმას, იაკობს იესომ მეტსახელად ბოანერგესი (ნიშნავს „ქუხილის ძეებს“) შეარქვა (მრ. 3:17). სახელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ზედმეტად მგრძნობიარე ან უსიცოცხლო კი არა, პირიქით, ენერგიული იყო. როცა სამარიელთა სოფელში იესო არ მიიღეს, „ქუხილის ძეები“ მზად იყვნენ ციდან ცეცხლი მოეხმოთ მათ მოსასპობად. მანამდე იოანემ ერთ კაცს იესოს სახელით დემონების განდევნა დაუშალა. იესომ ორივე შემთხვევაში უსაყვედურა მას და თვალსაზრისი შეუსწორა (ლკ. 9:49—56).
ზემოხსენებული ორი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ იოანესაც და იაკობსაც იმ დროს აკლდათ გაგების უნარი, თავშეკავება, სიყვარული და გულმოწყალება, ის თვისებები, რომლებიც მოგვიანებით განივითარეს. თუმცაღა ორივე შემთხვევაში მათ ერთგულება, შეუპოვრობა და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს. მოგვიანებით კი ამ თვისებების წყალობით გაბედულად, ენერგიულად და ერთგულად ამოწმებდნენ იესოს შესახებ. იაკობი მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა ჰეროდე აგრიპა I-ის (სქ. 12:1, 2) ხელით, ხოლო იოანემ — ცოცხლად დარჩენილმა უკანასკნელმა მოციქულმა — გაუძლო, როგორც „ბურჯმა“ და იესოს მოზიარე გახდა გასაჭირში, სამეფოსა და მოთმინებაში (გმც. 1:9).
იაკობმა და იოანემ ამბიციურობა გამოიჩინეს, როცა თავიანთი დედა ქრისტესთან მიგზავნეს იმის სათხოვნელად, რომ ქრისტეს თავის სამეფოში ისინი გვერდით დაესხა, რამაც დანარჩენი მოციქულები აღაშფოთა. იესოს შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა თავისი მოციქულებისთვის, რომ ვისაც უნდოდა, მათ შორის დიდი ყოფილიყო, სხვების მსახური უნდა გამხდარიყო. შემდეგ იესომ აღნიშნა, რომ თავად სხვების მოსამსახურებლად იყო მოსული და თავისი სიცოცხლე მრავალთა გამოსასყიდად უნდა გაეღო (მთ. 20:20—28; მრ. 10:35—45). უდავოა, რომ იაკობსა და იოანეს ეგოისტური მისწრაფებები ჰქონდათ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ღვთის სამეფო მათთვის რეალური იყო.
იოანე ისეთი რომ ყოფილიყო, როგორადაც მას ღვთისმეტყველები აღწერენ — სუსტი, უმოქმედო, უსიცოცხლო და საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნება — იესო ქრისტე არ დააწერინებდა ისეთ ამაღელვებელ და ძლიერ წიგნს, როგორიც „გამოცხადებაა“. ამ წიგნში ქრისტე არაერთგზის მოუწოდებს ქრისტიანებს სძლიონ ქვეყნიერებას და მთელ მსოფლიოში იქადაგონ სასიხარულო ცნობა. წიგნი ღვთის თავზარდამცემი განაჩენის შესახებაც მოგვითხრობს.
ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ იოანე სხვა მახარებლებზე უფრო ხშირად საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ ეს სულაც არ არის ზედმეტი მგრძნობიარობის მაჩვენებელი. თანაც სიყვარული ძლიერი თვისებაა. სიყვარულზე არის დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები (მთ. 22:36—40). „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1კრ. 13:8). ის „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კლ. 3:14). სიყვარული, რომელსაც იოანე ქადაგებს, პრინციპებს ემყარება. ეს სიყვარული მხოლოდ სიკეთისა და წყალობისკენ არ უბიძგებს კაცს, არამედ მკაცრად შეაგონებს, შეცდომაზე მიუთითებს და თუ საჭიროა, სჯის კიდეც.
იოანეს ძლიერი სიყვარული და ერთგულება იესო ქრისტესა და მისი მამისადმი კარგად არის ასახული როგორც სინოპტიკურ სახარებებში (პირველი სამი სახარება), ისე მის ნაწერებში. ღვთისადმი ერთგულება და ყოველგვარი ცუდის მიმართ ზიზღი კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ ახასიათებს იოანე ადამიანებს. მხოლოდ იოანე გვამცნობს იმას, რომ იუდა იყო ის, ვინც უკმაყოფილება გამოხატა მარიამის მიერ იესოსთვის ძვირადღირებული ნელსაცხებლის ცხების გამო და უკმაყოფილების მიზეზსაც აკონკრეტებს — ყულაბა იუდას ებარა, საიდანაც ფულს იპარავდა (ინ. 12:4—6). ნიკოდემე იესოსთან ღამით რომ მივიდა, ამასაც იოანესგან ვიგებთ (ინ. 3:2). ის იოსებ არიმათეელის სერიოზულ ნაკლზეც საუბრობს, რომელიც „იესოს მოწაფე იყო — ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველებისა ეშინოდა“ (ინ. 19:38). მას წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ უფლის მოწაფეს თავისი ბატონის შერცხვენოდა.
იმ დროისთვის, როცა იოანემ თავისი სახარება და წერილები დაწერა, მას სულის ნაყოფი საკმაოდ კარგად ჰქონდა გამომუშავებული. ის ძალიან განსხვავდებოდა იმ იოანესგან, რომელსაც იესო თავიდან იცნობდა. თვისება, რომელმაც თავის დროზე მას იმისკენ უბიძგა, რომ სამეფოში განსაკუთრებული ადგილი ეთხოვა, სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. მისი ნაწერებიდან გამოსჭვივის სულიერი მოწიფულობა და საღი აზრი, რაც გვეხმარება, მივბაძოთ ამ ღვთისმოშიშ, ერთგულ და ენერგიულ ადამიანს.
4. მარკოზად წოდებული იოანე. იესოს ერთ-ერთი მოწაფე და „მარკოზის სახარების“ ავტორი; ცნობილია მარკოზ მახარებლის სახელითაც. მარკოზი მისი მეტსახელი იყო. დედამისის, მარიამის, სახლი იერუსალიმში მოწაფეების თავშეყრის ადგილი იყო (სქ. 12:12). ის თან ახლდა პავლესა და ბარნაბას პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს (სქ. 12:25; 13:5), თუმცა პამფილიის პერგეში მიატოვა ისინი და იერუსალიმში გაბრუნდა (სქ. 13:13). მოგვიანებით ამის გამო პავლემ უარი თქვა მარკოზის თან წაყვანაზე, სამაგიეროდ, ბარნაბამ გაიყოლა ის და მასთან ერთად სხვა მიმართულებით წავიდა (სქ. 15:36—41). მარკოზმა მოგვიანებით დაამტკიცა, რომ სანდო და გულმოდგინე მსახური იყო, რადგან რომში დაპატიმრებული პავლე ტიმოთეს სწერდა: „მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება“ (2ტმ. 4:11; იხ. მარკოზი).
5. იუდეველი მმართველი (სავარაუდოდ მღვდელმთავარ ანას ნათესავი), რომელიც ანასთან და კაიაფასთან ერთად იყო, როცა მოციქული პეტრე და იოანე დააპატიმრეს და მათ წარუდგინეს. შეკრებილთ ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ პეტრემ სასწაულებრივად განკურნა კოჭლი კაცი, მიუხედავად ამისა, პეტრესა და იოანეს ქადაგება აუკრძალეს და დაემუქრნენ. ვინაიდან მოციქულების დასასჯელად ვერანაირი მიზეზი ვერ ნახეს და ხალხისაც ეშინოდათ, გაათავისუფლეს (სქ. 3:1—8; 4:5—22).