ევტიქე
[ბედნიერი; წარმატებული]
ტროაში მცხოვრები ყმაწვილკაცი, რომელიც სასწაულებრივად იქნა მკვდრეთით აღდგენილი. ეს ბიბლიაში ჩაწერილი ბოლო მკვდრეთით აღდგომის შემთხვევაა. პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს, ტროაში ყოფნისას, ძმებთან საუბარს შეჰყვა. მას სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა. დაღლილობის და შესაძლოა სიცხის გამოც (ზემოთა ოთახში მრავალი ლამპარი ენთო და ბევრი ხალხი იმყოფებოდა), ევტიქეს ღრმად ჩაეძინა და მესამე სართულიდან გადავარდა. საქმეების წიგნის დამწერის და აგრეთვე შესაძლოა ამ მოვლენის თვითმხილველის, ექიმი ლუკას სიტყვებიდან ჩანს, რომ ევტიქემ უბრალოდ გრძნობა კი არ დაკარგა, არამედ მოკვდა. ამის შემდეგ პავლემ ყველაფერი ისეთივე თანმიმდევრობით გააკეთა, როგორც ელისემ, როცა შუნამელი ქალის ვაჟი აღადგინა. იგი დაემხო ევტიქეს და მოეხვია. პავლეს სიტყვები, „დაწყნარდით, მისი სული მასშია“, იმაზე მიანიშნებდა, რომ ევტიქე გაცოცხლდა (სქ. 20:7—12; იხ. აგრეთვე 2მფ. 4:34).