-
იეჰოვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
რატომ აქვს ურთიერთობა არასრულყოფილ ადამიანებთან. თავისი სამართლიანი ნორმებიდან გამომდინარე, იეჰოვა ადამისა და ევას შთამომავლობას სხვანაირად ეპყრობოდა, ვიდრე თავად მათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამის მოდგმას ცოდვა შთამომავლობით გადაეცა და არასრულყოფილება და ბოროტებისკენ მიდრეკილება დაბადებიდან დაჰყვა (ფს. 51:5; რმ. 5:12). აქედან გამომდინარე, ღმერთს ჰქონდა მათდამი გულმოწყალების გამოვლენის საფუძველი. ედემის ბაღში განაჩენის გამოტანისას იეჰოვას მიერ წარმოთქმული პირველი წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა (დბ. 3:15), რომ მისი პირველი მიწიერი შვილების (აგრეთვე ერთ-ერთი სულიერი ძის) ურჩობის გამო ის არც გაბოროტებულა და არც სიყვარული განელებია. ამ წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ნათელი სრულად ათასწლეულების შემდეგ მოეფინა, ღმერთმა სიმბოლური ენით ახსნა, თუ როგორ გამოასწორებდა ურჩობით გამოწვეულ მდგომარეობას და როგორ აღადგენდა სრულყოფილ პირობებს (შდრ. ერთმანეთს „გველის“, „ქალისა“ და „შთამომავლის“ სიმბოლური მნიშვნელობები შემდეგ მუხლებში: გმც. 12:9, 17; გლ. 3:16, 29; 4:26, 27).
-
-
ცოდვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
კაცობრიობისთვის მიყენებული ზიანი. რომაელების 5:12 გვამცნობს: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (შდრ. 1ინ. 1:8—10). ზოგის აზრით, ამ მუხლით პავლეს თითქოს იმის თქმა სურდა, რომ პირველქმნილ ცოდვაში ადამის შთამომავლებსაც მიუძღვით ბრალი, რადგან ადამი იყო ოჯახისთავი და მთელი კაცობრიობის წარმომადგენელი. მაგრამ მოციქული მუხლში ამბობს, რომ სიკვდილი ყველა ადამიანზე გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამის შთამომავლებზე ცოდვა ერთბაშად კი არა, თანდათანობით გადავიდა.
გარდა ამისა, პავლე მოციქულის თქმით, სიკვდილი მეფობს „ადამიდან მოსემდე მათზეც, ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა“ (რმ. 5:14). ადამის ცოდვას მართებულად ეწოდება „დანაშაული“, რადგან მან კანონს, ღვთის მიერ გაცხადებულ მცნებას, გადააბიჯა. ამასთანავე, ადამმა, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, რომელსაც ღვთის კანონის დაცვაში ხელს არაფერი უშლიდა, საკუთარი ნებით შესცოდა. ადამის შთამომავლები არასდროს ყოფილან სრულყოფილი. ასე რომ, ზემოხსენებული არგუმენტები ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, თითქოს ადამის შეცოდებისთანავე ყველა მისი არშობილი შთამომავალი ამ ცოდვის თანამონაწილე გახდა. ადამის შთამომავლებს იმ შემთხვევაში დაედებოდათ ცოდვაში ბრალი, თუ თავად აირჩევდნენ მამად ადამს. მაგრამ მათი შვილობა მათ ნება-სურვილზე კი არა, მშობლების სურვილზე იყო დამოკიდებული (ინ. 1:13).
მაშასადამე, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ადამისგან ცოდვა მის შთამომავლებს მემკვიდრეობით გადაეცათ. სწორედ ამას გულისხმობდა ფსალმუნმომღერალი: „დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (ფს. 51:5). ცოდვა, თავისი შედეგებით მხოლოდ იმიტომ კი არ შემოვიდა და გავრცელდა ადამიანთა მთელ მოდგმაზე, რომ ადამი კაცობრიობის მამაა, არამედ იმიტომ, რომ ადამი, და არა ევა, იყო მისი სიცოცხლის წყარო. კაცობრიობა ადამისა და ევასგან აუცილებლად მიიღებდა მემკვიდრეობით არა მარტო ფიზიკურ, არამედ პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რაშიც ცოდვისკენ მიდრეკილებაც შედიოდა (შდრ. 1კრ. 15:22, 48, 49).
ამ დასკვნამდე პავლეს შემდეგ სიტყვებსაც მივყავართ: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [ქრისტე იესოს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რმ. 5:19). ქრისტეს ყველა მორჩილი მაშინვე არ გამხდარა მართალი, როცა ქრისტემ ღმერთს წარუდგინა თავისი გამოსასყიდი; გამოსასყიდს მორჩილთათვის ეტაპობრივად მოაქვს სარგებლობა, კერძოდ, როცა ამ გამოსასყიდის ძალას ირწმუნებენ და ღმერთს შეურიგდებიან (ინ. 3:36; სქ. 3:19). მსგავსად ამისა, ადამის შემდგომი თაობები ცოდვილები გახდნენ, ვინაიდან დაბადებიდან მშობლებისგან გამოჰყვათ ცოდვა.
-