ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 12
უკეთ გაიცანით შემოქმედი მისი ქმნილებების მეშვეობით
„მისი უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (ᲠᲝᲛ. 1:20).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 6 ღვთის დიდებას ამცნობს ზეცა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა დაეხმარა იობს იეჰოვას უკეთ გაცნობაში?
ᲘᲝᲑᲡ, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა ის საუბარი, რომელიც მასსა და ღმერთს შორის შედგა. თავის სიბრძნესა და მზრუნველობაში რომ დაერწმუნებინა, იეჰოვამ მას სხვადასხვა ქმნილების მაგალითი მოუყვანა. მან შეახსენა იობს, როგორ ზრუნავს ცხოველებზე, რითაც დაარწმუნა, რომ მასზეც იზრუნებდა (იობ. 38:39—41; 39:1, 5, 13—16). ამ მაგალითებმა იობს უფრო ნათელი წარმოდგენა შეუქმნა ღვთის თვისებებზე.
2. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ღვთის ქმნილებებზე დაკვირვება?
2 ქმნილებებზე დაკვირვება ჩვენც ბევრ რამეს გვიმხელს შემოქმედზე. თუმცა ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის არ გამოგვივიდეს, განსაკუთრებით, თუ დიდ ქალაქში ვცხოვრობთ. თუნდაც ბუნების წიაღში ვცხოვრობდეთ, შეიძლება დრო არ გვრჩებოდეს გარემოზე დასაკვირვებლად. ამიტომ ვიმსჯელოთ, რატომ ღირს ქმნილებებზე დაკვირვება და რა გვასწავლეს იეჰოვამ და იესომ მათ მაგალითზე. იმაზეც ვისაუბრებთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქმნილებებზე დაკვირვებით რაღაც ვისწავლოთ.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲥᲛᲜᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ?
3. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურდა, ადამს გაეხარა მისი ქმნილებებით?
3 იეჰოვას სურდა, რომ პირველ ადამიანს გაეხარა მისი ქმნილებებით. ღმერთმა ადამი სამოთხეში დაასახლა, რათა გულდასმით დაეთვალიერებინა ის, დაემუშავებინა და გაეფართოებინა (დაბ. 2:8, 9, 15). ადამი, ალბათ, აღფრთოვანებული აკვირდებოდა თესლის გაღივებას და ყვავილის გაფურჩქვნას. რამხელა სიამოვნებას მიანიჭებდა მას ედემის ბაღზე ზრუნვა! იეჰოვას დავალებით ადამს ცხოველებისთვის სახელებიც უნდა შეერჩია (დაბ. 2:19, 20). ღმერთს შეეძლო ეს თავად გაეკეთებინა, თუმცა ეს საქმე ადამს მიანდო. ეჭვგარეშეა, სანამ ადამი ცხოველებს სახელებს შეურჩევდა, ყურადღებით აკვირდებოდა მათ თავისებურებებსა და ქცევებს. ადამისთვის ამ საქმის შესრულება ძალიან სახალისო იქნებოდა. ქმნილებებზე დაკვირვება მას უკეთ დაანახვებდა ზეციერი მამის სიბრძნეს, ოსტატობას და შემოქმედებით უნარს.
4. ა) რა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა დავაკვირდეთ ქმნილებებს? ბ) განსაკუთრებით რა გხიბლავთ შემოქმედებაში?
4 ერთ-ერთი, რის გამოც უნდა დავაკვირდეთ ღვთის ქმნილებებს ისაა, რომ ეს თავად იეჰოვას სურს. ის მოგვიწოდებს: „ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი?“. პასუხი ცხადზე ცხადია (ეს. 40:26). მხოლოდ ზეცა კი არა, დედამიწა და ზღვაც სავსეა იეჰოვას ქმნილებებით, რომლებიც ბევრ რამეს გვიმჟღავნებს მასზე (ფსალმ. 104:24, 25). ღმერთმა ჩვენც გასაოცრად შეგვქმნა და იმის უნარიც გვიბოძა, რომ დავტკბეთ გარე სამყაროთი. ამაში კი 5 გრძნობა — მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება — გვეხმარება.
5. რომაელების 1:20-ის თანახმად, რატომ უნდა დავაკვირდეთ იეჰოვას ქმნილებებს?
5 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა დავაკვირდეთ ქმნილებებს, ისაა, რომ ისინი ღვთის პიროვნებას გვაცნობს (წაიკითხეთ რომაელების 1:20). მაგალითად, მიმოიხედეთ ირგვლივ და დააკვირდით, რა საოცრადაა ყველაფერი შექმნილი. ეს ყოველივე ხომ იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს?! ჯერ მარტო საკვების მრავალფეროვნება რად ღირს. ცხადზე ცხადია, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას. ქმნილებებზე დაკვირვება უკეთ გვაცნობს შემოქმედს და სურვილს გვიჩენს, დავუახლოვდეთ მას. მოდი განვიხილოთ, როგორ ცდილობდა იეჰოვა, ქმნილებების მაგალითით რაღაც ესწავლებინა თავისი მსახურებისთვის.
ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲖᲔ ᲑᲔᲕᲠ ᲠᲐᲛᲔᲡ ᲒᲕᲘᲛᲮᲔᲚᲡ
6. რას ვსწავლობთ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებით?
6 იეჰოვას ყველაფრისთვის თავისი დრო აქვს დადგენილი. ყოველ წელს თებერვლის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე ისრაელები ხედავდნენ, როგორ მიფრინავდნენ ყარყატები ჩრდილოეთისკენ. ღმერთმაც ამაზე გაუმახვილა ისრაელებს ყურადღება და უთხრა: „ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო“ (იერ. 8:7). როგორც ამ ფრინველებისთვის აქვს იეჰოვას გადაფრენის დრო განსაზღვრული, ისე ამ ბოროტ ქვეყნიერებაზე თავისი განაჩენის აღსრულებისთვისაც აქვს დრო დადგენილი. ასე რომ, გადამფრენი ფრინველების დანახვამ სწორედ ეს უნდა შეგვახსენოს (აბაკ. 2:3).
7. რაში გვარწმუნებს ცაში მოლივლივე ფრინველებზე დაკვირვება? (ესაია 40:31).
7 იეჰოვა ძალას მატებს თავის მსახურებს. იეჰოვა ესაიას პირით თავის ხალხს დაჰპირდა, რომ, როცა დაიღლებოდნენ და გული გაუტყდებოდათ, არწივივით გააშლევინებდა ფრთებს (წაიკითხეთ ესაიას 40:31). ისრაელებს არაერთხელ ექნებოდათ ნანახი, როგორ ლივლივებდნენ არწივები ძალდაუტანებლად აღმავალი ნაკადების წყალობით. ასე რომ, როცა დაინახავთ, როგორ იჭრება ცაში ფრინველი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, გახსოვდეთ, იეჰოვა თქვენც მოგცემთ ძალას, რომ თავი გაართვათ პრობლემებს და, ასე ვთქვათ, მათ ზემოთ მოექცეთ.
8. რა ასწავლა იეჰოვამ თავისი ქმნილებებით იობს და ჩვენ რას ვსწავლობთ?
8 იეჰოვას შეგვიძლია თამამად ვენდოთ. იობი მეტი ნდობით რომ გამსჭვალულიყო იეჰოვას მიმართ, ღმერთი მას თავის ქმნილებებზე ესაუბრა, მაგალითად, ვარსკვლავებზე, ღრუბლებზე, ელვაზე, გარეულ ხარზე და ცხენზე (იობ. 32:2; 40:6—8; 38:32—35; 39:9, 19, 20). ეს ყველაფერი არა მხოლოდ იეჰოვას უსაზღვრო ძალაზე მეტყველებდა, არამედ მის სიყვარულსა და უდიდეს სიბრძნეზეც. ამ საუბარმა იობს ერთიორად განუმტკიცა იეჰოვასადმი ნდობა (იობ. 42:1—6). ღვთის ქმნილებებზე დაკვირვება ჩვენც შეგვახსენებს, რომ ახლოსაც ვერ მივალთ ღვთის განუზომელ სიბრძნესა და ძალასთან. იეჰოვას შესწევს ძალა, ბოლო მოუღოს ჩვენს პრობლემებს, რასაც გააკეთებს კიდეც. ამის ცოდნა ჩვენც გვიმტკიცებს მისდამი ნდობას.
ᲥᲛᲜᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘᲗ ᲘᲔᲡᲝ ᲮᲐᲚᲮᲡ ᲖᲔᲪᲘᲔᲠ ᲛᲐᲛᲐᲡ ᲐᲪᲜᲝᲑᲓᲐ
9, 10. რას გვასწავლის მზე და წვიმა იეჰოვას შესახებ?
9 იესო, როგორც ოსტატი, მამასთან ერთად მონაწილეობდა სამყაროს შექმნაში. ამიტომ გარე სამყაროში მისთვის ყველაფერი ნაცნობი იყო (იგავ. 8:30). დედამიწაზე ყოფნის დროს, იესო ქმნილებების მაგალითით ცდილობდა, თავისი მოწაფეებისთვის უკეთ გაეცნო მამის თვისებები. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
10 იეჰოვა განურჩევლად ყველას მიმართ ავლენს სიყვარულს. მთაზე ქადაგებისას იესომ მოწაფეებს ყურადღება გაუმახვილა მზეზე და წვიმაზე, რაშიც ბევრი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა. არადა მზისა და წვიმის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. იეჰოვას შეეძლო მზის სინათლე და წვიმა უმადური ადამიანებისთვის არ ეღირსებინა. თუმცა მას მზე ყველასთვის ამოჰყავს და წვიმასაც ყველას უგზავნის (მათ. 5:43—45). ამით იესოს თავისი მოწაფეებისთვის უნდოდა ესწავლებინა, რომ სიყვარული ყველას მიმართ გამოევლინათ. როცა მშვენიერი დაისით ან შხაპუნა წვიმით ვტკბებით, გვახსოვდეს იეჰოვას მიუკერძოებელი სიყვარული. იეჰოვას მაგალითი აღგვძრავს, მივბაძოთ მას და განურჩევლად ყველას ვუქადაგოთ.
11. რას ვსწავლობთ ფრინველებზე დაკვირვებით?
11 იეჰოვა ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნავს. მთაზე ქადაგებისას იესომ ასეთი მაგალითიც მოიყვანა: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ“. შემდეგ იესომ ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა: „განა თქვენ მათზე ძვირფასნი არ ხართ?!“ (მათ. 6:26). ალბათ, ამ დროს მსმენელი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ დაფრინავდნენ მათ თავზემოთ ცაში ფრინველები. რა კარგი თვალსაჩინოება იყო იმის დასანახვებლად, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზე (მათ. 6:31, 32). ეს თვალსაჩინოება დღემდე ამხნევებს ღვთის ერთგულ მსახურებს. მაგალითად, ესპანეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა პიონერი და გულგატეხილი იყო იმის გამო, რომ შესაფერის საცხოვრებელს ვერ პოულობდა. მაგრამ განწყობა იმის შემდეგ გამოუკეთდა, რაც დააკვირდა, როგორ კენკავდნენ ჩიტები საკენკს. ის ამბობს: „ამ ჩიტებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, თუ იეჰოვა მათზე ზრუნავს, ჩემზეც ხომ იზრუნებს-მეთქი“. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დამ მალე შესაფერისი საცხოვრებელი იპოვა.
12. მათეს 10:29—31-ის თანახმად, რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ ბეღურაზე დაკვირვებით?
12 იეჰოვასთვის თითოეული ჩვენგანი ძვირფასია. სანამ იესო მოციქულებს საქადაგებლად გაგზავნიდა, ჯერ წინააღმდეგობის შიშის დაძლევაში დაეხმარა (წაიკითხეთ მათეს 10:29—31). მან ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველის, ბეღურის, მაგალითი მოუყვანა მათ. იმ დროს ბეღურას ჩალის ფასი ჰქონდა. ამიტომ შესაძლოა მოციქულები გააკვირვა კიდეც იესოს შემდეგმა სიტყვებმა: „არცერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს . . . უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“. ამ სიტყვებით იესომ ისინი დაარწმუნა, რომ იეჰოვასთვის თითოეული მათგანი ძვირფასი იყო და წინააღმდეგობის შიში არ უნდა ჰქონოდათ. მოწაფეებს, ალბათ, ქადაგებისას ბეღურის დანახვაზე ყოველთვის იესოს სიტყვები გაახსენდებოდათ. თქვენც, როცა დაინახავთ პატარა ჩიტებს, გაიხსენეთ, რომ იეჰოვას თვალში „უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“. ღვთის შეწევნით თქვენ შეძლებთ უშიშრად შეხვდეთ წინააღმდეგობას (ფსალმ. 118:6).
ᲓᲐᲕᲐᲙᲕᲘᲠᲓᲔᲗ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲣᲙᲔᲗ ᲒᲐᲕᲘᲪᲜᲝᲗ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘ
13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქმნილებებისგან რამე ვისწავლოთ?
13 იეჰოვას ქმნილებები ბევრ სხვა რამესაც გვასწავლის. მთავარია, ჩვენ ვისწავლოთ მათზე დაკვირვება და შემდეგ სწორი დასკვნების გაკეთება. თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. ერთი კამერუნელი და, ჟერალდინი, ამბობს: „ქალაქში ვცხოვრობ. ამიტომ, თუ არ მოვინდომებ, ბუნებაზე დაკვირვება გამიჭირდება“. ერთი უხუცესი ალფონსო კი აღნიშნავს: „მივხვდი, რომ შიგადაშიგ უნდა განვმარტოვდე და დავაკვირდე იეჰოვას ქმნილებებს, რას მეუბნებიან მის შესახებ“.
14. რა დაანახვა დავითს ქმნილებებზე დაკვირვებამ?
14 დავითი ღვთის შემოქმედებას უკვირდებოდა. მან იეჰოვას უთხრა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს?!“ (ფსალმ. 8:3, 4). მას მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მშვენიერება კი არ აკვირვებდა, იმაზეც ფიქრობდა, თუ რისი სწავლა შეეძლო ამ ციურ სხეულებზე დაკვირვებით იეჰოვას შესახებ. მაგალითად, მან უკეთ დაინახა იეჰოვას სიდიადე. დავითი იმაზეც ფიქრობდა, როგორ ჩამოყალიბდა მისი სხეული დედის მუცელში. ამ საოცარ პროცესზე ფიქრის შედეგად მან უფრო მეტად დააფასა იეჰოვას სიბრძნე (ფსალმ. 139:14—17).
15. იეჰოვას რომელი თვისება დაინახეთ ქმნილებებზე დაკვირვებით? (ფსალმუნი 148:7—10).
15 ჩვენ ირგვლივაც უამრავი რამაა, რაზეც შეგვიძლია დავფიქრდეთ და დავინახოთ იეჰოვას თვისებები. მაგალითად, როცა მზის სითბოს ვგრძნობთ, შეგვიძლია იეჰოვას სიძლიერეზე დავფიქრდეთ (იერ. 31:35), ხოლო როცა შევნიშნავთ, როგორ იშენებენ ჩიტები ბუდეებს, ამაში ღვთის სიბრძნე დავინახოთ. როცა თავის კუდთან მოთამაშე ლეკვს ვუყურებთ, შეგვიძლია იეჰოვას იუმორის გრძნობაზე დავფიქრდეთ, ხოლო როცა ვხედავთ, როგორ ეფერება დედა თავის პატარას, მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას სიყვარულისთვის. დიახ, უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, უკეთ გავიცნოთ იეჰოვა ქმნილებებზე დაკვირვებით, იქნება ეს დიდი თუ პატარა, ჩვენთან ახლოს თუ შორს მყოფი, რადგან ყველა ეს ქმნილება განადიდებს შემოქმედს (წაიკითხეთ ფსალმუნის 148:7—10).
16. რისთვის უნდა გამოვყოთ დრო?
16 ჩვენი შემოქმედი უდიდესი ინტელექტის, ძალის და შემოქმედებითი უნარის მფლობელია. გარდა ამისა, ის უსაზღვროდ მზრუნველია. გარე სამყარო იეჰოვას პიროვნების სხვა მხარეებსაც ნათლად გვიჩვენებს. მთავარია, ჩვენ დავაკვირდეთ. ამიტომ მოდი რეგულარულად გამოვყოთ დრო, რათა დავტკბეთ შემოქმედებით და დავინახოთ შემოქმედის თვისებები, რაც უფრო დაგვაახლოებს მასთან (იაკ. 4:8). შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ თავიანთ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში ქმნილებების მეშვეობით.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 5 ღვთის საოცარი საქმეები
a ყველაფერი, რაც იეჰოვას შექმნილია, ჩვენში მოწიწებას იწვევს, უზარმაზარი მზით დაწყებული ყვავილის ნაზი ფურცლით დამთავრებული. შემოქმედება შემოქმედის თვისებებზეც გვიქმნის წარმოდგენას. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ უნდა დავაკვირდეთ გარე სამყაროს და როგორ დაგვაახლოებს ეს ღმერთთან.