კვლავაც ცვლის ბიბლია თქვენს ცხოვრებას?
„განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“ (რომ. 12:2).
1—3. ა) რომელი ცვლილებების მოხდენა შეიძლება გაგვიჭირდეს ნათლობის შემდეგ? ბ) რა კითხვები შეიძლება გაგვიჩნდეს? (იხილეთ სურათები ამავე გვერდზე)
ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ერთადერთი, რაც კევინს[1] სურდა, იეჰოვა ღმერთთან დაახლოება იყო. წლების მანძილზე ის ფულზე თამაშობდა, ეწეოდა, უზომოდ სვამდა და ნარკოტიკებს იღებდა. ღვთის მოწონება რომ დაემსახურებინა, კევინს უნდა მიეტოვებინა ჩვევები, რომელთაც ბიბლია გმობდა. ამაში მას იეჰოვაზე მინდობა და მისი სიტყვის გარდამქმნელი ძალა დაეხმარა (ებრ. 4:12).
2 შეწყვიტა კევინმა ნათლობის შემდეგ ცვლილებების მოხდენა? რა თქმა უნდა, არა. ის კვლავაც ცდილობდა ქრისტიანული თვისებების განვითარებასა და დახვეწას (ეფეს. 4:31, 32). მაგალითად, მან დაინახა, რომ ფიცხი ხასიათის შეცვლა არც ისე ადვილი იყო. კევინი ამბობს: „სიფიცხის გაკონტროლება მანკიერი ჩვევების მიტოვებაზე მეტად გამიჭირდა“. მან ასეთი ცვლილებები მხურვალე ლოცვისა და ბიბლიის გულდასმით გამოკვლევის შედეგად მოახდინა.
3 კევინის მსგავსად, ბევრმა ჩვენგანმა ნათლობამდე დიდი ცვლილებები მოვახდინეთ, რათა ჩვენი ცხოვრება ბიბლიის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად შეგვეცვალა. ღვთისა და ქრისტესთვის რომ უკეთ მიგვებაძა, ნათლობის შემდეგ ჩვენ კვლავაც დაგვჭირდა ისეთი ცვლილებების მოხდენა, რომლებიც არცთუ ისე შესამჩნევი იყო (ეფეს. 5:1, 2; 1 პეტ. 2:21). შეიძლება შევნიშნეთ, რომ გვახასიათებს კრიტიკული სული, კაცთმოშიშება, ჭორაობისკენ მიდრეკილება ან სხვა სისუსტეები. აღმოჩნდა ამ საკითხებში გაუმჯობესება იმაზე რთული, ვიდრე გვეგონა? თუ დიახ, ალბათ გიკვირთ: „ამხელა ცვლილებების შემდეგ, რატომ მიჭირს შედარებით პატარა ცვლილებების მოხდენა? როგორ შემიძლია ბიბლიის დახმარებით კვლავაც გავუმჯობესდე?“.
ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინი
4. რატომ არ შეგვიძლია, ყოველთვის იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ?
4 ჩვენ, ვინც გავიცანით იეჰოვა და შევიყვარეთ, მთელი გულით გვინდა, მის მოსაწონად მოვიქცეთ. მაგრამ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს სურვილი, არასრულყოფილების გამო შეუძლებელია ყოველთვის ვასიამოვნოთ ღმერთს. ჩვენც იმავეს ვგრძნობთ, რასაც პავლე მოციქული. ის წერდა: „კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ“ (რომ. 7:18; იაკ. 3:2).
5. რა ცვლილებები მოვახდინეთ ნათლობამდე და რა სისუსტეებს შეიძლება ვებრძოდეთ დღემდე?
5 ჩვენ მოვიშორეთ ისეთი ცოდვები, რომლებიც ქრისტიანული კრების წევრად გახდომაში შეგვიშლიდა ხელს (1 კორ. 6:9, 10). მაგრამ ჩვენ კვლავაც არასრულყოფილები ვართ (კოლ. 3:9, 10). არ უნდა მოველოდეთ, რომ ნათლობის ან ჭეშმარიტებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგაც კი აღარ დავუშვებთ შეცდომებს, აღარ შეგვახსენებს თავს ძველი სისუსტეები და აღარ გაგვიჩნდება არასწორი მოტივები ან სურვილები. ცუდი მიდრეკილებები შეიძლება წლების მანძილზე ვერ მოვიშოროთ.
6, 7. ა) რის წყალობით შეგვიძლია არასრულყოფილ ადამიანებს, იეჰოვას მეგობრებად დავრჩეთ? ბ) რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იეჰოვასთვის პატიების თხოვნისგან?
6 მემკვიდრეობით მიღებულმა არასრულყოფილებამ არ უნდა დაგვაბრკოლოს, რომ გავიხაროთ იეჰოვასთან მეგობრობით და მას ვემსახუროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს: როცა თავისკენ გვიზიდავდა, იეჰოვამ იცოდა, რომ დროდადრო შეცდომებს დავუშვებდით (იოან. 6:44). ვინაიდან იეჰოვამ იცის, როგორები ვართ და რა გვაქვს გულში, მას ისიც ეცოდინებოდა, რომელ მიდრეკილებებთან გაგვიჭირდებოდა ბრძოლა. მან იცოდა, რომ დროდადრო შეცდომებს დავუშვებდით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უარი არ უთქვამს ჩვენთან მეგობრობაზე.
7 სიყვარულმა აღძრა ღმერთი, რომ ჩვენთვის ძვირფასი ძღვენი, თავისი საყვარელი ძე გაეღო გამოსასყიდად (იოან. 3:16). თუ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში იეჰოვას ამ ძვირფასი ძღვნის საფუძველზე ვთხოვთ პატიებას, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება (რომ. 7:24, 25; 1 იოან. 2:1, 2). უნდა შევიკავოთ თავი გამოსასყიდით სარგებლობისგან, თუ თავს უწმინდურად ან ცოდვილად ვგრძნობთ? რა თქმა უნდა, არა. ხელებსაც ხომ მაშინ სჭირდება დაბანა, როცა დასვრილი გვაქვს! იეჰოვამ გამოსასყიდი მომნანიებელი ცოდვილებისთვის გაიღო. ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, გამოსასყიდის წყალობით შეგვიძლია კვლავაც იეჰოვას მეგობრებად დავრჩეთ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:15).
8. რატომ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ჩვენს სისუსტეებზე?
8 საკუთარ სისუსტეებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად უნდა ვეცადოთ, ზუსტად მივბაძოთ ღმერთსა და ქრისტეს და მათთვის მოსაწონები ვიყოთ (ფსალმ. 15:1—5). აგრეთვე უნდა ვეცადოთ, გასაქანი არ მივცეთ არასწორ მიდრეკილებებს და შეძლებისდაგვარად მოვიშოროთ ისინი. ახლახან მოვინათლეთ თუ უკვე დიდი ხანია რწმენაში ვართ, უნდა გამოვსწორდეთ! (2 კორ. 13:11).
9. საიდან ჩანს, რომ ახალი პიროვნებით შემოსვა უწყვეტი პროცესია?
9 გამოსასწორებლად და „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების გამოსავლენად განუწყვეტელი მცდელობაა საჭირო. პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, რომ მოეშორებინათ „ძველი პიროვნება“, რომელიც მათი წინანდელი ცხოვრების შესაბამისი იყო და ირყვნებოდა მაცდუნებელი სურვილებით, განეახლებინათ „გონების აღმძვრელი ძალა“ და შემოსილიყვნენ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:22—24). დედანში სიტყვა „განახლება“ იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პიროვნებით შემოსვა უწყვეტი პროცესია. ეს გვამხნევებს და გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, კვლავაც შეგვიძლია განვივითაროთ და დავხვეწოთ ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ქრისტიანული თვისებები. ბიბლიის დახმარებით ჩვენი გარდაქმნის პროცესი არ წყდება.
რატომ გვიჭირს ცვლილებების მოხდენა
10. რა მოგვეთხოვება, რომ ღვთის სიტყვამ კვლავაც გარდაგვქმნას და რა კითხვები შეიძლება გაგვიჩნდეს?
10 ღვთის სიტყვამ რომ კვლავაც გარდაგვქმნას, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. მაგრამ, რატომ არის საჭირო ჩვენი მხრიდან გამუდმებული ძალისხმევა? თუ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას, უფრო ადვილი არ უნდა იყოს სულიერი წინსვლა? განა არ შეუძლია იეჰოვას, იმ დონემდე დაგვაძლევინოს ცუდი მიდრეკილებები, რომ ღვთისმოსაწონი თვისებების გამოსავლენად დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდეს?
11—13. რატომ მოითხოვს იეჰოვა, რომ ძალ-ღონე არ დავიშუროთ ჩვენი სისუსტეების დასაძლევად?
11 ფიზიკურ სამყაროზე დაკვირვებისას ვხედავთ იეჰოვას უსაზღვრო ძალას. მაგალითად, მზე ყოველ წამს ხუთ მილიონ ტონა მატერიას გარდაქმნის ენერგიად. თუმცა დედამიწის ატმოსფერომდე ამ ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს, ის საკმარისია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო სითბოსა და სინათლისთვის (ფსალმ. 74:16; ეს. 40:26). საჭიროების შემთხვევაში იეჰოვა სიამოვნებით აძლევს საკმარის ძალას თავის მსახურებს (ეს. 40:29). ღმერთს შეუძლია იმის ძალაც მოგვცეს, რომ ყოველგვარი ბრძოლისა და საკუთარ შეცდომებზე სწავლის გარეშე დავძლიოთ ჩვენი სისუსტეები. რატომ არ აკეთებს ის ამას?
12 იეჰოვამ შესანიშნავი ძღვენი, ნების თავისუფლება გვიბოძა. როცა ჩვენით ვირჩევთ ღვთის ნების შესრულებას და ძალას არ ვიშურებთ ამისთვის, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს იეჰოვა და გვსურს, ვასიამოვნოთ მას. ეს იმაზეც მოწმობს, რომ მხარს ვუჭერთ მის უზენაესობას. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობის კანონიერება, ამიტომ ჩვენი დიდსულოვანი და მადლიერი ზეციერი მამა განსაკუთრებით აფასებს, როცა ნებაყოფლობით და მთელი ძალით ვუჭერთ მხარს მის უზენაესობას (იობ. 2:3—5; იგავ. 27:11). მაგრამ, თუ იეჰოვა უბრძოლველად დაგვაძლევინებდა ჩვენს არასწორ მიდრეკილებებს, რომ მისთვის მოსაწონნი ვყოფილიყავით, როგორღა დავუმტკიცებდით იეჰოვას ერთგულებას და როგორღა დავუჭერდით მხარს მის უზენაესობას?!
13 ამიტომ იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ „ყოველი ღონე“ მოვახმაროთ ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებას (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—7; კოლ. 3:12). ის მოელის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფიქრებისა და გრძნობების გასაკონტროლებლად (რომ. 8:5; 12:9). თუ მცდელობას არ დავაკლებთ, დიდ სიამოვნებას მოგვგვრის იმის დანახვა, რომ ბიბლია კვლავაც ცვლის ჩვენს ცხოვრებას.
კვლავაც მოახდინეთ ცვლილებები ღვთის სიტყვის დახმარებით
14, 15. როგორ შეგვიძლია ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარება? (იხილეთ ჩარჩო „ბიბლიისა და ლოცვის დახმარებით მათ ცვლილებები მოახდინეს“)
14 რა უნდა გავაკეთოთ, რომ განვივითაროთ ღვთისმოსაწონი თვისებები და ვასიამოვნოთ იეჰოვას? საჭიროა საკუთარი თავის სრულყოფაზე მეტი. ძალა არ უნდა დავიშუროთ და უნდა შევასრულოთ ღვთის მითითებები, როგორც ეს რომაელების 12:2-დან ჩანს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“. იეჰოვა თავისი სიტყვითა და წმინდა სულით გვეხმარება, ჩავწვდეთ მის ნებას, შევასრულოთ ის და მის მოთხოვნებს შევუსაბამოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი მხრიდან საჭიროა, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ წაკითხულზე და იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ წმინდა სული (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). როცა ვემორჩილებით ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას და ჩვენს აზროვნებას ვუსაბამებთ იეჰოვას თვალსაზრისს, რასაც მისი სიტყვიდან ვიგებთ, ჩვენი ფიქრებით, მეტყველებითა და საქციელით უკეთ ვბაძავთ ღმერთს. თუმცა ამ დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ძველმა სისუსტეებმა არ დაგვძლიოს (იგავ. 4:23).
15 ბიბლიის ყოველდღე კითხვის გარდა, საჭიროა ის ჩვენი პუბლიკაციების დახმარებითაც გამოვიკვლიოთ, რათა მივბაძოთ იეჰოვას და მისი შესანიშნავი თვისებები გამოვავლინოთ. ზოგისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა ისეთი მუხლების ჩამოწერა და „საგუშაგო კოშკსა“ თუ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი ისეთი სტატიების შეგროვება და დროდადრო წაკითხვა, რომლებიც დაეხმარებოდა მათ ქრისტიანული თვისებების განვითარებასა და კონკრეტულ სისუსტესთან ბრძოლაში.
16. რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული, თუ ცვლილებებს სწრაფად ვერ ვახდენთ?
16 თუ ჩვენი სულიერი ზრდა ერთი შეხედვით ნელა მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას დრო სჭირდება. ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარება უწყვეტი პროცესია. მოთმინება უნდა გამოვავლინოთ, როცა ბიბლიის დახმარებით ვცდილობთ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას. თავიდან შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს ბიბლიის თანახმად მოქმედება. მაგრამ, რაც უფრო ავირეკლავთ ჩვენს ფიქრებსა თუ საქციელში იეჰოვას აზროვნებას, მით უფრო გაგვიადვილდება მის მოსაწონად მოქცევა და ეს ბუნებრივად გამოგვივა (ფსალმ. 37:31; იგავ. 23:12; გალ. 5:16, 17).
გახსოვდეთ შესანიშნავი მომავალი
17. რა შესანიშნავი მომავალი ელით იეჰოვას ერთგულებს?
17 საბოლოოდ იეჰოვას ერთგული მსახურები გასრულყოფილდებიან და მას მარადიულად ემსახურებიან. იმ დროს ღვთისმოსაწონი თვისებების გამოვლენა დიდ სიხარულს მოგვანიჭებს. მანამდე ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს გამოსასყიდის წყალობით შეგვიძლია ვცეთ თაყვანი. ამას არასრულყოფილების მიუხედავადაც კი შევძლებთ, თუ ღვთის სიტყვას ჩვენი გარდაქმნის საშუალებას მივცემთ.
18, 19. რა გვარწმუნებს, რომ ბიბლიას კვლავაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა?
18 შესავალში მოხსენიებული კევინი მთელი გულით ცდილობდა, თავისი სიფიცხე მოეთოკა. ის ფიქრობდა ბიბლიურ პრინციპებზე და ცხოვრებაში იყენებდა მათ. მას უარი არ უთქვამს თანაქრისტიანებისგან დახმარებისა და რჩევების მიღებაზე. რამდენიმე წელიწადში კევინი საგრძნობლად შეიცვალა. დროთა განმავლობაში ის მომსახურე გახდა, ბოლო 20 წელი კი კრებაში უხუცესად მსახურობს. ამის მიუხედავად, მას ესმის, რომ აუცილებელია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება.
19 კევინის მაგალითიდან ჩანს, რომ ბიბლიის დახმარებით ღვთის მსახურები არ წყვეტენ ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას. ამიტომ მოდი ყოველთვის მივცეთ ღვთის სიტყვას ჩვენი გარდაქმნისა და იეჰოვასთან დაახლოების საშუალება! (ფსალმ. 25:14). როცა ვხედავთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, ვრწმუნდებით, რომ ბიბლიას კვლავაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა (ფსალმ. 34:8).
^ [1] (აბზაცი 1) სახელი შეცვლილია.