იფიქრეთ სულიერზე და იცოცხლეთ!
‘სულიერი ფიქრები სიცოცხლეა’ (რომაელთა 8:6).
1, 2. როგორ უპირისპირებს ბიბლია ერთმანეთს ‘ხორციელსა’ და ‘სულიერს’?
ადვილი არ არის ღვთის წინაშე ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ საზოგადოებაში, რომელიც ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებას განადიდებს. მაგრამ საღვთო წერილი ერთმანეთს უპირისპირებს ‘ხორციელსა’ და ‘სულიერს’ და აშკარა ზღვარს ავლებს ადამიანზე ცოდვილი ხორცის ბატონობის საშინელ შედეგებსა და ღვთის სულიწმიდის გავლენისადმი მორჩილების შედეგად მიღებულ კურთხევებს შორის.
2 მაგალითად, იესო ქრისტემ თქვა: „სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე“ (იოანე 6:63). გალატელ ქრისტიანებს მოციქული პავლე სწერდა: „ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო. [ისინი] ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან“ (გალატელთა 5:17). პავლემ აგრეთვე თქვა: „ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს“ (გალატელთა 6:8).
3. რა არის საჭირო არასწორი სურვილებისა და მიდრეკილებებისგან გასათავისუფლებლად?
3 იეჰოვას სულიწმიდას, მის მოქმედ ძალას, შეუძლია ძირფესვიანად მოსპოს უწმინდური „ხორციელი გულისთქმები“ და ჩვენი ცოდვილი სხეულის დამღუპველი ბატონობა (1 პეტრე 2:11). არასწორი მიდრეკილებების მონობისგან გასათავისუფლებლად ძალზე მნიშვნელოვანია ღვთის სულის დახმარება. მოციქული პავლე წერდა: „ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა“ (რომაელთა 8:6). რას ნიშნავს სულიერი ფიქრები?
„სულიერი ფიქრები“
4. რას ნიშნავს „სულიერი ფიქრები“?
4 როდესაც პავლე „სულიერი ფიქრების“ შესახებ წერდა, გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც „აზროვნების სტილზე, გონებაზე. . . მიზანზე, მისწრაფებასა და მცდელობაზე“ მიუთითებს. ამ სიტყვისგან ნაწარმოები ზმნა „აზროვნებას, გარკვეული სახის განწყობილებას“ ნიშნავს. ამგვარად, სულიერი ფიქრები იეჰოვას მოქმედი ძალით მართვას, ამ ძალის მმართველობისადმი მორჩილებას და მისით აღძვრას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ, ჩვენი აზროვნება, მიდრეკილებები და მისწრაფებები მთლიანად ღვთის სულიწმიდის გავლენას დავუქვემდებაროთ.
5. რამდენად უნდა დავექვემდებაროთ სულიწმიდის გავლენას?
5 პავლემ, როდესაც ‘სულით მონობაზე’ (აქ) ლაპარაკობდა, ხაზი გაუსვა, თუ რამდენად უნდა დავექვემდებაროთ სულიწმიდის გავლენას (რომაელთა 7:6). იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი ქრისტიანებს ათავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან და, ამგვარად, ადრინდელი მონობისთვის ‘მკვდარი’ არიან (რომაელთა 6:2, 11). გადატანითი მნიშვნელობით ამგვარად მკვდრები, ფიზიკურად ჯერაც ცოცხლები არიან და ახლა ‘სიმართლის მონობით’ თავისუფლად შეუძლიათ ქრისტეს მიმდევრები იყვნენ (რომაელთა 6:18—20).
საოცარი გარდაქმნა
6. რა გარდაქმნას განიცდის ის, ვინც ‘სიმართლის მონა’ ხდება?
6 ‘ცოდვის მონობიდან’ გათავისუფლება და ღვთისთვის ‘სიმართლის მონებად’ მსახურება, მართლაც რომ, საოცარი გარდაქმნაა. ზოგ მათგანზე, რომლებმაც ასეთი ცვლილება განიცადეს, პავლე წერდა: ‘განიბანეთ, წმიდა გახდით, გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით’ (რომაელთა 6:17, 18; 1 კორინთელთა 6:11).
7. რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას თვალსაზრისთან გაცნობა?
7 ასეთი მნიშვნელოვანი გარდაქმნისთვის, პირველ რიგში, საჭიროა იეჰოვას თვალსაზრისს გავეცნოთ. საუკუნეების წინათ, ფსალმუნმომღერალი დავითი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს: „შენი გზები მაუწყე, უფალო. . . წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე“ (ფსალმუნი 24:4, 5). იეჰოვას უპასუხოდ არ დაუტოვებია დავითის თხოვნა; ის თანამედროვე მსახურთა ასეთ ლოცვებსაც უპასუხებს. რადგან ღვთის გზები და მისი ჭეშმარიტება სუფთა და წმინდაა, მათზე დაფიქრება უწმინდური ხორციელი სურვილების დაკმაყოფილების ცდუნების წინაშე აღმოჩენისას დაგვეხმარება.
ღვთის სიტყვის მნიშვნელოვანი როლი
8. რატომ არის უაღრესად აუცილებელი ბიბლიის შესწავლა?
8 ღვთის სიტყვა, ბიბლია, ღვთის სულის შთაგონებით არის დაწერილი. ამგვარად, ერთ-ერთი ძირითადი გზა, რომელიც სულიწმიდას ჩვენზე მოქმედების საშუალებას აძლევს, ბიბლიის, თუ შესაძლებელია, ყოველდღიური კითხვა და შესწავლაა (1 კორინთელთა 2:10, 11; ეფესელთა 5:18). გონებისა და გულის ბიბლიური ჭეშმარიტებებითა და პრინციპებით გამოკვება ჩვენს სულიერობაზე თავდასხმების დროს მტკიცედ დგომაში დაგვეხმარება. დიახ, როდესაც უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, ღვთის სულიწმიდა გონებაში აღგვიდგენს ბიბლიურ შეხსენებებს და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებსაც ღვთის ნების თანახმად მოქმედების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილების გაძლიერება შეუძლია (ფსალმუნი 118:1, 2, 99; იოანე 14:26). ამიტომ შეცდომაში არ შევდივართ და არასწორად არ ვიქცევით (2 კორინთელთა 11:3).
9. როგორ განგვიმტკიცებს ბიბლიის შესწავლა ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილებას?
9 ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოყენებით საღვთო წერილის გულწრფელად და გულმოდგინედ შესწავლისას, ღვთის სულიწმიდა გავლენას ახდენს ჩვენს გონებასა და გულზე და იეჰოვას ნორმებისადმი პატივისცემას გვიღრმავებს. ღმერთთან ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. როდესაც ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, უკვე აღარ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად სიამოვნების მომგვრელი შეიძლება იყოს ცოდვის ჩადენა. პირიქით, დაუყოვნებლივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იეჰოვას წინაშე უმწიკვლობა შევინარჩუნოთ. მასთან ახლო ურთიერთობისთვის მადლიერება აღგვძრავს, შევებრძოლოთ ნებისმიერ მიდრეკილებას, რომლებმაც შეიძლება ამ ურთიერთობას ზიანი მიაყენოს ან საერთოდ გაანადგუროს ის.
„რარიგად მიყვარს რჯული შენი“
10. რატომ არის იეჰოვას კანონების დაცვა აუცილებელი იმისათვის, რომ სულიერად მოაზროვნე ადამიანები ვიყოთ?
10 სულიერზე საფიქრალად მხოლოდ ღვთის სიტყვიდან შემეცნების მიღება არ კმარა. მეფე სოლომონმა ძალიან კარგად იცოდა იეჰოვას ნორმები, მაგრამ ხანდაზმულობისას არ ცხოვრობდა ამ ნორმების თანახმად (მესამე მეფეთა 4:29, 30; 11:1—6). თუ სულიერად მოაზროვნე ადამიანები ვართ, გვეცოდინება, რომ საჭიროა არა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რას ამბობს ბიბლია, არამედ, რომ აუცილებელია ღვთის კანონებისადმი მთელი გულით მორჩილება. ეს იეჰოვას ნორმების კეთილსინდისიერად გამოკვლევასა და მათი გულმოდგინედ დაცვის მცდელობას ნიშნავს. ფსალმუნმომღერალს ჰქონდა ასეთი აზროვნება. ის მღეროდა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). როდესაც ნამდვილად ვცდილობთ ღვთის რჯულის დაცვას, ეს ღვთისმოსაწონი თვისებების გამოსავლენად აღგვძრავს (ეფესელთა 5:1, 2). ნაცვლად იმისა, რომ ბოროტების უმწეო მსხვერპლი აღმოვჩნდეთ, გამოვავლენთ სულის ნაყოფს და იეჰოვასათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი „ხორცის“ საზიზღრულ „საქმეებს“ არ აღგვასრულებინებს (გალატელთა 5:16, 19—23; ფსალმუნი 14:1, 2).
11. როგორ ახსნიდით იმას, რომ იეჰოვას კანონი მრუშობის აკრძალვის შესახებ ჩვენს დაცვას ემსახურება?
11 როგორ შეგვიძლია იეჰოვას კანონებისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის განვითარება? ერთ-ერთი საშუალება ამ კანონის ფასეულობის გამოკვლევაა. განვიხილოთ ღვთის კანონი, რომელიც სქესობრივ ურთიერთობას მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობით შემოფარგლავს და კრძალავს მრუშობასა და მეძაობას (ებრაელთა 13:4). განა ამ კანონისადმი მორჩილება რაიმე კარგს გვაკარგვინებს? ნუთუ მოსიყვარულე ზეციერი მამა დაადგენდა კანონს, რომელიც რაღაც სასარგებლოს მოგვაკლებდა? რა თქმა უნდა, არა! დააკვირდით, რა ხდება იმ მრავალი ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც იეჰოვას ზნეობრივი ნორმების შესაბამისად არ ცხოვრობენ. არასასურველ ორსულობას ხშირად აბორტი ან ნაადრევი და უბედური ქორწინება მოჰყვება ხოლმე. მრავალი შვილს მეუღლის გარეშე ზრდის. გარდა ამისა, მრუში საკუთარ თავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საშიშროების წინაშე აყენებს (1 კორინთელთა 6:18). თუ ღვთის მსახური მრუშობს, ემოციურმა მოშლილობამ შეიძლება გამანადგურებელი გავლენა იქონიოს მასზე. აფორიაქებული სინდისის ქენჯნის ჩახშობის მცდელობამ შეიძლება უძილო ღამეები და სულიერი ტანჯვა გამოიწვიოს (ფსალმუნი 31:3, 4; 50:5). აქედან გამომდინარე, განა ცხადი არ არის, რომ იეჰოვას კანონი მრუშობის აკრძალვის შესახებ ჩვენსავე დაცვას ემსახურება? დიახ, მართლაც რომ, დიდად სასარგებლოა ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება!
ილოცეთ იეჰოვას დახმარებისთვის
12, 13. რატომ არის მართებული ლოცვა მაშინ, როდესაც ცოდვილი სურვილები გვიპყრობს?
12 სულიერზე საფიქრალად აუცილებლად მთელი გულით ლოცვაა საჭირო. მართებულია, ვილოცოთ, რომ ღვთის სული დაგვეხმაროს, რამეთუ იესომ თქვა: „თუ თქვენ. . . იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13). ლოცვაში შეგვიძლია გამოვხატოთ ის, რომ ჩვენს სისუსტეებთან გამკლავებისას ღვთის სულის დახმარებაზე ვართ დამოკიდებული (რომაელთა 8:26, 27). თუ ვატყობთ, რომ ჩვენზე ცოდვიანი სურვილები და აზროვნება მოქმედებს ან ჩვენი ძვირფასი თანამორწმუნე მოგვითითებს ამაზე, გონივრული იქნებოდა, ლოცვებში განსაკუთრებით მოგვეხსენიებინა ეს პრობლემა და ღმერთისთვის კონკრეტული მიდრეკილების დაძლევაში დახმარება გვეთხოვა.
13 იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს, გონების კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, რაც მართალი, წმინდა, სათნო და ქებულია. და რამდენად მართებულია, ღმერთს მთელი გულით შევევედროთ, რომ „ღვთის მშვიდობამ“ დაიცვას ჩვენი გული და გონება (ფილიპელთა 4:6—8). ამიტომ მოდი იეჰოვას დახმარება ვთხოვოთ, რათა ‘მივსდიოთ სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს’ (1 ტიმოთე 6:11—14). ჩვენი ზეციერი მამის დახმარებით მღელვარება და ცდუნებები იმ ზღვარს არ მიაღწევს, რომ ვეღარ ვაკონტროლებდეთ. პირიქით, ჩვენს ცხოვრებაში ღვთის მიერ ბოძებული სიმშვიდე დაისადგურებს.
ნუ დაანაღვლიანებთ სულიწმიდას
14. რატომ არის ღვთის სულიწმიდა სიწმინდის დასაცავად ძალის მომცემი?
14 იეჰოვას მოწიფული ქრისტიანები იყენებენ პავლეს რჩევას: „სულს ნუ ჩააქრობთ“ (1 თესალონიკელთა 5:19). რადგან ღვთის სული ‘სიწმიდის სულია’, ის სუფთა და წმინდაა (რომაელთა 1:4). ეს სული, როდესაც ჩვენზე მოქმედებს, სიწმინდისა და სისუფთავის დასაცავად ძალას გვაძლევს. ის გვეხმარება, შევინარჩუნოთ სუფთა ცხოვრების წესი, რაც ღვთისადმი მორჩილებით ხასიათდება (1 პეტრე 1:2). ნებისმიერი უწმინდური მოქმედება ამ სულის უგულებელყოფაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. როგორ?
15, 16. ა) როგორ შეიძლებოდა ღვთის სული დაგვენაღვლიანებინა? ბ) როგორ შეგვიძლია ღვთის სულის დანაღვლიანების არიდება?
15 პავლე წერდა: „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენ გამოსყიდვის დღისათვის“ (ეფესელთა 4:30). საღვთო წერილის ეს ადგილი იეჰოვას სულიწმიდას მოიხსენიებს როგოც ბეჭედს ანუ მომავლის ‘საწინდარს’ ერთგული ცხებული ქრისტიანებისთვის. ეს მომავალი კი ზეცაში უკვდავი ცხოვრებაა (2 კორინთელთა 1:22; 1 კორინთელთა 15:50—57; გამოცხადება 2:10). ღვთის სულს შეუძლია ხელმძღვანელობა გაუწიოს ცხებულებსა და მათ თანამსახურთ ერთგულად ცხოვრებაში და შეუძლია ცოდვილი საქმეების არიდებაში დაეხმაროს მათ.
16 მოციქული სიცრუის, ქურდობის, სამარცხვინო საქციელისა და სხვა მსგავსი ქმედებების შესახებ გაფრთხილებას იძლეოდა. თუ დავუშვებთ, რომ მსგავსმა რამეებმა მიგვიზიდოს, ღვთის სიტყვის რჩევის წინააღმდეგ გამოვიდოდით — ღვთის სიტყვისა, რომელიც სულიწმიდით არის ინსპირირებული (ეფესელთა 4:17—29; 5:1—5). ასეთი მოქმედებით ღვთის სულს გარკვეულწილად მაინც დავანაღვლიანებდით, რის გაკეთებაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ რომელიმე ჩვენგანი იეჰოვას სიტყვაში მოცემული რჩევის უგულებელყოფას დაიწყებდა, ისეთი აზროვნების ან თვისებების განვითარების გზაზე დადგებოდა, რომელიც გააზრებულად შეცოდებამდე და ღვთის კეთილგანწყობის სრულიად დაკარგვამდე მიიყვანდა (ებრაელთა 6:4—6). მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა არ ვცოდავდეთ, შესაძლებელია, ზუსტად ამ მიმართულებით გვქონდეს გეზი აღებული. სულიწმიდას დავანაღვლიანებდით, თუ გამუდმებით მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებდით. ასე მოქმედებით წინააღმდეგობას გავუწევდით და დავანაღვლიანებდით სულიწმიდის წყაროს, იეჰოვასაც. როგორც ღვთის მოყვარულები, ჩვენ არასოდეს ვისურვებთ ამას. პირიქით, მოდი ვილოცოთ იეჰოვას დახმარებისთვის, რათა კი არ დავანაღვლიანოთ მისი სული, არამედ სულიერზე ფიქრით მისი წმინდა სახელისთვის პატივის მიგება შევძლოთ.
განაგრძეთ სულიერზე ფიქრი
17. რა სულიერი მიზნების დასახვა შეგვეძლო და რატომ არის გონივრული მათ მისაღწევად მუშაობა?
17 სულიერზე ფიქრის გასაგრძელებლად კარგი საშუალებაა სულიერი მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად მუშაობა. ჩვენი მოთხვონილებებიდან და მდგომარეობებიდან გამომდინარე, ჩვენს მიზნებში შეიძლება ჩავრთოთ შესწავლის ჩვევების გაუმჯობესება, სამქადაგებლო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა ან მსახურებაში გარკვეული უპირატესობის მიღწევა; მაგალითად, სრული დროით პიონერობა, ბეთელში მსახურება ან მისიონერობა. ყოველივე ეს ჩვენს გონებას სულიერი ინტერესებით დააკავებს და დაგვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ ადამიანურ სისუსტეებს, მატერიალისტური მიზნების გამოდევნების ცდუნებასა თუ ამ სისტემისთვის დამახასიათებელი არაბიბლიური სურვილების დაკმაყოფილების წადილს. ეს ნამდვილად გონივრულია, რადგან იესო მოგვიწოდებდა: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“ (მათე 6:19—21).
18. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უკანასკნელ დღეებში მუდამ სულიერზე ფიქრი?
18 ამ „უკანასკნელ დღეებში“ სულიერზე ფიქრი და წუთისოფლისეული სურვილების დათრგუნვა ნამდვილად ბრძნულია (2 ტიმოთე 3:1—5). ბოლოს და ბოლოს, „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15—17). მაგალითად, თუ ახალგაზრდა ქრისტიანი სრული დროით მსახურებისკენ ისწრაფის, ეს შეიძლება მას სიყმაწვილისა თუ მოზარდობის რთულ პერიოდში დაეხმაროს. როდესაც ასეთი ახალგაზრდა კომპრომისზე წასვლის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება, ცხადად წარმოუდგება თვალწინ, თუ რის მიღწევა სურს იეჰოვასთვის მსახურებაში. ასეთი სულიერი პიროვნება არაგონივრულად და უგუნურებადაც კი ჩათვლის მატერიალისტური მიზნების ან ნებისმიერი სიამოვნების ფასად — რომელსაც თითქოს ცოდვის ჩადენა მოუტანს — დათმოს თავისი სულიერი მიზნები. გაიხსენეთ, რომ სულიერობის მაძიებელმა მოსემ „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ, ცოდვიან განცხრომას“ (ებრაელთა 11:24, 25). ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, ჩვენც შეგვიძლია მსგავსი არჩევნის გაკეთება, თუ დაცემული ხორციელი ფიქრების ნაცვლად სულიერი ფიქრები გვექნება.
19. რა სარგებლობას მოგვიტანს მუდამ სულიერზე ფიქრი?
19 „ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა“, მაშინ როცა ‘სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობაა’ (რომაელთა 8:6, 7). თუ ყოველთვის სულიერზე ვიფიქრებთ, ესოდენ ძვირფას მშვიდობას ანუ შინაგან სიმშვიდეს განვიცდით. ჩვენი გულები და გონება ჩვენივე ცოდვიანი მდგომარეობის გავლენისგან უფრო მეტად იქნება დაცული. უკეთესად შევძლებთ, ცოდვის ჩადენის ცდუნებას გავუძლოთ. და ღმერთი დაგვეხმარება იმ გამუდმებულ ბრძოლაში, რომელიც ხორცსა და სულს შორის მიმდინარეობს.
20. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ შესაძლებელია ხორცსა და სულს შორის ომში გამარჯვებული გამოვიდეთ?
20 სულიერზე ფიქრის გაგრძელებით ჩვენ იეჰოვასთან, სიცოცხლისა და სულიწმიდის წყაროსთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს შევინარჩუნებთ (ფსალმუნი 35:10; 50:13). სატანა ეშმაკი და მისი დამქაშები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა მოგვისპონ. ისინი ცდილობენ ჩვენი გონების დაპყრობას, რადგან იციან, რომ, თუ დავნებდებით და ჩვენს გონებაში შემოაღწევენ, ეს, საბოლოოდ, ღმერთთან მტრობამდე და სიკვდილამდე მიგვიყვანს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხორცსა და სულს შორის გამართულ ომში გამარჯვება. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა პავლემ, რადგან თავისი ბრძოლის აღწერისას თავიდან მან იკითხა: „ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ შემდეგ კი ცხადყო, რომ ხსნა შესაძლებელი იყო და თქვა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“! (რომაელთა 7:21—25). ჩვენც შეგვიძლია ვმადლობდეთ ღმერთს ქრისტეს მეშვეობით იმ საშუალებით უზრუნველყოფისთვის, რომლითაც ადამიანურ სისუსტეებს გავუმკლავდებით და ყოველთვის სულიერზე ფიქრს შევძლებთ და გვექნება დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესანიშნავი იმედი (რომაელთა 6:23).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რას ნიშნავს სულიერი ფიქრები?
• როგორ შეგვიძლია იეჰოვას სულს ჩვენთვის ხელმძღვანელობის გაწევის საშუალება მივცეთ?
• ახსენით, რატომ არის ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ბიბლიის შესწავლა, იეჰოვას კანონების მორჩილება და იეჰოვასადმი ლოცვა.
• როგორ შეუძლია სულიერი მიზნების დასახვას სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დარჩენაში დახმარების აღმოჩენა?
[სურათი 16 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლა ჩვენს სულიერობაზე თავდასხმების გაძლებაში დაგვეხმარება.
[სურათი 17 გვერდზე]
მართებულია ვილოცოთ იმისათვის, რომ იეჰოვა დაგვეხმაროს ცოდვიანი სურვილების დაძლევაში.
[სურათები 18 გვერდზე]
სულიერი მიზნები დაგვეხმარება, ყოველთვის სულიერზე ვიფიქროთ.