იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი
„რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე“ (ფსალმუნები 70:5).
1. რა რთული ამოცანის წინაშე დადგა ახალგაზრდა მწყემსი დავითი?
ისრაელი მეომრების წინაშე თითქმის სამმეტრიანი გოლიათი იდგა. რა გასაკვირია, რომ მასთან შებრძოლებას ვერავინ ბედავდა. ფილისტიმელი გოლიათი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დილასაღამოს, ისრაელთა ლაშქარს აბუჩად იგდებდა და მეომრებს პირისპირ შესაბმელად იწვევდა. ბოლოს საბრძოლველად ვიღაცა გამოვიდა — გამოვიდა არა მეომარი, არამედ ერთი ჭაბუკი. ეს დავითი იყო, ახალგაზრდა მწყემსი, რომელიც მოწინააღმდეგესთან შედარებით ქონდრისკაცს ჰგავდა. დავითი გოლიათის აღჭურვილობის წონაც კი არ იქნებოდა! მიუხედავად ამისა, შეებრძოლა მას, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში სიმამაცის სიმბოლოდაა აღიარებული (1 მეფეთა 17:1—51).
2, 3. ა) რამ შეაძლებინა დავითს გოლიათთან გულდაჯერებით შებრძოლება? ბ) რომელ ორ ნაბიჯზე ვიმსჯელებთ, რომლებიც იეჰოვაზე იმედის დამყარებაში დაგვეხმარება?
2 რამ მისცა დავითს ასეთი გამბედაობა? ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებიც მან, როგორც ჩანს, წლების შემდეგ დაწერა: „შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე“ (ფსალმუნები 70:5). დიახ, დავითი სიყრმიდანვე იეჰოვაზე იყო მინდობილი. გოლიათთან საბრძოლველად ის შემდეგი სიტყვებით გავიდა: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი“ (1 მეფეთა 17:45). გოლიათი საკუთარ ძალასა და იარაღზე ამყარებდა იმედს, დავითი კი — იეჰოვაზე. დავითთან სამყაროს უზენაესი უფალი იყო. განა შეაშინებდა მას უბრალო ადამიანი, თუნდაც კარგად შეიარაღებული გოლიათი?
3 დავითის შემთხვევას როცა კითხულობთ, გიჩნდებათ სურვილი, რომ უფრო მეტად ენდობოდეთ იეჰოვას? ალბათ, ეს ბევრი ჩვენგანის სურვილია. ამიტომ განვიხილოთ, რომელი ორი ნაბიჯის გადადგმა დაგვეხმარება იეჰოვაზე იმედის დამყარებაში. პირველი, საჭიროა ვისწავლოთ და ყოველთვის შევძლოთ იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც ძირს უთხრის ამ იმედს. მეორე, კარგად უნდა გვესმოდეს, კონკრეტულად რას ნიშნავს იეჰოვაზე იმედის დამყარება.
გადავლახოთ დაბრკოლება, რომელიც ბევრს ხელს უშლის იეჰოვაზე იმედის დამყარებაში
4, 5. რატომ უჭირს ბევრს ღმერთზე იმედის დამყარება?
4 რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანს ღმერთზე იმედის დამყარებაში? ძალიან ხშირად ზოგისთვის დამაბნეველია, თუ რატომ ხდება უბედურებები. ბევრს ასწავლეს, რომ ღმერთი იწვევს უბედურებებს. ტრაგედიის დატრიალებისას სამღვდელოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უბედურების მსხვერპლნი ღმერთმა თავისთან ცაში წაიყვანა. გარდა ამისა, ბევრი სასულიერო პირი ასწავლის, რომ ღმერთს დიდი ხნით ადრე აქვს განსაზღვრული თითოეული მოვლენა — მათ შორის ყოველი ტრაგედია თუ უბედურება, რაც კი მსოფლიოში ხდება. ცხადია, რთული იქნებოდა ასეთ გულქვა ღმერთზე იმედის დამყარება. სატანა, რომელიც გონებას უბრმავებს ურწმუნოებს, ცდილობს გაავრცელოს ეს „ეშმაკთა მოძღვრებები“ (1 ტიმოთე 4:1; 2 კორინთელთა 4:4).
5 სატანას სურს, რომ ადამიანებმა დაკარგონ იეჰოვასადმი ნდობა. ღვთის ამ მტერს არ უნდა, რომ ტანჯვის არსებობის ნამდვილი მიზეზები ვიცოდეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ბიბლიური მიზეზები ჩვენთვის ცნობილია, მას სურს, რომ დავივიწყოთ ისინი. ამიტომაც, კარგია, დროდადრო შევიხსენოთ სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არსებობს წუთისოფელში უბედურებები. ამგვარად, გულდაჯერებულები ვიქნებით, რომ იეჰოვა არ არის იმ უბედურებების მიზეზი, რომლებსაც ცხოვრებაში ვხვდებით (ფილიპელთა 1:9, 10).
6. რას ამბობს 1 პეტრეს 5:8 ადამიანთა ტანჯვის ერთ–ერთ მიზეზზე?
6 ამდენი უბედურების ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ სატანას სურს, იეჰოვას ერთგულ მსახურებს ღვთის ნორმები დაარღვევინოს. ის ყოველმხრივ შეეცადა, რომ იობს ღვთისთვის ეღალატა. იობის შემთხვევაში სატანამ ვერ მიაღწია მიზანს, მაგრამ მას კურსი არ შეუცვლია. ის, როგორც ამ წუთისოფლის მმართველი, ცდილობს „ჩაყლაპოს“ იეჰოვას ერთგული მსახურები (1 პეტრე 5:8). ეს ჩვენზეც ვრცელდება! სატანას სურს, რომ მსახურება შეგვაწყვეტინოს. ამ მიზნით ის ხშირად დევნას მიმართავს. მართალია, ადვილი არ არის დევნის ატანა, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მას გავუძლოთ. ამით ვამტკიცებთ, რომ სატანა ცრუა და გულს ვუხარებთ იეჰოვას (იობი 2:4; იგავები 27:11). როცა ვხედავთ, რომ იეჰოვა გვაძლევს დევნის გადატანის ძალას, უფრო მეტად ვამყარებთ მასზე იმედს (ფსალმუნები 9:10, 11).
7. უბედურების არსებობის რომელი მიზეზის დანახვაში გვეხმარება გალატელთა 6:7?
7 უბედურებების მეორე მიზეზი მოცემულია შემდეგ პრინციპში: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). ზოგჯერ ადამიანები არასწორად მოქმედებენ, შედეგად კი უბედურებას იმკიან. მაგალითად, ზოგიერთი დაუდევრად მართავს მანქანას, რასაც შეიძლება ავარია მოჰყვეს. ბევრი სიგარეტს ეწევა, რაც გულის დაავადებებსა და ფილტვის კიბოს იწვევს. მათ კი, ვინც უზნეო სქესობრივ ურთიერთობებს არ ერიდება, შესაძლოა ოჯახის წევრებთან სერიოზული პრობლემების, პირადი ღირსების გრძნობის დაკარგვის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და არასასურველი ორსულობის საფრთხე დაემუქროთ. ხალხი შეიძლება ასეთი პრობლემების გამო ღვთის დადანაშაულებას ცდილობს, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ საკუთარი არასწორი მოქმედების მსხვერპლნი არიან (იგავები 19:3).
8. რა არის ადამიანთა ტანჯვისა და უბედურების მიზეზი ეკლესიასტეს 9:11–ის თანახმად?
8 ტანჯვისა და უბედურების მესამე მიზეზზე ყურადღება გამახვილებულია ეკლესიასტეს 9:11–ში: „კიდევ ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს — ომში, და არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ — სიმდიდრე და არც მცოდნეთ — მოწონება. მაგრამ ჟამი და შემთხვევა ელოდება მათ ყველას“. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდეს. ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეების მიუხედავად, უბედურება და სიკვდილი შეიძლება მოულოდნელად, ნებისმიერ დროს გვეწვიოს ნებისმიერ ჩვენგანს. მაგალითად, იესოს დღეებში იერუსალიმში კოშკი ჩამოინგრა, რამაც 18 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი ღმერთს არ დაუსჯია ჩადენილი ცოდვებისთვის (ლუკა 13:4). არა, იეჰოვას არ მიუძღვის ბრალი ასეთ უბედურებებში.
9. რა არ ესმის ბევრს უბედურების არსებობასთან დაკავშირებით?
9 ცხადია, მნიშვნელოვანია უბედურებების გამომწვევი ზოგიერთი მიზეზის ცოდნა, მაგრამ ბევრს მაინც არ ესმის ერთი რამ: რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?
რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?
10, 11. ა) რა დაემართა „მთელ ქმნილებას“ რომაელთა 8:19—22–ის თანახმად? ბ) როგორ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ ვინ დაუმორჩილა ქმნილება ამაოებას?
10 პავლე მოციქულის მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ნათელი ეფინება ამ მნიშვნელოვან საკითხს. პავლემ დაწერა: «ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით [„იმედის საფუძველზე“, აქ]. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე» (რომაელთა 8:19—22).
11 ამ მუხლების არსის ჩაწვდომაში დაგვეხმარება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, ვინ დაუმორჩილა ქმნილება ამაოებას? ზოგიერთის აზრით — სატანამ, ზოგიერთის აზრით კი — ადამმა. მაგრამ შეუძლებელია აქ ერთ–ერთი მათგანი იგულისხმებოდეს. რატომ? ის, ვინც ქმნილებას ამაოებას უმორჩილებს, ამას „იმედის საფუძველზე“ აკეთებს; დიახ, იმედს იძლევა, რომ ღვთის ერთგული ადამიანები ‘გათავისუფლდებიან ხრწნილების მონობისაგან’. ეს არც ადამს და არც სატანას არ შეეძლო. ასეთი იმედის მოცემა მხოლოდ იეჰოვას შეეძლო. აქედან გამომდინარე, ქმნილება მან დაუმორჩილა ამაოებას.
12. რა კითხვა წამოიჭრება „ქმნილებასთან“ დაკავშირებით და როგორ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?
12 წამოიჭრება მეორე კითხვაც: რა არის ნაგულისხმები ამ მუხლებში მოხსენიებულ „მთელ ქმნილებაში“? ზოგიერთის აზრით, „მთელ ქმნილებაში“ გარე სამყარო, მათ შორის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროც იგულისხმება. მაგრამ განა ცხოველებსა და მცენარეებს აქვთ „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლების“ მიღწევის იმედი? არა (2 პეტრე 2:12). „მთელ ქმნილებაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ კაცობრიობა. ეს არის ქმნილება, რომელზეც გავლენას ახდენს ცოდვა და სიკვდილი, რაც ედემში ღვთისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა, და რომლისთვისაც აუცილებელია იმედი (რომაელთა 5:12).
13. რა მოუტანა კაცობრიობას ედემში ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ?
13 კონკრეტულად რა მოუტანა კაცობრიობას ედემის ბაღში ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ? ურჩობის შედეგს პავლე ერთი სიტყვით გადმოსცემს: ამაოებაa. ერთი ნაშრომის თანახმად, აქ გამოყენებული სიტყვა გამოხატავს „იმ საგნის უსარგებლობას, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ანუ გამოუსადეგარია იმისათვის, რისთვისაც გამიზნული იყო“. ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის იყვნენ შექმნილნი — ისინი სრულყოფილები უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა მოევლოთ სამოთხისთვის დედამიწაზე. ნაცვლად ამისა, ცხოვრება იქცა ხანმოკლე, პრობლემებით აღსავსე არსებობად, რაც ხშირად იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. როგორც იობმა თქვა, „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1). მართლაც რომ ამაოებაა!
14, 15. ა) რა ამტკიცებს იმას, რომ იეჰოვამ სამართლიანი განაჩენი გამოუტანა კაცობრიობას? ბ) რატომ თქვა პავლე მოციქულმა, რომ ქმნილება თავისი ნებით არ დაემორჩილა ამაოებას?
14 ახლა პასუხი უნდა გავცეთ მნიშვნელოვან კითხვას: რატომ დაუმორჩილა კაცობრიობა „ქვეყნიერების მსაჯულმა“ არსებობას, რომელიც უბედურებებითა და იმედგაცრუებით არის აღსავსე? (დაბადება 18:25). იყო ეს სამართლიანი? პასუხის გასაცემად გავიხსენოთ, რა გააკეთა ადამიანთა პირველმა წყვილმა. ღვთისადმი დაუმორჩილებლობით ისინი შეუერთდნენ სატანას, რომელმაც იერიში მიიტანა იეჰოვას უზენაეს მმართველობაზე. თავიანთი მოქმედებით მათ მხარი დაუჭირეს იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი უკეთესად იცხოვრებდა იეჰოვას გარეშე და ურჩი სულიერი ქმნილების ხელმძღვანელობით შეძლებდა, თვითონვე ყოფილიყო საკუთარი თავის მმართველი. ამ ურჩი ქმნილებებისთვის განაჩენის გამოტანისას, ფაქტობრივად, იეჰოვამ მათ ის მისცა, რასაც ითხოვდნენ — ნება დართო ადამიანებს, ემართათ თავიანთი თავი სატანის ხელმძღვანელობით. ასეთ მდგომარეობაში, რა უნდა ყოფილიყო უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე კაცობრიობის ამაოებისთვის დაქვემდებარება, ოღონდ იმედის საფუძველზე?
15 ცხადია, ეს არ ყოფილა ქმნილების „ნება“. ჩვენ ცოდვისა და ხრწნილების მონობაში ვიბადებით ისე, რომ არჩევნის საშუალება არ გვეძლევა. მაგრამ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა, ადამი და ევა მაშინვე არ დასაჯა სიკვდილით და შთამომავლობის ყოლის საშუალება მისცა. მართალია, მათი შთამომავლები ამაოებას — ცოდვასა და სიკვდილს — ვართ დამორჩილებულნი, მაგრამ შესაძლებლობა გვეძლევა, გავაკეთოთ ის, რაც მათ არ გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ იეჰოვას და ვირწმუნოთ, რომ მისი მმართველობა სამართლიანი და უნაკლოა, მაშინ როდესაც ადამიანთა მმართველობას მხოლოდ ტკივილი, იმედგაცრუება და ამაოება მოაქვს (იერემია 10:23; გამოცხადება 4:11). სატანის ზეგავლენა მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ამ ყოველივეს ჭეშმარიტებას კაცობრიობის ისტორია ადასტურებს (ეკლესიასტე 8:9).
16. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არ იწვევს უბედურებებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება? ბ) სიყვარულიდან გამომდინარე, რა იმედს აძლევს იეჰოვა ერთგულ ადამიანებს?
16 როგორც დავინახეთ, იეჰოვას საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა იმისათვის, რომ კაცობრიობა ამაოებისთვის დაემოჩილებინა. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მან გამოიწვია ამაოება და უბედურებები, რომლებსაც დღეს თავს ვერავინ ვარიდებთ? შეგვიძლია ასეთი მაგალითის მოყვანა: მოსამართლეს სამართლიანი განაჩენი გამოაქვს დამნაშავისთვის. სასჯელის მოხდა საკმაოდ მტანჯველია მსჯავრდადებულისთვის, მაგრამ განა ის მართალი იქნება, თუ იტყვის, რომ მისი ტანჯვა მოსამართლემ გამოიწვია? არავითარ შემთხვევაში. უფრო მეტიც, იეჰოვასგან არასდროს არ მოდის ბოროტება. იაკობის 1:13–ში ნათქვამია: „ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ განაჩენი „იმედის საფუძველზე“ გამოიტანა. მან სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ადამისა და ევას შთამომავლებმა, რომლებიც მისი ერთგულები რჩებიან, ამაოების ბოლო იხილონ და მიაღწიონ „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებას“. ერთგული ადამიანები მთელი მარადიულობა გულდამშვიდებულები იქნებიან და არასდროს შეაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ ქმნილება კვლავაც შეიძლება დაემორჩილოს ამაოებას — მტანჯველ არსებობას. მოსაგვარებელი საკითხისადმი სამართლიანი მიდგომით იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს თავისი უზენაესი მმართველობის სამართლიანობას (ესაია 25:8).
17. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე უბედურებების გამომწვევი მიზეზების განხილვამ?
17 ახლა, როცა უკვე ვილაპარაკეთ ტანჯვისა და უბედურებების გამომწვევ მიზეზებზე, განა გვაქვს თუნდაც მცირეოდენი საფუძველი იმისა, რომ ბოროტების არსებობაში იეჰოვა დავადანაშაულოთ ან მისადმი ნდობა დავკარგოთ? პირიქით, ასეთი განხილვის შემდეგ ნამდვილად გვაქვს მიზეზი, მოსეს სიტყვები გავიმეოროთ: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმე, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). კარგი იქნება, დროდადრო დავფიქრდეთ ამ საკითხებზე და კვლავ გავიმეოროთ ისინი. თუ ასე მოვიქცევით, სატანა ვერ გაგვიჩენს ეჭვებს, როცა განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდებით. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ მეორე ნაბიჯზე? რა იგულისხმება იეჰოვაზე იმედის დამყარებაში?
რას ნიშნავს იეჰოვაზე იმედის დამყარება?
18, 19. როგორ მოგვიწოდებს ბიბლია, მივენდოთ იეჰოვას და ამასთან დაკავშირებით, რა მცდარი შეხედულებები აქვს ზოგიერთს?
18 ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6). რა სასიამოვნო და იმედის განმამტკიცებელი სიტყვებია. მთელ სამყაროში ნამდვილად არავინ არის ჩვენს საყვარელ ზეციერ მამაზე უფრო სანდო. მიუხედავად ამისა, იგავების წიგნში მოცემული ამ სიტყვების წაკითხვა ბევრად ადვილია, ვიდრე პრაქტიკაში გამოყენება.
19 ბევრს არასწორი თვალსაზრისი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ გრძნობაა — სასიამოვნო ემოცია, რითაც გული თავისთავად უნდა გევსებოდეს. სხვების აზრით კი, იეჰოვას მაშინ ენდობი, თუ იმედი გაქვს, რომ ყველაფრისგან დაგიცავს, ნებისმიერ პრობლემას გადაგიჭრის და ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს, როგორც შენ გინდა, ზუსტად ისე მოგიგვარებს, თანაც ამას დაუყოვნებლივ გააკეთებს! მაგრამ ასეთი შეხედულებები უსაფუძვლოა. ნდობა ემოციაზე მეტია და არარეალური არ არის. ზრდასრული ადამიანისთვის ღვთისადმი ნდობაში იგულისხმება შეგნებული, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.
20, 21. რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა? მოიყვანეთ მაგალითი.
20 კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ, რა არის ნათქვამი იგავების 3:5–ში. ამ მუხლში ერთმანეთთანაა დაპირისპირებული იეჰოვაზე დანდობა და საკუთარ გონებაზე დაყრდნობა, რაც იმას გვეუბნება, რომ ერთდროულად ორივეს გაკეთება შეუძლებელია. ნიშნავს ეს იმას, რომ გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება არ გვეძლევა? არა, რადგან იეჰოვა, რომელმაც გონება მოგვცა, მოელის, რომ მისდამი მსახურებაში გამოვიყენებთ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს (რომაელთა 12:1, აქ). მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებისას რას ვეყრდნობით ანუ რაზე ვართ დანდობილნი? როცა ჩვენი თვალსაზრისი იეჰოვას თვალსაზრისისგან განსხვავებულია, ვართ თუ არა მზად, ვაღიაროთ ის, რაც ფაქტია — რომ მისი სიბრძნე ჩვენსას წარმოუდგენლად აღემატება? (ესაია 55:8, 9). იეჰოვაზე მინდობა ნიშნავს, მზად ვიყოთ, რომ ღვთის თვალსაზრისმა სწორი მიმართულება მისცეს ჩვენს აზროვნებას.
21 წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მანქანაში უკან ბავშვი ზის, წინ კი მშობლები სხედან. მამა მანქანას მართავს. როგორ მოიქცევა დამჯერი ბავშვი, რომელიც მშობლებს ენდობა, თუ სირთულეები წამოიჭრება — მაგალითად, გზის გაკვლევა დასჭირდებათ, ამინდი შეუქმნით პრობლემებს ან ცუდ გზებზე მოუწევთ მგზავრობა? ყურში ჩასძახებს მამამის, როგორ უნდა მოიქცეს და მისცემს მითითებებს, როგორ უნდა მართოს მანქანა? შეეპარება ეჭვი მშობლების გადაწყვეტილებების სისწორეში? ან გაუწევს მათ წინააღმდეგობას, თუ შეახსენებენ, რომ უსაფრთხოების ქამარი არ მოიხსნას? არა, ის ენდობა მშობლებს და დარწმუნებულია, რომ თავს გაართმევენ სირთულეს, თუმცა ისინი არასრულყოფილები არიან. ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, კი სრულყოფილია. განა ბოლომდე არ უნდა მივენდოთ მას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რთულ მდგომარეობაში ვართ? (ესაია 30:21).
22, 23. ა) რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას, როდესაც პრობლემები გვექმნება და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
22 იგავების 3:6–ში ნათქვამია, რომ ‘ყველა ჩვენს გზაზე უნდა შევიცნოთ’ იეჰოვა და არა მხოლოდ მაშინ, როცა რთულ მდგომარეობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, მისდამი ნდობა უნდა ირეკლებოდეს. როცა პრობლემები წამოიჭრება, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ და წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელიც გვკარნახობს, როგორ შეიძლება პრობლემისთვის საუკეთესოდ თავის გართმევა. თითოეული განსაცდელი იმის შესაძლებლობად უნდა ჩავთვალოთ, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, დავამტკიცოთ სატანის სიცრუე, აგრეთვე ვისწავლოთ მორჩილება და ღვთისმოსაწონი სხვა თვისებებიც განვივითაროთ (ებრაელთა 5:7, 8).
23 რა პრობლემების წინაშეც უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას. ნდობის მაჩვენებელი ის იქნება, თუ ვილოცებთ და ხელმძღვანელობისთვის მის სიტყვასა და ორგანიზაციას მივმართავთ. მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა მივენდოთ იეჰოვას, როდესაც ამ წუთისოფელში პრობლემები გვექმნება? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
a პავლემ აქ გამოიყენა იგივე ბერძნული სიტყვა, რომლითაც ბერძნულ სეპტუაგინტაში ნათარგმნია ეკლესიასტეს წიგნში სოლომონის მიერ რამდენჯერმე გამოყენებული ფრაზა: „ყოველივე ამაოებაა!“ (ეკლესიასტე 1:2, 14; 2:11, 17; 3:19; 12:8).
როგორ უპასუხებდით?
• რით ცხადყო დავითმა, რომ იეჰოვაზე ამყარებდა იმედს?
• რომელი სამი მიზეზის გამო არსებობს დღეს უბედურებები და რატომ არის კარგი ამ მიზეზების დროდადრო გამეორება?
• რა განაჩენი გამოუტანა იეჰოვამ კაცობრიობას და რატომ არის ეს განაჩენი სამართლიანი?
• რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა?
[სურათები 8 გვერდზე]
დავითი იეჰოვაზე ამყარებდა იმედს.
[სურათი 10 გვერდზე]
როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იეჰოვა არ იყო დამნაშავე იმაში, რომ იერუსალიმში კოშკი ჩამოიქცა.