ᲑᲠᲐᲚᲘ
დანაშაული, შეცდომა, შეცოდება, დაუდევრობა; არაჯეროვნად შესრულებული ან არასწორი საქციელის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობა (გმ. 5:16; მთ. 18:15). ბიბლიაში ხშირად მასში იგულისხმება საქციელი, რომელიც ბრალის დადების ან გაკიცხვის მიზეზი ხდება.
ბრალის დადება. „ბრალის დადება“ მოიხსენიება როგორც ებრაულ, ისე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ებრაულში მის აღსანიშნავად გამოიყენება ზმნა რივ, რომელიც მიუთითებს ფიზიკურ წინააღმდეგობაზე, აგრეთვე სიტყვიერ თუ სამართლებრივ დავაზე. ის გადმოტანილია როგორც „დავა“, „საკუთარი ხელით დაცვა“ და „სასამართლო საქმის განხილვა“ (დბ. 26:20; კნ. 33:7; იერ. 50:34), აგრეთვე „გაკიცხვა“ და „ბრალის დადება“ (ნემ. 5:7; 13:11, 17, 25; ფს. 103:9; იხ. ᲓᲐᲕᲐ; ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲔ).
ბერძნული სიტყვა ეტია, რომელიც გვხვდება გამოთქმაში „ბრალის დადება“, აგრეთვე ნათარგმნია „მიზეზად“ (სქ. 13:28; 25:18; მთ. 19:3). მას შემდეგ, რაც იუდეველებმა ბრალდება წაუყენეს იესო ქრისტეს, პილატემ დაჰკითხა ის, თუმცა მისი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იპოვა და იუდეველებს სამჯერ განუცხადა: „ვერაფერში ვდებ ბრალს“ (ინ. 18:38; 19:4, 6). „ბრალის დადებად“ ნათარგმნია კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა მემფომე (რმ. 9:19; ებ. 8:8).